Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭო პალესტინის სახელმწიფოს შექმნის მომხრეა


გაეროს უშიშროების საბჭო
გაეროს უშიშროების საბჭო
ორშაბათს გაეროს უშიშროების საბჭო ერთხმად გამოვიდა პალესტინელთა დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის მოწოდებით. ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც ერთი კვირის შემდეგ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ვაშინგტონში ბარაკ ობამას უნდა შეხვდეს. გაეროში შეერთებული შტატების ელჩის სიუზენ რაისის თქმით, ობამას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი იმუშაოს ”ისრაელსა და მის არაბ მეზობლებს შორის ფართომასშტაბიანი მშვიდობის” დამყარებაზე. ისრაელს და პალესტინელებს ამავე მიზნის მიღწევისკენ მოუწოდა უშიშროების საბჭოს მორიგმა პრეზიდენტმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

გაეროს უშიშროების საბჭოს სიტყვებით, ”სასწრაფო ზომების” გატარებაა საჭირო იმისათვის, რომ პალესტინელთა დამოუკიდებელი სახელმწიფო შეიქმნას და ახლო აღმოსავლეთში ფართომასშტაბიანი მშვიდობა დამყარდეს.

განცხადებაში, რომელსაც საბჭოს 15-ვე წევრი აწერს ხელს და რომელიც სხდომის ბოლოს ხმამაღლა წაიკითხეს, საბჭო აცხადებს, რომ ორი სახელმწიფოს პროექტის რეალიზებისთვის ”აქტიური დიპლომატიური” ნაბიჯებია აუცილებელი.

საბჭო მოუწოდებს ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო ოთხეულს - გაეროს, შეერთებულ შტატებს, რუსეთს და ევროკავშირს - განაგრძონ მუშაობა კონფლიქტის ფართომასშტაბიან გადაწყვეტაზე.

განცხადებაში ნათქვამია: ”საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მხარეებს და საერთაშორისო თანამეგობრობას, რაც შეიძლება მალე განაახლონ ნაბიჯები, რათა ახლო აღმოსავლეთში ფართომასშტაბიანი, სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობა დამყარდეს. ეს ეფუძნება რეგიონის მოდელს, რომელიც ითვალისწინებს ორი დემოკრატიული სახელმწიფოს - ისრაელისა და პალესტინის - ერთმანეთის გვერდით, უსაფრთხო და აღიარებულ საზღვრებში თანაარსებობას.”

საბჭოს სხდომას მისი მორიგე თავმჯდომარე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ხელმძღვანელობდა. მისი თქმით, ამ განცხადების მიღებით საბჭომ ხაზი გაუსვა, რომ გაეროს რეგიონში მშვიდობის დამყარება სურს:

”უშიშროების საბჭომ ამ განცხადებაში გამოხატა თავისი სწრაფვა, მხარეების მშვიდობისთვის ძალისხმევას მომავალშიც აღმოუჩინოს დახმარება. ცხადია, რომ წარმატების მიღწევა შეიძლება მხოლოდ ერთობლივი მოქმედებით, საყოველთაოდ აღიარებული სამართლებრივი პრინციპებით, რაც განცხადებაში მკაფიოდ არის ხაზგასმული. საბჭოს წევრები მხარეებს მოუწოდებენ მოლაპარაკება განაახლონ არა სუფთა ფურცლიდან, არამედ საბჭოს მიერ უკვე მიღებული გადაწყვეტილებების და თავად მხარეებს შორის უკვე არსებული შეთანხმებების საფუძველზე.”

ლავროვს ჰკითხეს, როგორია რუსეთის პოზიცია თურქეთისა და ლიბიის მიერ გამოთქმულ მოწოდებაზე პალესტინელთა არჩეულ ლიდერებთან, კერძოდ, ჰამასთან თანამშრომლობის თაობაზე. მისი თქმით, მოსკოვი ამ იდეას მხარს უჭერს:
”ჰამასთან კავშირს ვინარჩუნებთ. აქტიურად მოვუწოდებთ მათ ისეთი ნაბიჯები გადადგან, რომელიც უპასუხებს პალესტინელი ხალხის ფუნდამენტურ ინტერესებს. ამ კუთხით, პალესტინელთა ერთიანობის თემაც ახლებურად ჟღერს, იმიტომ რომ სულ ახლახან ზოგიერთი ქვეყანა ამ თემაზე საუბარს საერთოდ გაურბოდა და აცხადებდა, რომ საქმეს დაიჭერდა პალესტინური საზოგადოების მხოლოდ ერთ ნაწილთან.”

განცხადებაში უშიშროების საბჭო გამოდის მოწოდებით ახალი არაბული სახელმწიფო შეიქმნას იუდეაში, სამარიასა და ღაზაში და ამ რეგიონებში შეწყდეს ისრაელის ქმედებები. ისრაელი არ ეთანხმება პრობლემის გადაწყვეტაში უშიშროების საბჭოს ჩარევას, ვინაიდან ამას მხოლოდ ორმხრივ საკითხად მიიჩნევს.

წინა მთავრობა, რომელსაც სათავეში პრემიერ-მინისტრი ეჰუდ ოლმერტი ედგა, დიდწილად ემხრობოდა ორი სახელმწიფოს თანაარსებობის პროექტს. მაგრამ ოლმერტის შემცვლელი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, პალესტინელთა დამოუკიდებელი სახელმწიფოს იდეას ეჭვით უყურებს.

ლავროვის თქმით, საკითხის გადაწყვეტის მიზნით, მოსკოვი ისრაელის პოლიტიკის სხვადასხვა სპექტრის წარმომადგენლებთან თანამშრომლობს.

უშიშროების საბჭოში შეერთებული შტატების ელჩმა სიუზენ რაისმა საბჭოს წევრებს შემდეგი განცხადებით მიმართა: ”მომენტი ხელიდან არ უნდა გავუშვათ. სწორედ ამიტომ შეერთებული შტატები და სხვა ძალები გაორმაგებული ძალისხმევით იწყებენ ორი სახელმწიფოს პროექტის რეალიზებით საკითხის გადაწყვეტაზე მუშაობას.”

გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა ისრაელი გააკრიტიკეს იმის გამო, რომ ის ხელს უშლის ღაზაში საკვებისა და მედიკამენტების ჩატანას.

უშიშროების საბჭოს სხდომას ისრაელი არ დასწრებია.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG