Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აპირებს თუ არა პარლამენტი სახალხო დამცველის ანგარიშის საფუძველზე საგამოძიებო კომისიის შექმნას


სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიში,

რომელიც ექვსასი გვერდისგან შედგება, საქართველოს პარლამენტმა ცნობად მიიღო. სოზარ სუბარმა 30 დეკემბერს ვრცლად ილაპარაკა ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში შექმნილ სავალალო მდგომარეობაზე, თუმცა საზოგადოებისა და დარბაზში მყოფი დეპუტატების ყურადღება ყველაზე მეტად ომბუდსმენის მოხსენების ერთმა ნაწილმა მიიპყრო. კერძოდ, სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მას აქვს მტკიცებულება იმისა, თუ როგორ დაგეგმეს შინაგან საქმეთა მინისტრმა და გენერალურმა პროკურორმა 2007 წლის ნოემბრის მიტინგების ორგანიზატორთა გატაცება და დარბევა. სოზარ სუბარმა ისიც განაცხადა, რომ დეტალურ ინფორმაციას პარლამენტის საგამოძიებო კომისიას მიაწვდის. საკითხავია, აპირებს თუ არა პარლამენტი სახალხო დამცველის ანგარიშის საფუძველზე საგამოძიებო კომისიის შექმნას.
სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ 2007 წლის 4 ნოემბერს, საღამოს 9 საათზე, შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში ჩატარდა თათბირი, რომელსაც მაშინდელი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დათა ახალაია ესწრებოდნენ.

[სოზარ სუბარის ხმა] „სხდომის მასპინძელმა ვანო მერაბიშვილმა დამსწრეებს გააცნო ოპოზიციასთან და მიტინგის მონაწილეებთან ბრძოლის ტაქტიკა. კერძოდ, მათ უნდა შეედგინათ მიტინგში მონაწილეთა სიები და არც ერთი მათგანი არ უნდა დარჩენილიყო გაულახავი. მისი თქმით, ეს საქმე უკვე დაწყებული ჰქონდათ „კუდ“-ის თანამშრომლებს, მაგრამ საჭირო იყო ამ ფრონტის გაშლა და მასში მეტი ადამიანის ჩართვა.“

სოზარ სუბარის ამ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის მძაფრი რეაქცია მოჰყვა. ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ეკა ხერხეულიძემ სახალხო დამცველს ფაქტებისა და მოწმეთა გვარების დაუყოვნებლივ დასახელება მოსთხოვა:

[ეკა ხერხეულიძის ხმა] „მე უნდა დამიდასტუროთ წყარო, საიდან გაქვთ ინფორმაცია, ვინ გადმოგცათ, ვინ მოგაწოდათ ეს ინფორმაცია, თუ არადა, ნამდვილად ვთხოვ გენერალურ პროკურატურას გამოიძიოს ეს ფაქტი ტყუილის გავრცელებისთვის.“ (სტილი დაცულია)

საპარლამენტო უმრავლესობის სხვა წევრებმა სახალხო დამცველს პოლიტიკური ნიშნით მიკერძოებაში დასდეს ბრალი, თუმცა სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ითანამშრომლებს მხოლოდ პარლამენტის საგამოძიებო კომისიასთან. სოზარ სუბარი სკანდალური განცხადების გაკეთებიდან თითქმის ათი დღის თავზე აცხადებს, რომ კომისიის შექმნის იმედი ჯერაც არ დაუკარგავს:

[სოზარ სუბარის ხმა] „ჯერჯერობით ველოდები საგამოძიებო კომისიის შექმნას, იმიტომ რომ პროკურატურა ერთი რამით განსხვავდება კომისიისგან. პროკურატურა დაიწყებს გამოძიებას და სამი წელი გვეცოდინება, რომ გამოძიება მიმდინარეობს და არ გვეცოდინება, რა ხდება, მაშინ როცა საგამოძიებო კომისიის მუშაობა პარლამენტში არის გაცილებით გამჭვირვალე და ჩვენ გვეცოდინება ის მაინც, რა ხდება. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმის მიხედვით, თუ რა კითხვები დაისმება, საზოგადოება დაინახავს იმას, არსებობს თუ არა გამოძიების პოლიტიკური ნება.”

სახალხო დამცველთან ერთად საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს საპარლამენტო უმცირესობაც. ლევან ვეფხვაძე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ამბობს, რომ, პროცედურასთან დაკავშირებული სირთულეების გამო, საშემოდგომო სესიის ბოლო სხდომაზე საკითხის გატანა ვერ მოხერხდა, თუმცა, მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოპოზიცია უკან დახევას აპირებს. მეტიც, ლევან ვეფხვაძეს უმრავლესობის კეთილგონიერებისა და მხარდაჭერის იმედიც აქვს:

[ლევან ვეფხვაძის ხმა] „უმრავლესობას ვეუბნებით, რომ თუ თქვენ უარს ამბობთ ამ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, ამით ამყარებთ ეჭვს, რომ სახალხო დამცველი ამბობს სიმართლეს, რასაც ის, თუ საგამოძიებო კომისია არ შეიქმნება, მედიის საშუალებით მაინც გაახმაურებს. ასე რომ, თუ უარს იტყვიან კომისიაზე, ამით მეტი შესაძლებლობა ექნება ყველას, გამოთქვას საფუძვლიანი ეჭვი, რომ ის, რასაც ბატონი სუბარი ამბობს, არის სიმართლე.“(სტილი დაცულია)

თუმცა, ოპოზიციის არგუმენტების პასუხად, საპარლამენტო უმრავლესობა პოზიციის შეცვლას არ აპირებს. არადა, როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი ამბობს, უმრავლესობის მხარდაჭერის გარშე პარლამენტში საგამოძიებო კომისია ვერ შეიქმნება:

[ხათუნა გოგორიშვილის ხმა] „სახალხო დამცველს არ აქვს უფლება კომისიის შექმნის საკითხი დააყენოს, ამის უფლება აქვს საპარლამენტო ფრაქციას. კომისიის შექმნას სჭირდება ორი ეტაპის გავლა: ჯერ ხდება მიზანშეწონილობის განხილვა, ხოლო შემდეგ უშუალოდ კომისიის შექმნას უყრიან კენჭს. ჩვეულებრივი დადგენილებით მიიღება, რისთვისაც საჭიროა პარლამენტის წევრთა მესამედის, მაგრამ არანაკლებ დამსწრეთა ნახევრის მხარდაჭერა.“(სტილი დაცულია)

ცხადია, ამგვარი პროცედურის გამო, საპარლამენტო ოპოზიცია, რომელიც, ჯამში, 15 დეპუტატს აერთიანებს, უმრავლესობის მხარდაჭერის გარეშე, დამოუკიდებლად, ვერ შეძლებს საგამოძიებო კომისიის შექმნას. არადა, სახალხო დამცველიც სამართალდამცავ სტრუქტურებთან თანამშრომლობას მხოლოდ გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში აპირებს:

[სოზარ სუბარის ხმა] „პროკურატურამ როგორ უნდა გამოიძიოს, როცა სათავეში ზურაბ ადეიშვილი ჰყავს. მაშინ, პირველ რიგში, ზურაბ ადეიშვილი უნდა გადადგეს, ვანო მერაბიშვილი უნდა გადადგეს და ამის შემდეგ მე გადავცემ იმ მასალებს, რაც ხელთ მაქვს.“


  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG