Accessibility links

ახალი ამბები

დაიღუპა ჟურნალისტი და უფლებადამცველი თენგიზ გუდავა

პრაღაში ჯერჯერობით გაურკვეველ გარემოებებში დაიღუპა ჟურნალისტი და უფლებადამცავი თენგიზ გუდავა. ის 55 წლის იყო. ყოფილი დისიდენტი და პოლიტპატიმარი თენგიზ გუდავა 1987 წელს გააძევეს საბჭოთა კავშირიდან. იმ დროიდან მოყოლებული 2004 წლამდე გუდავა რადიო თავისუფლების ჯერ ქართულ, შემდეგ რუსულ რედაქციაში მუშაობდა. ის არის მრავალი სტატიისა და რიგი წიგნების ავტორი.

ყველა ახალი ამბავი

მდინარაძე: ნახევარი დღით ადამიანი თუნდაც პირად საქმეზე სად წავა, მედიის განსჯის საგანი არ უნდა იყოს

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის იტალიაში, კომოს ტბაზე დასასვენებლად წასვლის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრობს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

„ნახევარი დღის განმავლობაში ადამიანი თუნდაც პირად საქმეზე სად წავა, მე მგონია, რომ ეს მედიის სასიუჟეტო განსჯის საგანი არ უნდა იყოს და ამას სპეკულაციები არ უნდა მოჰყვეს. მას [არჩილ თალაკვაძეს] არ უარყვია რაიმე კონკრეტული დეტალები და არ მგონია, რომ სპეკულაციები ამასთან დაკავშირებით, რომ ნახევარი დღე ადამიანი, სადმე წავიდა თუ არ წავიდა, ამას შეიძლება მოჰყვეს. - უთხრა „მთავარ არხს“ მდინარაძემ. .

„მთავარი არხის“ და ტელეკომპანია „ფორმულის“ ინფორმაციით, თბილისის მერი კახა კალაძე და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე კომოს ტბაზე მეგობრის დაბადების დღის აღსანიშნავად იმყოფებოდნენ.

პარლამენტის წევრი „ევროპული საქართველოდან“ გიორგი კანდელაკი არჩილ თალაკვაძეს თვითმფრინავის ბილეთის გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს. კანდელაკი ეჭვქვეშ აყენებს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას იმის შესახებ, რომ კომოს ტბაზე არ ყოფილა და სოციალურ ქსელ ფეისბუკში წერს, რომ 21 ნოემბერს, მან არჩილ თალაკვაძესა და გიგი წერეთელთან ერთად იფრინა სტამბოლიდან თბილისში

არჩილ თალაკვაძემ 22 ნოემბერს გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ „მთავარმა არხმა“ და „ფორმულამ“ მასზე გაავრცელეს დეზინფორმაციული, „უკიდურესად პოლიტიკური და მიკერძოებული სიუჟეტი“, რომელშიც საუბარი იყო იმაზე, რომ პარლამენტის თავმჯდომარე დასასვენებლად იტალიაში, კომოს ტბაზე იმყოფება: „სინამდვილეში, როგორც ხედავთ, მე ახლა ვარ საქართველოს პარლამენტში ჩემს სამუშაო ოთახში და მაქვს ჩვეულებრივი სამუშაო დღე“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პომპეომ ირანელებს მოუწოდა, გამოგზავნონ გამოსვლების ფოტოები და ვიდეოები

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ირანში საპროტესტო აქციების მონაწილეებს მოუწოდა, სახელმწიფო დეპარტამენტში გაგზავნონ პროტესტის ამსახველი ფოტოები და ვიდეოები. მან აღნიშნა, რომ ვაშინგტონი თეირანის წინააღმდეგ სანქციებს შემოიღებს აქციების მონაწილეთა მიმართ ძალადობისა და მათი დევნის გამო.

ტვიტერზე დაწერილი ეს განცხადება პომპეომ სპარსულადაც გაიმეორა. მან ირანელებს მოუწოდა, მტკიცებულებები პროგრამა Telegram-ის მესინჯერით გაგზავნონ.

პომპეოს ტვიტის შემდეგ აშშ-მა სანქციები დაუწესა ირანის კომუნიკაციების მინისტრს მისი როლისთვის „ინტერნეტის ფართო ცენზურაში“. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მოჰამად ჯავად აზარი-ჯაჰრომისთვის დაწესებული სანქციების თანახმად, მას გაეყინება აშშ-ის იურისდიქციაში არსებული ქონება.

ირანის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო გამოსვლები 15 ნოემბერს დაიწყო. მიზეზი გახდა ბენზინზე ფასების გაზრდა და საწვავის გაყიდვაზე შეზღუდვების შემოღება. ხელისუფლება აცხადებს, რომ მხოლოდ ასე შეიძლება გადაიჭრას ეკონომიკური პრობლემები, რომლებიც აშშ-ის სანქციებითაა გამოწვეული.

ირანის ოფიციალური პირები აღიარებენ სიკვდილის ფაქტებს დემონსტრაციების დროს, სხვათა შორის, უშიშროების ძალების წარმომადგენლებს შორის, მაგრამ განაცხადეს, რომ ამნესტი ინტერნეშენელის მიერ გამოცხადებული რიცხვი დახოცილებისა „სპეკულატიური და არასანდოა“.

თეირანი საპროტესტო აქციების ორგანიზებაში აშშ-სა და ისრაელს ადანაშაულებს.

მამუკა მდინარაძე რეფერენდუმის შესაძლო დანიშვნაზე: ამ საკითხზე მსჯელობა იქნება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის ინიციატივას. ზოიძეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარება სურს.

„საბოლოო პასუხს გადაჭრით ამასთან დაკავშირებით ნამდვილად ვერ გაგცემთ და ჩვენ ამასთან დაკავშირებით გუნდში მომდევნო დღეების განმავლობაში ვიმსჯელებთ. ამის შემდეგ შევაჯერებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნავს მამუკა მდინარაძე და განაგრძობს, - „დღეს რაიმე იმასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მაგვარიც კი, რომ მოდით, ჩავატაროთ პლებისციტი, არ შემიძლია, რომ გითხრათ. ამას სჭირდება გუნდის თანხმობა და საზოგადოებრივი კონსესუსი. აქედან გამომდინარე, ჩვენ საბოლოო პასუხს დღეს ვერ გაგცემთ. რა თქმა უნდა, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას დაემატა კიდევ ერთი საკითხი, გეთანხმებით, ამ საკითხზე მსჯელობა იქნება, ბუნებრივია, მაგრამ არსებობს ტექნიკური პრობლემები, არსებობს დროის საკითხიც ასევე განხილვას და დეტალიზაციას საჭიროებს. ამიტომ უკაცრავად, მედიასთან და საზოგადოებასთან, დღეს, აკაკი ზოიძის განცხადებიდან, რამდენიმე წუთის შემდეგ ჩვენ საბოლოო პასუხს ვერ გავახმოვანებთ, მაგრამ ვიმსჯელებთ. მიდგომა - მოდით ვკითხოთ ხალხს, ბუნებრივია, არ შეიძლება, იყოს წინააღმდეგობრივი ჩვენ აზრთან“.

აკაკი ზოიძის თქმით, რეფერენდუმის ან პლებისსციტის დანიშვნა ხელს შეუწყობს საზოგადოებაში დაპირისპირების პრევენციას და ქვეყნის განვითარების შესახებ კითხვებს მოხსნის მოხსნის.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია პარლამენტის, მთავრობის ან არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მოთხოვნით დანიშნოს რეფერენდუმი კონსტიტუციითა და კანონით განსაზღვრულ საკითხებზე, მისი დანიშვნის მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში.

არ შეიძლება რეფერენდუმის ჩატარება კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად, ამნისტიის ან შეწყალების გამო, საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების ან დენონსირების შესახებ, აგრეთვე ისეთ საკითხზე, რომელიც ითვალისწინებს ადამიანის ძირითადი კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას. რეფერენდუმის დანიშვნასა და ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება ორგანული კანონით.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, პლებისციტი არის კენჭისყრით საერთო-სახალხო გამოკითხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე ამომრჩეველთა ან მათი ნაწილის აზრის გასაგებად. პლებისციტს ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. პლებისციტის შედეგები სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისათვის სარეკომენდაციო ხასიათისაა.

ავღანეთის პრეზიდენტის ოფისი: ტრამპი სამშვიდობო მოლაპარაკების წინა პირობად „ცეცხლის შეწყვეტას“მოითხოვდა

ავღანეთის პრეზიდენტის, აშრაფ ღანის ოფისმა განაცხადა, რომ ღანიმ განიხილა მთავრობის შვიდპუნქტიანი გეგმა სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, რომელიც თალიბანთან მოლაპარაკების დაწყების „წინა პირობად" ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვდა. ტრამპს ასევე უთქვამს, რომ „ყოველგვარი პროცესის წარმატებისთვის აუცილებელია მოლაპარაკებაში ავღანეთის მთავრობის ჩართვა და მისი მხრიდან პროცესის პატრონაჟი და წარმართვა“, იტყობინება წარმომადგენელი სედიყ სედიყი.

ღანის გუნდმა გასულ თვეში წარადგინა მშვიდპუნქტიანი შეთავაზება, რათა გაგრძელდეს აშშ-ის და თალიბანს შორის მოლაპარაკება და დასრულდეს ავღანეთის 18 წლიანი ომი.

აშშ-მა და თალიბანმა ერთი წლის განმავლობაში გამართეს შეხვედრები ომის დასრულების მიზნით, სანამ ტრამპი არ შეწყვეტდა მოლაპარაკებას სექტემბერში. მიმომხილველები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ღანის გეგმის ზოგიერთ პირობის, სხვათა შორის ცეცხლის შეწყვეტის შსაძლებლობას. ამასთან, თალიბანი ავღანეთის მთავრობასთან მოლაპარაკებას არ აპირებს და მათ აშშ-ის "მარიონეტს" უწოდებს.

თუმცა 19 ნოემბერს თალიბანის მიერ ორი დასავლელი ტყვის გათავისუფლებამ და ამის სანაცვლოდ ქაბულის მიერ სამი მაღალი რანგის თალიბის გაშვებამ იმედი გააჩინა, რომ მოლაპარაკება შეიძლება შედგეს თალიბანსა და ავღანეთის მთავრობას შორის.

სადიყიმ ცალკე ტვიტი გაავრცელა, რომ ტრამპმა მადლობა გადაუხადა ავღანეთის პრეზიდენტს მისი მცდელობისთვის, უზრუნველეყო ოპატიმრების გაცვლა.

სოხუმში ავტომანქანიდან გახსნილ ცეცხლს სამი ადამიანი ემსხვერპლა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრო სოხუმის ცენტრში მომხდარი ინციდენტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

წინასწარი მონაცემებით, დაახლოებით 14:40 საათზე სამმა ნიღბიანმა ავტომანქანიდან ავტომატური იარაღიდან უმისამართო ცეცხლი გახსნა, სოხუმის ცენტრში, კაფე „სან რემოს“ მიმართულებით. შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არის ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ასტამურ შამბა. გარდა ამისა, საავადმყოფოში გარდაიცვალა „სან რემოს“ თანამშრომელი ქალი.

დანარჩენ დაზარალებულებს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოების შედეგად ავტომანქანა აალებული იპოვეს სოხუმის ერთ-ერთ რაიონში.

ქალაქში სამართალდამცავები გაძლიერებული რეჟიმით მოქმედებენ. ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.

ყირგიზეთის პრეზიდენტის ოფისი უარყოფს ჯეენბეკოვის კავშირს რადიო თავისუფლების გამოძიების სუბიექტთან

ყირგიზეთის პრეზიდენტის, სოორონბაი ჯეენბეკოვის ოფისმა განაცხადა, რომ სახელმწიფოს მეთაურს არასოდეს ჰქონია საქმიანი კავშირი პირთან, რომელიც რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ყირგიზული სამსახურის, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის გამოძიების პროექტისა და საინტერნეტო გამოცემა „კლუპის“ ერთობლივი გამოძიების ცენტრში იმყოფება.

საქმე ეხება მასშტაბულ კორუფციას ქვეყნის საბაჟო სფეროში და ნაღდი ფულის მასიურ გატანას უცხოეთში.

პრეზიდენტის წარმომადგენლმა, ტოლგონაი სტამალიევამ 22 ნოემბერს განაცხადა, რომ პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებამდე ჯეენბეკოვი შეხვდა ხაბიბულა აბდუქადირს, გამოძიების მთავარ ფიგურას, მაგრამ მას არასოდეს ჰქონია ერთობლივი საქმიანი პროექტი ამ პირთან.

ამ საქმისგან დამოუკიდებლად ყირგიზეთის პროკურატურამ განაცხადა 22 ნოემბერს, რომ დაიწყო გამოძიება მუქარის ფაქტების გარშემო საიმაითის მოკვლამდე.

მუქარის ფაქტები ერთობლივი გამოძიების შედეგად გამოვლინდა.

კვლევის თანახმად, 37 წლის იუღური ბიზნესმენი ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთის რეგიონ სინიანიდან, აირქენ საიმაითი, საიდუმლოდ იძლეოდა იმის დამადასტურებელ დოკუმენტებს, თუ როგორ გაჰქონდათ ასეულმილიონობით დოლარი აბდუქადირის, ჩინეთში დაბადებული, ყაზახური პასპორტის მქონე ეთნიკური იუღურის მიერ შექმნილი ქსელის მეშვეობით.

საიმაითი სტამბოლში, 10 ნოემბერს მოკლეს.

აკაკი ზოიძე საარჩევნო სისტემის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესა და პოლიტსაბჭოს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარებას სთავაზობს.

„გადავწყვიტე საჯაროდ გამეჟღერებინა და მიმემართა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოსთვის, ზომები მიიღონ უმოკლეს ვადაში რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარებაზე 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ეს გადაწყვეტილება, მისი თქმით, ხელს შეუწყობს საზოგადოებაში დაპირისპირების პრევენციას და ქვეყნის მომავალ განვითარებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებს მოხსნის.

„რეფერენდუმამდე დარჩენილი დრო გამოვიყენოთ საზოგადოებასთან სამუშაოდ, ჩვენთვის სასურველი შედეგის მისაღწევად“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მისი სიტყვებით, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს არ დაუჭერს პოლიტიკური გუნდი, პარლამენტისა და ზოგადად პოლიტიკის დატოვებას ფიქრობს.

14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩასატარებლად საჭირო საკონსტიტუციო ცვლილება. „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ხმები თავად უმრავლესობიდან დააკლდა. რასაც ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქციები მოჰყვა.

„ქართული ოცნება“ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლიდან გადასვლას დათანხმდა ივნისში დაწყებული ანტისაოკუპაციო აქციების შედეგად. საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა იყო მაჟორიტარული სისტემის გაუქმება უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს.

მარიამ ჯაში: თუ გიორგი კვირიკაშვილი დაბრუნდება, დიდი ალბათობით, მისი გუნდის წევრად მიხილავთ

მარიამ ჯაში

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, უმრავლესობიდან წასული მარიამ ჯაში ამბობს, რომ დღეს ქართულ პოლიტიკას გიორგი კვირიკაშვილი სჭირდება. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

„რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, პირადადაც მქონდა საუბარი გიორგი კვირიკაშვილთან, ის პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს, თუმცა, დღევანდელი პოლარიზებული გარემოს კონტექსტში, ვფიქრობ, რომ გიორგი კვირიკაშვილის დაბრუნება შეიძლება იყოს უაღრესად დადებითი ნაბიჯი. თუკი გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას გადაწყვეტს, დიდი ალბათობით, მისი გუნდის წევრად მიხილავთ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება 2020 წელთან დაკავშირებით ჯერ არ მაქვს მიღებული“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

14 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ვერ მიიღო უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის ითვალისწინებდა, უმრავლესობა დატოვეს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებმა თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ, მარიამ ჯაშმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა, გიორგი მოსიძემ, ირინე ფრუიძემ, ზაზა ხუციშვილმა და რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ წევრმა, გიორგი ბეგაძემ. ამასთან, სოფიო ქაცარავამ უარი თქვა დეპუტატის მანდატზეც.

15 ნოემბერს, საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ წევრებმა: ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ.

ენგურის ხიდზე მოძრაობა აიკრძალა

ოკუპირებულ გალის რაიონსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტს შორის არსებული ერთადერთი გამშვები პუნქტი, ენგურის ხიდი ჩაიკეტა.

როგორც რადიო თავისუფლებას გალელმა რესპონდენტმა შეატყობინა, მგზავრებისთვის უცნობია, რა მიზეზით მიიღო დე ფაქტო მთავრობამ ეს გადაწყვეტილება, თუმცა ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ამას კავშირი ჰქონდეს სოხუმში დღეს მომხდარ ინციდენტთან.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, სოხუმის ცენტრში, დაუდგენელმა პირებმა მოქალაქეების მისამართით ისროლეს ავტომატიდან. შეიარაღებულ ადამიანებს ნიღბები ჰქონდათ. მედია იუწყება, რომ შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ქალია. არიან დაჭრილები.

ზაზა თავაძე მიმართავს პარლამენტს, რომ მისი კანდიდატურის კენჭისყრა გადადოს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე, რომელიც ამავდროულად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია, პარლამენტს მიმართავს.

თავაძე უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს სთხოვს, გადადოს მისი კანდიდატურის განხილვა.

იგი შესაბამის წერილს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს უგზავნის.

ზაზა თავაძე თავისი კანდიდატურის განხილვის შეჩერების თხოვნის მთავარ მიზეზად „განათლების მაგისტრის ხარისხთან შესაბამისობის დადგენისთვის საჭირო პროცედურებს ასახელებს და იმედოვნებს, რომ მისი მაგისტრის ხარისხი დადასტურდება“.

"შეცვალეს" აქტივისტი მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა

ტიტე გედენიძე

მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტი ტიტე გედენიძე მოსამართლემ სამართალდამრღვევად არ ცნო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

იგი 21 ნოემბერს პოლიციამ „ქართული ოცნების“ ოფისთან დააკავა.

„გუშინ ჩვენ ვიდექით ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ რეჟიმის გასაპროტესტებლად. 4 წევრი დაგვაკავეს, დარწმუნებული ვარ, ის 3 წევრიც ჩემსავით გათავისუფლდება“, - განაცხადა ტიტე გედენიძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.

როგორც ტიტე გედენიძემ აღნიშნა, შსს-ს წარმომადგენლებმა იგი ყოველგვარი განმარტების გარეშე, ძალის გამოყენებით, უმიზეზოდ დააკავეს:

„დაგვაკავეს არაფრის გამო. უბრალოდ მათ ხელმძღვანელებს მოუნდათ ჩვენი პროტესტის გამოხატვის აღმოფხვრა“, - თქვა მან.

21 ნოემბერს „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან პოლიციამ მოძრაობა „შეცვალეს“ 4 წევრი დააკავა.

აშშ-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩოხელშეკრულება გაფორმდა

პენტაგონში აშშ-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩოხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილის უფლებამოსილმა პირმა მოაწერეს ხელი. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„ხელი მოვაწერეთ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ განახლებულ ჩარჩო-ხელშეკრულებას, რომელიც სრულად ასახავს ჩვენს პრიორიტეტებს. დოკუმენტი სრულ შესაბამისობაშია თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმებთან, რომელიც მიზნად ისახავს მზადყოფნისა და მდგრადი შესაძლებლობების განვითარებასა და თავდაცვის ძალების მოდერნიზაციას. ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის შედეგად საქართველო წვრთნების მიმღები ქვეყნიდან წარმატებით ყალიბდება დამოუკიდებელ პარტნიორად“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აშშ-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩოხელშეკრულება მომავალი სამი წლის განმავლობაში თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს განსაზღვრავს და საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის დონისა და ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. დოკუმენტის თანახმად, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი კვლავ დაუჭერს მხარს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიზანს, განავითაროს თავდაცვითი შესაძლებლობები მდგრადი საბრძოლო შესაძლებლობებითა და თავდაცვის ინსტიტუციების გაძლიერებით.

ჩარჩოხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე როგორც ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ეს გამოიხატება ორმხრივ ურთიერთობებსა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში შეტანილი წვლილით. დოკუმენტში ხაზგასმით არის აღნიშნული თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული წარმატებული რეფორმები.

თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს შორისაა: საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP), მტკიცე მხარდაჭერის მისიის (RSM) გადასროლისწინა მომზადების პროგრამა, ინსტიტუციური რეფორმები ძალების მზადყოფნისა და ურთიერთთავსებადობის გაუმჯობესების მიმართულებით და სხვა.

დოკუმენტი 2018 წლის აშშ-ის ეროვნულ თავდაცვის სტრატეგიას, საქართველოს ეროვნულ თავდაცვის სტრატეგიას 2020-2030, საქართველოს თავდაცვის მინისტრის დირექტივებსა და აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლისთავის ერთობლივ დეკლარაციას ეფუძნება.

აჭარის ტელევიზიის დირექტორად გოგა კოხრეიძე აირჩიეს

გოგა კოხრეიძე, რომელსაც „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატად მიიჩნევდნენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად მეორე ტურში აირჩიეს. მან 3 ხმა მიიღო (ერთი ბიულეტენი გაბათილდა). კოხრეიძე დირექტორი 3 წლით იქნება.

საბოლოო შედეგების მიღებამდე პირველ ტურში თითო ხმა მიიღეს მაია მერკვილაძემ და ფირუს ბოლქვაძემ, გოგა კოხრეიძემ - 2.

კოხრეიძე მანამდე ჩატარებულ სამივე კონკურსში მონაწილეობდა.

გოგა კოხრეიძე - 2014-2018 წლებში იყო საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, 2005-2014 წლებში - ტელეკომპანია „202“-ის დირექტორი, 1999-2004 წლებში - საქართველოს პარლამენტის წევრი.

აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ ოქტომბერში განახლებულმა მრჩეველთა საბჭომ, სადაც უმრავლესობაში „ქართული ოცნების“ კვოტით წარდგენილი წევრები არიან, დირექტორი 9 კანდიდატიდან აირჩიეს.

9 კანდიდატიდან 6 აჭარის ტელევიზიის და რადიოს თანამშრომელი იყო. ისინი აცხადებენ, რომ კონკურსში მონაწილეობას ერთგვარი აქციის სახე ჰქონდა, რათა მრჩეველთა საბჭოსთვის კანდიდატების სიმცირის არგუმენტი არ მიეცათ.

ამ 6 კანდიდატიდან 3, წინა კონკურსებშიც მონაწილეობდა.

2019 წლის აპრილის შემდეგ, როცა მრჩეველთა საბჭოს წინა შემადგენლობამ დირექტორ ნათია კაპანაძეს უნდობლობა გამოუცხადა, კონკურსი ოთხჯერ გამოცხადდა. სამ შემთხვევაში, ხმების საკმარისი რაოდენობა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო, მეოთხე კონკურსი კი, ბათუმის საქალაქო სასამართლომ შეაჩერა. წინა შემადგენლობის მრჩეველთა საბჭოში „ქართულ ოცნებას“ ხუთიდან მხოლოდ ერთი წარმომადგენელი ჰყავდა.

საბჭოს ამ შემადგენლობას დირექტორის არჩევის მეოთხე მცდელობა მას შემდეგ შეეზღუდა, რაც 23 სექტემბერს, მოსამართლე კობა გოცირიძემ დააკმაყოფილა ერთ-ერთი კანდიდატის, გოგა კოხრეიძის სარჩელი და კონკურსი შეაჩერა.

25 ოქტომბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ ხმათა უმრავლესობით აირჩია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს მრჩეველთა საბჭოს სამი წევრი: თამილა დოლიძე, სოსო სტურუა და თამარ წილოსანი. პარტიული კვოტით არჩეული დოლიძე და სტურუა „ქართული ოცნების“ ორი ფრაქციის კანდიდატები იყვნენ, ხოლო წილოსანი დამოუკიდებელი დეპუტატების კვოტით აირჩიეს. პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციამ, რომელსაც თავისი კვოტით მეოთხე კანდიდატი უნდა წარედგინა.

18 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დირექტორის შესარჩევი კონკურსი განახლდა.

გიორგი გაბაშვილმა თბილისის საკრებულოს ტრიბუნაზე მიკროფონი "დააბოქლომა"

„ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი გაბაშვილმა დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე ტრიბუნის მიკროფონს ბოქლომი დაადო.

„'დაბოქლომდება' ამათი, როგორც ხელისუფლების ნორმალური ფუნქციონირება“, - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა. მისი თქმით, ხელისუფლება ძალადობით, მოტყუებითა და აფერისტობით არჩევნების ჩატარებას ვერ შეძლებს.

„ეს არის ღრმა პოლიტიკური და მორალური კრიზისი, რომელშიც თქვენ იმყოფებით“, - მიმართა გიორგი გაბაშვილმა „ქართული ოცნების“ წევრებს.

აპარატის თანამშრომლებმა ბოქლომი ტრიბუნას მალევე მოხსნეს.

„ევროპულმა საქართველომ“ დღეს ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარული ბიუროების „დაბოქლომების“ აქცია გამართა.

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი "წითელ ჯვარს" ოპერატიულობისკენ მოუწოდებს

„სამწუხაროდ, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, ცხინვალის ციხეში კვლავ ვერ ახერხებს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მონახულებას და მისთვის ამანათის გადაცემას, რომელშიც ძირითადად მედიკამენტებია“, - ამ ინფორმაციას დაკავებულის ოჯახი ავრცელებს. პირველად წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ცხინვალის ციხეში ექიმის მოსანახულებლად 18 ნოემბერს შევიდა, დაკავებიდან 9 დღის შემდეგ. ექიმს ოჯახის მიერ გაგზავნილი წერილი გადასცეს და იქიდანაც საპასუხო წერილი წამოიღეს, რომელშიც გაფრინდაშვილი შემდეგ ჯერზე მედიკამენტების გაგზავნას ითხოვდა. ვაჟა გაფრინდაშვილის შვილის ირინა გაფრინდაშვილის ინფორმაციით, წითელი ჯვრის წარმომადგენლობაში მათ ამანათი სამშაბათს, 19 ნოემბერს, დილითვე მიიტანეს, მაგრამ ამ დრომდე ეს ამანათი ციხეში ვერ ხვდება და წითელ ჯვარს ისევ პრობლემა ექმნება. ოჯახს ჰპირდებიან, რომ გზავნილს დღეს საღამოს ან ორშაბათს დილით ჩაიტანენ ცხინვალში. ოჯახის თხოვნაა, რომ პროცესი დაჩქარდეს, რადგან ვაჟა გაფრინდაშვილსა და ოჯახის წევრებს შორის კონტაქტი მხოლოდ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით მყარდება. წითელი ჯვარი ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალში მუშაობს.

ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე 9 ნოემბერს, ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდებით დააკავეს. 15 ნოემბერს, ახალგორის სასამართლომ მას ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

ბექა ბასილაია: გორის იზოლატორი იმდენად კარგია, 13 დღე მეცოტავება

18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებული ადვოკატი ბექა ბასილაია გორის იზოლატორიდან წერილს ავრცელებს.

ის წერს, რომ მისთვის 13-დღიანი პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებს და ამის მიზეზსაც ასახელებს.

„სალამი გორიდან, გორის იზოლატორის მე-3 საკნიდან, სადაც იმდენად კარგია, რომ 13 დღე პატიმრობისთვის მეცოტავება კიდეც. მადლობა მოსამართლედწოდებულ ვალერიანე ფილიშვილს დაუგეგმავი შვებულებისთვის.

სერიოზულად კი გასაჩივრების უფლებით არ ვისარგებლებ შემდეგ გარემოებათა გამო:

  • მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს მოწყალებას არ ვთხოვ. ყველამ ვიცით, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური პატიმრები და ჩვენთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიიღება არა სასამართლო დარბაზებში, არამედ ივანიშვილის კარნახით, რასაც უსიტყვოდ ემორჩილებიან ფილიშვილები, მურუსიძეები, იაშვილები, ჩახნაშვილები, ხორავები, კლანია სახელი მათი;
  • ბიძინა ივანიშვილი საბოლოოდ დაადგა პუტინიზაციის გზას, მისი ღიად პრორუსული რეჟიმისგან შეფარდებული 13-დღიანი პატიმრობა რა მოსატანია იმ გმირი ქართველების ტყვეობასთან, ვინც საოკუპაციო რეჟიმების ციხეებში იმყოფებიან. ყოველგვარი პათეტიკის გარეშე, სოლიდარობა ვაჟა გაფრინდაშვილს და მის ბედში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს, მეუხერხულება კიდეც, მათ გვერდით რომ ვახსენებ თავს გორში, მხოლოდ 13 დღით, ოჯახის, მეგობრების, თანამებრძოლების, კოლეგების ყურადღებისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პატიმარი.
  • ბრძოლა, რაც დაწყებულია, არ შეჩერდება, გრძელდება, აზვირთდება და წალეკავს ბიძინა ივანიშვილის მტერთან მოკეკლუცე, მეგობრების გადამგდებ, საკუთარი მოქალაქეების გამცურებელ რეჟიმს. რეჟიმს, რომელიც ძალოვანთა ძალასღა ეყრდნობა მხოლოდ და ისინიც მოიღლებიან, არა უძლურებისგან, არამედ უსამართლო ბრძანებათა შესრულებისგან და აი მაშინ, ბიძინა დარჩება მარტო და შეიმუსრება, როგორც ასტაპორელი ვაჭარი კრაზნუს მო ნაკლოზი.

პ.ს. აღმოჩნდა, რომ ამ ტექსტამდე, ჩემს მეგობარსა და კოლეგას ივანე პეტრიაშვილს ჩემთან შეუთანხმებლად, ცხადია კეთილი მიზნებით, შეუტანია სააპელაციო საჩივარი, რაც უახლოეს დროში იქნება ანულირებული.

საქართველოს მთავარ პროკურატურას მოვუწოდებ, ჩემი პატიმრობის ვადასთან დაკავშირებით ნუ შეიტანთ პროტესტს, როგორც ეს წინა შემთხვევაში გააკეთეთ, საზოგადოების ზეწოლის შედეგად. არავის სჭირდება თქვენი ყალბი ჰუმანიზმი“, - წერს ბექა ბასილაია.

საია: პროკურატურა მაკო გომურს მრავალტომიანი საქმის მხოლოდ 2 ტომზე აძლევს წვდომას

20-21 ივნისის აქციის დაშლისას დაშავებულ მაკო გომურსა და მის უფლებამდაცველებს სისხლის სამართლის საქმეზე სრულ მასალებზე წვდომას არ აძლევენ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, 21 ნოემბერს, პროკურატურამ ადვოკატებს და დაზარალებულს საქმეში არსებული მასალები არასრულად გააცნო და მრავალტომიანი საქმის მხოლოდ 2 ტომზე მისცა წვდომა.

საიას ინფორმაციით, ხელმისაწვდომ მასალებში იყო მხოლოდ მაკოს და მისი ოჯახის წევრების, აქციის სამი მონაწილის გამოკითხვის ოქმები, სამედიცინო დოკუმენტაცია, ექსპერტიზის დასკვნები და გარკვეული ვიდეომასალები.

„დოკუმენტაციაში არ იყო ერთი სამართალდამცავის ჩვენებაც კი. საქმის მასალებში, ასევე, არ იყო რაიმე სახის ინფორმაცია აქციის დაშლის დაგეგმვასთან, პასუხისმგებელ პირთა ან/და მონაწილე დანაყოფებისა და მათი თანამშრომლების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის ინფორმაციას არსებითი მნიშვნელობა და შემხებლობა გააჩნია პასუხისმგებელ პირთა გამოსავლენად“, - აცხადებს საია.

საია მოუწოდებს პროკურატურას:

  • მისცეს მაკო გომურს და მის ადვოკატებს საშუალება, გაეცნონ სისხლის სამართლის საქმის მასალებს სრულად;
  • ჩაატაროს სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოძიება იმის გათვალისწინებით, რომ მაკო გომურისთვის მიყენებული დაზიანებიდან უკვე 5 თვეზე მეტი გავიდა.

სახალხო დამცველი: 18 ნოემბერს დაკავებულთა სასამართლო პროცესები დარღვევებით წარიმართა

ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველი 2019 წლის 18 ნოემბერს პარლამენტთან აქციის დროს დაკავებული პირების სასამართლო პროცესების შეფასებისას ამბობს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესები ვერ აკმაყოფილებდა ადამიანის უფლებების დაცვის მინიმალურ სტანდარტებს.

2019 წლის 19-20 ნოემბერს დასრულდა ადმინისტრაციული წესით დაკავებული 12 პირის სასამართლო განხილვა, სადაც 10 პირს სხვადასხვა ვადით პატიმრობა, 1 პირს კი ჯარიმა შეეფარდა. სახალხო დამცველის თანახმად, ამ პირთა დაკავების შემდგომი და სასამართლო პროცესი საპროცესო დარღვევებით წარიმართა, რაც სწრაფ და სათანადო რეაგირებას საჭიროებს.

კერძოდ, უშუალოდ სხდომებზე სახალხო დამცველი განსაკუთრებით გამოყოფს ისეთი კატეგორიის დარღვევებს, რომელთაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის მიხედვით, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს. ამ თვალსაზრისით სახალხო დამცველი აქცენტს აკეთებს ნეიტრალური და სანდო მტკიცებულებების არარსებობისა და დაცვის უფლებით სარგებლობის შეუძლებლობის პრობლემებზე.

„საბოლოო ჯამში, 19-20 ნოემბრის სასამართლო განხილვებმა კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას საბჭოთა პერიოდში მიღებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ხარვეზები. კოდექსის შეცვლის აუცილებლობაზე სახალხო დამცველი წლებია საუბრობს. ქვეყანაში დღეს მიმდინარე პროცესები და ეს სასამართლო განხილვებიც ადასტურებს, რომ კოდექსი მინიმალურ სტანდარტებსაც კი ვერ აკმაყოფილებს და რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოს პარლამენტმა ახალი ნორმატიული აქტი“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს პროკურატურას, იხელმძღვანელოს 2019 წლის 20-21 ივნისს დაკავებულ მოქალაქეებთან დაკავშირებით დამკვიდრებული პრაქტიკით, მიმართოს სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვოს დაკავებული პირების გათავისუფლება.

ირაკლი ოქრუაშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე პატიმრობა შეეფარდა

შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილს, ბუტა რობაქიძის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა გამოაცხადა.

რაც შეეხება ყოფილ გენერალურ პროკურორს, ზურაბ ადეიშვილს, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მისი წინასასამართლო პროცესის თარიღი განისაზღვრა.

ირაკლი ოქრუაშვილისთვის სახელმწიფო ბრალდება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. დაცვის მხარე აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ ოქრუაშვილის მიმართ აღკვეთის არცერთი ღონისძიება არ უნდა იყოს გამოყენებული.

ზურაბ ადეიშვილის ადვოკატის, სულხან კომახიძის განცხადებით, ადეიშვილის მიმართ დევნის დაწყების სტანდარტი არ არსებობს და არც წინასასამართლო სხდომის თარიღი უნდა დანიშნულიყო.

აღნიშნულ საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 9 იანვარს, 12:00 საათზე გაიმართება.

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის საქმის პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ თუ ირაკლი ოქრუაშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე 24 ნოემბრამდე ბრალს არ წაუყენებდნენ, ამას მოგვიანებით ვეღარ გააკეთებდნენ.

კოტრიკაძის თქმით, ხანდაზმულობის ვადა ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივ დევნას ეწურებოდა და არა საქმის განხილვას.

„გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, ამ საქმეზე სასამართლო განხილვა ვერ გაგრძელდება. ეს სწორი არ არის. აქ საუბარია მხოლოდ და მხოლოდ სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობაზე და არა საქმის განხილვის ხანდაზმულობაზე. თუ ირაკლი ოქრუაშვილს 24 ნოემბრამდე ვერ წავუყენებდით ბრალს, შემდეგ ვერასდროს წავუყენებდით. შესაბამისად, დევნა დაწყებულია და სასამართლოს განხილვას ხელს არაფერი უშლის. ოქრუაშვილს ბრალი გავაცანით, ხელს მოაწერს თუ არა, ეს მისი უფლებაა“, - განაცხადა კოტრიკაძემ.

ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ახალი ბრალი რამდენიმე დღის წინ წაუყენეს. ორივე მათგანს ბუტა რობაქიძის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.

ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან რვა წლამდე ვადით.

ვოლსკი: ვალდებული ვართ, ახალგაზრდებს შევახსენოთ ფაქტები "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობიდან

გია ვოლსკი

საპარლამენტო უმრავლესობის თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ დღეს, 22 ნოემბერს, გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებას, ძირითადად კი ახალგაზრდებს, შეახსენა „ისტორიული ფაქტები“ იმის შესახებ, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“ პროპორციული საარჩევნო სისტემის მიმართ.

„პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების სისტემის შეცვლის გარდა, ყველა საკითხზე შესაძლებელია მოლაპარაკებები მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის, საარჩევნო რეფორმაზე დაწყებული კონსულტაციების ფარგლებში, მაჟორიტარული არჩევნების სისტემის შეცვლის გარდა“, - ეს სიტყვები არ ეკუთვნით ჩვენს იმ კოლეგებს, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს პროპორციულ საარჩევნო წესზე გადასვლას. ეს 2010 წლის 11 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებაა, სადაც ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შეცვლის კატეგორიული წინააღმდეგია“, - ამ სიტყვებით დაიწყო თავისი განმარტებები გია ვოლსკიმ და სხვა ფაქტებს შორის გაიხსენა 2008 წლის 12 მარტი, როდესაც მაშინდელმა მმართველმა პარტიამ 25 %-ით შეამცირა პროპორციული სისტემით ასარჩევი დეპუტატების რაოდენობა, მაჟორიტარების სასარგებლოდ.

გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პარტია, რომელმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხი პოლიტიკურ დღის წესრიგში დააყენა და კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებები შეიტანა:

„მეტიც, დღეს ქუჩაში გამოფენილ ოპოზიციას ბოიკოტი რომ არ გამოეცხადებინა ცვლილებებისთვის, პროპორციულ არჩევნებზე 2020 წლიდან გადასვლის საკითხი კონსტიტუციაში უკვე ასახული იქნებოდა. მიუხედავად ამისა, საერთო კონსენსუსის მიღწევისათვის, საზოგადოების წინაშე პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობის ასამაღლებლად, „ქართულმა ოცნებამ“ საკითხი კვლავ დააყენა დღის წესრიგში“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში. განცხადების დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხა.

სუს-თან აქციაზე 6 პირი დააკავეს

პოლიციამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის(სუს) შენობასთან დააკავა საპროტესტო აქციის 6 მონაწილე. მათ შორის, „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარის შალვა ნათელაშვილის ვაჟი ბექა ნათელაშვილი.

აქციას მოძრაობის „გაბედე“ წარმომადგენლები მართავდნენ. აქციის მონაწილეები ჯერ შენობის შესასვლელის ბლოკირებას, შემდეგ კი ვაჟა-ფშაველას გამზირის გადაკეტვას ცდილობდნენ, რასაც ხელს პოლიცია უშლიდა.

შსს-ს ინფორმაციით, აქციის 6 მონაწილე დაკავებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის - ხულიგნობის და სამართალდამცავთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის.

ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც 14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩასატარებლად საჭირო საკონსტიტუციო ცვლილება. „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ხმები თავად უმრავლესობიდან დააკლდა.

„ქართული ოცნება“ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლიდან გადასვლას დათანხმდა ივნისში დაწყებული ანტისაოკუპაციო აქციების შედეგად. საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა იყო მაჟორიტარული სისტემის გაუქმება უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს.

კანდელაკი თალაკვაძეს: წუხელ, შემთხვევით, ჩემთან ერთად სტამბოლის რეისით ხომ არ ჩამოფრინდით?!

Georgia -- Giorgi Kandelaki Archil Talakvadze

პარლამენტის დეპუტატი გიორგი კანდელაკი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს თვითმფრინავის ბილეთის გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს. ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრი ეჭვქვეშ აყენებს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას იმის შესახებ, რომ კომოს ტბაზე არ ყოფილა და სოციალურ ქსელ ფეისბუკში წერს, რომ გუშინ, 21 ნოემბერს, მან არჩილ თალაკვაძესა და გიგი წერეთელთან ერთად იფრინა სტამბოლიდან თბილისში:

„ბატონი არჩილ თალაკვაძე დილიდან გვიმტკიცებს, არანაირ კომოს ტბაზე არ წავსულვარ და ცილს მწამებს სრულიად მედიაო. რადგან ჩვენმა პატივცემულმა თავმჯდომარემ თავდაჯერებულობის დემონსტრირება ასეთ აღმატებულ და საზეიმო ტონში გადაწყვიტა, მინდა მას კითხვით მივმართო: ბატონო არჩილ, წუხელ, შემთხვევით, ჩემთან და გიგი წერეთელთან ერთად სტამბოლიდან ერთი რეისით ხომ არ ჩამოფრინდით? მე და გიგი წერეთელი ევროპის სახალხო პარტიის ყრილობიდან დავბრუნდით და თქვენ სად ბრძანდებოდით, ხომ ვერ გაგვიმხელთ? რადგან თქვენ თავადვე გადაწყვიტეთ კონტრშეტევაზე გადასვლა და შავზე თეთრის მტკიცება, მოგიწოდებთ, თქვენი წუხანდელი ბილეთი გამოაქვეყნოთ და მედია, როგორც თავად აღნიშნეთ, „უკიდურეს მიკერძოებაში“ ამხილოთ“, - წერს გიორგი კანდელაკი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ 22 ნოემბერს გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ გუშინ ტელეკომპანიებმა „მთავარმა“ და „ფორმულამ“ მასზე გაავრცელეს დეზინფორმაციული, „უკიდურესად პოლიტიკური და მიკერძოებული სიუჟეტი“, რომელშიც საუბარი იყო იმაზე, რომ პარლამენტის თავმჯდომარე დასასვენებლად იტალიაში, კომოს ტბაზე იმყოფება: „სინამდვილეში, როგორც ხედავთ, მე ახლა ვარ საქართველოს პარლამენტში ჩემს სამუშაო ოთახში და მაქვს ჩვეულებრივი სამუშაო დღე“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„როდესაც სიუჟეტს აკეთებთ და ინფორმაციას შემდეგ ამოწმებთ, ეს არის ძალიან ცუდი მედიასტანდარტი. სამწუხაროა, რომ ასეთ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდით, გუშინ, საზოგადოებას უმტკიცებდით, დასასვენებლად ვიყავი წასული, თითქოს, ტბაზე ვისვენებ დევიდ ბექჰემთან თუ სხვა ვარსკვლავებთან ერთად, რაც სასაცილო სიუჟეტი იყო. მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს პოლიტიკური მოტივაციებით იყო განპირობებული“, - მიმართა მოგვიანებით ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ მედიის წარმომადგენლებს.

მედიის ინფორმაციით, თბილისის მერი კახა კალაძე და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე კომოს ტბაზე მეგობრის დაბადების დღის აღსანიშნავად იმყოფებოდნენ.

ნიუ-იორკის სასამართლომ რუს პროგრამისტს, სტანისლავ ლისოვს ოთხი წლით პატიმრობა მიუსაჯა

ნიუ-იორკის სასამართლომ რუს პროგრამისტს, სტანისლავ ლისოვს ოთხი წლით პატიმრობა მიუსაჯა ჰაკერული თავდასხმების თაობაზე გარიგების ბრალდებით. იმ დროის გათვალისწინებით, რაც ლისოვმა გამოძიების პერიოდში გაატარა ციხეში, ის ოთხი ან ხუთი თვის შემდეგ გამოვა საპატიმროდან. ლისოვმა აღიარა დანაშაული. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ის, სავარაუდოდ, რუსეთში იქნება დეპორტირებული. ლისოვი ბარსელონის აეროპორტში დააკავეს 2017 წელს. იმავე წლის ზაფხულში მოხდა აშშ-ში მისი დეპორტაცია. მანამდე ლისოვმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მიმართა თხოვნით, არ დაეშვა აშშ-ში მისი ექსტრადიცია. იქ მას 35 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა სხვადასხვა ბრალდებით.

პომპეომ ირანელებს მოუწოდა, გამოგზავნონ გამოსვლების ფოტოები და ვიდეოები

მაიკ პომპეო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ირანში საპროტესტო აქციების მონაწილეებს მოუწოდა, სახელმწიფო დეპარტამენტში გაგზავნონ პროტესტის ამსახველი ფოტოები და ვიდეოები. მან აღნიშნა, რომ ვაშინგტონი თეირანის წინააღმდეგ სანქციებს შემოიღებს აქციების მონაწილეთა მიმართ ძალადობისა და მათი დევნის გამო.

ტვიტერზე დაწერილი ეს განცხადება პომპეომ სპარსულადაც გაიმეორა. მან ირანელებს მოუწოდა, მტკიცებულებები პროგრამა Telegram-ის მესინჯერით გაგზავნონ.

ირანის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო გამოსვლები 15 ნოემბერს დაიწყო. მიზეზი გახდა ბენზინზე ფასების გაზრდა და საწვავის გაყიდვაზე შეზღუდვების შემოღება. ხელისუფლება აცხადებს, რომ მხოლოდ ასე შეიძლება გადაიჭრას ეკონომიკური პრობლემები, რომლებიც აშშ-ის სანქციებითაა გამოწვეული.

თეირანი საპროტესტო აქციების ორგანიზებაში აშშ-სა და ისრაელს ადანაშაულებს.

რატომ აწერს ხელს 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულთა შესახებ წერილს ბიზნესომბუდსმენი?

18 ნოემბრის ანტისამთავრობო აქციაზე დაკავებულთა ოქმების შესახებ გამოთხოვილ ინფორმაციას, ხელს აწერს მიხეილ დაუშვილი, როგორც შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი. თუმცა დაუშვილი ამ თანამდებობას აღარ იკავებს, 14 ნოემბრიდან ის ბიზნესომბუდსმენია.

დაუშვილის ხელმოწერილ დოკუმენტზე, რომელსაც On.ge ავრცელებს, ამობეჭდვის თარიღად 19 ნოემბერი, 09:51 საათია მითითებული. ამ დროს შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას დროებით ოთარ ჭელიძე ასრულებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ დოკუმენტი ავთენტურია და ეს დადასტურებულია მასზე დატანილი დამცავი ელექტრონული შტრიხ-კოდით. რაც შეეხება დაუშვილის ხელმოწერას, ეს მხოლოდ შიდასისტემური წუნია, რაც მონაცემთა განახლებასთან არის დაკავშირებული და დოკუმენტის ნამდვილობას ეჭვქვეშ არ აყენებს.

შსს-ს ცნობით, უწყებაში მოქმედი სისტემა სხვადასხვა საინფორმაციო რესურსისაგან კომპილირებული ​ავტომატიზებული პორტალია და ცვლილებები მხოლოდ თითოეული კომპონენტის განახლების შემდეგ აისახება.

„სისტემის სინქრონიზაცია დასრულებულია 19 ნოემბრის 13 საათსა და 25 წუთზე“, - აცხადებს შსს.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG