Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტყვის თუ არა უარს ვაშინგტონი ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემაზე?


ანტისარაკეტო სისტემის მოწინააღმდეგეთა დემონსტრაცია პოლონეთის ქალაქ გდანსკში
ანტისარაკეტო სისტემის მოწინააღმდეგეთა დემონსტრაცია პოლონეთის ქალაქ გდანსკში
ამერიკელი და რუსი ექსპერტებისგან შემდგარმა ჯგუფმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმადაც ირანს ევროპაზე ბირთვული შეტევის შესაძლებლობამდე მრავალი წელი აშორებს, შედარებით ნაკლები დრო - ბირთვული იარაღის შექმნამდე. ამასთან, ექსპერტთა ჯგუფის აზრით, ირანის მხრიდან ამგვარი შესაძლებლობის მიღწევის შემდეგ ანტისარაკეტო სისტემა, რომელიც პოლონეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში უნდა განთავსდეს, არ იქნება საიმედო თავდაცვა. ანგარიში, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის ინსტიტუტმა შეიმუშავა, ითვალისწინებს რეკომენდაციას, რომ ვაშინგტონმა ანტისარაკეტო სისტემაზე მუშაობა თავიდან დაიწყოს და პროექტი რუსეთთან თანამშრომლობით განავითაროს. მისცემს თუ არა ეს პრეზიდენტ ობამას ბუშის პერიოდის პროექტზე უარის თქმის პოლიტიკურ საბაბს? ჩვენი რადიო ანგარიშის ერთ-ერთ მონაწილეს და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომელს დაუკავშირდა.

ირანის მხრიდან გამოცდა ახალი რაკეტისა, რომელსაც, თეირანის თქმით, ევროპამდე მიღწევის შესაძლებლობა აქვს, ერთი შეხედვით, კიდევ უფრო აქტუალურს ხდის ჯორჯ ბუშის პერიოდში ინიცირებულ შეერთებული შტატების პროექტს ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის განთავსების თაობაზე.

თუმცა, შესაძლოა, ვითარება არც ასეთი მკაფიო იყოს.

19 მაისს აღმოსავლეთ-დასავლეთის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმადაც ირანს ჯერჯერობით არ ექნება ატომური იარაღის ან მისი გადამტანი რაკეტის შექმნის შესაძლებლობა. ანგარიშში გამოთქმული დასკვნის თანახმად, ამ შესაძლებლობის მიღწევას შეიძლება ათწლეული დასჭირდეს.

შესაბამისად, ჩნდება კითხვა: რა საჭიროა ირანისგან მომდინარე საფრთხის წინააღმდეგ ანტისარაკეტო სისტემის შექმნა, მაშინ როდესაც ასეთი სისტემები სანდო არ არის, ირანისგან მომდინარე საფრთხე მალე არ განხორციელდება და ამ სისტემის განთავსება აღიზიანებს მოსკოვს, რომელიც ფიქრობს, რომ სისტემის სამიზნე არა ირანი, არამედ რუსეთია?

ამასთან, როგორც შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ყოფილი ექსპერტი და ახლა ვაშინგტონში განთავსებული თავდაცვის ინფორმაციის ცენტრის ანალიტიკოსი ფილიპ კოილი ამბობს, ბუშის პერიოდში შემუშავებული პროექტი ევროპას, სავარაუდოდ, ისედაც ვერ დაიცავდა ირანის მხრიდან სერიოზული თავდასხმისგან. რადიო თავისუფლებასთან საუბარში კოილმა ეს თვალსაზრისი ასე ჩამოაყალიბა:

”[თავდაცვითი სისტემა] ისე იყო შემუშავებული, რომ ერთი ან მაქსიმუმ ორი რაკეტის მოგერიებას შეძლებდა. თუ გჯერა, რომ ირანი ევროპას თავს დაესხმება და, ამავე დროს, ვარაუდობ, - როგორც ვარაუდობენ ბუშის ადმინისტრაციაში, - რომ ის მხოლოდ ერთ ან, შეიძლება, ორ რაკეტას ისვრის, მაშინ ისღა გრჩება, რომ დაჯდე და შედეგებს დაელოდო. ეს ყველაფერი ძნელად წარმოსადგენია.”

კოილის თქმით, ამერიკელი და რუსი ექსპერტების თანამშრობლობის ერთ-ერთი მიზანი ირანისგან მომავალი საფრთხის რეალურობის შეფასება იყო. მათი დასკვნით, ამგვარი საფრთხე არათუ მოახლოებული არ არის, არამედ მის არსებობას საერთოდ არ აქვს ლოგიკური საფუძველი:

”მართლა გჯერათ, რომ ირანი იმდენად თვითდესტრუქციული იქნება, რომ ევროპაზე ბირთვულ იერიშს მიიტანს? ირანმა ასეთი ნაბიჯი მართლა რომ გადადგას, ამით ის პირდაპირ შეუწყობს ხელს საკუთარი თავის განადგურებას. ეს ხომ მასშტაბური, მასშტაბური საპასუხო დარტყმის საბაბი გახდება. პირადად მე არა მგონია ირანი შეურაცხადი იყოს. კი, ირანს გადაუდგამს უპასუხისმგებლო ნაბიჯები, მაგრამ არა მგონია, ისინი თვითდესტრუქციულები იყვნენ.”

აშშ-ისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები კონდოლიზა რაისი და კარელ შვარცენბერგი ხელს აწერენ ჩეხეთში რადარის განთავსების შეთანხმებას, 2008 წლის 8 ივლისს.
ამავე დროს, კოილის თქმით, რუსეთი დიდი ხანია ეწინააღმდეგება თავდაცვითი სისტემის შესახებ შეერთებული შტატების გეგმას - აცხადებს, რომ პოლონეთში რაკეტების და ჩეხეთში რადარის განთავსება მიუთითებს, რომ სისტემის სამიზნე არა ირანი და მისი მსგავსი არასანდო ქვეყნები, არამედ რუსეთია.

ანგარიშის თანახმად, რუსეთის ეჭვების გასაქარწყლებლად საუკეთესო გზა შეერთებული შტატების მხრიდან არსებულ გეგმაზე უარის თქმა და ანტისარაკეტო სისტემის ახალი პროექტის რუსეთთან თანამშრომლობით შემუშავებაა.

კოილის თქმით, რადარის რუსეთში განთავსება - როგორც ეს ვლადიმირ პუტინს პრეზიდენტობის პერიოდში უნდოდა - სისტემას ორი მნიშვნელოვანი თვალსაზრისით გააუმჯობესებს:

”პირველ რიგში, ეს განმუხტავდა უკმაყოფილებას, რომლითაც რუსეთი პრეზიდენტ ბუშის მიერ წარმოდგენილ გეგმას ხვდება. და თუ ირანი მართლაც ისეთი შეურაცხადია, რომ ევროპას დაარტყამს, მაშინ მას, პირველ რიგში, თავდაცვითი სისტემის - რადარის - განადგურება დასჭირდება. ჩვენ ახლა უკვე ვსაუბრობთ სცენარზე, როდესაც ირანი იმდენად შეურაცხადია, რომ იერიში არა მარტო ევროპაზე, არამედ რუსეთზეც მიაქვს. არა მგონია, რუსეთი ამას შეურიგდეს. და საპასუხო დარტყმა მართლაც გამანადგურებელი იქნება.”

რამდენად სწორია ასეთი ანალიზი?

საკმაოდ, თუკი დავუჯერებთ სტივენ პაიფერს, უკრაინაში შეერთებული შტატების ყოფილ ელჩს და სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალისტს, რომელიც ამჟამად კვლევით სამუშაოს აწარმოებს ვაშინგტონში განთავსებულ სტრატეგიული და საერთაშორისო საკითხების შემსწავლელ ცენტრში.

პაიფერის თქმით, თუკი სწორია ანგარიშის დასკვნა, რომ ირანს ათწლეული აშორებს ევროპაზე თავდახმის შესაძლებლობისგან, მაშინ ობამას ადმინისტრაციას შეუძლია ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის გეგმა ჯერჯერობით შეაჩეროს. პაიფერის შეფასებით, ადმინისტრაციამ უკვე გამოავლინა ამ საკითხის გადახედვის და ირანთან დიპლომატიური გზებით მუშაობის სურვილი.

საშინაო და საერთაშორისო პოლიტიკური კონტექსტი რომ არა, ობამას კურსი აშკარა იქნებოდა: ის, ალბათ, უარს იტყოდა ამჟამად არსებულ გეგმაზე და უფრო ეფექტიანი პროექტის განვითარებას შეუდგებოდა.

მაგრამ ამერიკის ლიდერმა, შესაძლოა, არ ისურვოს თავისი ქვეყნის მოქალაქეების თუ დანარჩენი მსოფლიოს თვალში ისე გამოჩნდეს, თითქოს მან ანტისარაკეტო სისტემაზე უარი რუსეთის პროტესტის გამო თქვა.

აღმოსავლეთ-დასავლეთის ინსტიტუტის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ ბევრს გაუჩნდა ვარაუდი, რომ შეიძლება ობამამ ეს დოკუმენტი გამოიყენოს სისტემაზე უარის თქმის საბაბად.

სტივენ პაიფერი შემდეგ მოსაზრებას გამოთქვამს: ”ჩემი აზრით, [ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენლები] ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის უპირატესობებს გააანალიზებენ და პრეზიდენტი სწორედ ამ ანალიზის შედეგად გადადგამს ნაბიჯებს საკუთრივ სისტემის და რუსებთან მოლაპარაკების თვალსაზრისით. მაგრამ მეც და, ვფიქრობ, სხვებიც იმას ვამბობთ, რომ ადმინისტრაციას დრო აქვს. მას შეუძლია რუსებთან კვლავაც აწარმოოს მოლაპარაკება, იმიტომ რომ, ანგარიშის თანახმად, ირანიდან მომავალი საფრთხე რეალური არ გახდება 2017, 2018, 2019 წლამდე. ეს კი დიპლომატიას მეტ დროს უტოვებს - დიპლომატიას არა მხოლოდ რუსეთთან, არამედ თავად ირანთანაც.”

რთულია განსაზღვრა, რა გავლენას მოახდენს ამგვარი მიდგომა საკუთრივ ირანის ქცევაზე. მაგრამ პაიფერს, როგორც ამბობს, ეჭვი არ ეპარება, რომ ეს რუსეთისა და შეერთებული შტატების ურთიერთობაზე დადებითად აისახება.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG