Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ მიმდინარეობს რთველი საქართველოში


რთველი
რთველი
საქართველოში რთველი, შარშანდელთან შედარებით, ნაადრევად დაიწყო. კახეთში ღვინის ქარხნებში საფერავის ჯიშის ყურძნის მიღება 5 სექტემბრიდან მიმდინარეობს. წელს კახეთში მოსავალსაც უფრო მეტს მოელიან, ვიდრე შარშან იყო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაანგარიშებით, კახეთში დაახლოებით 120 ათასი ტონა ყურძენი დაიკრიფება. სახელმწიფო, შარშანდელივით, რთვლის სუბსიდირებას ვაუჩერების მეშვეობით ახორციელებს. ამისთვის ბიუჯეტიდან 14 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

რთველი კახეთში
please wait

No media source currently available

0:00 0:03:54 0:00


ბიუჯეტიდან გამოყოფილი სუბსიდიის მეშვეობით მთავრობა იმ მევენახეებს ეხმარება, რომლებიც მოსავალს ღვინის ქარხნებში ჩააბარებენ. რქაწითლის ჯიშის ყურძნის საბაზრო ფასი ამჟამად კილოგრამზე 30 თეთრს შეადგენს, რასაც, ვაუჩერის სახით, სახელმწიფო კიდევ 15 თეთრს დაამატებს. საფერავის ფასი კი 40-დან 45 თეთრამდე მერყეობს და სახელმწიფო მას 25 თეთრს ამატებს. მიუხედავად ამისა, მევენახეები მაინც უკმაყოფილონი არიან. მათ ყურძნის საბაზრო ფასი არ მოსწონთ:

„ძალიან იაფი ფასი აქვს ყურძენს. მზესუმზირა უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ყურძენი. მოსავალი ხარჯებს ვერ ანაზღაურებს.“
ყურძნის ფასს ბაზარი არეგულირებს და ის მოსავლის მოცულობასთან ერთად იცვლება ხოლმე. რადგან წელს, შარშანდელთან შედარებით, უფრო დიდი მოსავალია, შესაბამისად, ყურძნის ფასიც დაბალია. მიუხედავად ამისა, სპეციალური შტაბის უფროსის, ტარიელ გაბუნიას, ინფორმაციით, რიგ რაიონებში საფერავის ჯიშის ყურძნის მოსავალი მთლიანად დაბინავებულია. სულ რეგიონში ამ დროისთვის 16 ქარხანა მუშაობს.

„ყურძნის დაბინავება ხდება ოპერატიულად. პირველი სეზონია, როდესაც ქარხნებში რიგები არ არის.“

რიგების არარსებობის მიზეზებზე საუბრობს ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ფილიალის ხელმძღვანელი გელა მთივლიშვილი. მისი განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლება მევენახეებს ყურძნის დროულად დაკრეფის საშუალებას არ აძლევს.
„სოფლის გამგებლები ცნობებს დროულად არ გასცემენ, რათა რიგები არ დადგეს.“

გელა მთივლიშვილის ინფორმაციით, ქარხნები უარს აცხადებენ ეგრეთ წოდებული ჰიბრიდული ჯიშის ყურძნის მიღებაზე და მევენახეებმა არ იციან, სად წაიღონ დაახლოებით 3 ათასი ტონა ამ ყურძნის მოსავალი.

კახეთისა და რაჭის გარდა, 15 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს მოელიან იმერეთშიც, რაზეც სუბსიდია არ გაიცემა. კახეთში ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლის გელა მთივლიშვილის განცხადებით, ვაუჩერები - შესაბამისად, სუბსიდია - არც იმ კახელ მევენახეებს ერგებათ, რომლებსაც ზვრები 10 ჰექტარზე მეტ ფართობზე აქვთ გაშენებული.

ვარაუდობენ, რომ წელს კახეთში სულ 120 ათასი ტონა ყურძენი დაიკრიფება.
XS
SM
MD
LG