Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სამხედრო ბაზა შუა აზიაში: სტაბილურობის გარანტია თუ დესტაბილიზაციის ფაქტორი?


რუსეთის სამხედრო ბაზა ყირგიზეთში
რუსეთის სამხედრო ბაზა ყირგიზეთში
რუსეთის მხრიდან ახლახან გაკეთებულ განცხადებას, რომ ყირგიზეთში მეორე სამხედრო ბაზის გახსნას გეგმავს, რეგიონში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. როგორც ჩანს, მოსკოვი არჩევანს გააკეთებს ფერგანის ხეობაზე, შუა აზიის ამ მჭიდროდ დასახლებულ ადგილზე, რომელიც სამი ქვეყნის გადაკვეთაზე მდებარეობს. მათგან ერთ-ერთი, უზბეკეთი, აცხადებს, რომ ახალი რუსული ბაზა ფერგანის ველზე ექსტრემისტული ელემენტების მაპროვოცირებელი ფაქტორი იქნება. ყირგიზეთს კი მიაჩნია, რომ ასეთი ბაზა უსაფრთხოებას გააძლიერებს.

ყირგიზეთში მეორე ბაზის განსათავსებლად რუსეთი სამხრეთში მდებარე ორი ქალაქიდან ერთ-ერთს, ოშს ან ბატკენს, აარჩევს. ორივე ფერგანის ხეობაში მდებარეობს და ახლოს არის უზბეკეთის საზღვართან.

ცნობას, რომ ამ ადგილებში რუსეთი ახალი ბაზის შექმნას გეგმავს, ტაშკენტი უარყოფითად შეხვდა. უზბეკეთი თვლის, რომ ახალი რუსული ბაზა, შესაძლოა, რეგიონში რელიგიური და ექსტრემისტული ჯგუფებისთვის მაპროვოცირებელ ფაქტორად იქცეს. ფერგანის ხეობა, რომელიც ყირგიზეთს, ტაჯიკეთსა და უზბეკეთს შორის არის დაყოფილი, გამოირჩევა მაღალი უმუშევრობით, მრავალფეროვანი ეთნიკური შემადგენლობით და რელიგიური კონსერვატიზმით.

მას შემდეგ, რაც 1 აგვისტოს ბაზის შესახებ შეთანხმება ოფიციალურად გაფორმდა, უზბეკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რეგიონში ახალი რუსული ბაზის აუცილებლობა არ არსებობს და რომ ამას შეიძლება მთელი შუა აზიის დესტაბილიზაცია მოჰყვეს.

ფერგანის ხეობას ეთნიკური დაძაბულობის და ამბოხებების მდიდარი ისტორია აქვს - მას შუა აზიის ბევრ ქვეყანაში აკრძალული არაერთი ჯგუფი აფარებს თავს.

სწორედ ფერგანის ხეობიდან წარმოიშვა უზბეკეთის ისლამური მოძრაობა - ტერორისტული ორგანიზაცია, რომლის მოქმედების არეალიც ახლა სამხრეთ და ცენტრალურ აზიას სწვდება. ძირითადად, ხეობაში აქტიურობს აკრძალული ისლამისტური ორგანიზაცია ჰიზბ-უთ-თაჰრირიც.

2005 წელს ფერგანის ხეობაში მასშტაბური კონფლიქტი მოხდა - უზბეკეთის ქალაქ ანდიჟონში სახალხო პროტესტი სამთავრობო ძალების მიერ იქნა ჩახშობილი, რასაც ასობით ადამიანის სიკვდილი და დაჭრა მოჰყვა. ტაშკენტმა ძალადობა რელიგიურ ექსტრემისტებს დააბრალა - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი კი აცხადებდა, რომ ძალადობაში ”სხვადასხვა დაჯგუფება” მონაწილეობდა ფერგანის ხეობიდან.

რეგიონში ეთნიკური კონფლიქტებიც ხშირია. ოშში, მაგალითად, 1999 წელს უზბეკ და ყირგიზ მოსახლეობას შორის შეტაკებები მოხდა, რასაც თითქმის 300 ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. დაძაბულობა ახლაც გრძელდება - მიმდინარე წლის 26 მაისს, 24 საათის განმავლობაში, უზბეკეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე სამი თავდასხმა გამხორციელდა უცნობი შეიარაღებული პირების მიერ.

ასეთი ინციდენტები, ცხადია, ამყარებს ტაშკენტის პოზიციას, რომ რეგიონში შეიძლება ესქტრემისტების პროვოცირება მოხდეს. თუმცა რეგიონის ექსპერტები თვლიან, რომ ყირგიზეთში მეორე რუსული ბაზის დაარსების თაობაზე ტაშკენტის წინააღმდეგობა ნაკლებად უკავშირდება ექსტრემისტული ჯგუფების საფრთხეს.

ამ ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ უზბეკეთი, რომელიც თავს შუა აზიის ძლიერ მოთამაშედ აღიქვამს, რეგიონში რუსეთის ძალაუფლების გაზრდას უფრთხის.
ამ ექსპერტებს შორისაა ანდრეი გროზინი, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების ინსტიტუტის შუა აზიის განყოფილების დირექტორი. იგი თვლის, რომ, მეზობელ ქვეყნებში რუსეთის ძალების გაზრდის ფონზე, უზბეკეთს სულ უფრო გაუჭირდება რეგიონზე გავლენის მოხდენა:

”რუსეთის სამხედრო ბაზის იქ ყოფნას ბევრი აღიქვამს როგორც ამგვარი ბაზის არსებობას, მაგალითად, სამხრეთ ოსეთში ან აფხაზეთში. ყველას ესმის, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთის სამხედრო სტრუქტურა გაჩნდება რეგიონში, უზბეკეთის ინტერესების სფეროს უშუალო გადაკვეთაზე, [ტაშკენტს] გაუჭირდება ბიშკეკსა და დუშანბეზე ზეწოლის მოხდენა.”

უზბეკეთი, უკვე გარკვეული ხანია, რეგიონალური პროექტებიდან თვითიზოლირების ტენდენციით გამოირჩევა. წარსულში ტაშკენტი დაიმუქრა, რომ დატოვებდა რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას. მან, ბელორუსიასთან ერთად, უარი განაცხადა ამ ორგანიზაციის ფარგლებში კონტრტერორისტული სწრაფი რეაგირების ძალის შექმნაზე.

ლონდონის ეკონომიკის სკოლაში მომუშავე ანალიტიკოსი ანა მატვეევა თვლის, რომ მეორე ბაზის ყირგიზეთში განთავსების გადაწყვეტილებით რუსეთმა აჩვენა, რომ შუა აზიაში მისი მთავარი პარტნიორი უზბეკეთი არ არის. მატვეევას თქმით, ამას, უწინარესად, უზბეკეთის მხრიდან საგარეო ორიენტაციის ხშირი ცვლა განაპირობებს. ანალიტიკოსის აზრით, ექსტრემიზმის გაძლიერების საფრთხის შესახებ უზბეკეთის განცხადებები საფუძველს მოკლებულია:

”ფერგანის ხეობაში სამხედრო ძალების დიდი კონცენტრაციაა - იქ განსაკუთრებით უზბეკეთის ძალები ჭარბობს. რუსეთის ბაზა - ამგვარი ბაზის დაარსებას კი დრო დასჭირდება - საკმაოდ შეზღუდული იქნება, იქ დიდი სამხედრო ნაწილის განთავსებაზე საუბარი არ არის. ტაჯიკეთში რუსეთის ბაზის მაგალითს თუ გავითვალისწინებთ, - ბაზისა, რომელიც უფრო დიდია და თან ავღანეთის მოსაზღვრე, ძალიან რელიგიურ რეგიონში მდებარეობს, - მისი იქ ყოფნა მნიშვნელოვან ვნებათაღელვას არ იწვევს. ვერ ვიტყვით, რომ ამ თემას ბევრი განიხილავდეს.”

უზბეკეთისგან განხვავებით, ყირგიზეთი ახალი რუსული ბაზის დაარსების შესაძლებლობას შფოთიან რეგიონში სტაბილურობის გარანტიად აღიქვამს.

ანალიტიკოს გროზინის თქმით, რეგიონში ახალი ბაზის დაარსება რუსეთისთვის ცალსახად მომგებიანი ნაბიჯი იქნება. ”პოტენციურად არასტაბილურ რეგიონში - ფერგანის ხეობაში - ყოფნა რუსეთს საშუალებას მისცემს შუა აზიის მაჯისცემა აკონტროლოს და აჩვენოს, რომ რეგიონში სწორედ ის არის ”უფროსიო”, - ამბობს ექსპერტი.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG