Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულტურული მიმოხილვა


ეს უკვე ტრადიციაა, რომელიც, როგორც რამდენიმე

დღის წინ გაირკვა, ვერც ომმა დაარღვია და ვერც ეკონომიკური კრიზისის საშიშროებამ - შობასა და ახალ წელს საქართველოში კვლავ ძალიან მხიარულად ხვდებიან და კვლავ ტელევიზორი, უფრო სწორად, საახალწლო სატელევიზიო გადაცემებია ამ მხიარულების ფონი... შეიძლება ფონიც აღარ უკვე - შობა-ახალი წლის დღებში ტელევიზორი ქართველთა უმრავლესობის ყოფის შემადგენელი ნაწილი ხდება... კი, 31 დეკემბერს თბილისელთა ნაწილი, მართლაც, გავიდა ქუჩაში და თავისუფლების მოედანზე შეხვდა ახალ წელს ქართული ესტრადის ვარსკვლავებთან ერთად... თუმცა ლოგიკის მოყვარული ადამიანი იკითხავდა: რა საჭიროა ქუჩაში გასვლა, როცა ეს კონცერტი ტელევიზიითაც შეგიძლია ნახო... უკეთესადაც გამოჩნდებიან ტელევიზორში ქართული შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები... სიმღერას რაც შეეხება, რა მნიშვნელობა აქვს ტელევიზორში მოუსმენ, საახალწლო სუფრასთან... თუ ქუჩაში, ფონოგრამაზე... ”ჯეოსტარის” გარდა, დღეს ხომ, ფაქტობრივად, ყველგან ფონოგრამაზე მღერიან.

მაგრამ ”ჯეოსტარი” იქით იყოს... ისევ შობა-ახალი წლის შეხვედრის რიტუალს დავუბრუნდეთ... საქართველო არ არის მარტო თბილისი და თავისუფლების მოედანი... საქართველოა, მაგალითად, ქუთაისი, საიდანაც წელს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალი წელი მოგვილოცა. თუმცა პირველ არხზე, მაგალითად, სანამ პრეზიდენტი გამოჩნდებოდა, საახალწლო კონცერტს უჩვენებდნენ თავისუფლების მოედნიდან... იმ დროს, როცა კონცერტის წამყვანები ”გოჭუნებზე” საუბრობდნენ, ტრანსლაცია მოულოდნელად შეწყდა და ეკრანზე პრეზიდენტი გამოჩნდა - იგი ქუთაისის ახლად აღდგენილ უბანში იდგა - სრულიად ცარიელ, უკაცრიელ, მაგრამ საახალწლოდ მორთულ გარემოში. თუმცა, ცოტა არ იყოს, კომიკურ-სიურრეალისტური ეფექტი აქ ხმამ შექმნა და არა გამოსახულებამ. ჰოდა, ჩვენც მოვუსმინოთ ხმას:

[წამყვანები] ”პაწაწუნა... გოჭები”...

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”მოგესალმებით. 2008 წელი მძიმე გამოდგა როგორც საქართველოსთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის. ამ წლის განმავლობაში არა მარტო ჩვენი ქვეყანა, არამედ მთელი მსოფლიო დრამატული პროცესების ქარცეცხლში გაეხვია როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით.”

სხვათა შორის, იმ საახალწლო კონცერტის დრამატურგიის ერთ-ერთი შემადგენელი თემა ეკონომიკა, უფრო სწორად კი, ფული იყო. ფულის თემაზე ჯერ წამყვანებმა იოხუნჯეს, შემდეგ კი სიმღერაც მოვისმინეთ, - ნეტა ”პაჩკა-პაჩკა დოლარები” ცვიოდეს, - კახუჩელას და კიდევ ორი ქალის შესრულებით. არსებითად ეს ის შემთხვევაა, როცა მასკულტურა, მისი ყველაზე ვულგარული გამოვლინებითაც კი, საზოგადოების ცნობიერების გარკვეულ დონეს ასახავს... ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძემ შექმნა პორტრეტი ქართველისა, რომელიც წევს, უფრო სწორად, გორაობს და ოცნებობს... ამ შემთხვევაშიც ასეა. ახალ წელს ჩავიფიქრეთ: ”ეჰ, ფული ვიშოვო, ნეტაო” კი არა... ”ფული ცვიოდესო”... თანაც, დოლარები.

[წამყვანები] ”თან თოვს, მაგრამ ხომ შეიძლება ფული მეტი გვქონდეს... თოვლის ფიფქების მაგივრად ფული რომ ცვიოდეს, რა მაგარი იქნებოდა!..”

[სიმღერა დოლარებზე]

როგორც მოსალოდნელი იყო, ჯერ საახალწლო, შემდეგ კი საშობაო სატელევიზიო ეთერი თავიდან ბოლომდე კომედიებითა და მუსიკალური ფილმებით, გადაცემებით გაივსო. შედარებით ორიგინალური აღმოჩნდა 31 დეკემბერს ტელეკომპანია ”კავკასია”, რომელმაც გასული წლის პოლიტიკური მიმოხილვა - ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების ამსახველი სიუჟეტების კოლაჟი - შესთავაზა მაყურებელს. სხვებმა - მათ შორის საზოგადოებრივმა არხმა - სცადეს არა მარტო გასული წლის ”სიმძიმისგან” გაეთავისუფლებინა მაყურებელი, არამედ შეექმნათ ილუზია, რომ, პრეზიდენტის საახალწლო მოლოცვისა არ იყოს, უჭირს მთელ მსოფლიოს...საქართველო მხოლოდ ერთი პატარა ნაწილია ამ საერთო გაჭირვებაში... ამიტომ მდგომარეობა არც ისე საგანგაშოა... თუმცა მსოფლიო გაჭირვების ამ გლობალური სურათის ჩვენება (თანაც, საახალწლოდ) საზღვრების გახსნის უნარს საჭიროებს, იმის ელემენტარულ ცოდნას, რა ხდება ამ მსოფლიოში რეალურად.. ეს კი ყოველთვის პრობლემა იყო ქართული ტელესივრცის შემქმნელებისთვის... ამჯერადაც ასე მოხდა: ჯერ ახალ წელს, შემდეგ კი შობის დღეებში თითოეულმა არხმა თავისი წამყვანების, ასე ვთქვათ, ”პრომოუშენი” სცადა: მრავლად ვიხილეთ ტელევარსკვლავები თავიანთი ოჯახის წევრებთან ერთად - ზოგჯერ შოუ-ბიზნესის ვარსკვლავებთან დუეტებში... ვერა და ვერ ფართოვდება ქართული ტელევიზიების ეს სივრცე...რამდენი წელია უკვე... ასეთია თანამედროვეობის გაგება...თუ არ ჩავთვლით მოდას რეტროზე, რომელიც არა და არ გადადის ქართული ტელესივრციდან... წელს რუსული არხებიდან ოდესღაც წარმატებით გადამღერებულ პროექტს ”ძველი სიმღერები მთავარზე”, დაემატა ანსამბლ ”ივერიის” ახალი მიუზიკლი - პირველი არხის საეთერო დროით თუ ვიმსჯელებთ, მთავარი საახალწლო პროექტი.

[ხმა. ”ჩხიკვთა ქორწილი”] ”სიმღერაში პაექრობა მიბრძანებია. აბა, სიმღერები ჩიტებსა და ფრინველთა მოდგმაზე!...”

ჩიტებზე, გვრიტებსა და ჩხიკვებზე, იცოცხლე, სიმღერები მართლაც ბლომად გვქონია ქართველებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ასე, სიმღერ-სიმღერით, შევხვდებით ძველ ახალ წელსაც... დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ტრადიცია არც ამ მხრივ დაირღვევა და ყველა ამ საახალწლო გადაცემას აუცილებლად ვიხილავთ 13 იანვარს, ღამით.


  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG