Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა ალექსანდრ სოლჟენიცინი


3 აგვისტოს მოსკოვის მახლობლად, საკუთარ სახლში, გულის უკმარისობის გამო 89 წლის ასაკში გარდაიცვალა გამოჩენილი რუსი მწერალი, მოაზროვნე დ საზოგადო მოღვაწე, ლიტერატურაში ნობელის პრემიის ლაურეატი, ალექსანდრ სოლჟენიცინი,

რომელიც თითქმის მთელი ცხოვრების მანძილზე დაუღალავად ამხილებდა საბჭოთა საკონცენტრაციო ბანაკების საშინელებებს.

ალექსანდრ სოლჟენიცინის მოთხრობა "ივან დენისოვიჩის ერთი დღე", რომელშიც ასახულია მწერლის, როგორც პოლიტიკური პატიმრის რვაწლიანი გამოცდილება, პირველი ლიტერატურული ნაწარმოებია, რომელიც არაორაზროვნად სდებს ბრალს გულაგს, საბჭოთა კავშირის შრომისა და გასწორების ბანაკების ავადსახსენებელ ქსელს, რომელსაც სოლჟენიცინი "ადამიანის ხორცის საკეპ მანქანას" უწოდებდა.

1962 წელს მოთხრობის გამოქვეყნება შესაძლებელი გახდა ნიკიტა ხრუშჩოვის ე.წ. "ოტტეპელის" - დათბობის - პოლიტიკის შედეგად, რომლის დროსაც სტალინის პერიოდის დანაშაულებების ღია კრიტიკა დაიწყო. ხრუშჩოვი იმედოვნებდა, რომ "ივან დენისოვიჩის" გამოქვეყნება საბჭოთა მთავრობაში ნეოსტალინისტურ ძალებს დაასუსტებდა. მოთხრობა ჟურნალ "ნოვი მირში" დაიბეჭდა, შემდეგ კი ორჯერ გამოიცა წიგნად და მაშინვე გაიყიდა.

მაგრამ ხრუშჩოვის "ოტტეპელმა" დიდხანს არ გასტანა. 1964 წელს ხრუშჩოვი უფრო მკაცრი კურსის მომხრე ლეონიდ ბრეჟნევმა შეცვალა ქვეყნის მესაჭის პოსტზე და როცა 1970 წელს სოლჟენიცინი ლიტერატურაში ნობელის პრემიით დაჯილდოვდა, საბჭოთა ხელისუფლებამ მწერალს არ მისცა სტოკჰოლმში გამგზავრების და ჯილდოს მიღების უფლება.

"ივან დენისოვიჩის ერთი დღის" შემდეგ სოლჟენიცინი დაუღალავად შრომობდა მოფლიოსთვის თვალის ასახელად და საბჭოთა რეჟიმის სიმხეცის საჩვენებლად. გასაკვირი არ არის, რომ მისმა ნაშრომებმა განარისხა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობა და მათი გავრცელება კანონით ისჯებოდა.

1968 წელს გამოჩნდა "წრე პირველი" და "კიბოს კორპუსი", 1973 წელს კი მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოების, სტალინური ბანაკების პორტრეტის, სამტომიანი "არქიპელაგ გულაგის" პირველი ნაწილი. ამ ნაწარმოებმა, შეიძლება ითქვას, სერიოზულად შეარყია საბჭოთა წყობილება და დიდი როლი ითამაშა საბჭოთა კავშირში დისიდენტური მოძრაობის აღზევებისთვის.

[თამარ ჩხეიძის ხმა] "მე ვფიქობ, რომ სოლჟენიცინმა თავისი ამ ნაწარმოებით ძალიან მნიშვნელოვანად შეარყია საბჭოთა კავშირი თავისთავად და უდიდეს იმედს წარმოადგენდა საერთოდ ყველა იმ ადამიანისთვის, რომლებიც ვოცნებობდთ თავისუფლებაზე და საბჭოთა კავშირის დაშლაზე ვინც ოცნებობდა."

ეს გახლდათ ყოფილი დისიდენტი, ისტორიკოსი თამარ ჩხეიძე, რომლის პირად ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ამ წიგნმა უდიდესი გავლენა იქონია.


"გულაგმა", როგორც ისტორიულმა და მორალურმა დოკუმენტმა, ერთგვარად დაჩრდილა სოლჟენიცინის ამ და სხვა ნაწარმოებების ლიტერატურული ღირებულება. მოუსმინეთ მწერალ ნაირა გელაშვილს:

[ნაირა გელაშვილის ხმა] "თვითონ ყველაფერი თავისი თვალით ნახა და... მის სისხლში გავლილი, მის ნერვებში გავლილი იყო ეს ცხოვრება. და ამიტომ უდიდესი ძალა ჰქონდა ამას როგორც დოკუმენტს იმ სინამდვილისა, რომელიც დღემდე არ არის გაანალიზებული. და დამოკიდებულება ჩემი მაშინვე ცოტა გაორებული იყო, იმიტომ, რომ მე აღფთრთოვანებული ვიყავი სწორედ ამის ეთიკური მხარით და ამ დოკუმენტური სიძლიერით, თვითმხილველის გულწრფელობითა და სიმართლით. მაგრამ როგორც რეალია, - ეს კლასიკურ რეალიზმთან ახლოს მდგომი სტილია და ეს არის რეალიზმი, - თითქოს მე მაშინ უკვე სხვა მოთხოვნები მქონდა ლიტერატურული." (სტილი დაცულია)

1974 წელს სოლჟენიცინს ჩამოერთვა საბჭოთა მოქალაქეობა და მას ქვეყანა დაატოვებინეს. დევნილებაში მის გვერდზე იყო მისი მეორე მეუღლე ნატალია.

1974 წლის დეკემბერში სოლჟენიცინმა ბოლოს მაინც მიიღო ნობელის პრემია შვეციის მეფე კარლ გუსტავის ხელიდან.

მას მერე, რაც ხანმოკლე დრო დაჰყო შვეიცარიაში, ცოლ-ქმარი სოლჟენიცინები ამერიკაში, ვერმონტის შტატის მიყრუებულ სოფელში დასახლდა. იქ დაიწყო მწერალმა მუშაობა "წითელ ბორბალზე", რომელშიც აღწერილია 1917 წლის წინა პერიოდის მოვლენები.

მაგრამ დასავლეთში მწერალი არ ყოფილა ბევრად უფრო ბედნიერი, ვიდრე საბჭოთა კავშირში. მას იმედი გაუცრუა დასავლეთის ზედაპირულობამ და სულიერების დეფიციტმა. ის იმედგაცრუებული იყო იმ დასავლეთით, რომელსაც, კრიტიკოს მალხაზ ხარბედიას თქმით, მანამდე თვითონვე აუხილა თვალი.

[ხარბედიას ხმა] "სოლჟენიცინი იმდენად საბჭოთა კავშირისთვის და მისი დაშლის შემდგომ რუსეთისთვის არ იყო მნიშვნელოვანი, რამდენადაც 60-იანი წლების ევროპული ინტელექტუალური წრეებისთვის. მან, შეიძლება ითქვას, თვალი აუხილა სამოციანი წლების ევროპელ ინტელექტუალებს, რომლებიც ძალიან იყვნენ გატაცებული მემარცხენე იდეებით და საბჭოთა კავშირით და ა.შ."

1990 წელს მიხეილ გორბაჩოვმა მას საბჭოთა მოქალაქეობა აღუდგინა და მას მოუხსნეს სამშობლოს ღალატის ბრალდება. სოლჟენიცინმა, რომელიც ყოველთვის ამბობდა, რომ რუსეთში უნდოდა მომკვდარიყო, სამშობლოში დაბრუნებაზე დაიწყო ფიქრი.

ოცწლიანი პაუზის შემდეგ, 1994 წლის მაისში დაბრუნდა რუსეთში. ის ჩავიდა მაგადანში, გულაგის ერთ-ერთ ცენტრალურ ქალაქში, დაიხარა და ხელით შეეხო მიწას ბანაკებში დაღუპული მილიონობით ადამიანის საპატივცემულოდ.

მას მერე, რაც მოსკოვში დასახლდა, სოლჟენიცინი განაგრძობდა საქმიანობას და ის ისევ ქვეყნის სინდისად იყო აღიარებული. ის დასტიროდა რუსეთის სულიერ დეგრადაციას და გამოდიოდა მორალური აღორძინების მოწოდებებით ქრისტიანულ ღირებულებებზე დაყრდნობით.

1994 წლის ოქტომბერში რუსეთის სახელმწიფო დუმაში გამოსვლისას სოლჟენიცინმა ანათემას გადასცა რუსეთის ახალი კაპიტალიზმი:

[სოლჟენიცინის ხმა] "რა წყობილება გვაქვს დღეს? ეს არამც და არამც არ არის დემოკრატია. გულწრფელად ვაღიაროთ, დღეს გვაქვს ოლიგარქია, ანუ შემოფარგლული რაოდენობის ადამიანების ხელისუფლება."

მაგრამ უმეტეს შემთხვევებში მისი ხმა ვერ აღწევდა მის თანამემამულეებამდე. სახელმწიფო ტელევიზიამ რეიტინგის კლების გამო შეუწყვიტა თოქშოუ და მის წიგნებზე მოთხოვნილებამაც იკლო.

მაგრამ, როგორც სტეპან სოლჟენიცინი ამბობს, მამამისს არასოდეს უნანია რუსეთში დაბრუნება:

[სტეპან სოლჟენიცინის ხმა] "ყოველთვის ძალიან ბედნიერი იყო, რომ დაბრუნდა. მას ყოველთვის ერთი სახლი ჰქონდა. ესაა მისი სახლი. ვფიქრობ, ეს დიდი დანაკარგია ჩვენი ოჯახისთვის, მაგრამ ასევე ვფიქრობ, რომ ეს დიდი დანაკარგია ქვეყნისთვის."

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი ბორის ელცინი უშედეგოდ ცდილობდა მისი სიმპათიის მოპოვებას. მის მცდელობას, რუსეთის უმაღლესი ჯილდოთი, წმინდა ანდრიას ორდენით დაეჯილდოებინა სოლჟენიცინი, ამ უკანასკნელმა უარით უპასუხა.

როცა რუსეთის ხელისუფლების სათავეში ვლადიმირ პუტინი მოვიდა 2000 წელს, მწერალი თავიდან ფრთხილად ეკიდებოდა კგბ-ს ყოფილ ოფიცერს. მაგრამ სოლჟენიცინი მალე დათბა ახალი პრეზიდენტის მიმართ, მას მერე, რაც პუტინმა ოლიგარქებს შეუტია და რუსეთის უზარმაზარი ენერგორესურსები საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარა.

2007 წლის ივნისში პუტინმა ის სახელმწიფო პრემიით დააჯილდოვა. ამჯერად სოლჟენიცინმა ჯილდოზე უარი არ თქვა. მაგრამ მასა და კრემლს შორის ურთიერთობები შემდგომშიც ამბივალენტური დარჩა. ის აქებდა პუტინს რუსეთის აღორძინებისთვის, მაგრამ აკრიტიკებდა მას დემოკრატიული თავისუფლებების შეზღუდვისთვის.

ამბივალენტური იყო თავად სოლჟენიცინიც. არ შეიძლება იმის დავიწყება, რომ დიდი მწერალი და მოაზროვნე იბრძოდა საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის წინააღმდეგ, მაგრამ თავისუფალი არ იყო რუსული ველიკოდერჟავული, იმპერიული იდეებისგან.
XS
SM
MD
LG