Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”არაადეკვატური” ”არტისტერიუმი 2009” გაიხსნა


”არტისტერიუმი 2009”
”არტისტერიუმი 2009”
ამერიკის შეერთებული შტატები, არგენტინა, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ავსტრია, შვეიცარია, ჰოლანდია, სამხრეთ კორეა, ახალი ზელანდია და, მთლიანობაში, 22 ქვეყანა და 89 მხატვარი ღებულობს მონაწილეობას თბილისის მეორე თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაში ”არტისტერიუმი 2009”, რომელიც 9 ოქტომბერს გაიხსნა და 18 ოქტომბრამდე გასტანს. ღონისძიების წლევანდელი თემაა ”ცვლილებების მანიფესტი და შინაგანი გამოცდილება”. მონაწილეები დამთვალიერებელს განსაკუთრებულ სანახაობას ჰპირდებიან და ამბობენ, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები საუკეთესო შესაძლებლობაა საკუთარი თავის, უახლესი ტენდენციებისა და მიღწევების წარმოსაჩენად.

„ჩვენ ვართ აბსოლუტურად არაადეკვატურები, სრული სიგიჟეა ამის კეთება, მაგრამ მაინც ვცდილობთ სხვა ადგილას გადახტომას” - აი, ასე დაახასიათა ”არტისტერიუმი 2009”-ისათვის მზადება ღონისძიების კურატორმა მაგდა გურულმა. თუმცა სხვა ადგილას გადახტომა, აშკარად, გამოვიდა...

თბილისის თანამედროვე ხელოვნების II საერთაშორისო გამოფენა „არტისტერიუმი 2009“ 9 ოქტომბერს გაიხსნა და 18 ოქტომბრამდე გასტანს. ღონისძიების სახელწოდება თბილისში გასული საუკუნის 10-იანი წლების მოდერნისტულ მოღვაწეობას ეხმაურება. ”არტისტერიუმი” იმ პერიოდში გამომავალ ჟურნალ ”არსთან” არსებულ კლუბს ერქვა, სადაც ხშირად იმართებოდა გამოფენები, პოეზიის საღამოები და ლექციები. როგორც ასოციაცია ”არტისტერიუმის” კურატორმა მაგდა გურულმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნა, ეს სახელწოდება ერთგვარი კონტაქტის დამყარების მცდელობაა იმ პერიოდთან, როდესაც თბილისში მოდერნისტული ხელოვნება ყვაოდა:

წელს ”არტისტერიუმში“ 22 ქვეყნის 89 მხატვარი ღებულობს მონაწილეობას. ადრე თუ მხატვარი საკუთარ სათქმელს ფუნჯის, ტილოს და საღებავების დახმარებით ამბობდა, ახლა ამას ვიდეოს, ხმის, ინსტალაციის, ობიექტის დახმარებითაც აკეთებს. ეს არის თანამედროვე ხელოვნება. ახალმა ტექნიკურმა საშუალებებმა მოიტანა ის, რომ მხატვრებმაც დაიწყეს მათი გამოყენება”, - აღნიშნავს მაგდა გურული.

გამოფენის ერთ-ერთი ორგანიზატორი კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროა. სამინისტროს ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ირინე საგანელიძის თქმით, კულტურის სამინისტროსათვის მსგავსი ტიპის ღონისძიების ორგანიზებაში მონაწილეობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ შემთხვევაში ის მხოლოდ დამფინანსებლის სტატუსით არ გამოდის.

ფონდი ”ტრემი” ღონისძიების თანაორგანიზატორია. ფონდის ორგანიზებით წელს ღონისძიების ფარგლებში კონფერენცია მოეწყო. ”ტრემის” პრეზიდენტის ანა რიაბუშენკოს თქმით, კონფერენციის მთავარი მიზანი იმის გარკვევა იყო, თუ რა საფეხურზე იმყოფება დღეს თანამედროვე ქართული ხელოვნება მსოფლიო ხელოვნების გვერდით:

წლევანდელი გამოფენის მთავარი თემაა ”ცვლილებების მანიფესტი და შინაგანი გამოცდილება”. 22 ქვეყნის წარმომადგენლები საკუთარი ნამუშევრებით შეეცდებიან დამთვალიერებელს გადასცენ ის შეგრძნებები, რომლებიც ყოველდღიური ცვლილებებით არის გამოწვეული. გამოფენის ერთ-ერთი მონაწილის, სოფო ტაბატაძის, თქმით, მსგავსი ტიპის გამოფენები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში თანამედროვე ხელოვნების განვითარების თვალსაზრისით: “საქართველოში ორი კარი უნდა გავაღოთ, რომ ჰაერმა იმოძრაოს. წლევანდელ „არტისტერიუმზე“ წარმოვადგენ ნამუშევარს, სახელწოდებით ”აყვავებული დემოკრატიის ქვეყანაში პლასტმასის ყვავილებიც კი აყვავდებიანო”. ნამუშევარი ეხება ავლაბრის 8 სართულიან კორპუსს, რომელსაც ჯერ აივნები შეუფერადეს, შემდეგ პლასტმასის ყვავილები დაჰკიდეს ზედ და რამდენიმე ხნის შემდეგ ეს ყვავილები დაგრძელდა. ე.ი., ძალიან თუ მოინდომე, პლასტმასის ყვავილებიც კი გაიზრდება. ეს, რა თქმა უნდა, ცინიკურად”, - ამბობს სოფო.

პოლონელი ხელოვანი სილვია ვავერსკა „არტისტერიუმზე“ უკვე მეორედ ჩამოვიდა. მისი თქმით, მსგავსი ტიპის ღონისძიებები კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ კიდევ უფრო ახლოს გაიცნო ქართული ხელოვნება:

”საქართველოში ოთხი ვიდეოარტი ჩამოვიტანე. „არტისტერიუმში“ უკვე მეორედ ვმონაწილეობ და ქართულ ხელოვნებასა და მის ტრადიციებში უფრო და უფრო მეტ საინტერესოს და უნიკალურობას ვპოულობ. მოხარული ვარ, აქ რომ ვარ, რადგან ეს საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რომ უფრო უკეთ გავიცნო ქართული კულტურა, რომელიც მართლაც საინტერესოა და ჩემში საოცარ აღფრთოვანებას იწვევს”,- აღნიშნა რადიო თავისუფლებასთან საუბარში პოლონელმა ხელოვანმა.

წელს გამოფენის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს მოგზაური გამოფენა ”ჩეჩნეთის ბიენალე”, რომელიც, „არტისტერიუმის“ კურატორის მაგდა გურულის თქმით, მოსკოვის პირველი თანამედროვე ხელოვნების ბიენალეს ერთგვარ პროტესტს წარმოადგენს. გამოფენა 140 მხატვრის ნამუშევრებისაგან შედგება:

ღონისძიების ფარგლებში გამოფენები და შეხვედრები გაიმართება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, “ქარვასლაში“, New Art კაფეში, კავკასიურ სახლში, აბანოთუბანსა და არტ-ვილა გარიყულაში. ათი დღე მსოფლიო თანამედროვე ხელოვნების გარემოცვაში ყოფნა ნამდვილად ღირს, მით უმეტეს, რომ თავად მონაწილეები საინტერესო სანახაობას ჰპირდებიან დამთვალიერებელს.
XS
SM
MD
LG