Accessibility links

ახალი ამბები

ავღანეთში ორი აფეთქების შედეგად დღეს

ავღანეთში ორი აფეთქების შედეგად დღეს 11 ადამიანი დაიღუპა.

ავღანეთში ორი აფეთქების შედეგად დღეს 11 ადამიანი დაიღუპა.
ოფიციალური პირების განცხადებით, აღმოსავლეთში მდებარე ნანგარჰარის პროვინციაში თვითმკვლელმა მოიერიშემ აფეთქება მოაწყო პოლიციის საკონტროლო პუნქტის წინ, მოკლა 6 ადამიანი. მეორე აფეთქებამ ასევე აღმოსავლეთში მდებარე ხოსტის პროვინციაში, 5 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ტაძართან, სადაც ნავრუზს ზეიმობდნენ. ნავრუზი თურქ და ირანელ ხალხებში აღინიშნება.

ყველა ახალი ამბავი

ემელიან გებრევის მკვლელობის მცდელობაში მონაწილეობდა რუსეთის მოქმედი დიპლომატი

ბულგარელი ბიზნესმენი ემელიან გებრევი

ერთ-ერთი იმ სამი პირიდან, რომლებიც სავარაუდოდ არიან რუსეთის გრუ-ს თანამშრომლები, რომლებსაც ბულგარელი ბიზნესმენის, ემელიან გებრევის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ, არის მოქმედი დიპლომატი, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის წარმომადგენლობის თანამშრომელი ჟენევაში. ამის შესახებ ლაპარაკია გამოკვლევაში, რომლის შედეგები სამშაბათს გამოაქვეყნეს საგამოძიებო ჯგუფმა Bellingcat-მა, შვეიცარიულმა საიტმა Tamedia-მ და რუსულმა Insider-მა.
როგორც გამოძიების მასალებშია ნათქვამი, მასზე ახლახან გამოცხადდა ძებნა გეორგი გორშკოვის სახელით. მაგრამ სინამდვილეში მისი ვინაობაა ეგორ გორდიენკო. როგორც იტყობინებიან, მისი დიპლომატიური რანგია მესამე მდივანი. გებრევის მოწამვლის მცდელობის გარდა ის მონაწილეობდა საზღვარგარეთ გრუ-ს სხვა ოპერაციებშიც, მათ შორის თანამშრომლობდა სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლაში ეჭვმიტანილებთან.
ემელიან გებრევი 2015 წელს მოწამლეს - სავარაუდოდ იმავე ნივთიერება „ნოვიჩოკით“, რომლითაც მოგვიანებით სკრიპალები. როგორც ამტკიცებენ, ეგორ გორდიენკო (იგივე გეორგი გორშკოვი) იყო ერთ-ერთი იმ 8 ადამიანს შორის, რომლებსაც კავშირი აქვთ ამ ბოროტმოქმედებასთან. ამასთან, დიდი ალბათობით, მასში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა, ვინაიდან მოხვდა სამ ძებნილთა შორის.

ზაზა სარალიძემ სასამართლო უკომენტაროდ დატოვა

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ თბილისის საქალაქო სასამართლო დატოვა.

ზაზა სარალიძემ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა შვილის მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიასთვის გამოტანილი განაჩენის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ კალანდია დამნაშავედ ცნო დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში და 11 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილის მიერ გამოტანილი განაჩენით, მიხეილ კალანდიას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, საპატიმრო სასჯელად განესაზღვრა 11 წელი და 3 თვე.

მიხეილ კალანდია, რომელსაც ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე პროკურატურის მოწმის სტატუსი ჰქონდა, 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს.

მიხეილ კალანდიას მამა: ჯოჯოხეთში რომ მომიწიოს გავლა, გავივლი და ბევრს წავათრევ კიდევ

თენგიზ კალანდია

დავით სარალიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული მიხეილ კალანდიას მამა თენგიზ კალანდია მისი შვილისთვის გამოტანილ გამამტყუნებულ განაჩენს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიხეილ კალანდიას დამნაშავედ ცნობის შემდეგ, თენგიზ კალანდიამ მედიას უთხრა, რომ გამოძიება სათანადოდ ვერ წაიყვანეს და ხელი შეახოცეს კალანდიების ოჯახს.

„ოცნებამ თავისი გაფუჭებული საქმე ვერ გამოასწორა და ჩემს შვილს შეტენა ყველაფერი. აქ იყო სერგი კაპანაძის, „ევროპული საქართველოს“ და „ოცნების“ ინტერესი. აუცილებლად წავალთ სტრასბურგში. ყველაზე ადვილად ჩვენზე იყო ხელი შესახოცი“, - განაცხადა თენგიზ კალანდიამ. მისი თქმით, ზაზა სარალიძემ ჯერ კიდევ ორი კვირის წინ გააჟღერა, რომ მიხეილ კალანდიას 15 წელზე მეტს არ მიუსჯიან და ეს შეასრულეს.

ჟურნალისტების შეკითხვას, რას აპირებს, თენგიზ კალანდიამ უპასუხა: „ჯოჯოხეთში რომ მომიწიოს გავლა, გავივლი და ბევრს წავათრევ კიდევ იმ ჯოჯოხეთში“.

დღეს, 25 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ კალანდია დამნაშავედ ცნო დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში. მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა მიხეილ კალანდიას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირა და საბოლოოდ, საპატიმრო სასჯელად განუსაზღვრა 11 წელი და 3 თვე.

ლუკა კალანდია: მიხეილ კალანდიას განაჩენით ხელისუფლებამ არჩევნებამდე სტაბილურობა შეინარჩუნა

ლუკა კალანდია

არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ, ჯგუფურად, მკვლელობაში მსჯავრდებული მიხეილ კალანდიას ძმის, ლუკა კალანდიას განცხადებით, მოსამართლემ მიხეილ კალანდიას გამამტყუნებელი განაჩენი ხელისუფლების კარნახით მიიღო, რათა ქვეყანამ არჩევნებამდე დარჩენილი 8 თვის განმავლობაში სტაბილურობა შეინარჩუნოს:

„დღეს მოხდა ის, რომ ხელისუფლებამ დროებით შეინარჩუნა ძალაუფლება, იმიტომ რომ თავიდან აერიდებინა ზაზა სარალიძის, ასე ვთქვათ, განაწყენება და მოსალოდნელი აქციები მიხეილ კალანდიას გამართლების შემთხვევაში. მაგრამ მე ამას ვამბობ მკაფიოდ, ჩვენი ოჯახი არ აპირებს დანებებას“, - განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ლუკა კალანდიამ. მისი თქმით, საბრძოლველადაა განწყობილი თავად მსჯავრდებული მიხეილ კალანდიაც, რომელმაც თავის საბოლოო სიტყვაში განაცხადა, რომ უსამართლო განაჩენის შემთხვევაში, მზადაა, ციხეში წავიდეს, მაგრამ ამით არაფერი მთავრდება.

ლუკა კალანდიამ მედიასთან კომენტარში აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ განაჩენს გაასაჩივრებენ:

„პროცესუალურად როგორც ხდება: აპელაციაში გავასაჩივრებთ, არანაირი შედეგი არ ექნება, გავასაჩივრებთ უზენაესში, კვლავ არანაირი შედეგი არ ექნება, იმიტომ რომ სულ კორუმპირებულია სისტემა და შემდეგ, სტრასბურგში წავიღებთ ამ საქმეს, სადაც საქართველოს ხელები, ასე ვთქვათ, ვერ მიწვდება და სამართლიანობას აღვადგენთ“, - განაცხადა ლუკა კალანდიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ კალანდია დამნაშავედ ცნო დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში და 11 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილის მიერ გამოტანილი განაჩენით, მიხეილ კალანდიას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და, საბოლოოდ, საპატიმრო სასჯელად განესაზღვრა 11 წელი და 3 თვე.

მიხეილ კალანდია, რომელსაც ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე პროკურატურის მოწმის სტატუსი ჰქონდა, 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს.

მიხეილ კალანდია სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ კალანდია დამნაშავედ ცნო დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში და 11 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილის მიერ გამოტანილი განაჩენით, მიხეილ კალანდიას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, საპატიმრო სასჯელად განესაზღვრა 11 წელი და 3 თვე.

მიხეილ კალანდია, რომელსაც ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე პროკურატურის მოწმის სტატუსი ჰქონდა, 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. ერთი დღით ადრე, 3 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ დავით სარალიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ მკვლელობა ჩაიდინა ჯგუფურად, სხვა პირთან ერთად.

არასრულწლოვან დავით სარალიძეს 2017 წლის დეკემბერში, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს მიაყენეს სასიკვდილო ჭრილობები. მასთან ერთად მოკლეს ლევან დადუნაშვილი.

მკვლელობის ბრალდებით დააკავეს ორი არასრულწლოვანი გუგა ბარბაქაძე და გიორგი ჯანაშია.

დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე გამოძიების მიმდინარეობისას მუდმივად აცხადებდა, რომ მისი შვილის მკვლელობაში მონაწილეობდა მიხეილ კალანდიაც. მას ოფიციალურად პროკურატურის მოწმის სტატუსი ჰქონდა. კალანდიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება იყო პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის უმთავრესი რეკომენდაცია.

3 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 31 მაისს მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, გუგა ბარბაქაძე დამნაშავედ ცნეს ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში. ამასთან, მას სასჯელი დაუმძიმდა და პირველი ინსტანციის მიერ მისჯილი 10 წლით და 6 თვით პატიმრობის ნაცვლად შეეფარდა 11 წლით და 3 თვით პატიმრობა.

პროკურატურა ითხოვდა, რომ გუგა ბარბაქაძე დამნაშავედ ყოფილიყო ცნობილი დავით სარალიძის მკვლელობაშიც.

რაც შეეხება მეორე მსჯავრდებულს, გიორგი ჯანაშიას, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მან დავით სარალიძის მკვლელობა ჩაიდინა ჯგუფურად, სხვა პირთან ერთად და 11 წლით და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

მანამდე საქალაქო სასამართლოს განაჩენით, გიორგი ჯანაშია დამნაშავედ იყო ცნობილი დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობაში და 9 წლით და 9 თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

ომბუდსმენი არასრულწლოვნის მოტაცების ფაქტს აფასებს

სახალხო დამცველი ეხმაურება მარნეულში 14 თებერვალს არასრულწლოვნის ქორწინების იძულების მცდელობისას მისთვის თავისუფლების უკანონო აღვეთას.

ომბუდსმენის თანახმად, ამ შემთხვევამ ნათლად წარმოაჩინა საქართველოში ძალადობის მსხვერპლი ბავშვების დაცვისა და დახმარების მიმართულებით არსებული გამოწვევები და ის, რომ სასამართლო თავისუფალი არ არის სტერეოტიპული დამოკიდებულებებისგან.

„საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ქორწინების იძულების დანაშაულებზე დროული და ეფექტური რეაგირება, რასაც ხშირად ხელს უწყობს ეთნიკური უმცირესობის თემის მიმართ არსებული წინასწარ-განწყობები და სტერეოტიპული დამოკიდებულება. მსგავს შემთხვევებზე არასათანადო რეაგირება ახალისებს აღნიშნულ დანაშაულს და შესაძლო დამნაშავეებს უქმნის განწყობას, რომ ჩადენილი ქმედებისთვის მათ მიმართ პასუხისმგებლობა არ დადგება“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ მომხდარი დანაშაულებრივი ფაქტის შედეგად მიღებული ტრავმის და სტრესის დასაძლევად, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს პროფესიონალთა ჩართულობით არასრულწლოვნის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შესწავლას და რეაბილიტაციას.

მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი იყოს არასრულწლოვნის განათლების უფლების რეალიზება და საგანმანათლებლო დაწესებულებაში კეთილსაიმედო გარემოს შექმნა.

მარნეულში არასრულწლოვანი გოგო 14 თებერვალს გაიტაცეს. სახალხო დამცველი, თვითმხილველებზე დაყრდნობით, გატაცების განსაკუთრებულ სისასტიკეზე საუბრობდა. დღის განმავლობაში ქალაქის ცენტრიდან გატაცებულ გოგოს გამტაცებლებმა თავზე ტომარა ჩამოაცვეს. გოგო გატაცებისას საგანმანათლებლო კურსებიდან მოდიოდა. უფლებადამცველები აქცენტს აკეთებდნენ იმაზე, რომ მსგავსი შემთხვევების აღმოფხვრის საუკეთესო გზა დამნაშავის დროულად პოვნა, სათანადო დასჯა და გოგოს გაძლიერებაა.

შსს-ს ინფორმაციით, არასრულწლოვანი გოგოს გატაცებისთვის მარნეულში 1998 წელს დაბადებული გ. მ. დააკავეს, გოგო კი საკუთარ სახლში დააბრუნეს.

გიორგი გახარია: დადგა დრო, ნატო-მ უპასუხოს საქართველოს მოთხოვნას ნატო-ში გაწევრიანებაზე

გიორგი გახარია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

„საქართველო იმსახურებს ნატოს წევრობას“, - ამ სათაურით 25 ნოემბერს გამოცემა „The Washington Times”- მა გამოაქვეყნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას სტატია. სტატიაში ყურადღება გამახვილებულია შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე მზარდი გამოწვევების გათვალისწინებით და საქართველოს როლზე შავი ზღვის გეოპოლიტიკურ უსაფრთხოებაში. „სწორედ ახლა დადგა დრო , ნატომ უპასუხოს ჩვენს მოთხოვნას ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით“, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი:

„რუსეთი დღესაც ეწინააღმდეგება საქართველოს სრულფასოვან წევრობას ნატო-ში. სწორედ ახლა დადგა დრო, ნატო-მ უპასუხოს ჩვენს მოთხოვნას ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ნატო-ს ლიდერებმა არაერთხელ აღუთქვეს საქართველოს ნატო-ს სრული წევრობა და ჩვენ გვჯერა, რომ ნატო-ში ჩვენი შესვლის წინაშე არსებული გამოწვევები უახლოეს მომავალში გადაიჭრება. მეტი საქართველო ნატო-ში და მეტი ნატო საქართველოში გააძლიერებს შავი ზღვის და დასავლეთის უსაფრთხოებას, ასევე საქართველოს დემოკრატიას და მზარდ ეკონომიკას.

მანამდე კი, საქართველო გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატო-ს სხვა წევრებთან, რათა განამტკიცოს შავი ზღვის უსაფრთხოება, რაც ბოლო წლებში გულისხმობდა ნატო-ს ოპერაციებისთვის კარგად გაწვრთნილი მებრძოლების მომზადებას და ნატო-სა და აშშ-ის თავდაცვითი მოქმედებების გაფართოებას, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ტექნიკის განთავსებას და ხშირი ერთობლივი სამხედრო წვრთნების ორგანიზებას. ჩვენი მიზანია ერთობლივი წვრთნების გაფართოება, ჩვენი პორტების უფრო აქტიურად ჩართვა და ჩვენი საზღვაო ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნულია სტატიაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი წერს, რომ ქართველები სამართლიანად ამაყობენ ტრანსატლანტიკურ ალიანსში შეტანილი უზარმაზარი წვლილით. იგი ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოს მიზანია დასავლურ ცივილიზაციასთან და ღირებულებებთან კავშირისა და ღრმა ფესვების პრაქტიკული მოქმედებებით დემონსტრირება აათმაგებს საქართველოს სიმტკიცესა და თავდაცვისუნარიანობას მათ წინააღმდეგ, ვინც ამ ღირებულებებს არ იზიარებს:

„შავი ზღვის უსაფრთხოებას არსებითი მნიშვნელობა აქვს გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, საქართველო კი წარმოადგენს ერთგულ პარტნიორს დასავლური ერთსულოვნების ფარგლებში. სწორედ ამ მიზეზით უნდა შეასრულონ ჩვენმა მეგობრებმა ნატო-ში თავიანთი დაპირება სასიცოცხლო მნიშვნელობის ამ უსაფრთხოების ორგანიზაციაში საქართველოს შესვლასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას სტატიაში, რომელიც ამერიკულმა გამოცემამ - The Washington Times-მა ანალიზისა და მოსაზრებების სვეტში გამოაქვეყნა.

სტატიის ქართული თარგმანი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმა გაავრცელა.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ სამუშაო საათებს ამცირებს

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ თანამშრომლებისთვის სამუშაო საათებს ამცირებს. არასამთვარობო ორგანიზაცია ფეისბუკის გვერდზე განცხადებას ავრცელებს.

„საია პარასკევობით 4-საათიან გრაფიკზე გადადის! ასევე, შუადღის შესვენებას 8-საათიან სამუშაო დღეში თვლის“, - ნათქვამია საიას განცხადებაში.

ორგანიზაციის გადაწყვეტილება უკავშირდება თანამშრომლების შრომითი პირობების გაუმჯობესებას და მოტივაციის ზრდას.

„საია ზრუნავს საკუთარი თანამშრომლების შრომითი პირობების გაუმჯობესებაზე და მიიჩნევს, რომ ეს გუნდის პროდუქტიულობასა და მოტივაციას გაზრდის, რათა კიდევ უფრო უკეთ შევძლოთ თქვენი უფლებების დაცვა“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს შრომის კოდექსი კვირაში 40-საათიან სამუშაო გრაფიკს ადგენს.

გარდაიცვალა დმიტრი იაზოვი - უკანასკნელი საბჭოთა მარშალი

მოსკოვში, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა საბჭოთა სახელმწიფო მოღვაწე, საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრი დმიტრი იაზოვი, - ცნობას ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის უწყება ავრცელებს.

დმიტრი იაზოვი დაიბადა 1924 წელს. წითელი არმიის რიგებში შევიდა მოხალისედ 1941 წელს, ომის დროს. მონაწილეობდა ლენინგრადის დაცვასა და ბალტიის იერიშში.

კომუნისტური პარტიის წევრია 1944 წლიდან. ორჯერ იყო დაჭრილი, მიღებული აქვს წითელი ვარსკვლავის საბრძოლო ორდენი.

ომის შემდეგ დაამთავრა სამხედრო აკადემია. მონაწილეობას იღებდა კარიბის კრიზისში. იაზოვის მოტომსროლელთა პოლკი გადასროლილი იქნა კუბაში, სადაც უნდა მოეგერიებინა აშშ-ის შესაძლო იერიში. სარდლობდა ჩეხოსლოვაკიაში განთავსებულ საბჭოთა ჯარებს, იყო შუა აზიისა და შორეული აღმოსავლეთის სამხედრო ოლქების სარდალი.

1987 წლის მაისში, მარშალ სერგეი სოკოლოვის გადაგომის შემდეგ, დაინიშნა საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრად. სოკოლოვის გადადგომა გამოიწვია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქის, მატიას რუსტის მიერ საბჭოთა კავშირის საჰაერო საზღვრის დარღვევამ და საფრენი აპარატის წითელ მოედანზე დაშვებამ.

დმიტრი იაზოვი იყო უკანასკნელი ადამიანი, ვისაც მიენიჭა საბჭოთა კავშირის მარშლის წოდება. ის ასევე იყო იმ ქვეყნის უკანაკნელი თავდაცვის მინისტრი, რომელიც მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა.

გასული საუკუნის 80-იან წლებში საბჭოთა პარტიულმა ხელმძღვანელობამ იაზოვს დააკისრა პასუხისმგებლობა ჯარის საკავშირო რესპუბლიკებში გამოყენების გამო, მათ შორის ლიტვაში, რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა. სწორედ ლიტვაში, სამხედრო დანაშაულისათვის, დაუწრებლად მიესაჯა 10 წლით პატიმრობა.

1991 წლის აგვისტოში იყო ე.წ. ГКЧП (საგანგებო მდგომარეობის სახელმწიფო კომიტეტი) წევრი. იაზოვის ბრძანებით იქნა გამოყვანილი სამხედრო ტექნიკა. მოლაპარაკების გასამართად გაემგზავრა მიხეილ გორბაჩოვთან ფოროსში, სადაც დააპატიმრეს. ტელევიზიით გავრცელდა გორბაჩოვისადმი მისი მიმართვა, რომელშიც მარშალი იაზოვი თავის თავს „ბებერ სულელს“ უწოდებდა. წლების შემდეგ მემუარებში დაწერა, რომ არ მიაჩნია 1991 წლის მაისის მოვლენები სახელმწიფო გადატრიალებად და, რომ ტელემიმართვა ჩაწერა ზეწოლის შედეგად.

1994 წელს შეეხო ამნისტია. სიცოცხლის ბოლო წლებში დიმიტრი იაზოვს ეკავა კონსულტანტის თანამდებობა რუსეთის თავდაცვის უწყებაში. ორჯერ აქვს მიღებული ლენინის ორდენი. უკანასკნელი ორდენი - სამშობლოს წინაშე დამსახურებისათვის (III ხარისხი) მიღებული აქვს 2020 წელს.

კორონავირუსის გამოსარიცხად სინჯები თბილისის და ქუთაისის კლინიკებში მყოფ 5 პაციენტს აუღეს

თბილისის "ლუგარის ლაბორატორია"

კორონავირუსით შესაძლო ინფიცირების დასადგენად აღებული სინჯების ანალიზის პასუხს 5 პაციენტი ელოდება თბილისის და ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოებში. მათგან სამი საქართველოს, ორი კი ირანის მოქალაქეა. 5 პაციენტიდან ორი იტალიიდან ჩამოვიდა, სამი კი - ირანიდან.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ კლინიკაში 24 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში მოათავსეს საქართველოს ორი და ირანის ორი მოქალაქე, რომლებსაც კორონავირუსის მთავარი სიმპტომი - პნევმონია არ აღენიშნებათ, თუმცა, საბოლოოდ, კვლევის შედეგს „ლუგარის ლაბორატორიიდან“ ელოდებიან. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 4 პაციენტიდან ერთი იტალიაში იმყოფებოდა, სამი კი, ირანში.

„ლუგარის ლაბორატორიის“ პასუხს ელოდებიან ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოშიც, სადაც იტალიის ქალაქ მილანიდან ქუთაისის ავიარეისით დაბრუნებული 20 წლის გოგო იმყოფება. კლინიკის ექიმმა, ნესტან ჭეიშვილმა მედიას უთხრა, რომ პაციენტი საავადმყოფოში მოათავსეს მწვავე ვირუსული ინფექციის სიმპტომებით, თუმცა, წინასწარი შეფასებით, მას კორონავირუსი არ აქვს.

იტალიაში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, საქართველოს აეროპორტებში ამოწმებენ ამ ქვეყნიდან ჩამოსულ მგზავრებსაც. დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეამოწმეს ბერგამოს რეისის მგზავრები. ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, არცერთ მათგანს საეჭვო სიმპტომები არ ჰქონია.

საქართველოში დღემდე კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

WHO: კორონავირუსის გავრცელებას გლობალური პანდემიის სახე ჯერჯერობით არ მიუღია

მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაცია(WHO) გლობალურ პანდემიად ჯერჯერობით არ აფასებს პნევმონიის გამომწვევი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების მხრივ არსებულ ვითარებას, თუმცა, მიიჩნევს, რომ პანდემიისთვის მზადება უნდა დაიწყოს. ამის შესახებ ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ ღებრეისუსმა განაცხადა.

მისი თქმით, იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაში კორონავირუსის შემთხვევები საკმაოდ შემაშფოთებელია, თუმცა, პანდემია ნიშნავს მსოფლიოს მასშტაბით ვირუსის გავრცელებას.

საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებითვე, ჩინეთში, საიდანაც კორონავირუსის გავრცელება დაიწყო, ეპიდემიის პიკი უკვე გავლილია. მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის მონაცემებით, ამ ეტაპზე კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები დაავადების საერთო რაოდენობის 0,7%-ს შეადგენს. შედარებით რბილი სიმპტომების მქონე პაციენტების გამოჯანმრთელებას ორი კვირა სჭირდება, გართულების შემთხვევაში კი, 3-7 კვირა.

25 თებერვლის დილის მდგომარეობით, კორონავირუსით მსოფლიოში დაავადებულთა საერთო რიცხვი 80 000-ს აჭარბებს. მათგან 77 600-ზე მეტი ჩინეთში დაავადდა. მსოფლიოს კიდევ 36 ქვეყანაში დაავადების, საერთო ჯამში, 2400-ზე მეტი შემთხვევაა.

დღემდე კორონავირუსით გარდაცვლილია 2698 ადამიანი. მათგან 2600-ზე მეტი - ჩინეთში.

სამხრეთ კორეამ დაადასტურა კორონავირუსით გარდაცვალების მერვე შემთხვევა. დაავადებულია 890-ზე მეტი ადამიანი.

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილია 7 ადამიანი და დაავადებულია 220-ზე მეტი.

ირანი ოფიციალურად ადასტურებს გარდაცვალების 12 და დაავადების სულ მცირე 60 შემთხვევას.

პნევმონიის გამომწვევი ახალი სახეობის კორონავირუსის გავრცელება 2019 წლის დეკემბრიდან დაიწყო ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანიდან. ეპიდაფეთქების გამო მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე ჟენევაში ისაუბრეს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა და გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა. მათი შეხვედრა 24 თებერვალს გაიმართა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესიის ფარგლებში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე და საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებზე, რაც ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობას.

საუბარი იყო ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციის ფაქტებზე, კერძოდ, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვაზე, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვაზე, ადამიანების გატაცების ფაქტებსა და სიცოცხლის ხელყოფის შემთხვევებზე სათანადო მართლმსაჯულების განხორციელების აუცილებლობაზე. ხაზი გაესვა ამ თემების და ზოგადად, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის გაეროს უმაღლესი დონის დღის წესრიგში შენარჩუნების აუცილებლობას.

გაეროს გენერალურმა მდივანმა გამოთქვა მზაობა, ორგანიზაციამ საკუთარი მანდატის ფარგლებში ეფექტიანი როლი ითამაშოს ცალკეული საკითხების მოგვარებაში.

აშშ-ის საელჩო საბჭოთა ოკუპაციის დღეს მიხეილ ჯავახიშვილის სიტყვებით ეხმიანება

აშშ-ის საელჩო საბჭოთა ოკუპაციის დღეს საქართველოს კიდევ ერთხელ უდასტურებს მხარდაჭერას სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

„დღეს, საბჭოთა ოკუპაციის დაწყებიდან 99 წლის შემდეგ, შეერთებული შტატები საქართველოს გვერდით დგას მძიმე ბრძოლით მოპოვებული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად“, - ნათქვამია საელჩოს ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

აშშ-ის დიპლომატიური წარმომადგენლობა მიხეილ ჯავახიშვილის ფოტოს და მის სიტყვებს აქვეყნებს.

„დიდმა ქართველმა მწერალმა, მიხეილ ჯავახიშვილმა აღწერა, როგორი იყო იმ დროებაში ცხოვრება. ჩვენ არასდროს დავივიწყებთ მის სიტყვებს: „25 თებერვალს მე ვიგრძენი, თუ როგორ შემოვიდა ტანში მჭრელი მახვილი, რომელიც მას აქეთ დღითიდღე უფრო ღრმად მერჭობა. გაფითრებული ვარ და ტანში მუდმივი ჟრჟოლა მივლის. ეხლა სატევრის წვერი ზედ გულზე მაქვს დაბჯენილი და ვგრძნობ, ოდნავ რომ შევინძრე, ჩამესობა და ისე გამათავებს, რომ გმინვის ამოღებასაც ვეღარ მოვასწრებ”.

საბჭოთა ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად სახელმწიფო დროშები დაშვებულია საქართველოს ადმინისტრაციულ შენობებსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე.

საქართველოს პარლამენტმა 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოაცხადა 2010 წლის 21 ივლისს მიღებული დადგენილებით.

1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა, საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო და საერთაშორისო სამართლის სუბიექტის - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია განახორციელა.

თბილისში დააკავეს დედის და ბებიის მკვლელობაში ბრალდებული

პოლიციამ თბილისში დააკავა 19 წლის პირი, რომელსაც ბრალად ედება დედის და ბებიის მკვლელობა. ტრაგედია დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბებია - 1946 წელს დაბადებული ზ.დ. და დედა - 1974 წელს დაბადებული თ.ზ. თბილისში, მათსავე საცხოვრებელ სახლში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მძინარე მდგომარეობაში ნაჯახით მოკლა“.

შსს-ს განცხადებით, პოლიციელებმა ბრალდებული, 2001 წელს დაბადებული მ.ზ. ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილზე დააკავეს და დანაშაულის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

სისხლის სამართლის საქმის გამოძიება მიმდინარეობს დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ოჯახში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე. მსგავსი დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება "ქართულ წამლებთან" ბრძოლას აგრძელებს

ოკუპირებულ ცხინვალში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე საქმე აღძრეს 44 წლის ქალის წინააღმდეგ, რომელიც აფთიაქში ყიდდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან შეტანილ სამედიცინო პრეპარატებს.

სააგენტო „რეს“-ის ინფორმაციით, სხვადასხვა დასახელების წამლები ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რეიდის შედეგად აღმოაჩინეს.

დე ფაქტო რესპუბლიკის შსს უკვე რამდენიმე კვირაა ატარებს ე.წ. რეიდებს ადგილობრივ აფთიაქებში „ქართული წამლების“ აღმოსაჩენად. 17 თებერვალს „რესი“ წერდა, რომ „ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს“ თანამშრომლებმა ორ აფთიაქში აღმოაჩინეს სამედიცინო პრეპარატები ქართული წარწერებით. ინფორმაციაში მითითებული იყო სულ მცირე ექვსი დასახელების პრეპარატი, მათ შორის - „კოლხური“.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ქართული წარმოების პროდუქციის, მათ შორის, სამედიცინო პრეპარატების გაყიდვა აკრძალულია დე ფაქტო მთავრობის სპეციალური დადგენილებით.

ბოლო რამდენიმე კვირაა ცხინვალის რეგიონში სურსათის და სხვა პროდუქციის დეფიციტია, რადგან რუსეთმა გაამკაცრა ე.წ. სამხრეთ ოსეთში შესატანი ტვირთის განბაჟების წესები.

საბჭოთა ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად საქართველოში სახელმწიფო დროშები დაუშვეს

საბჭოთა ოკუპაციის დღის გამო, საქართველოს სახელმწიფო დროშები დაუშვეს პარლამენტის, მთავრობის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობებსა და სხვა ადმინისტრაციულ დაწესებულებებზე. ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად დროშები დაშვებულია საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებზეც.

საქართველოს პარლამენტმა 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოაცხადა 2010 წლის 21 ივლისს მიღებული დადგენილებით.

1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა, საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო და საერთაშორისო სამართლის სუბიექტის - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია განახორციელა.

კოალიციამ მედიაადვოკატირებისათვის აჭარის ტელევიზიაში განვითარებული პროცესები შეაფასა

„ჩვენ, კოალიცია „მედია ადვოკატირებისათვის“ წევრი, ორგანიზაციები აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს კვლავაც საგანგაშოდ და საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეისათვის დამაზიანებლად მივიჩნევთ, - ნათქვამია კოალიცია მედიაადვოკატირებისათვის განცხადებაში.

კოალიცია მიიჩნევს, რომ ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აჭარის მაუწყებელში წარმოქმნილი ხელოვნური კრიზისი პოლიტიკური ხასიათისაა და არ უნდა დარჩეს შიდა თუ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიღმა.

ამ დროისათვის ორგანიზაციები საზოგადოების ყურადღებას რამდენიმე გადაწყვეტილებაზე ამახვილებენ:

1. საშტატო ნუსხის შეცვლა და თანამშრომელთა გათავისუფლება - „24 თებერვალს გაირკვა, რომ მაია მერკვილაძე ჩამოაშორეს სარედაქციო გუნდს დირექტორის შეთავაზება კი მისთვის ტოკშოუს ხელმძღვანელობას ან რადიოს უფროსის მოადგილეობას გულისხმობს.

კოალიცია მიიჩნევს, რომ ცვლილებების საჭიროება არ იყო დასაბუთებული მაღალი სტანდარტით.

ამასთან, სხდომაზე სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირის წარმომადგენელს, მალხაზ რეხვიაშვილს.

2. მაუწყებლობის განვითარების დარგში დირექტორის მოადგილის ფუნქცია - „2020 წლის 07 თებერვლის ბრძანებით, გამოცხადდა კონკურსი მაუწყებლობის განვითარების დარგში სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ დირექტორის მოადგილის შესარჩევად. სამუშაოს აღწერის მიხედვით, სამომავლო ვალდებულებები მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ნათია ზოიძის შრომითი მოვალეობებისაგან. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ნათია ზოიძემ მაუწყებელი 2020 წლის 02 თებერვალს დატოვა. ის აცხადებდა, რომ არ ეძლეოდა მუშაობის შესაძლებლობა მანამდე კი, 2019 წლის დეკემბერში ნათია ზოიძეს მაუწყებლის დირექტორმა ხელშეკრულება შეუცვალა. ცვლილებების მიხედვით ნათია ზოიძე სარედაქციო პოლიტიკის მიმართულებაზე პასუხისმგებლობა შეეზღუდა. მოგვიანებით, თითქმის იდენტური საკონკურსო განაცხადის პირობებში, ახალ მოადგილედ ვახო ხუზმიაშვილი აირჩიეს ვახო ხუზმიაშვილის არჩევით, მაუწყებლის გაკონტროლების საფრთხეზე საუბრობენ, ჟურნალისტები, მედია ექსპერტები და იურისტები საია კი საქმის შესწავლას იწყებს".​

3. ახალი ამბების სამსახურის უფროსის შევიწროება - „დღეისთვის მაუწყებელში მიმდინარეობს დისციპლინური წარმოება მაუწყებლის ახალი ამბების სამსახურის უფროსის შორენა ღლონტის მიმართ. აღნიშნულთან დაკავშირებით არხის ჟურნალისტები ითხოვენ დახმარებას და მიაჩნიათ, რომ ადგილი აქვს ადამიანების დევნას და შევიწროება მათი მოსაზრებების და პოზიციების გამო.

ამ დრომდე გაურკვეველია მენეჯმენტის დამოკიდებულება არხის სარედაქციო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ“.

4. პროფკავშირების შევიწროების მცდელობა - „ტელევიზიის თანამშრომელთა ინფორმაციით, დირექტორი გადაცემა „ჰეშთეგის” ერთ-ერთ წამყვანს, მალხაზ რეხვიაშვილს მოუწოდებს, დატოვოს წამყვანის პოზიცია იმის გამო, რომ რეხვიაშვილი ტელევიზიაში შექმნილი ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარეა. რეხვიაშვილსაც მენეჯმენტისადმი კრიტიკული დამოკიდებულება აქვს.

მიგვაჩნია, რომ ზემოჩამოთვლილი მოვლენები ამყარებს ეჭვებს, რომ აჭარის მაუწყებელში ბოლო ერთი წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენები პოლიტიკური ხასიათისაა და არხის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის მოშლის მიზანს ემსახურება“.

კოალიცია „მედია ადვოკატირებისათვის“ განცხადების გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებმა საგაფიცვო პროცედურების დაწყების გადაწყვეტილება მიიღეს.

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებმა საგაფიცვო პროცედურების დაწყების გადაწყვეტილება მიიღეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში შექმნილი ალტერნატიული პროფკავშირების თავმჯდომარემ მალხაზ რეხვიაშვილმა რამდენიმესაათიანი შეკრების დასრულების შემდეგ გადაწყვეტილება გამოაცხადა - იტყობიდენა ბათუმიდან რადიო თავისუფლების კორესპონდენტი.

„ვიმსჯელეთ მაუწყებელში შექმნილ ვითარებაზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, დავიწყოთ საგაფიცვო პროცედურები. მოვამზადოთ შესაბამისი დოკუმენტები თანამშრომელთა შრომითი უფლებების და მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის დაცვის მოთხოვნით.

ამ დოკუმენტს მოვამზადებთ და ხელმძღვანელობა მიიღებს ოფიციალური სახით. მანამდე ჩვენ ჩვენი საგაფიცვო სტრატეგიის შესახებ და კონკრეტული მოთხოვნების შესახებ, ბუნებრივია, მათ არ გავაგებინებთ, სანამ დოკუმენტი არ ჩაბარდებათ“, - აცხადებს მალხაზ რეხვიაშვილი.

პროტესტი გაამწვავა აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის და მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორისთვის, მაია მერკვილაძისთვის შრომითი ხელშეკრულების გაუქმებამ. ამ ფაქტს მაუწყებლის ჟურნალისტების ნაწილი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებს.

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე მაია მერკვილაძე დღეს მთელი დღის განმავლობაში ელოდა, თუ რას შესთავაზებდა მაუწყებლის მენეჯმენტი ახალი ხელშეკრულებით. რადგან 24 თებერვალს ხელშეკრულებას, რომლითაც ის აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე ოთხი წლის განმავლობაში იყო, გაუქმდა. ხელშეკრულების გაუქმება კი გამოიწვია მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებამ (სამი ხმით): 19 თებერვალს ტელევიზიის ჟურნალსიტების ხმაურიანი პროტესტის ფონზე ტელევიზიაში 4 საშტატო ერთეული გააუქმეს, მათ შორის, ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის.

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების ნაწილი აცხადებდა, რომ ამ ცვლილებებით რეგიონულ მაუწყებელში სიტყვის თავისუფლებას საფრთხე ემუქრებოდა, რადგან მაია მერკვილაძეს საინფორმაციო პოლიტიკის განსაზღვრის საშუალებას აღარ მისცემდნენ. ეს ეჭვები ნაწილობრივ დადასტურდა, რადგან 24 თებერვალს 18:00 საათზე მაია მერკვილაძემ დირექტორისგან ელექტრონული ფოსტით მიიღო ახალი სახელშეკრულებო შეთავაზება: წინასაარჩევნო დებატების რედაქტორის პოზიციაზე, ან აჭარის რადიოს საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტზე. თავად მაია მერკვილაძე ამ შეთავაზებას არ თანხმდება და ბრძოლის გაგრძელებას აპირებს. მისი შეფასებით, აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო პოლიტიკიდან მიზანმიმართულად ჩამოაშორეს.

განახლდება თუ არა მოლაპარაკებები საარჩევნო სისტემაზე - რა არ უნდა გამოგრჩეს 25 თებერვალს

ხელისუფლება და ოპოზიცია შეწყვეტილი დიალოგის შემდეგ

მას მერე, რაც გიგი უგულავა დააკავეს, ოპოზიციამ ხელისუფლებასთან საარჩევნო სისტემაზე დიალოგი შეწყვიტა. დღეს მისი განახლების რაიმე რეალური ნიშანი არ არსებობს. მხარეები დღეს მხოლოდ მედიის საშუალებით ესაუბრებიან ერთმანეთს საარჩევნო სისტემაზე, თუმცა, როგორც ხელისუფლება ამბობს, თუ თებერვლის ბოლომდე პროცესი ისევ მოლაპარაკების მაგიდას არ დაუბრუნდა, დარჩება ისევ მოქმედი საარჩევნო სისტემა.

არადა, 10 თებერვალს, ვიდრე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას დააპატიმრებდნენ, ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეკრებილი ოპოზიციონერები ხელისუფლებისთვის შესათავაზებელ კომპრომისულ მოდელზე მსჯელობდნენ. როგორ განვითარდება მოვლენები და რა შანსები აქვს კომპრომისულ მოდელს - ამით ლელა კუნჭულია დაინტერესდა.

წაიკითხე მეტი

კორონავირუსი: შეშინებული მოქალაქეები და სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომები

4 თებერვალს თბილისი-ბათუმის მატარებელი მგზავრებმა კორონავირუსის შიშით დაცალეს, მას მერე, რაც მატარებელში ჩინეთის ორი მოქალაქე ავიდა. უკმაყოფილო მგზავრებმა სასწრაფოს ბრიგადა გამოიძახეს. ჩინეთის მოქალაქეები სამედიცინო შემოწმების მიზნით წაიყვანეს, მგზავრები კი ბათუმისკენ სხვა მატარებლით წავიდნენ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე გამოეხმაურა თბილისის ცენტრალურ სადგურში ჩინეთის მოქალაქეებთან დაკავშირებულ ინციდენტს. „ჩინეთის მოქალაქეები, რომლებიც 5 კვირაა, გამოსულები არიან და არავითარ რისკს არ ქმნიდნენ, სამარცხვინო და ქსენობოფიის პროპაგანტისტმა მედიამ ბულინგის მსხვერპლად აქცია“, - აღნიშნავს იმნაძე.

საქართველოში არა, თუმცა მსოფლიოს 30 ქვეყანაში უკვე დადასტურებულია კორონავირუსის შემთხვევები. კორონავირუსით ჩინეთში გარდაიცვალა 2 595 ადამიანი, საზღვარგარეთ - 24. გამოჯანმრთელდა 24 757.

წაიკითხე მეტი

ამ თემაზე ასევე ნახე:

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები გაიფიცნენ

გუშინ ღამე აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებმა გაფიცვის გადაწყვეტილება მიიღეს.

ჟურნალისტების პროტესტი გაამწვავა აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის და მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორის, მაია მერკვილაძის გათავისუფლებამ. ამ ფაქტს მაუწყებლის ჟურნალისტების ნაწილი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებს.

ადევნე დღეს თვალი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს რადიო თავისუფლების ვებგვერდისა და ფეისბუკის საშუალებით. მანამდე კი წაიკითხე მეტი, გაფიცვის შესახებ.

პროცესები თბილისის საქალაქო სასამართლოში

საქალაქო სასამართლო დღეს რამდენიმე ამბის ეპიცენტრად იქცევა. იქ ცოტა ხანში დაიწყება 20 ივნისის საქმეზე დაკავებულების სასამართლო მოსმენა. სასამართლოს ეზოში კი ტელეკომპანია „მთავარის“ მფლობელის, გიორგი რურუას მხარდამჭერების აქცია გაიმართება.

დღეს, ასევე, საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩის საქმეზე ბრალდებული მიხეილ კალანდიას მიმართ საბოლოო განაჩენს გამოაცხადებენ.

სასამართლოს განაჩენი - ჰარვი ვაინშტაინი დამნაშავეა

ნიუ-იორკში გამართულ სასამართლო პროცესზე ყოფილი კინოპროდიუსერი, ჰარვი ვაინშტაინი დამნაშავედ ცნეს სექსუალურ ძალადობასა და გაუპატიურებაში. ამ განაჩენს მიიჩნევენ უმნიშვნელოვანეს მიღწევად მოძრაობა #meToo-სთვის, რომელმაც ქალები საჯაროდ აალაპარაკა სექსუალურ შევიწროებაზე, მათ შორის - ჰოლივუდში.

წაიკითხე მეტი

ყველა მოლოდინის რეჟიმში - ტურიზმი საქართველოში კორონავირუსის აფეთქების დროს

კორონავირუსი მსოფლიო ტურისტულ ინდუსტრიას „ურტყამს“. საქართველომ უკვე შეაჩერა პირდაპირი ავიამიმოსვლა ჩინეთსა და ირანთან. ახლა საუბარია იტალიასთან ავიამიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზეც, სადაც ვირუსის 200-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.

სანდრო ჯუფალაკიანი შეეცადა გაერკვია, დაზარალდება თუ არა საქართველო შეჩერებული ავიამიმოსვლებითა და სახმელეთო საზღვრებზე დაწესებული შეზღუდვებით, ასევე, შეცვალა თუ არა მოგზაურთა გეგმები კორონავირუსმა.

წაიკითხე მეტი

კორონავირუსი და სხვა ინფექციური დაავადებები

5 მითი 1921 წლის ომის შესახებ

პირველი რესპუბლიკის მთავრობა უნიათო და უგერგილო იყო, საქართველო უბრძოლველად დათმეს და გაიქცნენ და, საერთოდაც, ეგ საქართველოს კი არა, ბოლშევიკების და მენშევიკების ომი იყო, -

ისტორიკოსი დიმიტრი სილაგაძე, თანამოაზრეებთან ერთად, წლებია, რაც ამ მითებს ებრძვის. სხვა თუ არაფერი, ჩვენს სახელოვან წინაპრებს რომ სათანადო პატივი მივაგოთ!

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები გაფიცვის საკითხს განიხილავენ

რადიო თავისუფლლების კორესპონდენტის ცნობით, ამ წუთებში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტთა ნაწილი შეხვედრას მართავს და გაფიცვის საკითხს განიხილავს. რეგიონულ მაუწყებელში ერთი თვის წინ შექმნილი ალტერნატიული პროფკავშირები 90-მდე ჟურნალისტს აერთიანებს. მათი პროტესტი გამოიწვია აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის და მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორისთვის, მაია მერკვილაძისთვის შრომითი ხელშეკრულების გაუქმებამ. ამ ფაქტს მაუწყებლის ჟურნალისტების ნაწილი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებს.

დღეს მათ საპროტესტო აქცია გამართეს. როგორც ჟურნალისტებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, გადადიან რადიკალური პროტესტის ფორმაზე - გაფიცვაზე.

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე მაია მერკვილაძე დღეს მთელი დღის განმავლობაში ელოდა, თუ რას შესთავაზებდა მაუწყებლის მენეჯმენტი ახალი ხელშეკრულებით. რადგან 24 თებერვალს ხელშეკრულებას, რომლითაც ის აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე ოთხი წლის განმავლობაში იყო, გაუქმდა. ხელშეკრულების გაუქმება კი გამოიწვია მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებამ (სამი ხმით): 19 თებერვალს ტელევიზიის ჟურნალსიტების ხმაურიანი პროტესტის ფონზე ტელევიზიაში 4 საშტატო ერთეული გააუქმეს, მათ შორის, ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის.

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების ნაწილი აცხადებდა, რომ ამ ცვლილებებით რეგიონულ მაუწყებელში სიტყვის თავისუფლებას საფრთხე ემუქრებოდა, რადგან მაია მერკვილაძეს საინფორმაციო პოლიტიკის განსაზღვრის საშუალებას აღარ მისცემდნენ. ეს ეჭვები ნაწილობრივ დადასტურდა, რადგან 24 თებერვალს 18:00 საათზე მაია მერკვილაძემ დირექტორისგან ელექტრონული ფოსტით მიიღო ახალი სახელშეკრულებო შეთავაზება: წინასაარჩევნო დებატების რედაქტორის პოზიციაზე, ან აჭარის რადიოს საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტზე. თავად მაია მერკვილაძე ამ შეთავაზებას არ თანხმდება და ბრძოლის გაგრძელებას აპირებს. მისი შეფასებით, აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო პოლიტიკიდან მიზანმიმართულად ჩამოაშორეს.

„ანას ბაღთან“ აქციის მონაწილეები ისევ ნერგებს რგავენ

თბილისში, ვარკეთილის II მ/რ-ში მდებარე „ანას ბაღთან“ შეკრებილმა მოქალაქეებმა ნერგების დარგვა განაახლეს. მშენებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელ სახლთან ახლოს შეხლა-შემოხლა და სიტყვიერი დაპირისპირება რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

თავდაპირველად სამშენებლო კომპანიის წირმომადგენლების წინაშე ადგილობრივები იმყოფებოდნენ. ერთმა მოქალაქემ არმატურის ბოძების ამოძრობა დაიწყო, რომლითაც კომპანიას ტერიტორია ჰქონდა მონიშნული, რასაც უკმაყოფილება მოჰყვა. ადგილობრივებს მალევე შეუერთდა რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტი და „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი.

ვითარება შედარებით, მას შემდეგ განიმუხტა, რაც მხარეებმა კამათი შესაბამის ნახაზზე დაყრდნობით დაიწყეს. საბოლოოდ, აქტივისტებმა ნერგების დარგვა ისეთ ადგილზე განაახლეს, რომელზეც კომპანიის წარმომადგენლებს წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.

22 თებერვალს მშენებარე კორპუსთან პარტიზანული მებაღეობის წევრებმა და სხვა აქტივისტებმა ნერგები დარგეს და საქანელები მიიტანეს. მოგვიანებით, „პარტიზანმაა მებაღემ“ ნატა ფერაძემ მერიის მხრიდან ვანდალიზმის ფაქტი უწოდა, ნარგავების ამოთხრას.

ბაღის მიმდებარე ტერიტორია 2016 წლის მიწურულს გასხვისდა. ამის გამო 2018 წელს ადგილობრივებმა მერიას საჩივრით მიმართეს. მაშინ საჩივარი დაკმაყოფილდა, მაგრამ მოგვიანებით სამშენებლო კომპანია „ევროპულმა სამშენებლო ჰოლდინგმა“ ისევ მიმართა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს და კიდევ ერთხელ მიიღო მშენებლობის უფლება.

ბაღის გვერდით ადგილობრივებმა ხელმოწერების შესაგროვებლად კარავიც დადგეს, რომელიც 21 იანვარს დანგრეული დახვდათ.

24 თებერვალს განცხადება გაავრცელა ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC). ის მიიჩნევს, რომ თბილისის მერიამ „ანას ბაღთან” მშენებლობის ნებართვის გაცემის გადაწყვეტილება ცალმხრივად, მხოლოდ კერძო პირის ბიზნესინტერესების გათვალისწინებით და სასარგებლოდ მიიღო.

პაატა იმნაძის თქმით, ქსენობოფიის პროპაგანტისტმა მედიამ ჩინეთის მოქალაქეები ბულინგის მსხვერპლად აქცია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ეხმაურება თბილისის ცენტრალურ სადგურში ჩინეთის მოქალაქეებთან დაკავშირებულ ინციდენტს.

„უკრაინაში რაც რუსული გავლენების აგენტებმა ჩაიდინეს, იმას აკეთებენ დღეს ჩვენთან, რაც მატარებელთან დაკავშირებით მოხდა. ჩინეთის მოქალაქეები, რომლებიც 5 კვირაა, გამოსულები არიან და არავითარ რისკს არ ქმნიდნენ, სამარცხვინო და ქსენობოფიის პროპაგანტისტმა მედიამ ბულინგის მსხვერპლად აქცია“, - აღნიშნავს იმნაძე.

თბილისი-ბათუმის მატარებელში ჩინეთის ორი მოქალაქის ასვლის შემდეგ მგზავრებმა თბილისის ცენტრალურ სადგურში მატარებლის დაძვრამდე უკმაყოფილება გამოთქვეს და მატარებლიდან ჩამოვიდნენ.

კინოპროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი დამნაშავედ ცნეს სექსუალურ ძალადობასა და გაუპატიურებაში

ნიუ-იორკში გამართულ სასამართლო პროცესზე ყოფილი კინოპროდიუსერი, ჰარვი ვაინშტაინი დამნაშავედ ცნეს სექსუალურ ძალადობასა და გაუპატიურებაში. ამ განაჩენს მიიჩნევენ უმნიშვნელოვანეს მიღწევად მოძრაობა #meToo-სთვის, რომელმაც ქალები შთააგონა საჯაროდ ელაპარაკათ სექსუალურ შევიწროვებაზე ძალაუფლებრივ პოზიციებზე მყოფი მამაკაცების მხრიდან.

ერთ დროს ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პროდიუსერი, 67 წლის ვაინშტაინი, დამნაშავედ იქნა ცნობილი სექსუალურ ძალადობაში ასისტენტის, მიმი ჰეილის მიმართ 2006 წელს და ერთ დროს მსახიობობის მოსურნე ჯესიკა მანის გაუპატიურებაში 2013 წელს.

ვაინშტაინს მოეხსნა ყველაზე სერიოზული ბრალდებები, რომელთა გამოც მისთვის შეიძლებოდა სამუდამო პატიმრობის განაჩენი გამოეტანათ - მათ შორის სექსუალური ხასიათის განზრახ თავდასხმის ორი ბრალდება. ახლა მას 25 წლამდე ემუქრება პატიმრობა.




ჩეჩნეთში აღნიშნეს ჩეჩენთა და ინგუშთა გადასახლების დაწყების ტრაგიკული თარიღი

რვა წლის განმავლობაში პირველად, რუსეთის ჩრდილოკავკასიის რეგიონ ჩეჩნეთში საჯაროდ მიაგეს პატივი 1944 წლის დეპორტაციის მსხვერპლთ, იმ დღეს, როცა ეს ტრაგედია დაიწყო.

23 თებერვალს დედაქალაქ გროზნოში თავი მოიყარა ასობით პირმა, მათ შორის ჩეჩნეთის ოფიციალურმა და სასულიერო პირებმა, რათა პატივი მიეგოთ დეპორტაციის ათასობით მსხვერპლის ხსოვნისთვის.

ჩეჩნეთის მოსკოვის მიერ მხარდაჭერილმა ლიდერმა, რამზან კადიროვმა 2012 წელს გლოვისა და ხსოვნის დღე 23 თებერვლიდან გადაიტანა 10 მაისს, მისი მამის, გროზნოში აფეთქების შედეგად 2004 წელს დაღუპული აჰმად კადიროვის დაკრძალვის დღეს. მაგრამ ჩეჩნეთის ბევრი მცხოვრები არაოფიციალურად განაგრძობდა პატივის მიგებას დეპორტაციის მსხვერპლთა ხსოვნისთვის.

1944 წელს, 23 თებერვლიდან 4 მარტამდე პერიოდში, საბჭოთა ხელისუფლებამ 650,000-მდე ჩეჩენი და ინგუში გადაასახლა შუა აზიაში, საბაბით, რომ ისინი ნაცისტურ გერმანიასთან თანამშრომლობდნენ. გადასახლებულთაგან ნახევარი ან გზაში დაიღუპა, ან იმ მძიმე პირობების გამო, რომელშიც ისინი აიძულეს ეცხოვრათ. გადარჩენილებს 1957 წელს მისცეს ჩრდილოეთ კავკასიაში დაბრუნების უფლება.

თბილისი-ბათუმის მატარებელში მყოფ ჩინელებს გამოკვლევა უტარდებათ - სხვები გაემგზავრნენ

„ახალი მატარებელი მოიყვანეს, დეზინფექციისთვის, მგზავრები გადაიყვანეს ამ მატარებელში, რომელიც უკვე გაემგზავრა ბათუმის მიმართულებით“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას „საქართველოს რკინიგზის“ პრესსამსახურში.

თბილისი-ბათუმის (შტანდლერის) მატარებელში ჩინეთის ორი მოქალაქის ასვლის შემდეგ მგზავრებმა თბილისის ცენტრალურ სადგურში მატარებლის დაძვრამდე უკმაყოფილება გამოთქვეს და მატარებლიდან ჩამოვიდნენ.

„მგზავრებმა გამოიძახეს მატარებლის უფროსი. შემდეგ - სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია“, - გვითხრა პრესსამსახურის წარმომადგენელმა.

ამჟამად ჩინეთის ორი მოქალაქე შემოწმების პროცედურას გადის.

შემთხვევის შესახებ „ფეისბუკზე" წერს ნინო ხითარიშვილი, რომელიც თბილისი-ბათუმის მატარებელში იმყოფებოდა.

რადიო თავისუფლება ესაუბრა ნინო ხითარიშვილს. „როდესაც მივხვდი, რომ მატარებელი არ გადიოდა, გამოვედი ვაგონიდან და შევესწარი მგზავრების ხმამაღალ საუბარს. მათი თქმით, ვაგონში იყვნენ მგზავრები ჩინეთიდან, რომლებიც ცუდად იყვნენ. ამ ქალს ვკითხე, რატომ ფიქრობთ რომ ცუდად არიან? მითხრა, რომ მგზავრები აცემინებდნენ, ჰქონდათ სურდო და ითხოვდნენ მათთვის სიცხის შემოწმებას. წინააღმდეგ შემთხვევაში უარს აცხადებნენ გამგზავრებაზე. სხვა მგზავრებიც იგივეს ამბობდნენ. შემდგომ მოვიდა რკინიგზის ადმინისტრაცია, პატრულიც და გამოიძახა, სასწრაფოც. საათნახევრია შემდგომ მიიღეს გადაწყვეტილება რომ ჩვენ სხვა მატარებლით გავეშვით ბათუმში“, - გვითხრა ნინო ხითარიშვილმა

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG