Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალია და საფრანგეთი შენგენის ხელშეკრულების რეფორმას მოითხოვენ


იტალიის პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი და საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი საჭიროდ მიიჩნევენ ღია საზღვრების შესახებ ევროკავშირის ხელშეკრულების გამკაცრებას პრობლემის გამო, რომელიც უკავშირდება ათასობით ჩრდილოეთაფრიკელი იმიგრანტის გადაადგილებას. პრეს-კონფერენციაზე, რომელიც რომში გაიმართა ბერლუსკონის და სარკოზის შეხვედრის შემდეგ, იტალიის პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მოსაზრება, რომ შენგენის ხელშეკრულება საჭიროებს ცვლილებებს, „საგანგებო პირობებთან“ მის მისასადაგებლად. ხოლო სარკოზის განცხადებით, საფრანგეთი და იტალია ევროკავშირის ლიდერებს მიმართავენ ხელშეკრულების რეფორმის თხოვნით. იტალია-საფრანგეთის ურთიერთობაში დაძაბულობას იწვევს ჩრდილოეთაფრიკელი იმიგრანტების მცდელობა, შეაღწიონ საფრანგეთის ტერიტორიაზე. იტალია უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ, მისივე განცხადებით, მარტოს უწევს გამკლავება ტუნისიდან და ჩრდილოეთ აფრიკის სხვა ქვეყნებიდან წამოსული იმიგრანტების ტალღასთან. პარიზი კი რომს ადანაშაულებს პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებაში, არალეგალური იმიგრანტებისთვის საზღვარზე გადასვლის საშუალების მიცემით. წელს 25 000-მდე ჩრდილოეთაფრიკელი იმიგრანტია ჩასული სამხრეთ იტალიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში არეულობისათვის თავის ასარიდებლად.
XS
SM
MD
LG