Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიას “ნახევარი გზა” აქვს გავლილი ევროკავშირთან დასაახლოებლად


დასავლეთში ხშირად აკრიტიკებენ ბელორუსიის ხელისუფლებას

ავტოკრატული მმართველობის გამო. კრიტიკის გამოთქმის გარდა, ევროკავშირს აკრძალული ჰქონდა ვიზების გაცემა ბელორუსიის ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, თუმცა აკრძალვა დროებით, 6 თვით გააუქმა ოქტომბერში იმის იმედით, რომ ხელს შეუწყობდა დემოკრატიზაციის პროცესს. რამდენად გაამართლა ამ გეგმამ - ამ და რამდენიმე სხვა საკითხს შეეხო საუბარი დღეს ბრიუსელში, სადაც ევროკავშირის უმაღლესი რანგის წარმომადგენლები შეხვდნენ ბელორუსიის საგარეო საქმეთა მინისტრს.

ბოლო რამდენიმე თვეა, ევროკავშირი განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება პოლიტიკურ პროცესს ბელორუსიაში. ბელორუსიის ლიდერებისთვის ვიზების გაცემაზე დაწესებული აკრძალვის დროებით გაუქმება იყო, ევროკავშირის ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, “ავანსი”, რომელიც ნიადაგის მოსინჯვას ემსახურება.

არჩევანის დემოკრატიზაციაზე გაკეთების შემთხვევაში, რასაც ევროკავშირი მოითხოვს, მინსკი იმავდროულად დაცილდებოდა რუსეთს. ეს კი ევროკავშირს საშუალებას მისცემდა შეევსო იმ სახელმწიფოების სია, რომელთაც “აღმოსავლეთის პარტნიორობის” პროგრამა მოიცავს

ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა დღეს ბრიუსელში გამოთქვეს შეფასება, რომ მინსკი დიდი ინტერესით გამოეხმაურა მისთვის შეთავაზებულ წინადადებას “აღმოსავლეთის პარტნიორობაში” მონაწილეობაზე. აი, რა თქვა ევროკომისარმა საგარეო ურთიერთობის საკითხებში, ბენიტა ფერერო-ვალდნერმა ბელორუსიის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, სერგეი მარტინოვთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ:

[ფერერო-ვალდნერის ხმა]: “ბელორუსიასთან ურთიერთობაში, ასე ვთქვათ, ნახევარი გზა გვაქვს გავლილი, მაგრამ ვხედავთ, რომ ის დგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს სწორი მიმართულებით.” ფერერო-ვალდნერის მიერ წინგადადგმულ ნაბიჯად შეფასდა ბელორუსიის დაპირება, რომ დამოუკიდებელ მედიას სარეგისტრაციოდ, მომავალში, ხელისუფლებისთვის მარტო შესაბამასი ინფორმაციის მიწოდება დასჭირდება.

მეორე მხრივ, ევროკავშირის დიპლომატებს, როგორც ბრიუსელიდან იუწყება ჩვენი კორესპონდენტი, მაინცდამაინც არ ეტყობათ კმაყოფილება მინსკის პოლიტიკით. ისინი ადასტურებენ, რომ გაუმჯობესებულია განწყობა ბელორუსიის ხელმძღვანელობის წარმომადგენლელბთან შეხვედრების დროს, მაგრამ, საქმის მხრივ, თითქმის არაფერია შეცვლილი.

ევროკავშირის წარმომადგენლებთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთა ბელორუსიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმაც, სერგეი მარტინოვმა:

[მარტინოვის ხმა]: “მე გამოვთქვი ჩვენი დადებითი დამოკიდებულება “აღმოსვლეთის პარტნიორობის” იდეისა და კონცეფციის მიმართ, ჩვენი დადებითი შეფასება, რომელსაც დოკუმენტი იწვევს ამჟამინდელი სახით და ჩვენი მოლოდინი, რომ, როცა მასზე მუშაობა დასრულდება, გათვალისწინებული იქნება ყველა აუცილებელი პირობა ქვეყნების თანასწორუფლებიანი, მრავალმხრივი მონაწილეობისთვის. რადგან აღმოსავლეთის პარტნიორობა, თავისი არსით, ინკლუზიური უნდა იყოს. თუ არ იქნება ინკლუზიური, მთელს აზრს კარგავს. ჩვენ ასე ვფიქრობთ.”

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი მარტინოვმა ამ განცხადებით როგორც მიანიშნა, ბელორუსია თანასწორუფლებიან პარტნიორობას მოითხოვს. ევროკავშირი, თავის მხრივ ცდილობს, თანამშრომლობის, რაც შეიძლება, მეტი შესაძლებლობა შეუქმნას მინსკს: დღეს ბრიუსელში აშკარად თავს არიდებდნენ პრეზიდენტ ლუკაშენკას რეჟიმის ღია კრიტიკას.

ევროკავშირის იზოლაციონისტური პოლიტიკა ბელორუსიის მიმართ, ლამის, ერთ დღეში შეიცვალა გასული წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ. შემოდგომის დასაწყისში ევროკავშირში უკვე გამოიკვეთა კონსენსუსი, რომ ყველა ზომას უნდა მიმართონ, რათა მოსკოვმა საბოლოოდ არ დაამყაროს კონტროლი მინსკის პოლიტიკაზე. ბელორუსიაში სექტემბრის საპარლამენტო არჩევნების “არადემოკრატიულად” შეფასებისა და მკაცრად გაკრიტიკების მიუხედავად, ოქტომბერში მიიღეს ზემოხსენებული გადაწყვეტილება ვიზების აკრძალვის გაუქმების თაობაზე. ამას გარდა, ევროკავშირმა მინსკს “აღმოსავლეთის პარტნიორობის” პროგრამაში ჩართვა შესათავაზა. ამ პროგრამის ოფიციალური წარდგენა მარტში ევროკავშირის სამიტზეა მოსალოდნელი. შემდეგ კი 7 მაისს პრაღა უმასპინძლებს აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტს და მის მონაწილეებს შორის, საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის უკრაინის, მოლდავეთის ლიდერებთან ერთად, შესაძლოა, ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკაც ვიხილოთ.

მანამდე ბელორუსიას მოუწევს გარკვეულ პროგრესს მაინც მიაწღიოს იმ 5 მოთხოვნის შესრულების გზაზე, რომლებიც ევროკავშირმა წაუყენა ოქტომბერში, სანქციების დროებით შეჩერებისას. მოთხოვნებს შორისაა ბელორუსიის საარჩევნო კოდექსის რეფორმა, შეკრების უფლების უზრუნველყოფა.

ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლები მიანიშნებენ, რომ საწყის ეტაპზე ევროკავშირი მცირეოდენ წინსვლასაც დაკმაყოფილდება. და ზოგადად, ბელორუსიასთან დაახლოების კურსის არჩევის შემდეგ, ძნელი იქნება შეტრიალება ისევ იზოლაციონისტური პოლიტიკსაკენ. თუნდაც იმიტომ, რომ საქმე ეხება ევროკავშირის პრესტიჟს: ბრიუსელში შიშობენ, რომ მინსკი ადვილად შეიძლება დაყაბულდეს რუსეთის კარნახით მოქმედებას, თუ გაზმომარაგების სფეროში მომგებიანი კონტრაქტი გაინაღდა. მეორე მხრივ, უკრაინაზე ტრანზიტით რუსეთის გაზის ექსპორტთან დაკავშირებულმა პრობლემებმა, ბუნებრივია, მეტი მიმზიდველობა შესძინა ბელორუსიაზე ტრანზიტს.

ევროკომისარ ფორერო-ვალდნერის ერთ-ერთი დღევანდელი განცხადება აჩვენებს, რომ მინსკი უკვე ცდილობს, თავის სასარგებლოდ გამოიყენოს ეს ახალი გარემოება: [ფერერო-ვალდნერის ხმა] “ენერგიას რაც შეეხება - ბელორუსია დიდად არის დაინტერესებული ჩვენი ერთ-ერთი ენერგომომმარაგებელი იყოს მომავალში. აქვს ჩანაფიქრი - კერძოდ, ტრანზიტის შესახებ”.

ბელორუსიასთან დაახლოების გადადება მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ იმის გამოც, რომ ევროკავშირის ამჟამინდელი და შემდეგი მორიგე თავმჯდომარეები - ჩეხეთი და შვეცია - დიდ ინტერესს იჩენენ აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის მიმართ. შემდგომი მორიგე თავმჯდომარეები - ესპანეთი და ბელგია- ამ ინტერესით ნამდვილად არ გამოირჩევიან.

დაბოლოს კიდევ ერთი, განსაკუთრებით საყურადღებო საკითხი: რუსეთის ზეწოლა ბელორუსიაზე, აღიაროს საქართველოს სეპარატისტული რეგიონების, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. ბელორუსიის პარლამენტმა ამ საკითხზე - აპრილში უნდა იმსჯელოს. ევროკავშირის ინტერესებშია, საქართველოზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ბელორუსიამ უარი თქვას სეპარატისტული რეგიონების აღიარებაზე.
XS
SM
MD
LG