Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირლანდიის რეფერენდუმი ევროკავშირისთვის ერთი ეტაპის დასასრულს მოასწავებს


საარჩევო უბანი ლისაბონში
საარჩევო უბანი ლისაბონში
პარასკევს ირლანდიაში ევროკავშირის ლისაბონის ხელშეკრულების შესახებ რეფერენდუმი იმართება. იმის მიუხედავად, თუ როგორი შედეგით დასრულდება კენჭისყრა, ევროკავშირში თითქმის ყველა თანხმდება, რომ ეს შედეგი ბლოკისთვის ერთი ეტაპის დასასრული იქნება.

ირლანდიელი ამომრჩეველი პარასკევს მიმდინარე რეფერენდუმზე ლისაბონის ხელშეკრულების ბედს წყვეტს. შედეგები შაბათს გახდება ცნობილი. ეს ხელშეკრულება ბლოკის მეორე მცდელობაა, ერთიანი ფორმა მისცეს მის წიაღში მიმდინარე პროცესებს მას შემდეგ, რაც 2004-2007 წლებში მას 12 ახალი წევრი შეემატა.

ევროკავშირის პოლიტიკოსები და ექსპერტები თანხმდებიან, რომ ირლანდიის რეფერენდუმი, რომელიც ამ ქვეყანაში უკვე მეორედ იმართება, ლისაბონის ხელშეკრულების ბოლო შანსია.

წინასწარი გამოკითხვები ცხადყოფს, რომ ამჯერად ირლანდიელები ხელშეკრულებაზე დათანხმდებიან, მაგრამ დოკუმენტის ბედი ამით მაინც არ გადაწყდება, ვინაიდან მის რატიფიკაციას ჩეხეთის რესპუბლიკა და პოლონეთი აგვიანებენ. ნებისმიერ შემთხვევაში, ევროკავშირში ბოლო ხანს ერთმანეთის მიყოლებით ჩატარებულმა რეფერენდუმებმა ბლოკის დინამიკა დიდწილად შეაფერხა.

ამუშავების შემთხვევაში, ლისაბონის ხელშეკრულება ევროკავშირს მნიშვნელოვან ინსტიტუციურ ცვლილებებს მოუტანს. წევრ ქვეყნებს შეეზღუდებათ ვეტოს უფლება, მაგრამ არა იმ სფეროებში, რომლებიც სუვერენიტეტისთვის გადამწყვეტადაა მიჩნეული - კერძოდ, საგარეო, საბიუჯეტო ან გადასახადების პოლიტიკაში. შეიქმნება ევროკავშირის პრეზიდენტის პოსტი, გაძლიერდება ბლოკის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის თანამდებობა; წევრი ქვეყნების ხმის უფლება მათ ზომას შეეფარდება; გაფართოვდება ევროპარლამენტის უფლებები.

მაგრამ ევროკავშირში დღესდღეობით მოწყენილობის და ხელშეკრულებით დაღლილობის განწყობა სუფევს. ბლოკის რამდენიმე მცდელობა, გაეუმჯობესებინა საკუთარი მუშაობა, რეფერენდუმებზე განცდილი მარცხით დამთავრდა. 1992 წელს დანიამ მაასტრიხტის ხელშეკრულება უარყო; 2001 წელს ირლანდიელებმა უარყვეს ამ დოკუმენტის ახალი ფორმა - ნიცის ხელშეკრულება. 2005 წელს ფრანგებმა და ჰოლანდიელებმა რომის ხელშეკრულებას უთხრეს უარი. 2008 წელს კი კვლავ ირლანდიელებმა უარყვეს ლისაბონის ხელშეკრულება.

ყველა ამ შედეგს მნიშვნელოვანი შიდაპოლიტიკური მიზეზები ჰქონდა. ამომრჩეველი სხვადასხვა - მათ შორის, რეფერენდუმთან არცთუ დიდი კავშირის მქონე - ფაქტორით იყო მოტივირებული.

ახლაც - ირლანდიის მეორე რეფერენდუმი ევროკავშირისთვის არ წარმოადგენს გამოსავალს. სირთულეები ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში დარჩება.

იანის ემანოუილიდისი, ბრიუსელში განთავსებული ევროპის პოლიტიკის ცენტრის ანალიტიკოსი, თვლის, რომ რეფერენდუმის ნეგატიური შედეგით დასრულება ამ ხელშეკრულებას საბოლოოდ დაასამარებს:

”თუკი ”არას” მისცემენ ხმას, - თუმცა პირადად მე არა მგონია, რომ ასე მოხდეს, - ეს, ცხადია, ლისაბონის ხელშეკრულების სიკვდილი იქნება. მერე უკვე უნდა განისაზღვროს, რა ნაბიჯების გადადგმა იქნება შესაძლებელი. ამას კი დრო დასჭირდება, ვინაიდან, პირველ რიგში, ლისაბონის ხელშეკრულების მოულოდნელ დასასრულთან გახდება გამკლავება საჭირო, შემდეგ კი ლისაბონის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული რამდენიმე სიახლის დანერგვა მაინც უნდა მოხერხდეს.”

ირლანდიის პრემიერ-მინისტრ ბრაიან კოუენს რამდენჯერმე აქვს ნათქვამი, რომ ლისაბონის ხელშეკრულების შესახებ მესამე რეფერენდუმი არ გაიმართება.
თუმცა, ანალიტიკოსის თქმით, ვითარება იოლი არც დადებითი შედეგის შემთხვევაში იქნება:

”ვითარება დადებითი შედეგის შემთხვევაშიც რთული იქნება, იმიტომ რომ, ირლანდიის მიერ მიცემული თანხმობის მიუხედავად, მისია მაინც შეუსრულებელი დარჩება - უწინარესად, ჩეხეთის პრობლემის გამო. ღია იქნება პოლონეთის საკითხიც. თუმცა, როგორც ჩანს, - ყოველ შემთხვევაში, ჩემი ინფორმაციით, ასეა, - პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი არ უერთგულებს თავის უწინდელ განცხადებებს, რომ ლისაბონის ხელშეკრულებას ხელს მხოლოდ ირლანდიის რეფერენდუმზე დადებითი შედეგის მიღწევის შემდეგ მოაწერს.”

ჩეხეთის სენატის წევრებმა უკვე ორჯერ წარადგინეს ლისაბონის ხელშეკრულება საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე. მათ შესაძლოა კვლავაც ამ ტაქტიკას მისდიონ, რათა ქვეყნის ევროსკეპტიკოს პრეზიდენტ ვაცლავ კლაუსს ხელშეკრულების კანონად ქცევის გადავადების საშუალება მისცენ. ეს კი შეიძლება ხელსაყრელი აღმოჩნდეს ბრიტანეთის კონსერვატიული ოპოზიციისთვის, რომელიც ამბობს, რომ ხელშეკრულებას რეფერენდუმზე გაიტანს იმ შემთხვევაში, თუ მისი რატიფიკაცია ბრიტანეთის მომავალ არჩევნებამდე არ მოხდება. ეს არჩევნები უნდა გაიმართოს არაუგვიანეს 2010 წლის მაისისა და, როგორც ვარაუდობენ, გამარჯვებას კონსერვატორები მოიპოვებენ.

როგორიც უნდა იყოს ირლანდიის რეფერენდუმის შედეგი, ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ ევროკავშირის ცხოვრებაში დიდი პროექტების დრო დასრულდა - ყოველ შემთხვევაში, ახლო მომავლის პერსპექტივაში. ბრიუსელში პოლიტიკოსები სულ უფრო მეტად იხრებიან ევროკავშირის ერთ-ერთი დამაარსებლის, ჟან მონეს პოზიციისკენ, ჟან მონესი, რომელიც ევროპულ ინტეგრაციას ნელ, ეტაპობრივ პროცესად განიხილავდა.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG