Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიმფონია ხოდორკოვსკისთვის


არვო პიარტი
არვო პიარტი
ცნობილი ესტონელი კომპოზიტორის არვო პიარტის მეოთხე სიმფონია რუს პოლიტმატიმარს, ბიზნესმენ მიხაილ ხოდორკოვსკის მიეძღვნა. პირველად ახალი ნაწარმოები ლოს-ანჟელესის სიმფონიურმა ორკესტრმა, ესა-პეკა სალონენის დირიჟორობით, იანვარში შეასრულა. სიმფონიის ევროპული პრემიერა 16 აპრილს ჰელსინკში შედგა. ჰელსინკის ფილარმონიულ ორკესტრს ჯემ მანსურმა უდირიჟორა. წლის სხვა მუსიკალური მოვლენებისგან არვო პიარტის ოპუსი ორი გარემოებით გამოირჩევა: ჯერ ერთი, კომპოზიტორის მესამე სიმფონიის გამოქვეყნებიდან თითქმის ორმოცი წელი გავიდა და, მეორეც, ახალი ნაწარმოები კომპოზიტორმა პოლიტპატიმარს მიუძღვნა, რაც უპრეცედენტოა. მუსიკალურ ხელოვნებაში პიარტი ერთ-ერთი ყველაზე კარჩაკეტილი ფიგურაა - ის იშვიათად აძლევს ინტერვიუს პრესას. გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს ის, რაც მან რადიო თავისუფლების რუსული მაუწყებლობის მსმენელებს უამბო: ”ჩემი მეოთხე სიმფონიის შესაქმნელად მფარველი ანგელოზის წესის ტექსტმა გამამხნევა. მიუხედავად იმისა, რომ თვით ტექსტი ნაწარმოებში არ ჟღერს, ის სიმფონიის სტრუქტურის საფუძველში ძევს. ამგვარი მუსიკალური ხერხით ვცადე მიხაილ ხოდორკოვსკისა და სხვა უუფლებო ტუსაღებისთვის ხელი გამეწოდა. მუსიკის მეშვეობით მე მათ გამამხნევებელი ამბავი შევუთვალე - მუსიკა ხომ, პოლიტიკური საზღვრების განურჩევლად, ყველას ელაპარაკება. მოხარული ვარ, რომ ჩემი სიმფონიის ყოველი შესრულების დროს ჟღერს იმ ადამიანის სახელი, რომელსაც ეს ნაწარმოები მივუძღვენი.”

პარვო პიარტი 1935 წლის 11 სექტემბერს ტალინის ახლომდებარე ქალაქ პაიდეში დაიბადა. 1957 წელს მან კომპოზიციის განხრით დაამთავრა ტალინის კონსერვატორია, სადაც პროფესორ ჰეინო ელერის კლასში სწავლობდა. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდა მუსიკოსი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხმის რეჟისორად მუშაობდა ესტონეთის რადიოში. 1964 წლიდან ახალგაზრდა კომპოზიტორმა თავის ნაწარმოებებში კოლაჟის ტექნიკის გამოყენება დაიწყო. ამ პერიოდშივე მის მუსიკაში ჩნდება რელიგიური მოტივები, რის გამოც ზოგიერთი მისი ნაწარმოები ფსევდონიმით ქვეყნდებოდა. აღსანიშნავია, რომ პიარტი მართლმადიდებლად მოინათლა. ბოლოს და ბოლოს, 1979 წელს, კომპოზიტორმა დატოვა საბჭოთა კავშირი და ემიგრაციაში წავიდა. მან ბინა ჯერ ვენაში დაიდო, სადაც Universal Edition-თან დადო კონტრაქტი, ხოლო გერმანული აკადემიის სტიპენდიის მიღების შემდეგ საცხოვრებლად ბერლინში გადავიდა. სწორედ გერმანიის დედაქალაქში შექმნა პიარტმა ნაწარმოებები ინსტრუმენტული შემადგენლობისთვის, დაწერა შესანიშნავი ვოკალური და საგუნდო მუსიკა. ზოგადად, კომპოზიტორის შემოქმედება ე.წ. ”საკრალურ მინიმალიზმს” მიეკუთვნება. ამ მუსიკალურ მიმდინარეობას რამდენიმე ნიშანთვისება ახასიათებს: ის უარყოფს დეკორატიულ დეტალიზაციას და გამომხატველი ხერხების მკაცრ სიმარტივეს იცავს, მისთვის დამახასიათებელია მოკლე მუსიკალური ფრაზის განმეორება, რასაც თან ახლავს ხანგრძლივი მინიმალური ვარიაციები. მინიმალისტური მუსიკა თავის ჟღერადობით ხშირად ელექტრონული მუსიკის სხვადასხვა ფორმებს წააგავს. გარდა სიმფონიური, ინსტრუმენტული და ვოკალური მუსიკის შექმნისა, არვო პიარტი აქტიურად თანამშრომლობს აგრეთვე კინემატოგრაფთან. განსაკუთრებით ეს ეხება ე.წ. საავტორო კინოს: მან დაწერა საუნდრეკები ისეთი პოპულარული ფილმებისთვის, როგორიცაა ”მონანიება”, ”გაძევება” და სხვ. კომპოზიტორს ”გრემი”, ”ტეფი” და სონინგის სახელობის პრესტიჟული პრემია აქვს მიღებული. პიარტი შვედეთის სამეფო მუსიკალური აკადემიის, ტარტუს და ტალინის უნივერსიტეტების საპატიო დოქტორია. მოხდა ისე, რომ ხოდორკოვსკისთვის მიძღვნილი მეოთხე სიმფონიის ევროპული პრემიერა დმიტრი მედვედევის ჰელსინკში ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე შედგა. ამის გამო ამ პრემიერამ ძალაუნებურად გარკვეული პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა. 2006-2007 წლებში, ცნობილი რუსი ჟურნალისტის და ადამიანთა უფლებების დამცველის ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის შემდეგ, თავისი ნაწარმოებების ყველა შესრულება არვო პიარტმა მის ხსოვნას მიუძღვნა. კომპოზიტორის თქმით, მას არ შეეძლო სხვაგვარად მოქცეულიყო, ვინაიდან რუსეთი ყოველთვის თავისი საუკეთესო შვილების დევნით გამოირჩეოდა.
XS
SM
MD
LG