Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კენი ბარელი - ”ორმოცდაათიანების და სამოციანების გიტარა”


კენი ბარელი
კენი ბარელი
ცნობილ ჯაზ-გიტარისტ კენი ბარელს ერთი თვის წინ 78 წელი შეუსრულდა. წუნდაუდებელი გემოვნებით და ბრწყინვალე ტექნიკით აღჭურვილმა მუსიკოსმა ბლუზის შესანიშნავი შესრულებით გაითქვა სახელი. ჯაზის მოყვარულთა მეხსიერებაში სამუდამოდ აღიბეჭდა აგრეთვე მის მიერ ბილი ჰოლიდეისა და ჯიმი სმიტისთვის გაწეული აკომპანემენტი. ახალგაზრდობაში კენი საქსოფონისტობაზე ოცნებობდა, მაგრამ იმხანად ინსტრუმენტის ყიდვისთვის ფული არ ეყო. კენის უფროსი ძმა, ბილი, გიტარაზე დეტროიტის პატარა ჯაზ-კლუბებში უკრავდა - სწორედ მისი მიბაძვით ისწავლა კენიმ ამ საკრავზე დაკვრა. საკუთარ სოლოებს ბიჭუნა გრამფირფიტებზე ჩაწერილი ჯაზური ნაწარმოებების მიხედვით ქმნიდა. ყველაზე დიდი ზეგავლენა მასზე ჩარლი ქრისტიანისა და ჯანგო რეინჰარდტის ხელოვნებამ მოახდინა. თუ ჩარლი ქრისტიანმა თავის დროზე ”ორმოციანების ჯაზური გიტარის” წოდება დაიმსახურა, კენიზე მოგვიანებით წერდნენ, რომ ის ”ორმოცდაათიანების და სამოციანების გიტარა” გახდა.

კენეთ (კენი) ერლ ბარელი დეტროიტში 1931 წლის 31 ივლისს დაიბადა. უკვე თორმეტი წლის ასაკში, ნორჩმა მუსიკოსმა თავის დეტროიტელ მეგობრებთან ერთად ჯაზური ტრიო ჩამოაყალიბა. კენისთან ერთად პიანისტი ტომი ფლენეგანი და ვიბროფონისტ მილტ ჯაკსონის ძმა, ბასისტი ელვინი, უკრავდნენ. ბარელის ორივე პარტნიორი შემდგომში ცნობილი ჯაზ-მუსიკოსი გახდა. ახალი ტრიო ნეტ კინგ ქოლის ტრიოს ბაძავდა - მასში დასარტყამი საკრავი არ მონაწილეობდა. მოგვიანებით, როცა კენი ბარელი ბი-ბოპის თაყვანისმცემელი გახდა, მისმა იდეამ მწირი კომბოების შესახებ მკვეთრი ტრანსფორმაცია განიცადა. იმხანად კი ის დილიდან უეინის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიდიოდა, სადაც კლასიკურ მუსიკას და კლასიკურ გიტარას ეუფლებოდა, საღამოობით კი ჯაზურ კლუბებში ხან ჩარლი პარკერს, ხან მაილს დევისს, ხან კი დიზი გილესპის უსმენდა. როცა ამ უკანასკნელმა დეტროიტის ერთ-ერთ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, კენის საშუალება მიეცა მის ორკესტრთან ე.წ. ”სეტი” დაეკრა. ახალგაზრდა გიტარისტი იმდენად მოეწონა გილესპის, რომ მან ბარელს ხანგრძლივი ანგაჟემენტი შესთავაზა. უფრო მეტიც: მას შემდეგ, რაც კენი დეტროიტში მილტ ჯექსონსა და ჯონ კოლტრეინთან ერთად გილესპის სექსტეტის შემადგენლობაში გამოვიდა, მაესტრომ ის საგასტროლო ტურნეშიც მიიწვია. კენიმ უნივერსიტეტში სწავლის დასრულება და დიპლომის აღება ამჯობინა და წინადადებაზე უარი თქვა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ე.ი. 1955 წლამდე, ბარელი დეტროიტის კლუბებში გამოსვლას განაგრძობდა ჯაზის ამომავალ ვარსკლავებთან თედ ჯონსსა და პეპერ ადამსთან ერთად.

კენი ბარელი მხოლოდ მას შემდეგ გაემგზავრა საგასტროლოდ, ოსკარ პიტერსონის ტრიოს შემადგენლობაში, როცა უეინის უნივერსიტეტი დაამთვრა და დიპლომი მიიღო. ტრიოში კენიმ გიტარისტი ჰერბ ელისი შეცვალა და ამით თავისებური ესტაფეტა განაგრძო: თავის დროზე ამავე ტრიოში ელისმა ბარნი კესელი შეცვალა (სხვათა შორის, ჰერბ ელისის დაბადების დღე 21 აგვისტოზე მოდის). ბოლოს და ბოლოს, ჩვენი სიუჟეტისგ მირი ნიუ-იორკში დასახლდა და გარკვეული დროის განმავლობაში ბენი გუდმენის ორკესტრში უკრავდა. სწორედ იმ პერიოდში მიიპყრო მან ნიუ-იორკის ჯაზ-კლუბ ”ბლიუ ნოტის” ორი შორსმჭვრეტელი მეპატრონის - ალფრედ ლაიონისა და ფრენსის ვულფის - ყურადღება. კენი ბარელის ცხოვრებაში ახალი პერიოდი დაიწყო.

ნიუ-იორკში ცხოვრების პირველივე დღიდან კენი ბარელისთვის, გადაუჭარბებლად, ტრიუმფის დრო დადგა: ცნობილი ჯაზური მუსიკოსები ერთმანეთს ეცილებოდნენ მასთან ერთად დაკვრას. საკმარისია თუნდაც ჩეტ ბეიკერის, ბილ ევანსის, რედ გარლანდის, არტ ფარმერის, კოილმენ ჰოკინსისა და ჰენკ ჯონსის გვარები დავასახელო. მიუხედავად ამისა, ბარელი ყოველთვის ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას და ამა თუ იმ მუსიკოსსა ან ჩამწერ ფირმასთან მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი სურვილით თანამშრომლობდა. სწორედ ამიტომ დღესდღეობით მისი ჩანაწერები შეიძლება ”ბლუ-ნოტის”, ”რივერსაიდის”, ”პრესიჟის”, ”ვერვეს” CD -ებზე მოვისმინოთ. მოვისმინოთ და ვისიამოვნოთ.
XS
SM
MD
LG