Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტობის კანდიდატთა პირველი სატელევიზიო დებატები


სატელევიზიო დებატები ავღანეთის ტელევიზიით
სატელევიზიო დებატები ავღანეთის ტელევიზიით
ავღანეთში 20 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. 16 აგვისტოს რადიო თავისუფლების ავღანური სამსახურის (”რადიო აზადი”) დირექტორი - აკბარ აიაზი გაუძღვა პირველ დებატებს პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის. პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი და მისი ორი მეტოქე - ავღანეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი აშრაფ ღანი და ყოფილი დაგეგმვის მინისტრი რამაზან ბაშარდოსტი მონაწილეობდნენ ამ დებატებში, რომელიც ორ საათს გაგრძელდა და პირდაპირ გადაიცა როგორც რადიო თავისუფლების ავღანური სამსახურის მიერ, ასევე ავღანეთის სახელმწიფო ტელეარხის საშუალებით. პრეზიდენტობის კანდიდატები შეეცადნენ მაქსიმალურად გამოეყენებინათ ეს დებატები იმისთვის, რომ 17 მილიონი ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის მიეწვდინათ ხმა. კარზაის მთავარმა მეტოქემ აბდულა აბდულამ დებატებში მონაწილეობა არ მიიღო.

ბაშარდოსტი, რომელსაც ასკეტიზმისა და პოპულისტური სტილის გამო ”ავღანეთის განდის” უწოდებენ, ყველაზე მეტად კრიტიკული იყო. მან ავღანეთის ამომრჩეველს მოუწოდა ხმა ავღანეთში ჭეშმარიტ ცვლილებას მისცენ: ”ჩემს თანამემამულეებს ვთხოვ, არ ენდონ არც ერთი კანდიდატის სიტყვებს, თუნდაც ის ბაშარდოსტი იყოს. როცა ბაშარდოსტი, ან რომელიმე სხვა კანდიდატი გეუბნებათ, ვაპირებ გემსახუროთ, მსურს ავღანეთის აღდგენა და მოგიტანთ სამართალსა და კანონის უზენაესობასო, არ დაუჯეროთ მათ. თქვენ უნდა ენდოთ ადამიანებს მათ მიერ წარსულში გაკეთებული საქმის მიხედვით”. ბაშარდოსტი კარზაის მთავრობის უმთავრეს პრობლემად კორუფციას თვლის.

კარზაიმ სატელევიზიო დებატები თალიბანთან შერიგების გეგმის წარმოსაჩენად გამოიყენა: ”საბედნიეროდ, ახლა გვაქვს კარგი პირობები შერიგებისთვის. ამ თვალსაზრისით ურთიერთგაგება ისლამურ სამყაროსთან, კერძოდ კი, საუდის არაბეთთან ისევე, როგორც შეერთებულ შტატებთან, ამაღლდა. ამერიკამ და ნატომ გააცნობიერეს, რომ მშვიდობა არსებითია და ის ავღანელთა შორის შერიგებით უნდა დამყარდეს და არა ბრძოლით. ამგვარად, ავღანეთში დიდი საბჭოს, ”ლოია ჯირგას” მოწყობით, რომელშიც ყველა ავღანელი მიიღებს მონაწილეობას და რომელზეც თალიბანი და ჰეზბ-ისლამიც არიან მიწვეული, არსებითია. ამასთან ერთად, რეგიონული სამშვიდობო ”ჯირგას” პროცესი ავღანეთსა და პაკისტანს შორის უნდა გაგრძელდეს”.

კარზაის ერთ-ერთი ოპონენტი აკრიტიკებს ასეთ მიდგომას და თვლის, რომ ვიდრე კარზაის მთავრობაში თალიბანის მიერ დევნილი სამხედრო მეთაურები არიან, შერიგება არ გამოვა. კერძოდ, ბაშარდოსტმა 16 აგვისტოს დებატებისას განაცხადა: ”დღეს ვდგავართ იმ ხალხის [თალიბანის] წინაშე, რომელიც უბრალოდ გაუცხოებული კი არ არის. ეს ძალიან სუსტი სიტყვაა მათი მდგომარეობის ასაწერად. ისინი არ აღიარებენ ამ სისტემის კანონიერებას. ეს ადამიანები ამბობენ, რომ ჩვენი ”მკვლელები”, კონკრეტული სამხედრო მეთაურები, არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენ, თალიბანმა, დავამარცხეთ და რომელთა ხელებიც უდანაშაულოთა სისხლშია გასვრილიო. მიუხედავად ამისა, ისინი კვლავაც ინიშნებიან მაღალ სამთავრობო თანამდებობებზე”.

პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი - აშრაფ ღანი, რომელიც ყოფილი ფინანსთა მინისტრია, ავღანელებს თალიბანისგან მოსალოდნელი საფრთხის მიუხედავად არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს: ”მსურს ავღანელ ერს მივულოცო, რადგან ჩვენ პირველად შეგვიძლია დამოუკიდებლად ავირჩიოთ პრეზიდენტი. იმისდა მიუხედავად, ვისთვის ვაპირებთ ხმის მიცემას, მნიშვნელოვანია, რომ ხმას ვაძლევთ და ხმის მიცემისას არ უნდა განვიცდიდეთ ძალაუფლების ან ფულის ზეგავლენას”.

ღანიმ ისიც თქვა, რომ ავღანეთში მხოლოდ სამხედრო ძალით მშვიდობა და სტაბილურობა არ დამყარდება, არამედ ნდობის აღდგენაა საჭირო.

ავღანეთის მოქმედმა პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ აღნიშნა, რომ ავღანეთის ისტორიაში მოქმედ პრეზიდენტს არასდროს მიუღია მონაწილეობა დებატებში. მან კიდევ ერთხელ გამოიყენა დებატების ფორმატი და თავისი პოლიტიკა ასე გაამართლა: ”ბოლო შვიდი წლის მანძილზე მე მადანაშაულებდნენ, რომ ძალიან ბევრ დათმობაზე წავედი. ხალხი ამბობს, რომ ბევრი დავთმე. დიახ! დავთმე. დავთმე ავღანეთის სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის, ავღანეთში მშვიდობისთვის და შერიგებისთვის, იმისთვის, რომ ხელი შემეწყო ეროვნული ერთიანობისთვის და ავღანეთის განვითარებისთვის”.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG