Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად მტკიცეა ოპოზიციური ერთობა?


ლევან გაჩეჩილაძე, ნინო ბურჯანაძე და კონსტანტინე გამსახურდია
ლევან გაჩეჩილაძე, ნინო ბურჯანაძე და კონსტანტინე გამსახურდია
რამდენიმე პოლიტიკური ძალის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომ პოლიტიკურ ბრძოლას დამოუკიდებლად გააგრძელებდნენ, ხალხში გააჩინა ეჭვი, რომ ოპოზიციურმა ერთობამ დაშლა დაიწყო. აქციის მონაწილეთა დიდი ნაწილი არ მოელოდა, რომ 26 მაისს, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, მიკროფონით ხელში, "ეროვნული ფორუმისა" და კოალიცია ”თავისუფლებისთვის” ლიდერებს ნახავდნენ. ოპოზიცია იცავს ერთიანობას საერთო მიზნის გარშემო, თუმცა ერთიანობის შენარჩუნება ვერ ხერხდება პოლიტიკური ბრძოლის ხერხებთან მიმართებით.

ხმები იმასთან დაკავშირებით, რომ ”ეროვნული ფორუმი” ერთიან ოპოზიციურ მოძრაობას ემიჯნება, 25 მაისს გავრცელდა და, თუკი ტელევიზიების მორბენალ სტრიქონზე გაგზავნილი ტექსტების შინაარსის მიხედვით ვიმსჯელებთ, ოპოზიციის მხარდამჭერთა ნაწილმა ”ეროვნულ ფორუმს” ღალატშიც კი დასდო ბრალი. ამ ფაქტმა სასტიკად გაანაწყენა ხსენებული პოლიტიკური ძალის ლიდერი გუბაზ სანიკიძე, რომელიც, სხვადასხვა გამოკითხვის მიხედვით, ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ პოლიტიკოსად ითვლება. 26 მაისის წინა ღამით, ტელეკომპანია ”მაესტროს” პირდაპირ ეთერში, ის ლამის გათენებამდე ცდილობდა დაერწმუნებინა ყველა, რომ ”ეროვნული ფორუმი” ერთგული რჩება ხელისუფლების შეცვლის იდეისა და რომ განსხვავება მხოლოდ ამ მიზნის მისაღწევ საშუალებებს უკავშირდება. და მაინც, ნიშნავს თუ არა ეს დაპირისპირებას არასაპარლამენტო ოპოზიციის რიგებში? კონკრეტულ პირებთან დაპირისპირებაზე სანიკიძეს არაფერი უთქვამს, მაგრამ აღნიშნა, რომ ვიღაც-ვიღაცები ”ეროვნული ფორუმის” ხედვის სისწორეში ვერა და ვერ დარწმუნდნენ, მაგრამ ეს მას საკუთარი გეგმების განხორციელებაში ხელს ვერ შეუშლის. აქვე ითქვა ისიც, რომ 27 მაისიდან სანიკიძეს თბილისში ვეღარავინ იპოვის, რადგანაც ის, თანამოაზრეებთან ერთად, ხალხის მობილიზებას უკვე რეგიონებში შეეცდება. პროცესი აჭარიდან დაიწყება:

”ფორუმს მიაჩნია, რომ საპროტესტო მუხტი უნდა გავიდეს დანარჩენ საქართველოში. თბილისში ჩაკეტვა, თვითიზოლაცია აღარ შეიძლება, - ეს არის ფორუმის გეგმაც და შეთავაზებაც ქართული საზოგადოებისთვის... იმიტომ რომ თბილისი წავართვით სააკაშვილს, ახლა უნდა წავართვათ დანარჩენი საქართველო”, - ეს განცხადება გუბაზ სანიკიძემ უკვე 26 მაისს გააკეთა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ეროვნულ სტადიონზე გამართულ აქციაზე. მანამდე მან აქციის მონაწილეებს სიტყვითაც მიმართა, რასაც, უნდა ითქვას, რომ ბევრი, უბრალოდ, არ მოელოდა. აქ არ იგულისხმებიან ოპოზიციის სხვა ლიდერები, მაგალითად, ”ალიანსი საქართველოსთვის” წარმომადგენელი, რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი. ის დარწმუნებულია, რომ ერთობა არ დარღვეულა: ”ჩვენ ერთად ვიქნებით მთელი ამ ბრძოლის განმავლობაში. მაგრამ ადამიანებს აქვთ განსხვავებული ტაქტიკური მოსაზრებები, ზუსტად ისევე, როგორც 9 აპრილამდე იყო მუდმივად საუბარი იმაზე, ”ალიანსი საქართველოსთვის” 9 აპრილს მივიდოდა თუ არა აქციაზე და ჩვენ ღიად ვამბობდით, რომ არ ვიყავით მომხრე რაღაც არმაგედონების გამოცხადების. ანალოგიურია ”ფორუმის” დამოკიდებულება დღეს. თუმცა, ისევე როგორც 9 აპრილიდან მოყოლებული ერთად ვიდექით, ასე ვიქნებით შემდეგაც...”

26 მაისის აქციაზე მისვლით ერთიანობის დემონსტრირებას სულაც არ ცდილობდა პარტია ”თავისუფლების” ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია, რომლის გამოჩენასაც ასევე არ მოელოდნენ სტადიონზე შეკრებილი ადამიანები. თუმცა გამსახურდიამ გარკვევით თქვა, რომ 26 მაისს ხალხთან ერთად იზეიმებდა, ხოლო 27 მაისიდან საკუთარ გეგმებს მიხედავდა. ოპოზიციური ერთობა მას სათუო საკითხად მიაჩნია. განცხადება ამის შესახებ კონსტანტინე გამსახურდიამ სამშაბათს მთაწმინდაზე, მერაბ კოსტავას საფლავთანაც, გააკეთა: ”ყველა ყველასთან ვეღარ დარჩება, როგორც ეს აქამდე იყო. ხვალიდან ჩვენ დავიწყებთ იმ სქემების განხორციელებას, რომელიც ჩვენ წარვუდგინეთ ოპოზიციას, მაგრამ არ მიიღეს. ხვალიდან პოლიტიკური მოძრაობა ”თავისუფლება” და მისი ყველა პარტნიორი ორგანიზაცია გადავა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე და ამ მუშაობის მიზანი იქნება მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის სრული დემონტაჟი.”

ჯერჯერობით არ კონკრეტდება, თუ რა სქემები დაუწუნეს კონსტანტინე გამსახურდიას ოპოზიციური ერთობის სხვა ლიდერებმა და უცნობია ასევე სამოქმედო გეგმის დეტალებიც, თუმცა რადგან პოლიტიკური ბრძოლის მიზანი - ”მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის სრული დემონტაჟი” - საერთო მიზნად რჩება, კონსტანტინე გამსახურდიას პოლიტიკური ძალა არ გამორიცხავს, რომ სხვა ძალებთან სამომავლო თანამშრომლობის განახლება შესაძლებელია, თუკი შემოთავაზებული წინადადებები მისაღები იქნება პარტია ”თავისუფლებისა” და მისი პარტნიორებისთვის. ვიდრე მიზანი ერთია, ერთობას საფრთხე არ ემუქრება, - მიაჩნიათ ოპოზიციის ლიდერებს. მაგალითად, ლევან გაჩეჩილაძე მიესალმება ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მიერ დამოუკიდებელი ხერხებით ბრძოლას, თუკი ეს ბრძოლა საერთო მოთხოვნის გარშემო იქნება კონცენტრირებული.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG