Accessibility links

ახალი ამბები

ჩეჩნეთში 200-მდე ადამიანმა გამოთქვა პროტესტი

ჩეჩნეთში 200-მდე ადამიანმა გამოთქვა პროტესტი 17 წლის ჩეჩენი გოგონას მკვლელობისთვის გასამართლებული

ჩეჩნეთში 200-მდე ადამიანმა გამოთქვა პროტესტი 17 წლის ჩეჩენი გოგონას მკვლელობისთვის გასამართლებული
რუსი ოფიცირის ვადამდე განთავისუფლებასთან დაკავშირებით. გროზნოში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს, რომ პოლკოვნიკი იური ბუდანოვი ციხიდან არ გამოუშვან 11 იანვარს, ანუ მისი ათწლიანი პატიმრობის ამოწურვამდე 15 თვით ადრე. ბუდანოვს პატიმრობა მიესაჯა 2000-ს წელს ელზა კუნგაევას მოტაცების, მისი რუსულ სამხედრო ბაზაზე წაყვანის და მოკვლის გამო. ბუდანოვი არ გაუსამართლებიათ გაუპატიურების ბრალდების საფუძველზე - მიუხედავად სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა, რომ გოგონა გაუპატიურებული იყო.

ყველა ახალი ამბავი

კოალიციამ მედიაადვოკატირებისათვის აჭარის ტელევიზიაში განვითარებული პროცესები შეაფასა

„ჩვენ, კოალიცია „მედია ადვოკატირებისათვის“ წევრი, ორგანიზაციები აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს კვლავაც საგანგაშოდ და საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეისათვის დამაზიანებლად მივიჩნევთ, - ნათქვამია კოალიცია მედიაადვოკატირებისათვის განცხადებაში.

კოალიცია მიიჩნევს, რომ ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აჭარის მაუწყებელში წარმოქმნილი ხელოვნური კრიზისი პოლიტიკური ხასიათისაა და არ უნდა დარჩეს შიდა თუ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიღმა.

ამ დროისათვის ორგანიზაციები საზოგადოების ყურადღებას რამდენიმე გადაწყვეტილებაზე ამახვილებენ:

1. საშტატო ნუსხის შეცვლა და თანამშრომელთა გათავისუფლება - „24 თებერვალს გაირკვა, რომ მაია მერკვილაძე ჩამოაშორეს სარედაქციო გუნდს დირექტორის შეთავაზება კი მისთვის ტოკშოუს ხელმძღვანელობას ან რადიოს უფროსის მოადგილეობას გულისხმობს.

კოალიცია მიიჩნევს, რომ ცვლილებების საჭიროება არ იყო დასაბუთებული მაღალი სტანდარტით.

ამასთან, სხდომაზე სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირის წარმომადგენელს, მალხაზ რეხვიაშვილს.

2. მაუწყებლობის განვითარების დარგში დირექტორის მოადგილის ფუნქცია - „2020 წლის 07 თებერვლის ბრძანებით, გამოცხადდა კონკურსი მაუწყებლობის განვითარების დარგში სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ დირექტორის მოადგილის შესარჩევად. სამუშაოს აღწერის მიხედვით, სამომავლო ვალდებულებები მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ნათია ზოიძის შრომითი მოვალეობებისაგან. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ნათია ზოიძემ მაუწყებელი 2020 წლის 02 თებერვალს დატოვა. ის აცხადებდა, რომ არ ეძლეოდა მუშაობის შესაძლებლობა მანამდე კი, 2019 წლის დეკემბერში ნათია ზოიძეს მაუწყებლის დირექტორმა ხელშეკრულება შეუცვალა. ცვლილებების მიხედვით ნათია ზოიძე სარედაქციო პოლიტიკის მიმართულებაზე პასუხისმგებლობა შეეზღუდა. მოგვიანებით, თითქმის იდენტური საკონკურსო განაცხადის პირობებში, ახალ მოადგილედ ვახო ხუზმიაშვილი აირჩიეს ვახო ხუზმიაშვილის არჩევით, მაუწყებლის გაკონტროლების საფრთხეზე საუბრობენ, ჟურნალისტები, მედია ექსპერტები და იურისტები საია კი საქმის შესწავლას იწყებს".​

3. ახალი ამბების სამსახურის უფროსის შევიწროება - „დღეისთვის მაუწყებელში მიმდინარეობს დისციპლინური წარმოება მაუწყებლის ახალი ამბების სამსახურის უფროსის შორენა ღლონტის მიმართ. აღნიშნულთან დაკავშირებით არხის ჟურნალისტები ითხოვენ დახმარებას და მიაჩნიათ, რომ ადგილი აქვს ადამიანების დევნას და შევიწროება მათი მოსაზრებების და პოზიციების გამო.

ამ დრომდე გაურკვეველია მენეჯმენტის დამოკიდებულება არხის სარედაქციო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ“.

4. პროფკავშირების შევიწროების მცდელობა - „ტელევიზიის თანამშრომელთა ინფორმაციით, დირექტორი გადაცემა „ჰეშთეგის” ერთ-ერთ წამყვანს, მალხაზ რეხვიაშვილს მოუწოდებს, დატოვოს წამყვანის პოზიცია იმის გამო, რომ რეხვიაშვილი ტელევიზიაში შექმნილი ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარეა. რეხვიაშვილსაც მენეჯმენტისადმი კრიტიკული დამოკიდებულება აქვს.

მიგვაჩნია, რომ ზემოჩამოთვლილი მოვლენები ამყარებს ეჭვებს, რომ აჭარის მაუწყებელში ბოლო ერთი წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენები პოლიტიკური ხასიათისაა და არხის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის მოშლის მიზანს ემსახურება“.

კოალიცია „მედია ადვოკატირებისათვის“ განცხადების გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებმა საგაფიცვო პროცედურების დაწყების გადაწყვეტილება მიიღეს.

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებმა საგაფიცვო პროცედურების დაწყების გადაწყვეტილება მიიღეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში შექმნილი ალტერნატიული პროფკავშირების თავმჯდომარემ მალხაზ რეხვიაშვილმა რამდენიმესაათიანი შეკრების დასრულების შემდეგ გადაწყვეტილება გამოაცხადა - იტყობიდენა ბათუმიდან რადიო თავისუფლების კორესპონდენტი.

„ვიმსჯელეთ მაუწყებელში შექმნილ ვითარებაზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, დავიწყოთ საგაფიცვო პროცედურები. მოვამზადოთ შესაბამისი დოკუმენტები თანამშრომელთა შრომითი უფლებების და მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის დაცვის მოთხოვნით.

ამ დოკუმენტს მოვამზადებთ და ხელმძღვანელობა მიიღებს ოფიციალური სახით. მანამდე ჩვენ ჩვენი საგაფიცვო სტრატეგიის შესახებ და კონკრეტული მოთხოვნების შესახებ, ბუნებრივია, მათ არ გავაგებინებთ, სანამ დოკუმენტი არ ჩაბარდებათ“, - აცხადებს მალხაზ რეხვიაშვილი.

პროტესტი გაამწვავა აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის და მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორისთვის, მაია მერკვილაძისთვის შრომითი ხელშეკრულების გაუქმებამ. ამ ფაქტს მაუწყებლის ჟურნალისტების ნაწილი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებს.

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე მაია მერკვილაძე დღეს მთელი დღის განმავლობაში ელოდა, თუ რას შესთავაზებდა მაუწყებლის მენეჯმენტი ახალი ხელშეკრულებით. რადგან 24 თებერვალს ხელშეკრულებას, რომლითაც ის აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე ოთხი წლის განმავლობაში იყო, გაუქმდა. ხელშეკრულების გაუქმება კი გამოიწვია მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებამ (სამი ხმით): 19 თებერვალს ტელევიზიის ჟურნალსიტების ხმაურიანი პროტესტის ფონზე ტელევიზიაში 4 საშტატო ერთეული გააუქმეს, მათ შორის, ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის.

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების ნაწილი აცხადებდა, რომ ამ ცვლილებებით რეგიონულ მაუწყებელში სიტყვის თავისუფლებას საფრთხე ემუქრებოდა, რადგან მაია მერკვილაძეს საინფორმაციო პოლიტიკის განსაზღვრის საშუალებას აღარ მისცემდნენ. ეს ეჭვები ნაწილობრივ დადასტურდა, რადგან 24 თებერვალს 18:00 საათზე მაია მერკვილაძემ დირექტორისგან ელექტრონული ფოსტით მიიღო ახალი სახელშეკრულებო შეთავაზება: წინასაარჩევნო დებატების რედაქტორის პოზიციაზე, ან აჭარის რადიოს საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტზე. თავად მაია მერკვილაძე ამ შეთავაზებას არ თანხმდება და ბრძოლის გაგრძელებას აპირებს. მისი შეფასებით, აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო პოლიტიკიდან მიზანმიმართულად ჩამოაშორეს.

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები გაფიცვის საკითხს განიხილავენ

რადიო თავისუფლლების კორესპონდენტის ცნობით, ამ წუთებში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტთა ნაწილი შეხვედრას მართავს და გაფიცვის საკითხს განიხილავს. რეგიონულ მაუწყებელში ერთი თვის წინ შექმნილი ალტერნატიული პროფკავშირები 90-მდე ჟურნალისტს აერთიანებს. მათი პროტესტი გამოიწვია აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის და მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორისთვის, მაია მერკვილაძისთვის შრომითი ხელშეკრულების გაუქმებამ. ამ ფაქტს მაუწყებლის ჟურნალისტების ნაწილი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებს.

დღეს მათ საპროტესტო აქცია გამართეს. როგორც ჟურნალისტებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, გადადიან რადიკალური პროტესტის ფორმაზე - გაფიცვაზე.

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე მაია მერკვილაძე დღეს მთელი დღის განმავლობაში ელოდა, თუ რას შესთავაზებდა მაუწყებლის მენეჯმენტი ახალი ხელშეკრულებით. რადგან 24 თებერვალს ხელშეკრულებას, რომლითაც ის აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე ოთხი წლის განმავლობაში იყო, გაუქმდა. ხელშეკრულების გაუქმება კი გამოიწვია მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებამ (სამი ხმით): 19 თებერვალს ტელევიზიის ჟურნალსიტების ხმაურიანი პროტესტის ფონზე ტელევიზიაში 4 საშტატო ერთეული გააუქმეს, მათ შორის, ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის.

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების ნაწილი აცხადებდა, რომ ამ ცვლილებებით რეგიონულ მაუწყებელში სიტყვის თავისუფლებას საფრთხე ემუქრებოდა, რადგან მაია მერკვილაძეს საინფორმაციო პოლიტიკის განსაზღვრის საშუალებას აღარ მისცემდნენ. ეს ეჭვები ნაწილობრივ დადასტურდა, რადგან 24 თებერვალს 18:00 საათზე მაია მერკვილაძემ დირექტორისგან ელექტრონული ფოსტით მიიღო ახალი სახელშეკრულებო შეთავაზება: წინასაარჩევნო დებატების რედაქტორის პოზიციაზე, ან აჭარის რადიოს საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტზე. თავად მაია მერკვილაძე ამ შეთავაზებას არ თანხმდება და ბრძოლის გაგრძელებას აპირებს. მისი შეფასებით, აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო პოლიტიკიდან მიზანმიმართულად ჩამოაშორეს.

„ანას ბაღთან“ აქციის მონაწილეები ისევ ნერგებს რგავენ

თბილისში, ვარკეთილის II მ/რ-ში მდებარე „ანას ბაღთან“ შეკრებილმა მოქალაქეებმა ნერგების დარგვა განაახლეს. მშენებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელ სახლთან ახლოს შეხლა-შემოხლა და სიტყვიერი დაპირისპირება რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

თავდაპირველად სამშენებლო კომპანიის წირმომადგენლების წინაშე ადგილობრივები იმყოფებოდნენ. ერთმა მოქალაქემ არმატურის ბოძების ამოძრობა დაიწყო, რომლითაც კომპანიას ტერიტორია ჰქონდა მონიშნული, რასაც უკმაყოფილება მოჰყვა. ადგილობრივებს მალევე შეუერთდა რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტი და „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი.

ვითარება შედარებით, მას შემდეგ განიმუხტა, რაც მხარეებმა კამათი შესაბამის ნახაზზე დაყრდნობით დაიწყეს. საბოლოოდ, აქტივისტებმა ნერგების დარგვა ისეთ ადგილზე განაახლეს, რომელზეც კომპანიის წარმომადგენლებს წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.

22 თებერვალს მშენებარე კორპუსთან პარტიზანული მებაღეობის წევრებმა და სხვა აქტივისტებმა ნერგები დარგეს და საქანელები მიიტანეს. მოგვიანებით, „პარტიზანმაა მებაღემ“ ნატა ფერაძემ მერიის მხრიდან ვანდალიზმის ფაქტი უწოდა, ნარგავების ამოთხრას.

ბაღის მიმდებარე ტერიტორია 2016 წლის მიწურულს გასხვისდა. ამის გამო 2018 წელს ადგილობრივებმა მერიას საჩივრით მიმართეს. მაშინ საჩივარი დაკმაყოფილდა, მაგრამ მოგვიანებით სამშენებლო კომპანია „ევროპულმა სამშენებლო ჰოლდინგმა“ ისევ მიმართა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს და კიდევ ერთხელ მიიღო მშენებლობის უფლება.

ბაღის გვერდით ადგილობრივებმა ხელმოწერების შესაგროვებლად კარავიც დადგეს, რომელიც 21 იანვარს დანგრეული დახვდათ.

24 თებერვალს განცხადება გაავრცელა ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC). ის მიიჩნევს, რომ თბილისის მერიამ „ანას ბაღთან” მშენებლობის ნებართვის გაცემის გადაწყვეტილება ცალმხრივად, მხოლოდ კერძო პირის ბიზნესინტერესების გათვალისწინებით და სასარგებლოდ მიიღო.

პაატა იმნაძის თქმით, ქსენობოფიის პროპაგანტისტმა მედიამ ჩინეთის მოქალაქეები ბულინგის მსხვერპლად აქცია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ეხმაურება თბილისის ცენტრალურ სადგურში ჩინეთის მოქალაქეებთან დაკავშირებულ ინციდენტს.

„უკრაინაში რაც რუსული გავლენების აგენტებმა ჩაიდინეს, იმას აკეთებენ დღეს ჩვენთან, რაც მატარებელთან დაკავშირებით მოხდა. ჩინეთის მოქალაქეები, რომლებიც 5 კვირაა, გამოსულები არიან და არავითარ რისკს არ ქმნიდნენ, სამარცხვინო და ქსენობოფიის პროპაგანტისტმა მედიამ ბულინგის მსხვერპლად აქცია“, - აღნიშნავს იმნაძე.

თბილისი-ბათუმის მატარებელში ჩინეთის ორი მოქალაქის ასვლის შემდეგ მგზავრებმა თბილისის ცენტრალურ სადგურში მატარებლის დაძვრამდე უკმაყოფილება გამოთქვეს და მატარებლიდან ჩამოვიდნენ.

კინოპროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი დამნაშავედ ცნეს სექსუალურ ძალადობასა და გაუპატიურებაში

ნიუ-იორკში გამართულ სასამართლო პროცესზე ყოფილი კინოპროდიუსერი, ჰარვი ვაინშტაინი დამნაშავედ ცნეს სექსუალურ ძალადობასა და გაუპატიურებაში. ამ განაჩენს მიიჩნევენ უმნიშვნელოვანეს მიღწევად მოძრაობა #meToo-სთვის, რომელმაც ქალები შთააგონა საჯაროდ ელაპარაკათ სექსუალურ შევიწროვებაზე ძალაუფლებრივ პოზიციებზე მყოფი მამაკაცების მხრიდან.

ერთ დროს ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პროდიუსერი, 67 წლის ვაინშტაინი, დამნაშავედ იქნა ცნობილი სექსუალურ ძალადობაში ასისტენტის, მიმი ჰეილის მიმართ 2006 წელს და ერთ დროს მსახიობობის მოსურნე ჯესიკა მანის გაუპატიურებაში 2013 წელს.

ვაინშტაინს მოეხსნა ყველაზე სერიოზული ბრალდებები, რომელთა გამოც მისთვის შეიძლებოდა სამუდამო პატიმრობის განაჩენი გამოეტანათ - მათ შორის სექსუალური ხასიათის განზრახ თავდასხმის ორი ბრალდება. ახლა მას 25 წლამდე ემუქრება პატიმრობა.




ჩეჩნეთში აღნიშნეს ჩეჩენთა და ინგუშთა გადასახლების დაწყების ტრაგიკული თარიღი

რვა წლის განმავლობაში პირველად, რუსეთის ჩრდილოკავკასიის რეგიონ ჩეჩნეთში საჯაროდ მიაგეს პატივი 1944 წლის დეპორტაციის მსხვერპლთ, იმ დღეს, როცა ეს ტრაგედია დაიწყო.

23 თებერვალს დედაქალაქ გროზნოში თავი მოიყარა ასობით პირმა, მათ შორის ჩეჩნეთის ოფიციალურმა და სასულიერო პირებმა, რათა პატივი მიეგოთ დეპორტაციის ათასობით მსხვერპლის ხსოვნისთვის.

ჩეჩნეთის მოსკოვის მიერ მხარდაჭერილმა ლიდერმა, რამზან კადიროვმა 2012 წელს გლოვისა და ხსოვნის დღე 23 თებერვლიდან გადაიტანა 10 მაისს, მისი მამის, გროზნოში აფეთქების შედეგად 2004 წელს დაღუპული აჰმად კადიროვის დაკრძალვის დღეს. მაგრამ ჩეჩნეთის ბევრი მცხოვრები არაოფიციალურად განაგრძობდა პატივის მიგებას დეპორტაციის მსხვერპლთა ხსოვნისთვის.

1944 წელს, 23 თებერვლიდან 4 მარტამდე პერიოდში, საბჭოთა ხელისუფლებამ 650,000-მდე ჩეჩენი და ინგუში გადაასახლა შუა აზიაში, საბაბით, რომ ისინი ნაცისტურ გერმანიასთან თანამშრომლობდნენ. გადასახლებულთაგან ნახევარი ან გზაში დაიღუპა, ან იმ მძიმე პირობების გამო, რომელშიც ისინი აიძულეს ეცხოვრათ. გადარჩენილებს 1957 წელს მისცეს ჩრდილოეთ კავკასიაში დაბრუნების უფლება.

თბილისი-ბათუმის მატარებელში მყოფ ჩინელებს გამოკვლევა უტარდებათ - სხვები გაემგზავრნენ

„ახალი მატარებელი მოიყვანეს, დეზინფექციისთვის, მგზავრები გადაიყვანეს ამ მატარებელში, რომელიც უკვე გაემგზავრა ბათუმის მიმართულებით“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას „საქართველოს რკინიგზის“ პრესსამსახურში.

თბილისი-ბათუმის (შტანდლერის) მატარებელში ჩინეთის ორი მოქალაქის ასვლის შემდეგ მგზავრებმა თბილისის ცენტრალურ სადგურში მატარებლის დაძვრამდე უკმაყოფილება გამოთქვეს და მატარებლიდან ჩამოვიდნენ.

„მგზავრებმა გამოიძახეს მატარებლის უფროსი. შემდეგ - სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია“, - გვითხრა პრესსამსახურის წარმომადგენელმა.

ამჟამად ჩინეთის ორი მოქალაქე შემოწმების პროცედურას გადის.

შემთხვევის შესახებ „ფეისბუკზე" წერს ნინო ხითარიშვილი, რომელიც თბილისი-ბათუმის მატარებელში იმყოფებოდა.

რადიო თავისუფლება ესაუბრა ნინო ხითარიშვილს. „როდესაც მივხვდი, რომ მატარებელი არ გადიოდა, გამოვედი ვაგონიდან და შევესწარი მგზავრების ხმამაღალ საუბარს. მათი თქმით, ვაგონში იყვნენ მგზავრები ჩინეთიდან, რომლებიც ცუდად იყვნენ. ამ ქალს ვკითხე, რატომ ფიქრობთ რომ ცუდად არიან? მითხრა, რომ მგზავრები აცემინებდნენ, ჰქონდათ სურდო და ითხოვდნენ მათთვის სიცხის შემოწმებას. წინააღმდეგ შემთხვევაში უარს აცხადებნენ გამგზავრებაზე. სხვა მგზავრებიც იგივეს ამბობდნენ. შემდგომ მოვიდა რკინიგზის ადმინისტრაცია, პატრულიც და გამოიძახა, სასწრაფოც. საათნახევრია შემდგომ მიიღეს გადაწყვეტილება რომ ჩვენ სხვა მატარებლით გავეშვით ბათუმში“, - გვითხრა ნინო ხითარიშვილმა

გუდაურში მდებარე რესტორნის მეპატრონე ქალი ამბობს, რომ მამაკაცმა ხელი დაარტყა

რესტორან „მთვრალი ალუბლის“ მეპატრონე მირანდა ესაკია მამაკაცს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

„მოვიდა ერთ-ერთი ადგილობრივი (სავსე იყო რესტორანი ტურისტებით), ყვიროდა, ცდილობდა შიგნით შემოსვლას. გამოვედი, რომ ჩემი თანამშრომლები დამეცვა. ჩემს დაცვასთან შეხლა-შემოხლა მოხდა. მერე დაბრუნდა ეს ადამიანი, არ ველოდით, რომ დაბრუნდებოდა. შემოვიდა შუა რესტორანში, ყვიროდა, მირანდა, გამოდი გარეთ, ანუ იცოდა, ვინც ვიყავი. რა თქმა უნდა, გამოვედი გარეთ, მარტო. იყო ძალიან აგრესიული. ხელი დამარტყა“, - უთხრა „მთავარ არხს“ გუდაურში მდებარე რესტორნის მეპატრონემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ აღნიშნული შემთხვევის შესახებ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობის) მუხლით დაიწყო. ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ამ დროისთვის არავინ დაუკავებიათ.

აზერბაიჯანი და სომხეთი ბრალდებებს ცვლიან საზღვარზე შეტაკებების გამო

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს აბრალებენ ცეცხლის შეწყვეტის მყიფე შეთანხმების დარღვევას საზღვრის გასწვრივ.

აზერბაიჯანის საზღვრის დაცვის სამსახურმა 24 თებერვალს გამოაცხადა, რომ სომხეთის ცეცხლს ემსხვერპლა ერთი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი, გაზახის რაიონში. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანი ამბობს, რომ შეტაკებებში მსუბუქად დაიჭრა სომეხი სამხედრო.

ბაქოს და ერევანს წლებია კონფლიქტი აქვთ აზერბაიჯანის სეპარატისტული რეგიონის, მთიანი ყარაბაღის გარშემო. სომხეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა აზერბაიჯანის ეს, ძირითადად სომხებით დასახლებული რეგიონი ადრეული 1990-იანი წლების ომით მოიპოვეს. ომს 30,000-მდე ადამიანი შეეწირა. კონფლიქტის გადაჭრის დიპლომატიურ მცდელობებს მნიშვნელოვანი პროგრესი არ მოჰყოლია.


დავით ზალკალიანი გაეროს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა

დავით ზალკალიანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ ვითარებაზე ისაუბრა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრმა აღნიშნა, რომ უმაღლესი კომისრის ოფისი დღემდე ვერ ახერხებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შესვლას მაშინ, როდესაც ადგილზე ჰუმანიტარული ვითარება მუდმივად უარესდება და ყოველდღიურად ირღვევა ეთნიკური ქართველების ფუნდამენტური უფლებები.

თავის გამოსვლაში მინისტრმა საბჭოს კიდევ ერთხელ შეახსენა ოკუპირებულ რეგიონებში ეთნიკურად ქართველი მოქალაქეების - ირაკლი კვარაცხელიას, დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის - სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები. მინისტრმა საერთაშორისო პარტნიორებს მადლობა გადაუხადა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ მხარდაჭერისა და ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში გამოჩენილი ძალისხმევისათვის.

გამოსვლაში მინისტრი ასევე შეეხო იძულებით გადაადგილებული და დევნილი პირების საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლების შეზღუდვას:

„ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილების არარსებობა ვერ იქნება და არ უნდა ქმნიდეს დაბრკოლებას იმ ადამიანების ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კუთხით, რომლებიც მოკლებულნი არიან მინიმალურ უსაფრთხოების ზომებს დევნის საშიშროების პირობებში. შესაბამისად, საერთაშორისო თანამეგობრობის, პირველ რიგში კი ადამიანის უფლებათა საბჭოს, მტკიცე პოზიცია არსებითია. რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის შედეგებზე ეფექტურად გამკლავება, იქნება ეს საქართველოსა თუ უკრაინაში, შეუძლებელია მტკიცე საერთაშორისო პასუხის გარეშე. თუმცა ადგილზე პოზიტიური ცვლილებების ერთადერთი გზა ვალდებულებების შესრულების დაწყებაა“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრმა თავის გამოსვლაში ისაუბრა ასევე რუსეთის მიერ საქართველოს მთავრობისა და კერძო უწყებების სერვერებსა და ვებგვერდებზე განხორციელებულ ფართომასშტაბიან კიბერთავდასხმაზე.

პრაღის საბჭომ მხარი დაუჭირა ნემცოვის სახელის დარქმევას რუსეთის საელჩოსთან მდებარე მოედნისთვის

პრაღის საქალაქო საბჭომ მხარი დაუჭირა რუსეთის საელჩოსთან მდებარე მოედნისთვის რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, მოკლული ბორის ნემცოვის სახელის დარქმევას.

საბჭომ 24 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება, ნემცოვის სახელი ეწოდოს მოედანს, რომელსაც აქამდე პოდ კაშტანი ერქვა. სახელი ოფიციალურად 27 თებერვალს შეიცვლება - ნემცოვის მკვლელობის მეხუთე წლისთავზე.

"ამ ჟესტით პრაღა შეუერთდება რამდენიმე მეტროპოლისს, რომლებიც ხაზს უსვამენ დღევანდელ რუსეთში არსებული პოლიტიკური სიტუაციის სირთულეებს", - გამოაცხადა საბჭომ. ამ ნაბიჯს მხარი დაუჭირა ყველა მსხვილმა პარტიამ, რომლებიც საბჭოშია წარმოდგენილი.

2018 წლის თებერვალში ბორის ნემცოვის სახელობის მოედანი ოფიციალურად გაიხსნა რუსეთის საელჩოს წინ ვაშინგტონში, რასაც მოჰყვა ანალოგიური ნაბიჯი ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში.

„ბებიას რომ ერთი რაღაცა ჰქონდეს, ბაბუა იქნებოდა“ - ვაშაძე მერაბიშვილის ენმ-ის შესაძლო წევრობაზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს პარტიაში გაწევრების საკითხზე პოზიცია ჯერ არ გამოუთქვამს.

ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა პარტიის კარი ღია მერაბიშვილისთვის, ვაშაძე პასუხობს: „ჩემთვის არ მოუმართავს ჯერ და არ უთქვამს თავის გეგმებზე არაფერი და როგორ გიპასუხოთ?“.

დამაზუსტებელ შეკითხვას, იმ შემთხვევაში, თუ ვანო მერაბიშვილი მიმართავს „ნაციონალურ მოძრაობას“, მიიღებენ თუ არა მას პარტიაში, ვაშაძე ასე პასუხობს: „იცით რა, ბებიას რომ ერთი რაღაცა ჰქონდეს, ბაბუა იქნებოდა, ამიტომ ნუ მესაუბრებით იმაზე, რაც რეალობაში არ ხდება... როცა რეალობა იქნება, მერე მომეცით შეკითხვა“.

ვანო მერაბიშვილმა 20 თებერვალს დატოვა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მეცხრე დაწესებულება (ე.წ. მატროსოვის ციხე), სადაც 6 წელი და 9 თვე გაატარა.

მერაბიშვილი 2013 წლის 21 მაისს დააკავეს საბიუჯეტო სახსრების მითვისება-გაფლანგვისა (უმუშევართა აღრიცხვის და დასაქმების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების დროს 5,2 მლნ ლარის გაფლანგვა; კვარიათში საცხოვრებელი სახლის მითვისება) და ამომრჩევლის მოსყიდვის (2012 წელს დასაქმების სახელმწიფო პროგრამა) ბრალდებით.

დაპატიმრებამდე ვანო მერაბიშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი იყო.

დაპირისპირება ქართულ რაგბიში - ბოიკოტი საპრეზიდენტო არჩევნებს

საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები მეორედ გადაიდო. დღეს, „ქორთიარდ მერიოტში“, ხმის უფლების მქონე დელეგატებს არჩევანი პრეზიდენტობის სამ კანდიდატს შორის უნდა გაეკეთებინათ. მოქმედ პრეზიდენტ გოჩა სვანიძეს კონკურენციას ვეტერანი მორაგბე და ამჟამად პარლამენტის წევრი ირაკლი აბუსერიძე და რაგბის კავშირის ერთ-ერთი განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელი ბაჩო ხურციძე უწევდნენ.

წინასწარი ინფორმაციით, მთავარი ბრძოლა სვანიძესა და აბუსერიძეს შორის უნდა გამართულიყო. მესამე კანდიდატისგან განსხვავებით, ყრილობაზე ორივე მივიდა, მაგრამ უშუალოდ დარბაზში მხოლოდ კავშირის მოქმედი პრეზიდენტი და მისი მხარდამჭერები შევიდნენ. ირაკლი აბუსერიძემ და მისმა მომხრეებმა კი რეგისტრაცია არ გაიარეს და საბოლოოდ, არჩევნების ჩასატარებლად აუცილებელი კვორუმი - დელეგატთა ორი მესამედი ვერ შეიკრიბა. 54 დელეგატის ნაცვლად, რეგისტრაცია 43-მა გაიარა.

ირაკლი აბუსერიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ დელეგატები მასთან შეთანხმებულად არ მოქმედებდნენ და მათ ეს გადაწყვეტილება რაგბის კავშირის ამჟამინდელი ხელმძღვანელობისადმი პროტესტის ნიშნად მიიღეს. პარლამენტარმა მორაგბემ ყურადღება იმ ფინანსურ დარღვევებზეც გაამახვილა, რომლებიც აუდიტის სამსახურის მიერ ამ დღეებში გამოქვეყნებულ დასკვნაშია მითითებული.

გოჩა სვანიძის ფინანსურ დარღვევაზე ისაუბრა კიდევ ერთმა ვეტერანმა მორაგბემ, ამჟამად სარაგბო კლუბ „ლოკომოტივის“ წარმომადგენელმა ბობა კვინიხიძემ, რომელსაც დელეგატის სტატუსი ჰქონდა, მაგრამ რეგისტრაცია პროტესტის ნიშნად არ გაიარა.

რაგბის კავშირის მოქმედი პრეზიდენტი და მისმა მომხრე დელეგატები დარბაზიდან ყრილობის ჩაშლიდან დაახლოებით ნახევარ საათში გამოვიდნენ, მას შემდეგ, რაც აბუსერიძის მხარდამჭერებმა ტერიტორია დატოვეს. ეს სტრატეგია რომ არა, ძალიან დიდი შანსი იყო, საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდეც მისულიყო.

გოჩა სვანიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბოიკოტის მიზეზი იყო პარტიული კანდიდატის მხრიდან დელეგატებზე განხორციელებული ზეწოლა. რაგბის კავშირის პრეზიდენტისვე განცხადებით, აუდიტის სამსახურიც ჩართულია პროცესში, რაც დასკვნის გამოქვეყნებით დაადასტურა.

საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები ჯერ კიდევ 30 იანვარს უნდა გამართულიყო, მაგრამ რამდენიმე დღით ადრე, 24 თებერვლისთვის გადაიდო. მაშინ ირაკლი აბუსერიძემ და ბაჩო ხურციძემ ითხოვეს მეტი დრო არსებული წესდებისა და დოკუმენტაციის გასაცნობად და საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობამ პრეზიდენტობის ორი კანდიდატის თხოვნა დააკმაყოფილა. ახლაც, საბოლოო სიტყვა გამგეობაზეა, სწორედ გამგეობა დაასახელებს ახალ თარიღს.

წინასწარი ინფორმაციით, მორიგი არჩევნები ათიდან ოცდაათ დღემდე ვადაში უნდა გაიმართოს და მასზე უკვე აუცილებელი აღარ იქნება ხმის უფლების მქონე დელეგატთა ორი მესამედის შეკრება. არჩევნები იმ შემთხვევაში გაიმართება, თუ რეგისტრაციას ნახევარზე მეტი - მინიმუმ 41 დელეგატი გაივლის.

მალხაზ მაჩალიკაშვილი კიევში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა

მალხაზ მაჩალიკაშვილი

პანკისის სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი კიევში ყოფნისას შეხვდა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს. ტელეკომპანია „იმედთან“ სატელეფონო საუბარში მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომ მათი საუბარი შეეხებოდა არა პოლიტიკას, არამედ მის პირად ტრაგედიას:

„ნაცნობებთან ჩავედი, მერე შევხვდი სააკაშვილსაც. პოლიტიკაზე რა უნდა ვისაუბროთ, საუბარი გვქონოდა ჩემს პირად ტრაგედიასთან დაკავშირებით, რა ხდებოდა, როგორ მოხდა, რატომ მოხდა“, - უთხრა „იმედს“ მალხაზ მაჩალიკაშვილმა. მისი განმარტებით, კიევში მეგობრების გარდა, შეხვდა მისთვის საჭირო ყველა ადამიანს, დიასპორას, მიწვეული იყო ტელევიზიაში. „იქ ჩასული მიხეილ სააკაშვილს რომ არ შევხვედროდი, მე იქიდან არ წამოვიდოდი“, - თქვა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. მან „იმედს“ უთხრა, რომ ამ დროისათვის უკრაინაში აღარ იმყოფება. კიევში იგი 21 თებერვალს ჩავიდა.

მამუკა მდინარაძე: ოპოზიციის ჭირვეულობა დამთავრდება

მამუკა მდინარაძე

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ფიქრობს, რომ არსებობს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების რესურსი. მისი აზრით, რას უფრო ახლოვდება საარჩევნო სისტემის საკითხზე საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების დრო, მით უფრო მეტია შანსი, რომ ოპოზიცია დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას. „ეს ჭირვეულობა, ჩემი აზრით, დამთავრდება ოპოზიციის“, - უთხრა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ.

„ეხლა ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები მოგვიწოდებენ, რომ დავბრუნდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან. დიახ, ჩვენ ამ მოწოდებას ვუერთდებით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. იგი თავის მხრივაც მოუწოდებს ოპოზიციას მოლაპარაკებების გაგრძელებისკენ:

„სულ რამდენიმე დღე რჩება და მე ვიმედოვნებ, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ჩვენ დავსხდებით. ფორმალურად ერთ მაგიდასთან ვისხდებით, თუ ჩვენი უცხოელი კოლეგების, დიპლომატების მეშვეობით ვერსიებს და სხვადასხვა წარმოდგენებს გავცვლით საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია მოხდეს შეთანხმება და ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ყველანი პასუხისმგებლობით ვუდგებით ამ საქმეს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მისი განმარტებით, თებერვლის შემდეგ კანონმდებლობაში ცვლილების შეტანის შესაძლებლობა აღარ იქნება და ამიტომ მოუწოდებს ოპოზიციას, დააფიქსიროს „ქართული ოცნების“ ვერსიაზე პასუხი და წარადგინოს თავისი.

ხელისუფლებასა და ოპოზიციურ ერთობას შორის მოლაპარაკებები დაიწყო მას შემდეგ, რაც 14 ნოემბერს პარლამენტში ჩავარდა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები. იმის გამო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა საზოგადოებისთვის მიცემული დაპირება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ, საქართველოში საპროტესტო აქციების ახალი ტალღა აგორდა.

ხელისუფლებასა და ოპოზიციური პარტიების ერთობას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების 4 რაუნდი ჩატარდა. დიალოგი მხარეებს შორის 2019 წლის 20 დეკემბრის შემდეგ აღარ გამართულა.

უზენაესი სასამართლოს მიერ "ევროპული საქართველოს" გენერალური მდივნისთვის გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდების შემდეგ 10 თებერვალს ოპოზიციური პარტიების სახელით "ლეიბორისტულ პარტიაში" გაკეთდა განცხადება, მმართველ ძალასთან დიალოგის შეწყვეტის შესახებ.

24 თებერვალს ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა დიალოგის გაგრძელების პირობად კვლავ დაასახელეს პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და დაკავებული პირების გათავისუფლება.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ოკუპაციით სპეკულირება ბინძური პოლიტიკური სვლაა

"ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობაში სპეკულაცია უწოდეს „ევროპული საქართველოს“ განცხადებას, რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ გასაფართოებლად და თავის დროზე, სია მიიღო მხოლოდ საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად.

„თქვენ ალბათ, გახსოვთ, ჩვენი დამოკიდებულება ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიმართ. როგორც კი ოპოზიციამ ნორმალური იდეა გაახმოვანა, იმ წუთას დავეთანხმეთ და არანაირი ზეწოლა არ ყოფილა, რომ ეს სია მიგვეღო. ჩვენი გუნდის განწყობა იყო, რომ ეს სია მიღებული ყოფილიყო, რაც გამოგვადგებოდა საერთაშორისო პარტნიორებთან დაკავშირებით, რომ რუსეთზე ზეწოლა ამ მიმართულებითაც გაძლიერებულიყო“, - უთხრა ჟურნალისტებს უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, სამთავრობო დადგენილებაში წერია, რომ სიაში ბრალდებული ან მსჯავრდებული პირები უნდა მოხვდნენ: „დღეს თუ ვინმე ამბობს, რომ ბრალდებული და მსჯავრდებული პირები არაფერ შუაშია, არ ახსენებენ საერთოდ ამ სტატუსს და ვიღაც არ მოხვდა სიაში, უბრალოდ, იტყუებიან, სპეკულირებენ. მსჯავრდებას და ბრალდებას სჭირდება გარკვეული სტანდარტი და ამ სტანდარტის კონკრეტულ შემთხვევებში არარსებობის გამო, მხოლოდ პოლიტიკურად შეგვიძლია მივუთითოთ ვინ არის დამნაშავე - დამნაშავე ზოგადად, რუსეთია, დამნაშავე ზოგადად, ოკუპანტია“.

მდინარაძის შეფასებით, ოკუპაციისა და საზარელი დანაშაულის ფონზე, რაც ე.წ. საზღვარზე, საოკუპაციო ზოლთან ხდება, ამ თემით სპეკულირება ერთ-ერთი ყველაზე ბინძური პოლიტიკური სვლაა. „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ლიდერი მიიჩნევს, რომ რუსეთის თემაზე საერთოდ არ უნდა ლაპარაკობდნენ ადამიანები, რომლებიც საქართველოს პარლამენტში რუსეთის ჰიმნს აჟღერებენ და, თავის დროზე, ევროსაბჭოში მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, რომელიც ხელს მხოლოდ რუსეთს აძლევდა.

რა გავლენას ახდენს კორონავირუსი მსოფლიო ტურიზმსა და ეკონომიკაზე

ტურისტები ვენეციაში

ავიაკომპანიები და მსოფლიო ტურიზმის სფეროს სხვა ოპერატორები ახალი კორონავირუსის გავრცელების შედეგად მიღებულ ზარალს ითვლიან. ჩინეთთან ავიამიმოსვლის შეჩერებიდან 2 კვირის შემდეგ მსხვილმა ავიაგადამზიდველმა Air France-KLM-მა განაცხადა, რომ თებერვალ-აპრილში მისი საოპერაციო შემოსავალი 150-200 მილიონი ევროს მოცულობით შემცირდება. სწორედ ამ დრომდე არ განახლდება ავიარეისები ევროპიდან ჩინეთში. ასევე, იკლო სხვა აზიურ ქვეყნებში გამგზავრების მსურველთა რიცხვმა.

კორონავირუსის საფრთხისა და ავიამიმოსვლის შემცირების გამო მცირდება სასტუმროების ბიზნესის შემოსავლებიც. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულება აზიაში, ინდონეზიის კუნძული ბალი, დამსვენებლების სიმცირეს უჩივის. ბოლო კვირის მანძილზე ბალის სასტუმროებში 40 ათასზე მეტი ჯავშანი გაუქმდა.

ევროპაშიც საგრძნობი ხდება კორონავირუსით მიყენებული ზარალი. ძირითადად ზარალდებიან ჩინელებს შორის პოპულარული კურორტები. ჩინეთის მოქალაქეების ნაკადის შემცირების გარდა, სასტუმროების ჯავშნებს აუქმებენ სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც, რადგან არ სურთ იმავე სასტუმროში დაბინავება, სადაც ჩინეთის ტურისტული ჯგუფები ცხოვრობენ.

ჯაჭვური რეაქციის მსგავსად, ზარალს განიცდის ვაჭრობის ის სეგმენტიც, რომელიც პოპულარობით სარგებლობს ჩინელებს შორის. სწორედ კორონავირუსის პრობლემის გამო ვერ ეწვია მილანის ცნობილ „ფეშენვიკს“ ათასობით მყიდველი ჩინეთიდან.

2019 წლის მონაცემებით, ჩინეთის მოქალაქეებზე მოდის „ფეშენინდუსტრიის“ მოხმარების, 280 მილიარდი ევროს, 40 პროცენტზე მეტი.

თავად იტალიაში დაფიქსირებულმა ახალი კორონავირუსის შემთხვევებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა როგორც მილანის მოდის კვირეული, ასევე ვენეციის ცნობილი ფესტივალი. ის მოულოდნელად დასრულებულად გამოცხადდა 23 თებერვალს, ნაცვლად 25 თებერვლისა, როგორც ეს დაგეგმილი იყო ფესტივალის პროგრამით.

ფინანსურ დანაკარგებზე ლაპარაკობს რუსეთის ტურისტული ბიზნესიც. ოფიციალური მოსკოვის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო თებერვალ-მარტში ტურისტული კომპანიების მიერ მიღებული ზარალი 40 მილიონ ევროს გადააჭარბებს, ხოლო ის გაათმაგდება, თუ შეზღუდვები ზაფხულის სეზონზეც გაგრძელდა.

24 თებერვლის მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი შეადგენს 77 262-ს, საზღვარგარეთ ინფიცირებულთა რაოდენობაა 2 101. კორონავირუსით ჩინეთში გარდაიცვალა 2 595 ადამიანი, საზღვარგარეთ - 24. გამოჯანმრთელდა 24 757.

კორონავირუსი მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაშია გავრცელებული.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, მეცნიერები მუშაობენ ვაქცინის შექმნაზე. მათ შორის, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ამერიკის ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტში, თუმცა, მათი განცხადებით, ვაქცინის შექმნას, შესაძლოა, წელიწადზე მეტი დასჭირდეს..

"ევროპული საქართველო" მოითხოვს "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" გაფართოებას

ოპოზიციურ პარტია „ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ ხელისუფლებას „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" მიღების შემდეგ, ჩამონათვალში არცერთი პირი აღარ შეუყვანია.

პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ დაასახელა კონკრეტული გვარები, მათ შორის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ადგილზე ვიდეოკამერით გადაღებული პირები. კაპანაძის თქმით, სიაშია გიგა ოთხოზორიას მკვლელობისთვის დაუსწრებლად მსჯავრდებული აფხაზი „მესაზღვრე“ რაშიდ კანჯი-ოღლი, თუმცა, დღემდე არ არიან: „ქაჯაია, ცვეიბა, კუტოღლი, კვეკვესკირი, კორტენკო, მათ შორის, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, რომლებიც ვიცით, რომ მონაწილეობდნენ. ერთ-ერთმა, მაგალითად, წაიყვანა საერთოდ, კანჯი-ოღლი იმ ადგილიდან“.

სერგი კაპანაძის განცხადებითვე, სიაში დღემდე არ არიან რუსეთის ფედერაციის ის მოქალაქეებიც, რომლებიც ხელმძღვანელობენ ახალგორსა და ცხინვალში მდებარე სამხედრო ბაზებს და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის თანამონაწილეები არიან.

„ევროპულ საქართველოში“ მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება არც იმაზე ფიქრობს, რომ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შეიყვანონ მშვიდობიანი მოქალაქეების, მათ შორის, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონოდ დაკავებაზე პასუხისმგებელი პირები. სერგი კაპანაძის თქმით, ხელისუფლება არც შესაბამის გამოძიებას ატარებს, რაც პირდაპირი გამოვლინებაა იმისა, რომ თავის დროზე სია მიიღეს მხოლოდ საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად.

საქართველოს მთავრობამ პარლამენტს 2018 წლის ივნისში გაუგზავნა დადგენილება „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ დამტკიცებისა და შესაბამისი ზომების თაობაზე. სიაში შეიყვანეს 33 პირი, რომლებიც ბრალდებული ან მსჯავრდებული არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობის, გატაცების, წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის და ამ დანაშაულთა დაფარვის გამო.

EMC: ანას ბაღთან მშენებლობის ნებართვა მერიამ მხოლოდ დეველოპერის სასარგებლოდ გასცა

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აცხადებს, რომ თბილისის მერიამ “ანას ბაღთან” მშენებლობის ნებართვის გაცემის გადაწყვეტილება ცალმხრივად, მხოლოდ კერძო პირის ბიზნეს ინტერესების გათვალისწინებით და სასარგებლოდ მიიღო.

“თბილისის მერიამ ისე დააკმაყოფილა დეველოპერის მოთხოვნა და იმგვარად გაზარდა კოეფიციენტი, რომ საერთოდ არ მომხდარა საზოგადოებრივი აზრის კვლევა. საკანონმდებლო მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, უგულებელყოფილი იქნა საჯარო და კერძო ინტერესების შეჯერება, არ გამოკვლეულა, თუ რატომ განაპირობებდა კოეფიციენტის მატება ტერიტორიის რაციონალურ, ეფექტურ გამოყენებას და რა რისკების მატარებელი იქნებოდა აღნიშნული მატება.”

EMC-ის ინფორმაციით, სამშენებლო ტერიტორიაზე, თავდაპირველად, მხოლოდ დაახლოებით 4-5 სართულიანი შენობის აღმართვა იყო შესაძლებელი. მესაკუთრის მიმართვის საფუძველზე კი, თბილისის მერიამ მშენებლობის კოეფიციენტი 2,2-ჯერ გაზარდა და დეველოპერს 10 სართულზე მეტი შენობის აშენების უფლება მისცა.

EMC ამტკიცებს, რომ თბილისის მერიას დღემდე არ გამოუკვლევია, რა ზეგავლენას იქონიებს კორპუსის მშენებლობა და ექსპლუატაცია “ანას ბაღზე”, მიიღებს თუ არა ბაღი სასიცოცხლოდ საჭირო ბუნებრივ განათებას, მზის შუქს. ასევე:

  • გაურკვეველია, რამდენად არის დაცული მომიჯნავე შენობების ბუნებრივი განათებისა და ინსოლაციის (მზის სხივის დასხივება/შემოსხივება) ნორმები;
  • ადგილობრივი მოსახლეობა მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მომიჯნავე კორპუსებში ბავშვებს აწუხებთ სხვადასხვა დაავადებები, მათ შორის, სასუნთქი გზების, რომლებზეც სამშენებლო პროცედურები და შემდგომ გაუარესებული გარემო პირობები ნეგატიურ გავლენას იქონიებს.
  • ბავშვებს პრაქტიკულად მოესპობათ სათამაშო ადგილი, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია.

EMC თბილისის მერიას მოუწოდებს, გამოიყენოს ყველა სამართლებრივი მექანიზმი მოსახლეობის მოთხოვნების მაქსიმალურად დაკმაყოფილებისთვის და არ შესწიროს საჯარო სიკეთე კერძო კომპანიის მოგების ინტერესს.

თბილისში, ვარკეთილის II მ/რ-ში მდებარე “ანას ბაღი” ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის მნიშვნელოვანი სარეკრეაციო და სოციალიზაციის სივრცეა. რამდენიმე წელია, ადგილობრივი მოსახლეობა სამშენებლო კომპანიას უპირისპირდება, რომელიც სკვერის მომიჯნავედ 10-სართულიან კორპუსს აშენებს.

ლონდონის სასამართლო ასანჟის ექსტრადიციის შესახებ მსჯელობს

ჯულიან ასანჟი

ლონდონის სასამართლოში დაიწყო მოსმენა „ვიკილიქსის“ დამფუძნებლის ექსტრადიციის საქმეზე აშშ-ში, სადაც ჯულიან ასანჟს სისხლის სამართლის კოდექსის 18 მუხლის მიხედვით ედება ბრალი, მათ შორის - ჯაშუშობაში.

აშშ მას ადანაშაულებს საიდუმლო ინფორმაციის გასაჯაროებაში, ისევე როგორც აშშ-ის არმიის ყოფილ წევრთან, ჩელსი მენინგთან შეთქმულებაში აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს კომპიუტერში უკანონოდ შესაღწევად.

ჯულიან ასანჟი 24 თებერვალს წარდგა ვულვიჩის სამეფო სასამართლოს წინაშე, სადაც ლონდონის ციხიდან მიიყვანეს. იგი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება მას შემდეგ, რაც 10 თვის წინ პოლიციამ გამოიყვანა ეკვადორის საელჩოდან, სადაც ასანჟი შვიდი წლის განმავლობაში იმალებოდა.

48 წლის ასანჟი, მისი ადვოკატები და მომხრეები ეწინააღმდეგებიან ექსტრადიციას აშშ-ში, რადგან შიშობენ, რომ WikiLeaks-ის მიერ ასობით ათასი საიდუმლო დოკუმენტის გამოქვეყნების გამო გაასამართლებენ და სიკვდილით დასჯიან.

ასანჟი, რომელიც ამჟამად ლონდონის ციხეში იმყოფება, უარყოფს მის წინააღმდეგ 2010 წელს წარდგენილ ბრალდებას.

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარმა, დუნია მიატოვიჩმა, მოუწოდა ბრიტანეთს, რომ აზრის თავისუფლად გამოხატვისთვის ასანჟი არ გადაეცეს აშშ-ის ხელისუფლებას.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი პარლამენტის მიმართ უპატივცემულობას უარყოფს

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი უარყოფს, რომ პარლამენტში მისვლას თავი აარიდა და აცხადებს, რომ მთავრობის იმ წევრებს შორისაა, ვინც პარლამენტში ყველაზე მეტჯერ იმყოფებოდა. მაჭავარიანმა მედიას განუმარტა, რატომ არ დაესწრო დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელ სხდომას, რომელზეც ფრაქცია „დამოუკიდებელმა დეპუტატებმა“ დაიბარეს.

ვანო მაჭავარიანის თქმით, 20 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატით ვრცლად ილაპარაკა იმ თემებზეც, რომელთა გამო კომიტეტში მიიწვიეს.

„მესმის, რომ რეგლამენტით შეიძლება ვალდებული ვარ, მივიდე, თუმცა, ჩემი აზრით, ამ საკითხს უნდა შევხედოთ შემდეგნაირად - სულ რამდენიმე დღის წინ „მინისტრის საათის“ ფარგლებში ვიყავი პარლამენტში და დროის ნახევარზე მეტი პრაქტიკულად, შეკითხვებზე პასუხის გაცემას დავუთმე და მანამდე წერილიც კი გავაგზავნე კომიტეტში, რომ გამოვდიოდი „მინისტრის საათზე“ და იქ გავცემდი ყველაფერს პასუხს, თუ რამე დამატებითაც იქნებოდა საჭირო, თანახმა ვიყავი კიდევ მივსულიყავი. პრაქტიკულად, დარბაზი დატოვეს, არც კი იყვნენ და არანაირი შეკითხვა არ დასვეს. ეს ნიშნავს, რომ, პრაქტიკულად, პასუხი არ აინტერესებდათ, უფრო სწორად, მიაჩნიათ, რომ საკომიტეტო მოსმენის ფორმატი, ალბათ, იძლევა მეტი სპეკულირების საშუალებას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მაჭავარიანის თქმით, ვინც მის მიერ პარლამენტის უპატივცემულობაზე ლაპარაკობს, შეუძლია სტატისტიკა ნახოს: „ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ოთხჯერ ვიყავი პარლამენტში. გინდათ, ბოლო ექვსი თვე აიღეთ, გინდათ, 2019 წელი აიღეთ და ნახეთ, ამ კი არა, რომელიმე მოწვევის პარლამენტში ამდენჯერ თუ იყო მინისტრი საქართველოს ისტორიაში?! ყველაზე მეტჯერ ვარ მისული სხვადასხვა ფორმატში“.

ფინანსთა მინისტრი ვარაუდობს, რომ ზოგიერთები პარლამენტის რეგლამენტს სხვა მიზნებით იყენებენ: „ფაქტია, რომ ეს ანგარიშვალდებულებისთვის არ არის. ესაა რაღაცის მოსაწყობად, და ცირკები მოაწყონ რამდენიც უნდათ“.

ბიძინა ივანიშვილი NDI-ის პრეზიდენტს, დერეკ მიტჩელს შეხვდა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტს, დერეკ მიტჩელს შეხვდა.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესცენტრის ცნობით, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს.

NDI-ის პრეზიდენტი დერეკ მიტჩელი საქართველოს 23 თებერვალს ესტუმრა და ოფიციალურ შეხვედრებს 3 დღის განმავლობაში გამართავს. 24 თებერვალს დილით იგი უკვე შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას. შეხვედრები გაიმართება ასევე პრეზიდენტთან, მმართველი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებთან, ელჩებთან, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და სხვებთან.

დერეკ მიტჩელი NDI-ის პრეზიდენტის მოვალეობას 2018 წლის 4 სექტემბრიდან შეუდგა. საქართველოში იგი პირველად იმყოფება. საქართველოდან დერეკ მიტჩელი სომხეთში გაემგზავრება.

ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოში საქმიანობას ხშირად აკრიტიკებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები. ავტორიტეტიანი ორგანიზაცია ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მწვავედ გააკრიტიკა პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმაც. ივანიშვილის პრეტენზიები NDI-ისა და IRI-ის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგებს უკავშირდებოდა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამავე ინტერვიუში არ გამორიცხავდა, რომ წერილი მიეწერა თავად პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის.

„ანას ბაღის“ დამცველებმა კახა კალაძის სახელზე მერიაში განცხადება შეიტანეს

სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებმაც ვარკეთილში მდებარე „ანას ბაღის“ მიმდებარედ პარტიზანულად სკვერი გააშენეს, კახა კალაძესთან შეხვედრის მოთხოვნით მერიაში განცხადება შეიტანეს. განცხადების შეტანამდე მცირე კამათი და დაპირისპირება იყო შენობის შესასვლელში.

მერთან შეხვედრის სურვილით თავდაპირველად სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე მივიდა, ის აპროტესტებდა სამშენებლო კომპანიის მიერ პარტიზანულად გაშენებული სკვერის მოშლას. თუმცა, როგორც მან განაცხადა, საშუალება არ მისცეს განცხადება დაეწერა და „გადმოაგდეს ბიჩოკივით მერიიდან“.

„ვანდალურად მოთხარეს სკვერი, მოთხარეს ნერგები და შიშველი ფესვებით დაყარეს, პრაქტიკულად დახოცეს, დღეს საღამომდე თუ მერია არ შეაჩერებს ამას, ღამით თავიდან გვექნება აქცია და დავრგავთ სკვერს, რომელიც იქნება კიდევ უფრო დიდი. არ ვაპირებთ დათმობას და ეს არ არის მარტო ვარკეთილისთვის ბრძოლა, ეს იქნება ერთ-ერთი პრეცედენტი, თბილისელების სურვილების გაუთვალისწინებლად როგორ მიმდინარეობს ჩვენი ეკოლოგიურად დახოცვა“, - განაცხადა ნატა ფერაძემ.

თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, 22 თებერვალს ღამით გაშენებული პარტიზანული სკვერის აღების პროცესს. თბილისის მერის განცხადებით, „ქვეყანა ჩალით არ არის დახურული“ და საზოგადოებას შეცდომაში ვერავინ შეიყვანს".

22 თებერვალს სამოქალაქო აქტივისტებმა და ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, რომლებიც „ანას ბაღის“ შენარჩუნენისთვის იბრძვიან, სკვერი მოაწყვეს, ნარგავები დარგეს და საქანელები დაამონტაჟეს.

24 თებერვალს კი სამშენებლო კომპანიამ ნარგავები ამოთხარა და ტერიტორია შემოღობა.

ბაღის მიმდებარე ტერიტორია 2016 წლის მიწურულს გასხვისდა. ამის გამო 2018 წელს ადგილობრივებმა მერიას საჩივრით მიმართეს. მაშინ საჩივარი დაკმაყოფილდა, მაგრამ მოგვიანებით სამშენებლო კომპანია „ევროპულმა სამშენებლო ჰოლდინგმა“ ისევ მიმართა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს და კიდევ ერთხელ მიიღო მშენებლობის უფლება.

მოგვიანებით, ბაღის გვერდით ადგილობრივებმა ხელმოწერების შესაგროვებლად კარავიც დადგეს, რომელიც 21 იანვარს დანგრეული დახვდათ.

ჩეჩენთა ტრაგედია გროზნოში ოფიციალურად კვლავ 23 თებერვალს აღნიშნეს

ბოლო რვა წლის განმავლობაში პირველად, რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში, ჩეჩნეთში, კვლავ 23 თებერვალს მიაგეს პატივი 1944 წლის დეპორტაციის დროს დაღუპულთა ხსოვნას.

საბჭოთა პერიოდში ჩრდილოეთ კავკასიის ხალხების მასობრივი დეპორტაციის დაწყების დღის აღანიშნავად, 23 თებერვალს გროზნოში შეიკრიბა რამდენიმე ასეული ადამიანი, მათ შორის, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და სასულიერო პირები.

საბჭოთა ხელისუფლების ბრძანებით, დეპორტაცია დაიწყო 1944 წლის 23 თებერვალს და 9 მარტამდე გაგრძელდა. ნაცისტურ გერმანიასთან თანამშრომლობის ბრალდებით, ჯამში, 650 ათასი ჩეჩენი და ინგუში დაექვემდებარა იძულებით გადასახლებას ცენტრალურ აზიაში. აუტანელი პირობების გამო დეპორტირებულთა ნახევარი ან გზაში დაიღუპა, ან გადასახლებაში ყოფნის დროს. ცოცხლად გადარჩენილ რეპრესირებულ ოჯახებს 1957 წელს, სტალინის გარდაცვალების შემდეგ, მიეცათ უკან დაბრუნების საშუალება.

კვირას გროზნოში გაიმართა მიტინგი, რომელიც მიეძღვნა სტალინის ბრძანებით ჩეჩნების გადასახლების 76-ე წლისთავს.

მემორიალთან მივიდა და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო რამზან კადიროვმა, რომელმაც მოგვიანებით განაცხადა, რომ „სტალინს გადაწყვეტილი ჰქონდა ჩვენი ხალხის განადგურება შიმშილით, სიცივით, ხელისუფლების განუკითხაობითა და სისასტიკით“.

2012 წელს მოსკოვის მხარდამჭერმა ჩეჩენთა ლიდერმა, რამზან კადიროვმა, გლოვისა და ხსოვნის დღედ, ნაცვლად 23 თებერვლისა, დააწესა 10 მარტი, მამის, ახმად კადიროვის, დაკრძალვის დღე.

მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციების მრავალი წარმომადგენელი და მოქალაქეები არაოფიციალურად კვლავ 23 თებერვალს აღნიშნავდნენ დეპორტაციის ხსოვნის დღეს. ზოგიერთი აქტივისტი ხელისუფლების მხრიდან იდევნებოდა 23 თებერვლის აღნიშვნის გამო.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG