Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიდევ ერთხელ ევროკავშირისა და მიგრაციის პრობლემზე


ჟანდარმები კარვების დასაშლელად ემზადებიან
ჟანდარმები კარვების დასაშლელად ემზადებიან
ევროპის ქვეყნები, სადაც არალეგალური იმიგრანტების პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა, აცხადებენ, რომ ამ საკითხთან გასამკლავებლად საკმარისი არ კეთდება. საუბარი, ძირითადად, ევროკავშირის ხმელთაშუაზღვისპირულ ქვეყნებს ეხება, რომელთაგან ზოგიერთი ახლა გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმას იწყებს. იტალიამ, მაგალითად, ქვეყანაში ზღვით შესვლის მოსურნე იმიგრანტების უკან დაბრუნება დაიწყო, რასაც მწვავე პროტესტი მოჰყვა უფლებადამცველთა მხრიდან. საფრანგეთში დღეს პოლიცია შევიდა კალესთან ახლოს მდებარე იმიგრანტების მიერ სახელდახელოდ აშენებულ ბანაკში და თითქმის 300 პირი დააკავა.

ყოველ ზაფხულს ევროკავშირის ქვეყნებში ასიათასობით იმიგრანტი ჩადის უკეთესი ცხოვრების საძიებლად. იმიგრაციის პრობლემა, როგორც ასეთი, ევროპის ცხოვრებაში და მის მედიაში ჯერ კიდევ ათი წლის წინ დადგა მწვავედ. შესაბამისად, ის, რომ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს შემუშავებული ეფექტიანი პოლიტიკა იმიგრაციის, თავშესაფრის გამოყოფისა და რეპატრიაციის თვალსაზრისით, ბევრს შესაძლოა გაუკვირდეს კიდეც.

ყველაზე მეტი იმიგრანტი ხმელთაშუა ზღვით იტალიაში, საბერძნეთსა და ევროკავშირის სხვა სამხრეთელ წევრ ქვეყნებში აფრიკის ქვეყნებიდან ჩადის. მათი გზა ხიფათით სავსეა - ყოველწლიურად ასობით ადამიანი კვდება ნავების ჩაძირვის გამო.

ამის მიუხედავად, მარტო გასულ წელს იტალიაში ამ გზით 37,000-ზე მეტი ადამიანი ჩავიდა. წელს იტალიის მთავრობამ უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა და ნავები უკან გააბრუნა მანამ, სანამ ისინი ხმელეთს მიაღწევდნენ. ამ ზომამ იტალიაში ჩასვლის მოსურნე არალეგალური იმიგრანტების რაოდენობა გაანახევრა.
ოფიციალური პირები უარყოფენ კანონის დარღვევას, მაგრამ ამ ნაბიჯმა ადამიანის უფლებების დამცველებში მწვავე პროტესტი გამოიწვია. უფლებადამცველების თქმით, იმიგრანტებისთვის თავშესაფრის მოთხოვნის შესაძლებლობის წართმევა საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევაა.

იმიგრაციის საკითხზე ორშაბათს, 21 სექტემბერს, ბრიუსელში გამართეს შეხვედრა ევროკავშირის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებმა. შეხვედრის შემდეგ სამართლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა, ჟაკ ბარომ, რომელსაც უშუალოდ ეხება წევრი ქვეყნების მიერ საერთაშორისო სამართლის დაცვის შემოწმება, თქვა, რომ ევროკავშირმა იტალიას გატარებული ზომების ახსნა-განმარტება სთხოვა:

”ახლა მათ პასუხს ვიხილავთ. იტალიას შევახსენეთ ის პრინციპი, რომ იმიგრანტები არ უნდა იქნენ დაბრუნებული ქვეყნებში, სადაც მათ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება. ამის გათვალისწინებით, ჩვენ პრობლემის მიზეზების განხილვა და პრობლემის გადაჭრა გვსურს.”

საინფორმაციო სააგენტოების თანახმად, იტალიის საზღვაო დაცვამ რვა ოპერაცია განახორციელა და უკან 700-ზე მეტი პოტენციური იმიგრანტი გააბრუნა, ანუ 700-ზე მეტ ადამიანს აღარ მიეცა თავშესაფრის თხოვნის საშუალება.

პირებს, რომლებიც საშიშ ადგილებს გაურბიან, - სომალის ან სუდანის დარფურის რეგიონს, მაგალითად, - როგორც წესი, ეკუთვნით ევროკავშირში თავშესაფარი. მაგრამ მათ, ვინც ევროკავშირში, უბრალოდ, უკეთესი ცხოვრების საძიებლად ჩადის, უკან აბრუნებენ ხოლმე.

უფლებადამცველების თქმით, თავიანთ ქვეყნებში დაბრუნებული მიგრანტები ხშირად ძალადობის და სისასტიკის მსხვერპლნი ხდებიან. ორგანიზაცია ”Human Rights Watch”-ის ახალი ანგარიშის თანახმად, ის პირები, რომლებიც იტალიამ ლიბიაში დააბრუნა, ”არაადამიანურ და დამამცირებელ პირობებში” იმყოფებიან. ორგანიზაცია აღწერს, რომ დაბრუნებულ მიგრანტებს სცემენ, ძარცვავენ და ხალხით გადატენილ დაკავების ცენტრებში ამყოფებენ.

მაგრამ, ამის მიუხედავად, იტალიას მხარი დაუჭირეს მსგავს პოზიციაზე მყოფმა ევროკავშირის სხვა წევრებმა - საბერძნეთმა, მალტამ, კვიპროსმა და სხვებმა.

საფრანგეთში სამშაბათს პოლიცია შევიდა კალესთან ახლოს მდებარე იმიგრანტების მიერ სახელდახელოდ აშენებულ ბანაკში, რომელსაც ბევრი ”ჯუნგლებს” უწოდებდა. დააკავეს თითქმის 300 პირი, ძირითადად, ავღანელები. დაკავებულთაგან 130-ზე მეტმა განაცხადა, რომ 18 წელზე ნაკლების იყო. მთავრობის განცხადებით, ახლა დაკავებულებს მისცემენ არჩევანს - თავშესაფარი მოითხოვონ ან უკან, თავიანთ ქვეყნებში, დაბრუნდნენ. უფლებადამცველებმა ეს ნაბიჯი გააკრიტიკეს - მას მედიისთვის დადგმული სანახაობა უწოდეს და განაცხადეს, რომ ამის გამო ერაყიდან, ავღანეთიდან და სხვა სახიფათო ადგილებიდან ჩასული ლტოლვილები დახმარების თხოვნის ნაცვლად დამალვას დაიწყებენ.

ახალგაზრდა კაცი, სახელად ჰანი, კალეს ბანაკში ცხოვრობდა - მისი თქმით, ის პაკისტანში მთავრობის ძალებსა და თალიბანს შორის ომს გამოექცა და დიდ ბრიტანეთში სურდა ჩასვლა:

”ხალხს დიდ ბრიტანეთში იმიტომ უნდა ჩასვლა, რომ იქ ადამიანებივით გვექცევიან. მაგრამ თავშესაფარი აქ, საფრანგეთში რომ ვეძიოთ, თავადაც ხედავთ, აქ ხალხი ”ჯუნგლებში” ცხოვრობს. თავშესაფარი რომც მოვითხოვოთ, წასასვლელი არსად გვაქვს. სწორედ ამიტომ სურს ყველას ბრიტანეთში წასვლა.”

ევროკავშირის რეგულაციების თანახმად, იმიგრანტებზე პასუხისმგებლობას ის ქვეყანა იღებს, საიდანაც ისინი პირველად შედიან კავშირის ტერიტორიაზე. ეს პოლიტიკა უკმაყოფილებას იწვევს ევროკავშირის სამხრეთელ წევრებს შორის, რომლებიც სატრანზიტო პუნქტებს წარმოადგენენ იმ მიგრანტებისთვის, რომელთაც ჩრდილოეთში, უფრო მდიდარ ქვეყნებში, სურთ გადასვლა. ეს სატრანზიტო ქვეყნები თვლიან, რომ იმ სახელმწიფოებმა, რომლებსაც უშუალოდ არ ეხებათ ხმელთაშუაზღვისპირული მიგრაცია, იტალიას, მალტას და სხვა სამხრეთულ ქვეყნებს კომპენსაცია უნდა გადაუხადონ.

პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი ვარიანტი ითვალისწინებს თავშესაფრის მაძიებელთა მხრიდან საბუთების ევროკავშირის გარედან გაგზავნას. თუ თხოვნა დაკმაყოფილდება, მიგრანტებს ამის შემდეგ შეეძლებათ ევროკავშირში შესვლა. მაგრამ ეს - ისევე როგორც განხილვის პროცესში არსებული სხვა შესაძლო ზომები - გრძელვადიანი პერსპექტივაა.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG