Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციამ ერთი საათით გადაკეტა მტკვრის ორივე სანაპირო


9 აპრილის ორგანიზატორმა ოპოზიციურმა პარტიებმა და მათმა მხარდამჭერებმა 21 მაისს პროტესტი მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების გადაკეტვით გამოხატეს. ერთი საათის განმავლობაში თბილისის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტილი, სატრანსპორტო მოძრაობა კი პარალიზებული იყო .

საყვირების ხმისა და საპროტესტო სიგნალის ფონზე დაეშვა ოპოზიცია, თავის მხარდამჭერებთან ერთად, ელბაქიძის დაღმართზე 21 მაისს მტკვრის სანაპიროს გადასაკეტად. რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი დემონსტრანტები ოპოზიციისათვის ავტომობილების ჩამორთმევის ფაქტს და წინა ღამის სპეცოპერაციას აპროტესტებდნენ, რომლის დროსაც მუხროვანის ინციდენტის გამო ძებნილი ერთ-ერთი სამხედრო, გია კრიალაშვილი, დაიღუპა, ხოლო დანარჩენი ორი დაიჭრა. ცენტრალური მაგისტრალების გადაკეტვის ერთსაათიან გეგმასა და პროტესტის ფორმებზე შეკრებილებს კონსერვატიული პარტიის ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა მოახსენა:

” ამ ერთსაათიანი პიკეტირებით კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ, რომ მათი მხრიდან ჩადენილ უკანონო ქმედებაზე, რაც გამოიხატებოდა თუნდაც ოპოზიციისათვის ავტომობილების ჩამორთმევით, ასეთი იქნება ოპოზიციის და ხალხის რეაქცია. თუ არ იქნება რეაგირება და თუ მანქანებს არ დაგვიბრუნებენ, აქციებს კიდევ უფრო გავამწვავებთ.”

უსიამოვნო სიურპრიზები ხელისუფლებისათვის გაგრძელდება, გვითხრა ”ახლების” ლიდერმა დავით გამყრელიძემ. შეიცვლება პიკეტირების დრო და ადგილი:

”უნდა დასრულდეს ეს სისხლისღვრა და დასრულდეს სააკაშვილის და მერაბიშვილის ბოგინი ამ ქვეყანაში. ჩვენ ყოველდღიურად მოვუწყობთ სიურპრიზებს ხელისუფლებას. როდის რუსთაველი გადაიკეტება და როდის თბილისის შემოსასვლელი, ეს მათთვის უნდა იყოს სიურპრიზი.”

შემდეგ კოლონა სანაპიროსაკენ დაიძრა და შუადღის პირველი საათისათვის მტკვრის ორ სანაპიროზე გაიყო. ერთმანეთის პირისპირ მდგარმა დემონსტრანტებმა საგზაო მოძრაობა ერთი საათით ჩაკეტეს. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერთა ნაწილი მარცხენა სანაპიროზე იდგა, ნაწილიც მარჯვენა მხარეს შეკრებილებს მიმართავდა. შეაფასეს წინა ღამის სპეცოპერაცია, დროდადრო კი სხვადასხვა ნაპირზე მდგომნი ერთმანეთს ასეთი შეძახილებით ესალმებოდნენ:

”ეს ხელისუფლება ყელამდე სისხლში დგას და წუხელ კიდევ დაამატეს. დარწმუნებული ვარ, ის ბიჭები სახელმწიფი დამნაშავეები არ იყვნენ. სააკაშვილს არც ერთი წვეთი სისხლი არ შერჩება.. ახლა კი მარჯვენა სანაპიროდან გვესალმებიან ჩვენი მხარდამჭერები და მათ მივესალმოთ...”

ზვიად ძიძიგურის შემდეგ აქციის მონაწილეებს კოკა გუნცაძემ მიმართა და ოპოზიციის გეგმები გააცნო. დასავლეთიდან დაძრულ ოპოზიციის აქტივისტთა მსვლელობა სტადიონზე უნდა დასრულდესო, თქვა მან:

”დასავლეთიდან დაძრული კოლონა ქუთაისში გამართავს საღამოს დიდ მიტინგს, მიტინგი გაიმართება ზუგდიდშიც, ბოლოს კი ყველანი ერთმანეთს გორის ტრასაზე შეხვდებიან და 26-ში დიდი კოლონა შემოვა სტადიონზე ჩვენს მხარდასაჭერად.”

21 მაისის აქცია ოპოზიციამ თავდაცვის სამინისტროსთან გამართული მიტინგით დაასრულა. მოწოდებები იქაც უცვლელი იყო.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG