Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გავლენიანი ამერიკელი სენატორი, ცნობილი პოლიტიკური კლანის წარმომადგენელი


77 წლის ასაკში ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა შეერთებული შტატების სენატის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა - ედვარდ კენედი. ის ცნობილ პოლიტიკურ კლანს წარმოადგენდა, რომელშიც მოკლული პრეზიდენტი ჯონ კენედიც შედის და რომელიც ამერიკის პოლიტიკურ ცხოვრებაში მრავალი წლის განმავლობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. ედვარდ კენედის ცხოვრებაში ბევრი ტრიუმფი და ბევრი ტრაგედია იყო.

ათწლეულების მანძილზე განვითარებული კარიერის შედეგად, სენატორი ედვარდ კენედი შეერთებული შტატების პოლიტიკური ცხოვრების ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა გახდა, თუმცა, მისი ოჯახის მიერ დამკვიდრებული არაორდინარული სტანდარტების ფონზე, მისი მიღწევები ბევრს შეიძლება მაინც ფერმკრთალად მოეჩვენოს.

1969 წელს ედვარდ კენედი პერსპექტიული ახალგაზრდა სენატორი იყო მასაჩუსეტსის შტატიდან, მაგრამ მისი რეპუტაცია სამუდამოდ შეილახა ჩაპაქვიდიკის ინციდენტად ცნობილი შემთხვევის გამო.

ეს ინციდენტი საავტომობილო ავარიას ეხება. კენედი, რომელიც მანქანას მართავდა, ავარიის ადგილიდან გაიქცა ისე, რომ არ უშველა თავის მგზავრს, ახალგაზრდა ქალს, რომელიც ავარიის შედეგად დაშავდა. ქალი გარდაიცვალა. მოგვიანებით კენედიმ სასამართლოს წინაშე დანაშაული აღიარა და მას პირობითი სასჯელი მიესაჯა.

მომდევნო წელს ის კიდევ ერთი ვადით აირჩიეს სენატში, მაგრამ თავისი ცნობილი და ქარიზმატული ძმების ფონზე ედვარდი მართლაც ნაკლებად ჩანდა.

მისმა უფროსმა ძმამ, ჯონმა, წარუშლელი კვალი დატოვა ამერიკის ისტორიაში როგორც ქარიზმატულმა პრეზიდენტმა, რომელიც 1963 წელს დალასში მოკლეს. ხუთი წლის შემდეგ, საპრეზიდენტო კამპანიის წარმოებისას, კალიფორნიაში ჩატარებულ პრაიმერში გამარჯვების შემდეგ, მისი მეორე ძმა - რობერტიც - მკვლელის ტყვიას ემსხვერპლა.

ასეთი ცნობილი ძმების ფონზე ედვარდის ფიგურა მოკრძალებულად გამოიყურებოდა, თუმცა ბევრს მაინც მიაჩნია, რომ ის აშკარა ქარიზმა, რომელიც კენედების კლანს გამოარჩევდა, ედვარდსაც ჰქონდა - შესაძლოა, ცოტა უფრო მცირე დოზით, ვიდრე ჯონს და რობერტს.

ედვარდ კენედის შეტანილი ჰქონდა წვლილი ათწლეულების განმავლობაში კონგრესის მიერ მიღებულ თითქმის ყველა სოციალურ კანონმდებლობაში - იქნებოდა ეს ჯანდაცვის, სამოქალაქო უფლებების, განათლების თუ იმიგრაციის საკითხები. მას კონსტრუქციულ პოლიტიკოსად იცნობდნენ - პიროვნებად, რომელსაც შეეძლო შეთანხმების მიღწევა კონსერვატორ პოლიტიკოსებთან, იმის მიუხედავად, რომ ისინი გადაჭრით არ იზიარებდნენ კენედის ლიბერალურ შეხედულებებს.

კენედი დახვეწილ ორატორადაც ახსოვთ. ”მივმართავ ყველა იმ ადამიანს, ვის პრობლემებზეც ვზრუნავდით: მუშაობას ვაგრძელებთ, საკითხი კვლავ აქტუალურია, იმედი კვლავ ცოცხალია და ოცნება არასოდეს მოკვდება,” თქვა კენედიმ დემოკრატიული პარტიის კონგრესზე 1980 წელს, როდესაც მან ვერ მოიპოვა პრეზიდენტის პოსტზე ნომინაცია.

მაშინ პრეზიდენტის პოსტზე დემოკრატებმა ჯიმი კარტერი წარადგინეს, თუმცა კენედიმ ყველას დაამახსოვრა თავი დამარცხების ასეთი დახვეწილად აღიარებით.

კიდევ ერთი ცნობილი სიტყვა ედვარდ კენედიმ ძმის, რობერტის, დასაფლავების დღეს წარმოთქვა: ”ჩემს ძმას არ სჭირდება სიკვდილის შემდგომი იდეალიზაცია და გაზვიადება. ის უნდა გვახსოვდეს როგორც კარგი და წესიერი ადამიანი, რომელიც ამჩნევდა ცუდს და ცდილობდა მის გამოსწორებას, ხედავდა ტანჯვას და ცდილობდა მის შემსუბუქებას, ხედავდა ომს და ცდილობდა მის შეჩერებას.”

ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ედვარდ კენედის განსაკუთრებით აინტერესებდა, ამერიკის ყველა მოქალაქისთვის უნივერსალური ჯანდაცვის ამოქმედება იყო. გაუარესებული ჯანმრთელობის მიუხედავად, საპრეზიდენტო არჩევნებში კენედიმ მყარად დაუჭირა მხარი ბარაკ ობამას, რომლის ერთ-ერთი პირობა სწორედ ჯანდაცვის სისტემის რეფორმირებას უკავშირდებოდა.

”ვამაყობ, რომ დღეს მის გვერდით ვდგავარ, რათა შევთავაზო ჩემი დახმარება, ჩემი ხმა, ჩემი ენერგია და ჩემი მხარდაჭერა, რომ შეერთებული შტატების შემდეგი პრეზიდენტი ბარაკ ობამა გახდეს!” ეს სიტყვები კენედიმ ობამას მხარდასაჭერ გამოსვლაში წარმოთქვა 2008 წელს.

ბარაკ ობამა ახლა სწორედ ჯანდაცვის რეფორმაზე მუშაობს - ცდილობს ეს კანონპროექტი კონგრესმა დაამტკიცოს. მაგრამ ამ მცდელობის შედეგებს ედვარდ კენედი ვეღარ იხილავს.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG