Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა, 7 ივლისი 2009


7 ივლისს დილით, როდესაც ამერიკის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინთან საუზმობდა, რუსეთის პრესა ამერიკის პრეზიდენტისა და რუსეთის პრეზიდენტის უკვე შემდგარ შეხვედრაზე წერდა.

”პრეზიდენტების მიერ მიღწეული შეთანხმებების ნუსხა შთამბეჭდავად გამოიყურებოდა, განსაკუთრებით, თუ მხედველობაში მივიღებთ რუსეთ-ამერიკის ბოლო წლების ურთიერთობას”, - წერს „კომერსანტი“. „ვრემია ნოვოსტეიც“ აღნიშნავს, რომ პრეზიდენტებმა მტკიცედ დააჭირეს ხელი ”გადატვირთვის” ვირტუალურ ღილაკს.

„ნეზავისიმაია გაზეტა“ კი 7 ივლისს სამხედრო წვრთნებს ”კავკასია 2009” უძღვნის პუბლიკაციას. სწავლების გეგმით გაერთიანებულმა სამხედრო ჯგუფმა ტერორისტულ ორგანიზაციათა მეთაურების ლიკვიდაციის წარმატებული ვირტუალური სპეცოპერაცია ჩაატარა, თუმცა, სამწუხაროდ, რეალურ სიტუაციაში ყველაფერი სხვაგვარად მოხდაო, - წერს „ვრემია ნოვოსტეი“. გაზეთის მიხედვით, ბანდფორმირებების გააქტიურება დროში ამერიკის პრეზიდენტის მოსკოვში ვიზიტს დაემთხვა. „ნეზავისიმაია გაზეტა“, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, წერს სამხედროებსა და მილიციელებს შორის მსხვერპლისა და დაჭრილების შესახებ - ინგუშეთში, ჩეჩნეთსა და დაღესტანში.

გაზეთი მკითხველს შეახსენებს, რომ ერთ-ერთი თემა, რომელზეც ობამა მოსკოვში საუბარს აპირებდა, კავკასიაში შექმნილი ვითარება უნდა ყოფილიყო. ”როგორც ჩანს,ობამასთვის რომ დამატებითი არგუმენტები არ მიეცათ, რუსეთმა ოფიციალური საინფორმაციო საშუალებებითა და ტელევიზიით პრაქტიკულად შეაჩერა მასალები ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, რომლებიც შაბათს ბოევიკების მიერ ჩეჩენი მილიციელების კოლონის დახვრეტას მოჰყვა”, - წერს „ნეზავისიმაია გაზეტა“.

ამერიკის პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ ვრცელ პუბლიკაციაში ”იზვესტია” შეხვედრის დეტალებს აღწერს. ნახევარი საათის ნაცვლად, რომელიც გამოყოფილი იყო ვიწრო წრეში შეხვედრისათვის, პრეზიდენტებმა საათ-ნახევარი ისაუბრეს. ამდენივე ხანს გაგრძელდა ორივე დელეგაციის ურთიერთობა. შემდეგ კი, ერთობლივი დოკუმენტების ხელმოწერის წინ, ამერიკის პრეზიდენტმა მოულოდნელად ტაიმ-აუტი აიღო. იგი ლიმუზინში ჩაჯდა და სასტუმროში წავიდა ან იმისათვის, რომ საკუთარი გადატვირთვა ჩაეტარებინა რამდენიმესაათიანი დაძაბული მოლაპარაკებების შემდეგ, ან კიდევ რაღაც სხვა მიზეზის გამო, რომელიც მხოლოდ მან იცის, - წერს „იზვესტია“ და განაგრძობს: თუმცა ამერიკის პრეზიდენტი მალევე დაბრუნდა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ამ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, დიალოგი ღია და გულწრფელი იყო. ეს, სხვათა შორის, თვით პრესკონფერენციამაც დაადასტურაო, - აღნიშნავს „იზვესტია“. - ობამამ რუსეთში საქონლის შეტანაზე შეზღუდვის მოხსნისათვის მადლობა გადაუხადა რუსეთის პრეზიდენტს და მოულოდნელად ჩართო ფრაზა,რომ „საჭიროა საქართველოს ეროვნული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემა”. - ჩვენ ასევე არ ვეთანხმებით ერთმანეთს საქართველოს საზღვრების თაობაზე, - განაგრძობდა ჩამოთვლას ობამაო, - წერს „იზვესტია“ და დასძენს: ”არადა, ხომ შეეძლო ეს საერთოდ არ ეთქვა... ”
XS
SM
MD
LG