Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რევმატოიდული ართრიტის მკურნალობა კბილის ექიმთან


რევმატოიდული ართრიტით დაავადებულებს, რომლებსაც ამავე დროს პაროდონტოზი აწუხებთ, კბილების მკურნალობით შეუძლიათ საგრძნობლად შეასუსტონ სახსრების ტკივილი. ამერიკელ მეცნიერთა მიერ ჩატარებული ეს გამოკვლევა ნათელყოფს ორ დაავადებას შორის მჭიდრო კავშირს, რომლებსაც ქრონიკოლი ანთებითი პროცესი გამოარჩევს.

TNF-alpha-ს სახელით ცნობილი მედიკამენტით ანთებითი პროცესების მკურნალობა ბევრად უკეთეს შედეგს იძლევა პარალელურად პაროდონტოზის მკურნალობის შემთხვევაში, იტყობინებიან მედიკოსები ჟურნალ "Journal of Periodontology"-ში.

ეს იმის კიდევ ერთი დასტურია, რომ ჯანსაღი კბილები მთლიანობაში აუმჯობესებს ადამიანის ჯანმრთელობას, ამბობს ნაბილ ბისადა კლივლენდის უნივერსიტეტიდან. მან და მისმა კოლეგებმა გამოკვლევისთვის შეარჩიეს 40 პაციენტი, რომელთაც ერთდროულად აწუხებდათ ზომიერად ძლიერი რევმატოიდული ართრიტი და პაროდონტოზის მძიმე ფორმა.

პაროდონტოზის შემთხვევაში ბაქტერიული ინფექცია ღრძილებისა და ყბის ძვლის ანთებას იწვევს და თუ დროულად არ მოხდა მკურნალობა, მას კბილის დაკარგვამდე მივყავართ.

საცდელი პირების ნახევარს, რომელიც TNF-alpha-თი მკურნალობას გადიოდა, პაროდონტოზის წინააღმდეგ ინტენსიური თერაპია ჩაუტარდა და სპეციალური მითითებები მიიღო კბილის ჰიგიენის შესახებ.

ექვსი კვირის შემდეგ იმ პაციენტების შემთხვევაში, რომლებსაც კბილებზე უმკურნალეს, რევმატოიდული ართრიტის მთელი რიგი სიმპტომები საგრძნობლად გაუმჯობესდა დანარჩენ პაციენტებთან შედარებით. კბილების მკურნალობის დადებითი ზემოქმედება განსაკუთრებით აშკარა იყო იმათ შემთხვევაში, ვინც ანთების საწინააღმდეგო საშუალებები მიიღო.

სხვა გამოკვლევებიდან ცნობილია, რომ პაროდონტოზი ზრდის გულის დაავადებისა და დიაბეტის, ასევე ნაადრევი მშობიარობის რისკს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კბილების მკურნალობა ადამიანის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას აუმჯობესებს.


რამდენად თავისუფალია ადამიანი მეგობრების შერჩევაში


როგორც ამბობენ, მეგობრები შეგიძლია ამოირჩიო, ნათესავები კი - არა. მაგრამ, როგორც ნიდერლანდში ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩევნა, ეს ძველი ჭეშმარიტება არც ისე ჭეშმარიტება ყოფილა.

მეგობრებს ადამიანი იქ პოულობს, სადაც ბიოგრაფიული გარემოებების წყალობით ხვდება. როცა ეს გარემოებები იცვლება, ზოგიერთ მეგობართან კავშირიც ქრება. უტრეხტის უნივერსიტეტის თანამშრომელმა გერალდ მოლენჰორსტმა შვიდი წლის წინათ 18-დან 65 წლის ასაკის ათასზე მეტი ადამიანი გამოკითხა. შვიდი წლის ჩავლის შემდეგ მან გამოკითხულთაგან 600-ის კიდევ ერთხელ გამოკითხვა შეძლო. გამოკითხვის თემა იყო პირადი კონტაქტები. მეცნიერს სურდა შეეტყო, ძველი მეგობრებიდან ვისთან ჰქონდათ ამ ადამიანებს კავშირი და ვისთან - აღარ.

აღმოჩნდა, რომ მეგობრული ურთიერთობების დამყარება თავისუფალი არჩევანის პრინციპით კი არ ხდება, არამედ დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა ვითარებაში ეცნობიან ერთმანეთს ადამიანები. ცდები აჩვენებს, რომ, მაგალითად, თუკი ადამიანი ჭოკით ხტომის მოყვარულთა კლუბში დადის, დიდია იმის ალბათობა, რომ მეგობრებიც ამ წრეში გაიჩინოს. მისი ჰობი რომ ჭადრაკი ყოფილიყო, შესაძლოა, ის არასოდეს შეხვედროდა თავის საუკეთესო მეგობარს - ჭოკით მხტომელს.

სხვა მკვლევართაგან განსხვავებით, მოლენჰორსტი არ ადასტურებს, რომ მეგობართა წრე წლების განმავლობაში იკლებს. მისი გამოკვლევის თანახმად, მეგობართა წრის ზომა გასაოცრად სტაბილურია. იცვლებიან მისი წევრები, მაგრამ მეგობართა საშუალო რაოდენობა დაახლოებით იგივე რჩება. მეცნიერი მივიდა დასკვნამდე, რომ წლის შემდეგ მეგობართა წრეში მხოლოდ დაახლოებით ნახევარია შემორჩენილი ძველი სამეგობროდან.
XS
SM
MD
LG