Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ამნესტი ინტერნეიშენალი” მკაცრად აკრიტიკებს ჩინეთს


ავტორიტეტიანმა უფლებადამცავმა ორგანიზაცია “ამნესტი ინტერნეიშენალმა” უაღრესად მწვავე კრიტიკის შემცველი ანგარიში გამოაქვეყნა ქვეყანაზე,

რომელიც სწორედ ახლა განსაკუთრებით უფრთხილდება თავის საერთაშორისო იმიჯს. ეს ქვეყანა გახლავთ ჩინეთი, რომელიც ათიოდე დღეში - 8 აგვისტოდან - უმასპინძლებს მსოფლიოს უდიდეს სპორტულ დღესასწაულს, ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს.

ჩინეთისთვის წაყენებული ბრალდებების სია გრძელია. “ამნესტი ინტერნეიშენალი” ირწმუნება, რომ ჩინეთში გაძლიერდა ცენზურა, ისევე როგორც იმატა ადამიანის უფლებათა დამცველების, ჟურნალისტების, ადვოკატებისა და რიგითი მოქალაქეების უკანონოდ, თვითნებურად დაპატიმრების შემთხვევებმა. ეს ის ადამიანები არიან, ვინც პეკინის თვალთახედვით, საფრთხეს უქმნის ოლიმპიური თამაშების “ჰარმონიულ იმიჯს”. “ამნესტის” განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს სიკვდილით დასჯის სტატისტიკის გასაიდუმლოებაც.

თან ყველაფერი ეს ხდება მიუხედავად დაპირებისა, 7 წლის წინ ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის უფლების მოპოვებისას რომ დადეს ჩინეთის ლიდერება. ეს დაპირება იყო ჩინეთის მოქალაქეთა უფლებების გაუმჯობესება. არადა, “ამნესტი ინტერნეიშენალის” შეფასებით, მოხდა პირიქით: ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ ვითარება გაუარესდა, რითაც ჩინეთის ლიდერებმა, გარდა იმისა, რომ სიტყვა გატეხეს, უღალატეს მთავარ ოლიმპიურ იდეალებს...

უფლებადამცავი ორგანიზაციის წარმომადგენელმა, მარკ ელისონმა გუშინ ჰონკონგში ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა: [ელისონის ხმა] “მთავრობას მოვუწოდებთ, დაუშვას სრულად სარგებლობა მთელი მედიით, როგორც ადგილობრივით, ისე უცხოურით (...) რათა მათ მოვლენების თავისუფლად გაშუქება შეძლონ. და ჩინეთს მოვუწოდებთ, მეტი ზომა მიიღოს სიკვდილით დასჯის გასაუქმებლად, მას შემდეგ რაც ეს საკითხი შარშან ისევ გადაეცა განსახილველად უზენაეს სასამართლოს. ეს ეხება, პირველ რიგში ,სტატისტიკის გამჭვირვალებას - სიკვდილით დასჯის სტატისტიკა საჯარო უნდა გახდეს და შემცირდეს იმ დანაშაულთა რიცხვი, რომლებსაც სიკვდილით დასჯა უკავშირდება”.

“ამნესტი ინტერნეიშენალი” ჩინეთს მოუწოდებს აგრეთვე, გაანთავისუფლოს ყველა აქტივისტი, ვინც მშვიდობიან ზომებს მიმართავს ადამიანის უფლებების დასაცავად. წინააღმდეგ შემთხვევაში, პეკინი დგას საფრთხის წინაშე, რომ “სამუდამოდ ჩირქი მიეცხობა ოლიმპიურ იდეალებსო”, აცხადებს “ამნესტი ინტერნეიშენალი”, რომლის წარმომადგენელმაც, მარკ ელისონმა მოწოდებით მიმართა არა მარტო ჩინეთის ლიდერებს: [ელისონის ხმა] “კვლავინდებურად მოვუწოდებთ მსოფლიოს ლიდერებს, რომლებიც ოლიმპიურ თამაშებზე დასწრებას აპირებენ, ახლავე აიმაღლონ ხმა, რათა არ დაუშვან, რომ მათი დასწრება ჩინეთის ხელისუფლებამ გამოიყენოს ოლიმპიადისთვის მზადებისას ჩადენილი დარღვევების უსიტყვო მხარდაჭერად”.

“ამნესტი ინტერნეიშენალის” ანგარიშს უკვე მოჰყვა პეკინის რეაქცია. საგარეო უწყებამ უარყო ანგარიშში გამოთქმული კრიტიკა, რომელსაც, სამინისტროს პრეს-მდივნის სიტყვებს თუ მოვიშველიებთ, არ გაიზიარებს არავინ, ვინც ჩინეთს იცნობს.

თუმცა, სავარაუდოდ, ასე არ ფიქრობს ჩინელი ნი იულანი - ის აპრილში დააპატიმრეს იმის გამო, რომ წინააღმდეგობა გაუწია პოლიციელებს, რომელთაც მისი სახლის დაცლაზე უნდა ეზრუნათ, ქალაქის იერსახის შეცვლასთან დაკავშირებით, შენობის დასანგრევად... დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ნი იულანი 4 აგვისტოს უნდა წარდგეს სასამართლოს წინაშე.
XS
SM
MD
LG