Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის პრეზიდენტის პირველი 100 დღე


დღეს 100 დღე სრულდება მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა გახდა. ასდღიან თარიღს რაიმე ოფიციალური მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ დამკვიდრებულია ტრადიცია, რომ თვალი გადაევლოს, რისი გაკეთება შეძლო, ან ვერ შეძლო ახალმა პოლიტიკურმა ლიდერმა.

100 დღის მანძილზე ბარაკ ობამა 9 ქვეყანას ეწვია და პირისპირ შეხვედრები გამართა 44 უცხოელ ლიდერთან. მისი განცხადებები, როგორც წესი, თავშეკავებული იყო და კეთილ ნებას გამოხატავდა - თუნდაც მუსულმანური სამყაროსადმი მიმართვის დროს ნათქვამი სიტყვებით “ამერიკა თქვენი მტერი არ არის”, “შეერთებული შტატები ისლამს არ ეომეობაო”.

ამერიკელ პოლიტოლოგ დენიელ ჰემილტონის შეფასებით, ობამას მესიჯებს დადებითი გამოხმაურება ახლავს უცხოეთში. “მისი მესიჯია, რომ შეერთებული შტატები ყოველთვის ყველაფერს სწორად არ აკეთებს, მაგრამ მეორე მხრივ, არ შეიძლება, შეერთებულ შტატებს დაბრალდეს მსოფლიოს ყველა პრობლემა, ამიტომ მოდით, ურთიერთობა ახალ საფუძველზე ავაგოთო”, ამბობს პოლიტოლოგი.

სიახლე, ცვლილება შეერთებული შტატების პოლიტიკურ კურსში ობამას პრეზიდენტობის პირველივე დღეს დადასტურდა გადაწყვეტილებით, დაიხუროს გუანტანამოს ციხე და აიკრძალოს დაკითხვის დროს წამება.

მოგვიანებით, უკვე თებერვალში, დიდი ინტერესი და მითქმა-მოთქმა გამოიწვია რუსეთთან მიმართებით გაკეთებულმა განცხადებამ “გადატვირთვის” ღილაკის ამოქმედების შესახებ. ეს სიტყვები ჯერ ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა წარმოთქვა. შემდეგ სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა სუვენირად გაფორმებული ღილაკიც კი აჩუქა რუს კოლეგა სერგეი ლავროვს. მაგრამ “გადატვირთვა”, როგორც გაირკვა, მაინც არ ნიშნავს ურთიერთობის ცარიელი ფურცლით დაწყებას... 1 აპრილს ობამას და რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის პირველ შეხვედრაზე მიიღეს დეკლარაცია, რომელშიც აისახა რუსეთთან ამერიკის “უთანხმოება შარშანდელი აგვისტოს ომის მიზეზების და შედეგების გარშემო”. ორიოდ დღეში, ობამამ ფრანგ კოლეგა ნიკოლა სარკოზისთან შეხვედრის შემდეგ, კიდევ ერთხელ განმარტა თავისი პოზიცია. “მე ვაკრიტიკებდი საქართველოში რუსეთის ინტერვენციას და ახლაც მჯერა, რომ, მიუხედავად პრეზიდენტ სარკოზის შთამბეჭდავი ძალისხმევისა, ეშუამავლა ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად, დღემდე არ მომხდარა ვითარების სტაბილიზაციაო”, განაცხადა ობამამ და დასძინა, რომ ამერიკას მართალია სურს რუსეთთან მუშაობა, მაგრამ ვერ დაუბრუნდება “მუშაობის ძველ სტილს”.

რუსეთთან აშშ-ის მუშაობას რაც შეეხება, უკვე გაიმართა პირველი შეხვედრები ბირთვული განიარაღების კონტროლის საკითხებზე. ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება თანამშრომლობას ირანისა და ანტიტერორისტული ძალისხმევის საკითხებში. გავრცელებული ინფორმაციით, ბარაკ ობამა წელს უნდა ეწვიოს მოსკოვს.

პრეზიდენტობის 100-დღიან პერიოდში დადასტურდა, რომ ობამა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ავღანეთს. შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების ძალისხმევის ახალ კონცეფციასთან დაკავშირებით, ავღანეთში დამატებით 17 000-მდე ამერიკელი ჯარისკაცი გაიგზავნა. ობამა ევროპელ მოკავშირეებსაც მოუწოდებს, მეტი პასუხისმგებლობა იკისრონ რეგიონის სტაბილიზაციის საქმეში: საქმე ეხება ავღანეთთან ერთად მეზობელ პაკისტანში სტაბილიზაციის საჭიროებას.

არანაკლებ პრობლემური საკითხია ირანი. აშშ-ში შარშანდელი წინსაარჩევნო კამპანიის დროს ბევრი აკრიტიკებდა ობამას იმის გამო, რომ პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი ირანთან მოლაპარაკებისთვის მზადყოფნას გამოთქვამდა. პრეზიდენტის რანგშიც ობამამ რამდენჯერმე გამოხატა კეთილი ნება: ირანელებს ნოვრუზი მიულოცა, უპირობო მოლაპარაკება ახსენა, თეირანისთვის გაწვდილ ხელზე მიუთითა... არადა, კონკრეტული შედეგი არ ჩანს - თუ არ ჩავთვლით ამერიკელი დიპლომატების ძალიან მოკლე არაოფიციალურ შეხვედრას ირანის წარმომადგენლებთან, ჰააგაში კონფერენციის დროს.

პოლიტოლოგი დენიელ ჰემილტონი ირანის თავშეკავებულ რეაქციას იქ საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოების კონტექსტში განიხილავს. ის აღნიშნავს, რომ ირანისთვის ბევრი შეთავაზება ან მაშინვე იქნა უარყოფილი, ან პოლიტიკური მიზნებით გამოყენებული იქ წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ჰემილტონი მიზანშეწონილად მიიჩნევს, უბრალოდ, დალოდებას, როგორ დასრულდება საარჩევნო კამპანია, რა ტიპის ირანულ ხელისუფლებასთან მოუწევს მუშაობა ვაშინგტონს.

ჯერჯერობით ბევრი არაფერი შეცვლილა არც ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში, რომელიც ჩიხშია შესული. რეგიონში წარგზავნილად დაინიშნა გამოცდილი დიპლომატი ჯორჯ მიჩელი, ზაფხულისთვის ვაშინგტონშია დაგეგმილი სამშვიდობო მოლაპარაკება, რომელზეც ისრაელის, პალესტინელების და ეგვიპტის ლიდერებს მოელიან. ასევე, ჯერ გეგმების სფეროს მიეკუთვნება ერაყთან დაკავშირებული ცვლილებები. 2010 წლის აგვისტომდე ბოლო უნდა მოეღოს იქ შეერთებული შტატების სამხედრო ოპერაციებს.

დაბოლოს, ობამას ასდღიანი პრეზიდენტობის ერთ-ერთი ყველაზე უფრო გახმაურებული საგარეო-პოლიტიკური გადაწყვეტილების შესახებ: ეს იყო კუბის წინააღმდეგ მიმართული, რამდენიმე ათწელულის მანძილზე მოქმედი ემბარგოს გაუქმება.

როგორია ამერიკელების რეაქცია პრეზიდენტის ამ და სხვა გადაწყვეტილებებზე, ასახულია საზოგადოებრივი აზრის ბოლოდროინდელი გამოკითხვის, ალბათ შეიძლება ითქვას, შთამბეჭდავი შედეგებით: მათ თანახმად, გამოკითხულთა 70 პროცენტი დადებითად აფასებს ბარაკ ობამას მოღვაწეობას.
XS
SM
MD
LG