Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრიზისი მოლდავეთში: რუსეთი აქტიურობს, დასავლეთისაგან განსხვავებით


მოლდავეთში საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებიან, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო არჩევნების შემდეგ სამი თვეც არ გასულა. მიზეზი ის არის, რომ ახალმა პარლამენტმა მოლდავეთის პრეზიდენტის არჩევა ვერ შეძლო (კომუნისტურ პარტიას ერთი ხმა დააკლდა საკუთარი კანდიდატის გასაყვანად), რის გამოც, მოლდავეთის კონსტიტუციის შესაბამისად, საჭირო გახდა ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. კენჭისყრა 29 ივლისს გაიმართება, მანამდე კი - რახან მოლდავეთს ახალი პრეზიდენტი არა ჰყავს - მის მოვალეობას ასრულებს ვლადიმირ ვორონინი, იმავდროულად პარლამენტის თავმჯდომარე და კომუნისტური პარტიის ლიდერი...

აი, ასეთ ვითარებაში შეინიშნება რუსეთის გააქტიურება, რაც, პირველ რიგში, ვორონინის მიმართ ფინანსური მხარდაჭერით გამოიხატება და რასაც აანალიზებს ამერიკელი ექსპერტი ლუი ო’ნილი - შეერთებული შტატების ყოფილ სახელმწიფო მდივან კოლინ პაუელის გუნდის წევრი 2004-2005 წლებში და მოლდავეთში ეუთოს მისიის ასევე ყოფილი ხელმძღვანელი. ო’ნილის კომენტარს გაგაცნობთ დღეს ყოველკვირეულ პროგრამა “ახალ ევროპაში” და დავიწყებთ ერთი გამონათქვამით, რომელიც აშშ-ის დემოკრატიული პარტიის, ერთ დროს, მეტად გავლენიან წევრ ჯესი ანრუს ეკუთვნის: ეს ვულგარული გამონათქვამია და ფრიად ცინიკურ დამოკიდებულებას ასახავს, მაგრამ, რადიო “თავისუფლებისთვის” დაწერილი კომენტარის ავტორის, ლუი ო’ნილის შეფასებით, კარგად გამოხატავს საქმის არსს. საქმე კი ეხება ფულისა და გავლენის მნიშვნელობას პოლიტიკაში. ჯესი ანრას, კერძოდ, ნათქვამი აქვს “თუ არ შეგიძლია ლობისტის ვისკის დალევა, მის ქალთან დაწოლა და მეორე დილას მაინც მის წინააღმდეგ ხმის მიცემა, მაშინ პოლიტიკაში არაფერი გესაქმება”.

ჯესი ანრუს, ან როგორც მას უწოდებდნენ, “ბიგ დედი” ანრუს ამ გამონათქვამს მოგვიანებით დავუბრუნდებით, მანამდე კი მოლდავეთზე. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვლადიმირ ვორონინმა ამ ერთი კვირის წინ მოსკოვში გამართა შეხვედრები რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევთან და პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინთან. აი, როგორ გამოხატა ვორონინმა მადლიერების გრძნობა მხარდაჭერისთვის, რომელიც მოსკოვისაგან მიიღო მას შემდეგ, რაც მოლდავეთში 5 აპრილის საპარლამენტო არჩევნებში კომუნისტების გამარჯვებას საპროტესტო აქციები და არეულობა მოჰყვა: “ძალიან მადლიერი ვარ იმის გამოც, რომ ჩვენს ქვეყანაში, მოლდავეთში, პოლიტიკური დესტაბილიზაციის, თუ პოლიტიკური დესტაბილიზაციის მცდელობის რთულ დღეებში, რუსეთი იყო პირველი და ფაქტობრივად, ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც მხარდაჭერა გამოუცხადა მოლდავეთის რესპუბლიკის კანონიერად არჩეულ ხელსიუფლებას”.

იქვე ვორონინმა დაადასტურა თავისი პოზიცია, რომ მოლდავეთისთვის მიუღებლად მიაჩნია ფერადი რევოლუციაც და, ზოგადად, “უცხოეთის ჩარევაც”. მოსკოვისადმი ამ, ლუი ო’ნილის შეფასებით, ვასალური ერთგულების დადასტურების შემდეგ, შინ დაბრუნებულმა ვორონინმა შეძლო მოლდაველებისთვის ეხარებინა, რომ მოსკოვისაგან მსხვილ ფინანსურ დახმარებას - 0,5 მილიარდი დოლარის კრედიტს იღებს.

მართალია, კრედიტის დეტალები მოგვიანებით უნდა დაზუსტდეს, მაგრამ ვორონინმა მალევე გაამხილა, რომ ფული მოხმარდება გზების გარემონტებას და აშენებას, გაზგაყვანილობას, მელიორაციის სისტემას და “სახლების დამთავრებას”. რა იგულისხმება “სახლების დამთავრებით”, ჯერ-ჯერობით უცნობია.

საყურადღებო განცხადება გააკეთა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა პუტინმაც. მისი თქმით, კრედიტის პირველი ტრანში (150 მლნ დოლარი) მოლდავეთს შესაძლოა, 6 კვირაში, ან ორ თვეში მიაწოდონ. ეს კი ნიშნავს, რომ არჩევნებამდე მოლდავეთს ფულს არ მისცემენ. კრედიტი, დაასკვნის ამერიკელი ექსპერტი, ლუი ო’ნილი, არჩევნების შედეგზეა დამოკიდებული: იმით, რომ არჩევნებამდე ვორონინი მოსკოვს ეწვია, რუსეთს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და შინ დაბრუნდა კრედიტის შესახებ დაპირებით, მოლდაველ ამომრჩეველს ეუბნებიან: “თუ კომუნისტების მისცემთ ხმას, “სახლებსაც დაამთავრებთო”.

ლუი ო’ნილს ასე წარმოუდგენია პროცესი არჩევნების შემდეგ: თუ კომუნისტები გაიმარჯვებენ, რუსეთიდან მოლდავეთში ფული შევა, ამას გარდა, რუსეთმა შესაძლოა ხელი შეუწყოს დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარებას, სამაგიეროდ კი მიიღოს სამხედრო ბაზა დნესტრისპირეთში და რუსული ენა - სახელმწიფო ენად მოლდავეთში; მაგრამ თუ კომუნისტებს ოპოზიციამ სძლია, მოსკოვი კრედიტის გაცემაზე უარს იტყვის, ვორონინი და პუტინი კი ახალ მთავრობას დააკისრებენ მოსკოვთან გაუცხოების პასუხისმგებლობას.

ჩვენ რადიო “თავისუფლების” მოლდავური სამსახურის თანამშრომელ ალექსანდრუ ეფტოდეს ვკითხეთ, როგორია წინასაარჩევნო პროგნოზი: არჩევნების რა შედეგი შეიძლება ვივარაუდოთ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით? მაგრამ, როგორც ჩვენმა კოლეგამ გვითხრა, წინასაარჩევნოდ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა არ ჩატარებულა და ჯერ არც არის ცნობილი, ჩატარდება თუ არა, ყოველ შემთხვევაში, სერიოზული, სანდო გამოკითხვა. მანამდე კი ორივე დაპირსიპირებული მხარე ირწმუნება, რომ გაიმარჯვებს.

ალექსანდრუ ეფტოდე განმარტებით, მოლდავეთში ოპოზიციის სამი დიდი ლიბერალური პარტია ფიქრობს, რომ არჩევნებში გაიმარჯვებს, რადგან აქამდე შეძლო, წინააღმდეგობა გაეწია კომუნისტებისთვის. იმის გამო, რომ ოპოზიციამ უარი თქვა პრეზიდენტობის კომუნისტი კანდიდატის მხარდაჭერაზე, საქმე მივიდა ახალ, 29 ივლისის საპარლამენტო არჩევნებამდე და ოპოზიცია ფიქრობს, რომ ამომრჩევლის თვალში კარგი იმიჯის მეშვეობით, შეძლებს არჩევნებში გამარჯვებას. როგორც ჩვენი მოლდაველი კოლეგა აღნიშნავს, ოპოზიციას კიდევ ერთი ფაქტორის იმედი აქვს - ამომრჩევლის უკმაყოფილების, რომელსაც იწვევს კომუნისტების უუნარობა, თავი გაართვან ეკონომიკურ კრიზისს.

არადა, თავის მხრივ, კომუნისტებიც ირწმუნებიან, რომ გამარჯვებას მოიპოვებენ საპარლამენტო არჩევნებში. ალექსანდრუ ეფტოდეს თქმით, კომუნისტები ირწმუნებიან, რომ არ გაუყალბებიათ 5ი აპრილის არჩევნები და რომ დიდი მხარდაჭერით სარგებლობენ მოსახლეობაში. ის კი არა, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ვლადიმირ ვორონინს ნათქვამი აქვს, რომ კომუნისტებს საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება სურთ: საპარლამენტო მანდატების ორი მესამედის. ეს ნიშნავს, რომ თუ 5 აპრილის არჩევნების შედეგად კომუნისტებს პარლამენტში 60 მანდატი ჰქონდათ, ახლა 72-ის მოპოვება სურთ კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად. თუ რა ცვლილებების შეტანას აპირებენ, ჩვენი მოლდაველი კოლეგის, ალექსანდრუ ეფტოდეს თქმით, არ დაუკონკრეტებიათ...

ასეა თუ ისე, მოლდავეთთან მიმართებით რუსეთი გაცილებით უფრო აქტიურობს, ვიდრე მოლდავეთის დასავლელი მეზობელი, ევროკავშირი და ეს მიუხედავად ახალთახალი “აღმოსავლეთის პარტნიორობისა”, რომელიც ევროკავშირმა 7 მაისს აამოქმედა და რომელიც, რამდენიმე სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის გარდა, მოლდავეთთან ურთიერთობის განმტკიცებასაც ითვალისწინებს.

არადა, მაშინ როცა პუტინი კიშინიოვს უზარმაზარ კრედიტს პირდება (თან მძიმე ეკონომიკური კრიზისის დროს), ევროკავშირი მოწოდებას სჯერდება: მოლდავეთს აქეზებს, გააგრძელოს საკანონმდებლო სისტემის რეფორმა. როგორც ლუი ო’ნილი აღნიშნავს თავის კომენტარში, საკანონმდებლო სისტემის რეფორმა, უდავოდ, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მაგრამ ევროკავშირის აღმოსავლელ პარტნიორებს, მათ შორის მოლდავეთს, კონკრეტული, ეფექტიანი დახმარებაც ესაჭიროებათ.

ლუი ო’ნილის შეფასებით, პასიურობას იჩენს არა მარტო ბრიუსელი, არამედ ვაშინგტონიც. რაც უნდა იყოს ამ პასიურობის, თუ სიფრთხილის მიზეზი, კრემლი მას აცნობიერებს და თვითონ მოქმედებს. მაგრამ, როგორც ამერიკელი ექსპერტი აღნიშნავს, არ უნდა დავასკვნათ, თითქოს აღმოსავლელ მეზობელზე ორიენტირება ვორონინის საბოლოო არჩევანი იყოს: ბოლო წლების ისტორია გვაჩვენებს, რომ მოლდაველი კომუნისტების ლიდერი ხან რუსეთს, ხან კი ევროკავშირს უახლოვდება. ლუი ო’ნილის აზრით, თუ ხელისუფლების სათავეში ვორონინი დარჩება, არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ის დროთა განმავლობაში ისევ შეცვლის ვექტორებს. ო’ნილის სიტყვებს თუ მოვიშველიებთ, “დრო აჩვენებს, საკმარისი სიმტკიცე აქვს თუ არა ვლადიმირ ვორონინს, რომ - “ბიგ დედი” ანრუს თქმის არ იყოს - კაცს თვალებში შეხედოს, ფული გამოართვას და მაინც მის წინააღმდეგ მისცეს ხმა”...
XS
SM
MD
LG