Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპმა ისრაელში ვიზიტი დაიწყო


რომის პაპი წმინდა მიწაზე მოგზაურობას განაგრძობს
რომის პაპი წმინდა მიწაზე მოგზაურობას განაგრძობს
რომის პაპი ბენედიქტე მეთექვსმეტე წმინდა მიწაზე მოგზაურობას განაგრძობს. დღეს ის ისრაელში ჩავიდა. პაპი ისრაელში და პალესტინელთა ტერიტორიებზე ხუთ დღეს დაჰყოფს - ეს დღეები, დიპლომატიური თვალსაზრისით, მისი ტურნეს ყველაზე რთულ მონაკვეთად ითვლება. პაპმა დღეს ჰოლოკოსტის მსხვერპლ ებრაელთა მემორიალი - იად ვაშემს - მოინახულა. ის შეხვდება ისრაელისა და პალესტინელების პოლიტიკურ ხელმძღვანელებს, ასევე ქრისტიან, ებრაელ და მუსულმან სულიერ ლიდერებს. ამასთან, პაპი მოინახულებს პალესტინელ ლტოლვილებს, რომლებიც იმ ადგილის მახლობლად ცხოვრობენ, იესოს დაბადების ადგილად რომაა მიჩნეული ბეთლემში.

ისრაელში ვიზიტის დაწყებისას, რომის პაპი ბენედიქტე მეთექვსმეტე, ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტის გადაჭრის მიზნით, პალესტინის სახელმწიფოს შექმნის მოწოდებით გამოვიდა:

”ყველა მხარეს მივმართავ თხოვნით, გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა, რათა არსებული სირთულეები სამართლიანად გადაიჭრას და ორივე ხალხმა შეძლოს მშვიდობიანი არსებობა საკუთარ სამშობლოში, რომელსაც უსაფრთხო და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები ექნება.”

ვატიკანის მხრიდან ორი სახელმწიფოს გეგმის მხარდაჭერა წინააღმდეგობაში მოდის ისრაელის ახალი მთავრობის პოზიციასთან, რომლის თანახმადაც, ვაშინგტონისა და სხვა მოკავშირეების ზეწოლის მიუხედავად, პალესტინელებს დამოუკიდებელ სახელმწიფოსზე უარი უნდა ეთქვას.

ისრაელსა და ოკუპირებულ დასავლეთის სანაპიროზე სტუმრობისას, რომის პაპი იესო ქრისტეს ცხოვრებასთან დაკავშირებულ წმინდა ადგილებს მოინახულებს. ამასთან, ის ებრაელების და მუსულმანების წმინდა ადგილებსაც ესტუმრება. ერთ-ერთი მთავარი მესიჯი, რომელიც პაპის მიმდინარე ვიზიტს თან გასდევს, რელიგიებს შორის შერიგებაა. ისრაელში ჩასვლამდე პაპი ბენედიქტე მეთექვსმეტე იორდანიას სტუმრობდა, სადაც მუსულმანებსა და კათოლიკეებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესების მოწოდებით გამოვიდა. ისრაელში კი ის ვატიკანსა და ებრაელებს შორის კავშირების გამყარების პერსპექტივებზე ისაუბრებს.

სწორედ ამ ასპექტზე გააკეთა აქცენტი ტელ-ავივის შემოგარენში, ბენ-გურიონის აეროპორტში, პაპის დასახვედრად მისულმა ისრაელის პრეზიდენტმა შიმონ პერესმა:

”თქვენს ვიზიტს რელიგიებს შორის ურთიერთგაგების დალოცვა მოაქვს და მშვიდობას ავრცელებს როგორც ჩვენს სამეზობლოში, ისე ჩვენგან შორს.”

თუმცა პაპისთვის ამ მიზნის მიღწევა, შესაძლოა, არცთუ იოლი აღმოჩნდეს.

ებრაელებს ახსოვთ ბენედიქტე მეთექვსმეტის მიერ რამდენიმე თვის წინ გადადგმული ნაბიჯი, სასულიერო წოდება რომ დაუბრუნა ყოფილ ეპისკოპოსს, რომელიც ჰოლოკოსტის მასშტაბს უარყოფს.

ჰოლოკოსტის თაობაზე შეხედულება არ ყოფილა ამ ეპისკოპოსისთვის სტატუსის ჩამორთმევის მიზეზი. პაპი, როგორც სჩანს, არ იცნობდა ჰოლოკოსტის შესახებ მის მოსაზრებებს და ის პოსტზე მრჩევლებთან შეუთანხმებლად აღადგინა.

ამ ნაბიჯს ძველი ბრალდებების გახსენება მოჰყვა: ბევრი ებრაელი თვლის, რომ კათოლიკური ეკლესია პასიურად დათანხმდა ევროპელი ებრაელების განადგურების თაობაზე ნაცისტური გერმანიის გეგმას.

მათი აზრით, მაშინდელმა პაპმა, პიუს მეთორმეტემ, არ გამოიყენა გერმანიასთან არსებული კავშირები და არ ეცადა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა გადარჩენას.

ვატიკანი ამას უარყოფს - აცხადებს, რომ პაპი დაფარულად აქტიურობდა და რაც შეეძლო, ყველაფერს აკეთებდა.

ბენედიქტე მეთექვსმეტეს არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ პოლიტიკურ იდეოლოგიას რელიგიის გამოყენება და მორწმუნეთა მანიპულაცია შეუძლია.

ამის შესახებ მან ამანშიც ისაუბრა - მისი განცხადება ეხებოდა როგორც თანამედროვე ისლამურ ექსტრემიზმს, ისე ქრისტიანებსა და ებრაელებს შორის ტრადიციულ დაძაბულობას:

ნს 050906 პაპის ხმა
”ცხადია, განსხვავებული რელიგიური ტრადიციების მიმდევართა შორის არსებულ დაძაბულობას და უთანხმოებას სამწუხაროდ ვერ უარვყოფთ. მაგრამ, ამავე დროს, ხშირად საქმე გვაქვს რელიგიით იდეოლოგიურ მანიპულაციასთან, ზოგჯერ პოლიტიკური მიზნით. ეს საზოგადოებაში დაძაბულობის და დაყოფის რეალური კატალიზატორია, და დროდადრო ძალადობასაც იწვევს.”

ბენედიქტე მეთექვსმეტეს თქმით, მისი მიმდინარე ტურნე უწინარესად სულიერი ხასიათისაა, და არა პოლიტიკურის. თუმცა მისი ვიზიტის პოლიტიკური შეფერილობის უგულებელყოფა ალბათ მაინც შეუძლებელი იქნება.

ოთხშაბათს პაპი პალესტინელთა ტერიტორიებზე გადავა, და პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთან გამართავს შეხვედრას. ის ასევე სიტყვით მიმართავს პალესტინელ ლტოლვილებს, რომლებიც ცხოვრობენ ბეთლემში - იესოს დაბადების ადგილად მიჩნეულ ქალაქში.

პოლიტური ფონის უგულებელყოფა შეუძლებელი იქნება - პალესტინელებმა პაპის გამოსვლისთვის საგანგებო ტრიბუნა იმ კედლის წინ აღმართეს, რომელიც ისრაელს დასავლეთის სანაპიროზე აქვს აგებული.

ეს იმ მიზნით გაკეთდა, რომ პაპის გამოსვლის გაშუქებისას მსოფლიო მედიამ კედლის ხელსაყრელი პერსპექტივიდან გადაღება შესძლოს. ისრაელმა ტრიბუნის გამართვის ნებართვა არ გასცა, მაგრამ პალესტინელებმა ის მაინც ააგეს.

ჯერჯერობით გაურკვეველია, პაპი ამ ტრიბუნას გამოიყენებს, თუ სხვა ადგილას გამოვა სიტყვით.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG