Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მემორიალი" დროებით წყვეტს ჩეჩნეთში მოღვაწეობას


ნატალია ესტემიროვა
ნატალია ესტემიროვა
რუსეთის გავლენიანმა უფლებადამცველმა ორგანიზაცია „მემორიალმა“, მას შემდეგ, რაც 15 ივლისს ორგანიზაციის აქტივისტი ნატალია ესტემიროვა მოკლეს, გადაწყვეტილება მიიღო, შეაჩეროს მუშაობა ჩეჩნეთში. ამ გადაწყვეტილებამ ძალიან ბევრი ადამიანი შეაშფოთა ჩეჩნეთში, სადაც „მემორიალი“ მოსახლეობის დაცვის ლამის უკანასკნელი გარანტი იყო.

ჩეჩენი ზელიმხან ეჟიევი დიდ ხანია ელოდება შვილს, რომელიც 2002 წლის იანვარში მეზობელ ინგუშეთში წავიდა და გაუჩინარდა. ეჟიევი ისე მოიქცა, როგორც ბევრი მისი თანამემამულე: ჩავიდა გროზნოში და დახმარებისათვის „მემორიალს“ მიაკითხა. პირველი, ვინც შვილდაკარგულ მამას შეხვდა, მორალური დახმარება გაუწია და ყველა ინსტანციაში მიჰყვა, სწორედ ნატალია ესტემიროვა იყო. ზელიმხანის თქმით, მას სხვა დროსაც დახმარებია „მემორიალი“, კერძოდ,როდესაც მის სოფელში შეიარაღებული პირები რეგულარულ რეიდებს ატარებდნენ და მის ოჯახსაც ემუქრებოდნენ:

“როდესაც კი მივმართავდით, ყოველთვის გვეხმარებოდა. ნებისმიერ შემთხვევაში, დღისით დავურეკავდით თუ ღამით, უსათუოდ უნდა მოსულიყო და დაგვხმარებოდა. ის ოქროს ადამიანი იყო, ყოველთვის მეხმარეობდა მეც და ყველა იმას, ვინც მას დახმარებისათვის მიმართავდა. ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ახლობელი ადამიანი დამეკარგოს. ის ჩემთვის ღვიძლ დასავით იყო. როდესაც ჩემ ცოლს, ქალიშვილსა და ოჯახს ვუთხარი მისი სიკვდილის ამბავი, ყველანი ატირდნენ.”

ცნობილი უფლებადამცველი ნატალია ესტემიროვა 15 ივლისს გროზნოში უცნობმა პირებმა მოიტაცეს და რამდენიმე საათის შემდეგ იარაღით მოკლული იპოვეს ინგუშეთის ტერიტორიაზე.

კოლეგების თქმით, მკვლელობა ესტემიროვას საქმიანობას უკავშირდება. ნატალია ჩეჩნეთში ადამიანთა დასჯის, გატაცებისა და სხვადასხვა სახის დამამცირებელი მოპყრობის საქმეებს იკვლევდა. უფლებადამცველებმა თითი გაიშვირეს ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვისაკენ, რომლის დაქვემდებარებაში მყოფ მილიციასაც მოქალაქეებზე ძალადობაში ედება ბრალი. “ჰიუმან რაითს უოჩის” თქმით, იმ დღეს, როდესაც მოიტაცეს და სიცოცხლეს გამოასალმეს, ესტემიროვამ ადამიანის უფლებათა დარღვევების გახმაურებულ საქმეებზე დამადასტურებელი არგუმენტები მოიპოვა.

კვირას „მემორიალმა“ გამოაცხადა, რომ, სულ მცირე, აგვისტოს ბოლომდე ხურავს ოფისს გროზნოში, რადგან ადგილობრივი თანამშრომლების სიცოცხლის ეშინია. ამ გადაწყვეტილებამ ძალიან შეაშფოთა ადგილობრივი მცხოვრებლები. „მემორიალის“ გროზნოს ოფისის თანამშრომლის შახმან აკბულატოვის თქმით, მოქალაქეები მიდიან ოფისში და ამბობენ, რომ აღარ იციან, ვის მიმართონ ან სად წავიდნენ დახმარების საპოვნელად. მეორე მხრივ, ესტემიროვას მკვლელობამ დიდი და აუნაზღაურებელი დანაკლისი მიაყენა ორგანიზაციას და მის საქმიანობას:

“მასთან ერთად ჩვენ დავკარგეთ მისი ფასდაუდებელი გამოცდილება, მისი კონტაქტები და უნარები. მისი სახით, ჩვენი ოფისი ბევრ რამეს დაკარგავს. ეს აისახება „მემორიალის“ მუშაობაზე. ხმამაღალი ნათქვამი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ დანაკარგი აუნაზღაურებელია. ძალიან დაგვაკლდება იგი როგორც კოლეგა და როგორც, უბრალოდ, ადამიანი.”

ესტემიროვას მკვლელობას ძალიან დიდი გამოხმაურება და აღშფოთება მოჰყვა რუსეთის ფარგლებს გარეთ. “ამნესტი ინტერნეიშენლმა” მკვლელობა დაგმო, როგორც იმ განუკითხაობის შედეგი, რომლის უკანაც რუსეთისა და ჩეჩნეთის ხელისუფლების წარმომადგენლები დგანან. “ჰიუმან რაითს უოჩმა” კი მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას, გამოიძიოს და სასამართლოს გადასცეს ესტემიროვას მკვლელები.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG