Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩაიშალა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების ვიზიტი ცხინვალში.


დღეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების ვიზიტი ცხინვალში ჩაიშალა. გუშინ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენელმა ბორის ჩოჩიევმა ოსურ სააგენტოს განუცხადა, რომ ცხინვალის ხელისუფლება ჟენევის პროცესის თანათავმჯდომარეებს მიიღებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ისინი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე კოკოითის ხელისუფლების მიერ შეთავაზებული ტრანსპორტით შევიდოდნენ და არა ეუთოს ავტომანქანებით იმ მიზეზით, რომ ”ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ტრანსპორტი, რომლებსაც არ აქვთ წარმოამდგენლობები სამხრეთ ოსეთში, ვერ გადაადგილდებიან” სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელმა საქართველოს კრიზისის საკითხებზე პიერ მორელმა რადიო თავისუფლებას განუცხადა: ”ჟენევის მოლაპარაკებების სამი თანათავმჯდომარის სახელით, კერძოდ კი - გაეროს გენერალური მდივნის საგანგებო წარმომადგენლის, ელჩ იოჰან ვერბეკეს, ეუთოს საგანგებო წარმომადგენლის, ელჩ ხრისტოპულოსისა და ჩემი, საქართველოს კრიზისის საკითხებზე ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენლის სახელით. ჩვენ სინანულს გამოვთქვამთ იმის გამო, რომ ცხინვალში დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშალა წარმოქმნილი წინაღობების გამო, რასაც ზეგავლენა არ მოუხდენია ჩვენს ადრინდელ ოთხ ვიზიტზე ცხინვალში. ჩვენ - თანათავმჯდომარეები - კვლავაც მოველით, რომ სამხრეთ ოსეთიდან მონაწილეებს შევხვდებით ჟენევაში, ვიდრე შევუდგებით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდს, რომელიც 18-19 მაისს გაიმართება”.
XS
SM
MD
LG