Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭო და იუნესკო ომის შედეგად დაზიანებული კულტურული ძეგლების მონიტორინგის პროცესში ჩაერთვებიან


რუსეთის აგრესიის შედეგად ქართულ–ოსური კონფლიქტის ზონაში დაზიანებული კულტურული ძეგლების მდგომარეობის შესწავლის საქმეში

უახლოეს ხანში იუნესკოსა და ევროსაბჭოს ექსპერტები ჩაერთვებიან. ამ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს თხოვნით საქართველოს კუტურის სამინისტრომ მიმართა. მიმართვის საფუძველზე, პრაქტიკულად გადაწყვეტილია ევროსაბჭოსა და იუნესკოს სასწრაფო მისიების საქართველოში გამოგზავნის საკითხი. თუმცა, ტექნიკური დეტალების დაზუსტების შემდეგაც, მთავარ საკითხად რჩება, შეძლებენ თუ არა ეს მისიები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლას.

საქართველოს ელჩი საფრანგეთში და მუდმივი წარმომადგენელი „იუნესკოში“ მამუკა კუდავა ამ დღეებში „იუნესკოს“ გენერალურ დირექტორს კოიშირო მაცურას შეხვდა. შეხვედრის თემატიკა აგვისტოს მოვლენების შედეგად საქართველოში დაზიანებული კულტურული ძეგლების მონიტორინგის აუცილებლობით არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ. საუბარი შეეხო ასევე ბორჯომის ხეობაში განხორციელებულ ეკოციდს, ჟურნალისტების მკვლელობისა და ცხინვალის რეგიონში სკოლებისა და სასწავლო დაწესებულებების დანგრევა–განადგურების, განსაკუთრებით იუნესკოს ასოცირებული ავნევისა და ქურთას სკოლების დაწვისა და დაზიანების ფაქტებს.

[ეკა ენუქიძის ხმა]“ მაქსიმალურად დაგვპირდნენ დახმარებას სწრაფ ვადებში. მით უმეტეს, რომ ახლა ნიუ–იორკში გენერალურ ასამბლეაზე მიდიოდა თვითონ მაცურაც და თქვა, ბან კი მუნთან ერთად კიდევ თავიდან იქნება გადახედილი, როგორი შეიძლება იყოს ჩვენი მონაწილეობა ამ კონფლიქტებშიო. მაგრამ ამ წუთში, ახლა, რომ ხვალ და ზეგ მოდის მონიტორინგის ჯგუფი, ასე არ არის. ჩვენ, უბრალოდ, დაგვპირდა, რომ უახლოეს ვადებში განიხილავს მათი გაგზავნის საკითხს. ფორმულირება ეს არის.“(სტილი დაცლია)

გვითხრა საფრანგეთში საქართველოს საელჩოს უფროსმა მრჩეველმა ეკა ენუქიძემ, რომლის განმარტებითაც, საქართველოს მხარის კატეგორიული მოთხოვნაა, იუნესკოს მონიტორინგის მისია საქართველოს ხელისუფლების გავლითა და უშუალო მონაწილეობით შესრულდეს. ეკა ენუქიძე იმედოვნებს, რომ რუსეთისთვის ადვილი არ იქნება წინააღმდეგობა გაუწიოს იუნესკოს, რომელიც ყველაზე კრიტიკულ მომენტებშიც კი აპოლიტიკურ ჩარჩოებში რჩება. კონფლიქტის ზონაში საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული კუტურული მემკვიდრეობის მდგომარეობის შესასწავლად უკვე ემზადება ევროსაბჭოს მისია. ამ საკითხზე არსებობს შეთანხმება საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრ ნიკოლოზ ვაჩეიშვილსა და ევროსაბჭოს გენერალურ მდივან ტერი დევისს შორის.

[ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა]“ ახლა ვართ იმ პროცესში, როდესაც ევროპის საბჭომ უნდა მოახერხოს მოლაპარაკება რუსულ მხარესთან შეღწევადობასთან დაკავშირებით. თუ ეს მოლაპარაკებები წარმატებით წარიმართა, მაშინ უნდა ველოდოთ, რომ მისია რაც შეიძლება სწრაფად ჩამოვა საქართველოში და შეაფასებს კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით მიყენებულ ზარალს რეგიონზე. ამ მომენტისათვის მიმდინარეობს მოლაპარაკებები და შედეგებს ყველანი ვნახავთ.“(სტილი დაცულია)

ევროსაბჭოში საქართველოს ელჩის ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, იმის მიუხედავად, როგორ წარიმართება ევროსაბჭოში აგვისტოს მოვლენების პოლიტიკური შეფასების საქმე, ევროპის საბჭოს აქვს მანდატი, დაუყოვნებლივ გაგზავნოს კონფლიქტის ზონაში ექსპერტები, რომლებიც დაზიანებულ კულტურულ ძეგლებს აღწერენ და მათი გადარჩენისთვის აუცილებელ სამოქმედო პროგრამას გაწერენ. რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, 24 სექტემბერს ნიუ–იორკში გაიმართება ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სპეციალური არაფორმალური შეხვედრა. 47 ქვეყნიდან 35–ის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკვე დაადასტურა, რომ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს. შეხვედრის ინიციატორია ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ამჟამინდელი თავმჯდომარე, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი. საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების პოლიტიკური შეფასების პროცესი, შესაძლოა, დროში გაიწელოს, თუმცა არის ამოცანები, რომელთა გადაჭრა არ ითმენს. ასეთი ამოცანების რიგში განიხილება კონფლიქტის ზონაში დაზარალებული მოსახლეობისა და დაზიანებული კულტურული მემკვიდრეობის საკითხები, - ამბობს ევროსაბჭოში საქართველოს ელჩი ზურაბ ჭიაბერაშვილი, კულტურის მინისტრი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი კი, თავის მხრივ, შენიშნავს, რომ ევროპის საბჭო მთელი მისი ბიუროკრატიისთვისაც კი უჩვეული ჩქარი ტემპით ცდილობს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დაზიანებული კულტურული ძეგლების მდგომარეობის მონიტორინგში ჩაერთოს.

[ნიკა ვაჩეიშვილის ხმა]“ ჩვენ გვაქვს მასალები დაწვრილებითი პასპორტიზაციის და ეს მასალები იქნება როგორც ევროსაბჭოსთვის, ისე იუნესკოს ექსპერტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მდგომარეობის სახეცვლა და მიმდინარე მდგომარეობის შეფასება იყოს კვალიფიციური.“(სტილი დაცულია)

ნიკა ვაჩეიშვილი აზუსტებს, რომ, პასპორტიზაციის შედეგად, ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში 500–მდე ძეგლია აღწერილი. ზუსტი ინფორმაცია დაზიანების შესახებ მხოლოდ რამდენიმე ძეგლზე არსებობს.

[ლია მარიამიძის ხმა]“ქვემო ნიქოზში იყო ეკლესია, რომელიც არ ფუნქციონირებდა, ნახევრად დანგრეული იყო, რესტავრაციას საჭიროებდა. დაიბომბა ის ეკლესია და დაინგრა. ზემო ნიქოზში ეკლესია არ დანგრეულა, გაიძარცვა, დაიწვა სატრაპეზო. დედები იყვნენ, ახალი აშენებული შენობა იყო. სტუმრებსაც იღებდნენ და ის მთლიანად დაიწვა. ქვემო ხვითშია ძალიან დიდ ტაძარი, ღვთისმშობლის ტაძარი, მაგრამ არ ვიცი, ახლა ის რა მდგომარეობაშია.“

ამბობს ნიქოზელი ლია მარიამიძე. კულტურის სამინისტროში კი განმარტავენ, რომ დაზიანებულ ძეგლებს შორის არის ძეგლები, რომლებიც რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში აღდგა - მაგალითად, ნიქოზის ეპისკოპოსის სასახლე. სასახლეს რესტავრაცია 2 წლის წინ ჩაუტარდა.
XS
SM
MD
LG