Accessibility links

ბრიტანული თემიდა ტერორისტებს ბორკილებს ადებს


ბრიტანეთის ავიახაზების თვითმფრინავი
ლონდონის სასამართლომ ორშაბათს სამი ბრიტანელი დამნაშავედ ცნო ტრანსატლანტიკური ავიალაინერების აფეთქების ორგანიზებაში. სასამართლომ დაადგინა, რომ აბდულა ახმედ ალი, ტანვირ ხუსეინი და ასად სარვარი ნამდვილად აპირებდნენ მოქმედებაში მოეყვანათ ხსნარი, რომლის შეტანასაც ცდილობდნენ, გამაგრილებელი სასმელის სახით, თვითმფრინავის ბორტზე.

ბრიტანული სასამართლოს თანახმად, ბრალდებულებს თვითმფრინავები მაშინ უნდა აეფეთქებინათ, როდესაც ისინი ბრიტანეთიდან ჩრდილოეთ ამერიკისკენ გაფრინდებოდნენ. გეგმა შეთანხმებული იყო ალ ყაიდასთან და მას პაკისტანში მცხოვრები ისლამური ექსტრემისტული დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი უწევდა ორგანიზებას, - ამბობს ალან ჯონსონი, ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი:

“ეს შემთხვევა ერთხელ კიდევ ადასტურებს, რომ ჩვენ ტერორიზმის რეალური და სერიოზული საფრთხის წინაშე ვდგავართ. ეს იყო განსაკუთრებულად საშიში გეგმა, რომელსაც შეეძლო გამოეწვია მკვლელობები და წარმოუდგენელი ქაოსი. პოლიციამ, უსაფრთხოების სამსახურმა და პროკურატურამ ბრწყინვალედ იმუშავეს, ანტიტერორისტული კომპლექსური ოპერაციის ფარგლებში, რათა ეს ადამიანები სასამართლოს წინაშე წარმდგარიყვნენ.”

პროკურატურამ შემთხვევას “გლობალური მასშტაბის ტერორისტული აქტის”კვალიფიკაცია მიანიჭა. ხელისუფლების თქმით, გეგმის განხორციელების შემთხვევაში, ის იქნებოდა ყველაზე შემზარავი ტერორისტული აქტი, 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ.

გამოძიების თანახმად, თვითმკვლელი მოიერიშეები აპირებდნენ თვითნაკეთი ასაფეთქებელი ნივთიერება გამაგრილებელი პლასტიკური ბოთლებით აეტანათ თვითმფრინავების ბორტზე. სწორედ ამ არშემდგარმა დანაშაულმა გამოიწვია უსაფრთხოების ზომების გამკაცრება მსოფლიოს მასშტაბით, რის შემდეგაც მგზავრებს სასტიკად ეკრძალებათ გამაგრილებელი სასმელის შეტანა თვითმფრინავში. თუმცა დავუბრუნდეთ 2006 წლის აგვისტოს არშემდგარ ტერაქტს. როგორ უნდა აეფეთქებინათ ბრალდებულებს თვითმფრინავები? აი , რას ამბობს სიუ ჰემინგი, ბრიტანეთის სამეფო პროკურატურის ანტიტერორიზმის განყოფილების ხელმძღვანელი:

“ამ ადამიანებმა შექმნეს ბომბების საწარმო იმ ნივთიერების დასამზადებლად, რომელიც შეეძლოთ ბოთლებით გადაეტანათ. ისინი ცარიელ ბოთლებს ასაფეთქებელი ხსნარით ავსებდნენ. დეტონატორები დამონტაჟებული იყო ელემენტებში და ბრალდებულები აპირებდნენ ჰაერში აემოქმედებინათ ასაფეთქებელი ნივთიერება.”

სხვა მტკიცებულებებთან ერთად, ჰემინგის თქმით, გამოძიებამ მოიპოვა ტერორისტთა ბრიტანული ქსელის ლიდერის, აბდულა აჰმედ ალის, წერილი, რომელშიც იგი ინსტრუქტაჟს უტარებს მომავალ თვითმკვლელებს, თუ როგორ უნდა აუარონ გვერდი აეროპორტის დაცვის სამსახურს. დოკუმენტებს შორის აღმოჩნდა ჰიტროუდან ამერიკასა და კანადამდე სამგზავრო ფრენების განრიგიც. ზოგიერთმა პოტენციურმა თვითმკვლელმა ვიდეოზე გააკეთა ჩანაწერი, რომელშიც, ალ ყაიდის იდეოლოგიის გავლენით, ამართლებს მასობრივ მკვლელობებს და ტერორიზმით იმუქრება:

“ჩვენ არ გადავუხვევთ ამ გზას, ვიდრე თქვენ არ დატოვებთ ჩვენს მიწას და სანამ არ იგრძნობთ იმას, რასაც ჩვენ ვგრძნობთ. ეს არის შურისძიება მუსლიმანურ მიწაზე შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების, ბრიტანელებისა და ებრაელების, მოქმედებების გამო. ეს არის გაფრთხილება ურწმუნოთათვის, რომ თუკი ისინი არ დატოვებენ ჩვენს მიწა-წყალს, აქ ბევრია ჩვენი მსგავსი და აქ ბევრია ჩემი მსგავსი, რომლებიც მზად არიან იბრძოლონ, სანამ ამ მიწაზე ალაჰის კანონები არ დამკვიდრდება.”

სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ბრიტანელ მუსლიმ ექსტრემისტებს კავშირი ჰქონდათ პაკისტანში მყოფ ალ ყაიდის ლიდერებთან. ერთ-ერთი ასეთი მოკავშირე უნდა ყოფილიყო რაშიდ რაუფი, ბრიტანეთში დაბადებული ხაბაზის შვილი, რომელიც 2006 წლის აგვისტოში დააკავეს პაკისტანის ქალაქ ბაჰავალპურში. რაშიდ რაუფმა მოახერხა გაქცეულიყო 2007 წლის დეკემბერში, როდესაც ციხის მცველებმა მას მეჩეთში შესვლის უფლება მისცეს. არსებობს ინფორმაცია, რომ რაუფი დაიღუპა ამერიკული უპილოტო თვითმფრინავის შეტევის შედეგად, 2008 წლის ნოემბერში, თუმცა ამერიკის დაზვერვის სამსახურები ამ ინფორმაციას ვერც უარყოფენ და ვერც ადასტურებენ.
XS
SM
MD
LG