Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”Eurythmics”-ის ბედი გადაწყდა


მარტის პირველ რიცხვებში პოპულარული დუეტის, ”Eurythmics”-ის, ყოფილმა წევრმა, ბრიტანელმა მომღერალმა ენი ლენოქსმა განაცხადა, რომ აღარასოდეს მიიღებს მონაწილეობას დუეტის აღორძინებაში. მისი თქმით, ბოლო ხანებში ის თითქმის აღარ ეკონტაქტება დუეტის მეორე წევრ დეივ სტუარტს. ”დეივი ცხოვრობს ამერიკაში, მე კი აქ, ინგლისში. ორივენი პირადი საქმეებით ვართ დაკავებულნი. ჩემთვის ჯგუფის აღორძინება უკან გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა, მე კი წინ წასვლა მინდა”, - განაცხადა მომღერალმა. პოპ-დუეტ ”Eurythmics”-ის პოპულარობის პიკი გასული საუკუნის ოთხმოციანი წლების მეორე ნახევარზე მოდის: იმხანად მათ ჩაწერეს სიმღერები "Love Is a Stranger", "Sweet Dreams", "Here Comes the Rain Again", "There Must Be an Angel", "When Tomorrow Comes", "The Miracle of Love", "Don't Ask Me Why". 1990 წლიდან დუეტის წევრებმა მთელი ყურადღება საკუთარ სოლო-კარიერაზე გადაიტანეს, თუმცა ოფიციალურად ჯგუფის დაშლის შესახებ არ განუცხადებიათ. 1999-ში, დუეტის ხელმეორედ გაერთიანებამდე, ლენოქსმა ორი წარმატებული დისკი, "Diva" და "Medusa", გამოსცა, რომლებიც ბრიტანული ჰიტ-პარადის სათავეში მოხვდა. სტუარტის იმდროინდელი ჩანაწერები ნაკლებად წარმატებული იყო. იმავე 1999 წელს გამოსული ”Eurythmics”-ის ალბომი, "Peace", შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში ”ოქროს” ალბომად აღიარეს. სწორედ ამ ალბომის მხარდასაჭერად გამართული ტურნეს შემდეგ დაიშალა საბოლოოდ დუეტი. 2005 წელს ლენოქსისა და სტუარტის მიერ ალბომისათვის ”Ultimate Collection" ორი სიმღერის ჩაწერა სათვალავში მისაღები არ არის. ”Eurythmics”-ის ისტორია კი ასე იწყებოდა: ჯგუფი 1980 წელს სანდერლენდერმა გიტარისტმა დეივ სტუარტმა დააარსა. როკ-მუსიკის სამყაროს დეივი პირველად ერთ-ერთი ფოლკ-როკ ჯგუფის 15 წლის სრულიად გამოუცდელ გიტარისტად მოევლინა. იმხანად ის სინტი-პოპის, როკის და ”ახალი ტალღის” ჟანრებში მოღვაწეობდა. მისი მეწყვილე გიტარისტი ბრაიან ჰარისონი იყო. სამოცდაათიან წლებში სტუარტი ნარკომანიის მსხვერპლი გახდა. მისი ცხოვრება მკვეთრად შეიცვალა მას შემდეგ, რაც ის ლონდონის რესტორანში სამეფო სამუსიკო აკადემიის სტუდენტ ენი ლენოქსს შეხვდა. შოტლანდიელი ქალიშვილი თავს ოფიციანტობით ირჩენდა. ახალგაზრდა მუსიკოსებს ერთმანეთი შეუყვარდათ. დასაწყისში დეივმა, ენისთან ერთად, რამდენიმე საკმაოდ კარგი მუსიკალური პროექტი განახორციელა, 1980 წელს კი დუეტმა ჯგუფი ”Eurythmics”-ი დააარსა. ხმის ჩამწერ ფირმა ”RCA”-თან კონტრაქტის დადების შემდეგ ჯგუფის მიერ გამოშვებულმა პირველმა სინგლმა და ალბომმა ახალგაზრდა მუსიკოსებს კომერციული შემოსავალი ვერ მოუტანა: ცივი ”გერმანული სტილის” ხისტი ელექტრონული ჟღერადობა მსმენელს არ იზიდავდა. მხოლოდ 1992 წლის ნოემბერში მოხვდა მათი კომპოზიცია «Love Is A Stranger» ჩარტებში. შემდგომში გამოცემულმა ალბომებმა ჰიტ-პარადებში უკვე პირველ ადგილებზე გადაინაცვლა.

მასებში აღიარება ”Eurythmics”-მა თავისი სიმღერების ხარისხით მოიპოვა. ამას ისიც ემატებოდა, რომ ვიზუალურად ლენოქსი მსმენელზე საოცარ შთაბეჭდილებას ტოვებდა. ერთი შეხედვით, სტუარტი თითქოს უკანა პლანზე რჩებოდა, თუმცა ასეთ მდგომარეობას შესანიშნავად აკომპენსირებდა მისი ბრწყინვალე პროდიუსერული და კომპოზიტორული ნიჭი. 1985 წელს შედგა ლენოქსის დებიუტი კინოში - მან ფილმში «Revolution» დონალდ სატერლენდსა და ალ პაჩინოსთან ერთად ითამაშა. იმხანად სტუარტი ბობ დილანთან, ტომ პეტისთან, ბობ გელდოფთან, მიკ ჯაგერთან წერდა დისკებს. კიდევ ერთი წლის შემდეგ «Eurythmics»-მა ახალი წარმატებული ალბომი გამოსცა.

პოპულარული ალბომი «We Too Are One» ლენოქსისა და სტუარტის ერთობლივ კარიერაში უკანასკნელი აღმოჩნდა. როგორც თავიდანვე აღვნიშნე, 1990 წლის იანვარში «Eurythmics»-ი დაიშალა და ენი და დეივი საკუთარ სოლო-კარიერაზე გადაერთნენ. მხოლოდ 1999 წლის მეორე ნახევარში გაერთიანდა კვლავ დუეტი მცირე ხნით და დისკიც ჩაწერა. მიუხედავად იმისა, რომ ენის და დეივის რომანტიკული სიყვარული კარგა ხნის დასრულებული იყო, წყვილმა თავის უკანასკნელ ერთობლივ პროფესიულ პროექტზე საოცარი ენერგიით იმუშავა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG