Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამეცნიერო-პოპულარული პროგრამა


სიცილით მკურნალობა

მთელი რიგი გამოკვლევები აჩვენებს, რომ ხშირად სიცილი დადებითად მოქმედებს ჰორმონების შემადგენლობაზე და იმუნურ სისტემაზე. როგორც ამერიკელ მეცნიერთა მიერ ჩატარებული ექსპერიმენტები აჩვენებს, ამ მეთოდის გამოყენება გამიზნულად შეიძლება დიაბეტით დაავადებულთა სამკურნალოდ.

როგორც აღმოჩნდა, დღეში ნახევარი საათი სიცილი არა მარტო სისხლში სტრესის ჰორმონების დონეს ამცირებს, არამედ ამცირებს ასევე ანთებით რეაქციებს და აუმჯობესებს ქოლესტერინის მონაცემებს. ამგვარი დამატებითი თერაპიით შესაძლებელია დიაბეტით დაავადებულთა შემთხვევაში შემცირდეს არტერიოსკლეროზის რისკი, განაცხადეს მეცნიერებმა ამერიკის ფიზიოლოგიური საზოგადოების ყოველწლიურ სამეცნიერო კონფერენციაზე ნიუ ორლეანში.

„ექიმებმა დღეისთვის იციან, რომ დადებითი ემოციები - მხიარული სიცილი, ოპტიმიზმი და იმედი - პირდაპირ ახდენს ზემოქმედებას ნივთიერებათა ცვლაზე“, ამბობს ლი ბერკი ლომა ლინდას უნივერსიტეტიდან. ეს მეთოდი დამატებითი თერაპიის სახით უფრო ინტენსიურად უნდა იქნეს გამოყენებული ავადმყოფების მკურნლობისას.

ბერკმა ოუკ კრესტის ჯანდაცვის კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელთან, სტენლი ტანთან ერთად შეარჩია დიაბეტით დაავადებული 20 პაციენტი, რომლებიც შაქრის დონის დასაწევ და მაღალი წნევის საწინააღმდეგო წამლებს იღებდნენ. ცდის მონაწილეთა ნახევარი ყოველდღიურად 30 წუთის მანძილზე უყურებდა საკუთარი სურვილით შერჩეულ ფილმს, რომელსაც სიცილამდე მიჰყავდა ისინი.

სიცილის ჯგუფში უკვე ორი თვის შემდეგ საგრძნობლად დაეცა სისხლში სტრესის ჰორმონების, ადრენალინისა და ნორადრენალინის შემცველობა. თორმეტი თვის შემდეგ ე.წ. „კარგი ქოლესტერინი“ 26 პროცენტით გაიზარდა. მაშინ, როცა საკონტროლო ჯგუფში ეს მაჩვენებელი მხოლოდ სამი პროცენტი იყო. ორგანიზმში ანთების მაჩვენებელი C-რეაქტიული პროტეინის დონე 66 პროცენტით დაეცა, ორჯერ უფრო მეტად, ვიდრე საკონტროლო ჯგუფის წევრთა შორის.

სიცილით თერაპიის წყალობით შემცირდა ანთებითი პროცეისისთვის ჩვეული სხვა ტიპური ნივთიერებებიც - სიმსივნის ნეკროზული ფაქტორი ალფა, ინტერფერონი-8 და ინტერლეუკინი-6. მეცნიერების ვარაუდით, ამის შედეგად საგრძნობლად უნდა შემცირდეს არტერიოსკლეროზისა და გულის დაავადებათა რისკი, ვინაიდან “კარგი ქოლესტერინის” მაღალ იმაჩვენებლები და ანთებითი რეაქციის მხოლოდ დაბალი დონე სისხლძარღვებში პლაკის შექმნას უშლის ხელს. მაგრამ ეს მომავალმა გამოკვლევებმა უნდა დაადასტუროს.


ხელოვნური ბუნება ადამიანის დაჩლუნგებას უწყობს ხელს

ხელოვნური ბუნების განცდა სულ უფრო მეტად უწყობს ხელს ადამიანის მიერ ნამდვილი ბუნების დავიწყებას. რობოტები ნამდვილი ცხოველების ნაცვლად, ფირზე აღბეჭდილი ბუხრის ცეცხლი ნამდვილის მაგივრად: დროთა განმავლობაში ადამიანისთვის ხელოვნური ბუნება უფრო რეალური ხდება, ვიდრე თავად ბუნება, მოწმობს ამერიკელ მეცნიერთა მიერ ახლახან გაკეთებული აღმოჩენა.

მათი აზრით, ამან შეიძლება შორეული პერსპექტივით იქამდე მიგვიყვანოს, რომ ადამიანი დაივიწყებს ჭეშმარიტ ბუნებას, წერენ მეცნიერები სამეცნიერო ჟურნალ "Current Directions in Psychological Science"-ში. ამის შედეგად ადამიანები სულ უფრო გულგრილი გახდებიან ბუნების ველური ექსპლოატაციის მიმართ. ამასთან, ხელოვნური ბუნება სულაც არ მოქმედებს დამამშვიდებლად იმ ადამიანებზე, რომლებიც ახლოს იცნობენ ნამდვილ ბუნებას.

დაკვირვება მოახდინეს ადამიანებზე, რომლებიც გამოიყენებენ რობოტ ძაღლ AIBO-ს ან პლაზმურ ეკრან-ფანჯრებს, რომლებიც რეალური ხედის სიმულირებას ახდენს.

ვინც რეალური ცხოვრებიდან იცნობდა ბუნების წიაღში გახედვას, მას პლაზმური ეკრანები დიდ სიამოვნებას არ ანიჭებს, ამბობს პეტერ კანი ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან.

მაგრამ ვითარება უკვე ჩვენს თაობის ბავშვებში იცვლება. ძაღლ-რობოტს ისინი უკვე ცოცხალ არსებასავით ეპყრობიან. გამოკვლევის ერთ-ერთი ავტორის, ჯოლინა რუკერტის თქმით, შემაშფოთებელი ამაში ისაა, რომ ახალი თაობები უკვე გულგრილად ეკიდებიან ბუნების მიმართ ძალადობას. მაგალითად, მდინარეებისთვის კალაპოტების შეცვლა, რაც წინათ ეკოლოგიურ ბარბაროსობად ითვლებოდა, სულ უფრო ნაკლებ ემოციებს იწვევს ადამიანებში.
XS
SM
MD
LG