Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ევროპაში ანტისარაკეტო ფარის შექმნის გეგმას შეცვლის


ბარაკ ობამა
ბარაკ ობამა
აშშ ჩეხეთის რესპუბლიკასა და პოლონეთში, ანტისარაკეტო ფარის განთავსების გეგმას ცვლის. ვაშინგტონში ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ძველი გეგმა შეიცვლება უფრო მრავალმხრივი, მოქნილი მიდგომით, რათა მოკავშირეები დაცულ იქნენ ირანული სარაკეტო მუქარისგან.

აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას, ადმინისტრაციამ ხუთშაბათს განაცხადა, რომ შეცვლის აღმოსავლეთ ევროპაში ანტისარაკეტო სისტემის განთავსების გეგმას, რომელიც თვალში ეკალივით ესობოდა რუსეთს. ობამამ ვაშინგტონში განაცხადა, რომ პოლონეთსა და ჩეხეთში ფარის განთავსებაზე ხელის აღება მას მაღალი რანგის სამხედრო პირებმა და მრჩევლებმა ურჩიეს. ობამამ ილაპარაკა სამომავლო გეგმაზე, რომელიც ირანის მიმდინარე ბალისტიკური სარაკეტო-თავდაცვითი პროგრამისგან აშშ-ის მოკავშირეთა დაცვას ითვალისწინებს:

"ევროპაში ჩვენი სარაკეტო თავდაცვის ახალი არქიტექტურა შესაძლებელს გახდის უფრო მძლავრად, უფრო გონივრულად, უფრო სწრაფად უზრუნველვყოთ აშშ-ის ძალებისა და ამერიკის მოკავშირეების დაცვა. ის უწინდელ პროგრამაზე უფრო ყოვლისმომცველია - მოიცავს შესაძლებლობებს, რომლებიც ნაცადიც არის და უფრო ეკონომიკურიც და ემყარება ჩვენს მტკიცე პოზიციას, სტრატეგიული ბალისტიკური რაკეტების საფრთხისგან დავიცვათ ჩვენი სამშობლო, შეერთებული შტატები. ის უზრუნველყოფს და განამტკიცებს ჩვენი ნატოელი მოკავშირეების უსაფრთხოებასაც."

თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა, რომელიც ბუშის ადმინისტრაციის დროინდელი მინისტრია, ობამას განცხადების შემდეგ პრესკონფერენციაზე ახალი გეგმის შესახებ ილაპარაკა და თქვა, რომ, დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ირანის საშუალო და ახლო რადიუსის რაკეტები უფრო დიდ საფრთხეს ქმნიან, ვიდრე საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები.

რობერტ გეიტსმა თქვა, რომ ახალი გეგმის პირველ ეტაპზე ჩრდილოეთსა და სამხრეთ ევროპაში განათავსებს გემებს, სენსორებითა და რაკეტა-გადამტაცებით, რათა უზრუნველყოს ევროპელი მოკავშირეებისა და აშშ-ის ძალების უსაფრთხოება. გეიტსმა დასძინა, რომ ვაშინგტონს არც სახმელეთო ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემებზე უთქვამს უარი, თუმცა მათი ამოქმედება 2015 წლამდე არ მოხდება:

"მეორე ეტაპი, დაახლოებით 2015 წლიდან, ითვალისწინებს SM 3-ის ტიპის სახმელეთო თავდაცვითი რაკეტების განთავსებას. ჩვენს მოკავშირეებთან - უწინარესად კი, პოლონეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკასთან - უკვე დავიწყეთ კონსულტაციები SM 3-ის ტიპის რაკეტების სახმელეთო ვერსიისა და ამ სისტემის სხვა კომპონენტების განთავსების შესახებ."

გეიტსმა ამ პრესკონფერენციაზე მათი მისამართით, ვინც ვაშინგტონის ახალი განცხადებების გამო ეჭვს გამოთქვამს, რომ აშშ ევროპაში ანტისარაკეტო სისტემას ჩამოწერს, თქვა, მათ არასწორი ინფორმაცია აქვთ, ან კიდევ რასაც ვაკეთებთ, არასწორად ესმითო.ბუშის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული ახლა უკვე ძველი გეგმა ვაშინგტონ-მოსკოვის ურთიერთობისთვის ერთ-ერთი მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი იყო. კრემლი თვლიდა, რომ ფარი არ იქმნებოდა ირანისგან თავდასაცავად, რომ ის მის უსაფრთხოებას ემუქრებოდა. ამასთან, მოსკოვი მას რეგიონში აშშ-ის მზარდი გავლენის ნიშნად აღიქვამდა. სიახლის გამოცხადების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა თქვა, ვაფასებთ ჩვენი შეთანხმებებისადმი აშშ-ის პრეზიდენტის პასუხიმგებლობით მიდგომასო, და მზადყოფნა გამოხატა დიალოგის გაგრძელებისათვის.

პრაღაში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, იმ მოხელეთათვის, რომლებიც აშშ-ის ანტისარაკეტო ფარს მიიჩნევდნენ ვაშინგტონის მზადყოფნად, მათ დასაცავად შუბლი შეეშვირა მოსკოვისთვის, ობამას ადმინისტრაციის გადაწყვეტილება დარტყმა იყო. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა იან ფიშერმა პრაღაში, პრესკონფერენციაზე, განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მას წუხელ დაურეკა და უთხრა, გავაუქმეთ სადავო გეგმაო: "დღეს, ნაშუაღამევს, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დამირეკა და მაცნობა, რომ მისი მთავრობა უარს ამბობს განზრახვაზე, ჩეხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ააგოს ანტისარაკეტო სარადარო სისტემა."

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მირეკ ტოპოლანეკმა თქვა, ეს ცუდი ამბავიაო: "ჩემი აზრით, ეს ცუდი ამბავია, უპირველესად იმიტომ, რომ ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ ჩვენი 20-წლიანი მოძრაობის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ამ სტრუქტურებში ძალიან აქტიურად ჩავერთეთ, ახლა ეს პროცესი შენელდება."

ვაშინგტონის გეგმის შეცვლას მოჰყვა სპეკულაციები, აშშ ახლა თავის ფარებს ისრაელსა და თურქეთში განათავსებსო. ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ აპირებს თურქეთს “პეტრიოტის” ტიპის ანტისარაკეტო სისტემა მიჰყიდოს.

თურქულმა წყარომ განმარტა, რომ “პეტრიოტები” მხოლოდ თურქეთის სახელმწიფო თავდაცვას მოემსახურება.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG