Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკონომიკის გამოჯანსაღებას შეიძლება სპილენძისფერი ჰქონდეს


დღევანდელი „უხილავი ფარდის“ თემა ეკონომიკაა - ის, თუ რა გამოხატავს კაცობრიობის ცხოვრების ამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილის სიჯანსაღეს. არსებობს მომხმარებელთა განწყობის სხვადასხვა ინდექსი: აშშ-ში ბინების და სახლების გაყიდვის რაოდენობა უკანასკნელ ხანებში, ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტის დეტალები და სპილენძის ფასი, რომელმაც ბოლო ცხრა თვეში უმაღლეს წერტილს მიაღწია.

სპილენძის ფასი ეკონომიკის მდგომარეობის ბარომეტრია. მიზეზი ისაა, რომ მას ძალიან ფართო გამოყენება აქვს. როცა ხელში გიჭირავთ მობილური ტელეფონი ან ავტობუსით მგზავრობთ, ჩართავთ ან გამორთავთ სინათლეს, იცოდეთ, რომ ყველგან სპილენძია. სპილენძი თანამედროვე ცხოვრებაში ადამიანის თანმდევი ლითონია. მას ადამიანი უხსოვარი დროიდან იცნობს, მისი მოპოვება-დამუშავება ხდებოდა საქართველოშიც. ლათინური დასახელება “კუპრუმი” მოდის კუნძულ კვიპროსიდან. სპილენძის საერთაშორისო ასოციაციის ტექნოლოგიის სექტორს განაგებს ჰოლ სტილმანი, რომელიც გვამცნობს, “მრეწველობაში, სპილენძის საერთაშორისო ასოციაციაში, ვამბობთ, სპილენძი ცხოვრებას აერთიანებსო.”

სტილმანმა ზუსტად იცის, სად რამდენი სპილენძი გამოიყენება. გამოყენების სიხშირე მართლაც შთამბეჭდავია: “საშუალო ავტომანქანაში 20 კილოგრამი სპილენძია, ახალი ტიპის სხვადასხვა საწვავზე მომუშავე მანქანებში - ორჯერ მეტი. ბევრი სპილენძია ყველა ელექტროძრავაში. საკომუნიკაციო აპარატურაში, ელექტრონულ ხელსაწყოებში, გამტარებში, ელეტროკოლექტორებში - ყველგან ძალიან ბევრი სპილენძი გამოიყენება.”

შარშან სპილენძის ფასი, ნავთობის მსგავსად, საშინლად დაეცა - ერთ ტონაზე, 3000 დოლარამდე. მანამდე მისი ფასი 9000 დოლარამდე იყო ავარდნილი, რაც არასოდეს ყოფილა. გასულ კვირაში მდგომარეობა გამოკეთდა და ფასმა 5400 დოლარს მიაღწია. ეს კარგი ახალი ამბავია სპილენძის ისეთი მთავარი მწარმოებელი ქვეყნებისთვის, როგორიც ჩილე, აშშ, რუსეთი და ყაზახეთია და, ასევე, ამ მხრივ მომავლის მქონე ავღანეთისთვის, სადაც ჩინეთის ფირმა ამუშავებს ერთ საბადოს. ფასის ეს ზრდა ბოლო ათ წელიწადში მსოფლიო ეკონომიკის უმძიმეს პერიოდში მოხდა. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ფასის ზრდის მიზეზი ეკონომიკის გამოჯანსაღების მიმართ მზარდი ოპტიმიზმია. მართლაც, არის ერთი-ორი სფერო, სადაც ოპტიმიზმის საფუძველი აშკარაა - მაგალითად, აშშ-ში სამშენებლო სფეროს საბირჟო ინდექსი თითქმის 9 პროცენტით გაიზარდა. ეს კი ნიშნავს საბინაო ბაზარზე მდგომარეობის გამოკეთებას, რითაც შეიძლება აიხნას სპილენძის ფასის ზრდა. ბრიგსი ამბობს, რომ სპილენძის უდიდესი მომხმარებლის მზარდი მოთხოვნილებაც განაპირობებს ამას: “მოხმარება მთელ მსოფლიოში ჯერაც ძალიან დაბალია, მაგრამ წელს, სპილენძსა და სხვა ლითონებთან დაკავშირებით, მოხდა შემდეგი: ჩინეთმა, ასე ვთქვათ, გამოიყენა დაბალი ფასებით გაჩენილი შესაძლებლობა, უკეთესი დროის მოლოდინში, სპილენძისა და სხვა არაკეთილშობილი ლითონების მარაგი შეექმნა.”

ასე რომ, ჩინეთის სახელმწიფო სარეზერვო უწყებამ სპილენძის გაიაფებით ისარგებლა და ამ ქვეყნის მთავრობის მიერ ეკონომიკის ხელშეწყობის მიზნით გამოყოფილმა 585-მა მილიარდმა დოლარმა ლითონზე მოთხოვნილება გაზარდა. მაგრამ ბრიგსი ერთ ფაქტორს აღნიშნავს კიდევ: სპილენძის საბადოების განვითარება რთულდება იმის გამო,რომ ისინი პოლიტიკურად არასტაბილურ ქვეყნებშია, მაგალითად, კონგოში. და ამ ყველაფერთან ერთად, წელს ზოგიერთმა ხანგრძლივმა ტენდენციამაც შეუწყო ხელი სპილენძის ფასის ზრდას. კრისტოფერ უელჩი, “ბლუმსბერი მეტალის” ეკონომისტი, ასეთ განმარტებას იძლევა: “გლობალიზაცია გრძელდება. საერთოდ, ერთ სულ მოსახლეზე ლითონების გამოყენება იზრდება ჩინეთის ურბანიზებასთან ერთად. ამიტომ ეს ხანგრძლივი ტენდენცია შენარჩუნებულია.”
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG