Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დოლარი იაფდება, ოქრო ძვირდება


ოქროს ფასმა 14 ოქტომბერს რეკორდულად მაღალ ნიშნულს მიაღწია: ერთი უნცია, ანუ 28 გრამი, ოქრო ბირჟებზე 1070 დოლარად შეფასდა... მაგრამ არა მხოლოდ ოქრო, დოლარის შესუსტების კვალობაზე, გაიზარდა მოთხოვნა სხვა საქონელზე - ნავთობიდან და სპილენძიდან დაწყებული და შაქრით დამთავრებული.

ყოველ დღეს ახალი რეკორდი ახლავს.

გაძვირების ტენდენცია გრძელდება ფერადი ლითონების – მაგალითად, სპილენძისა და ვერცხლის - შემთხვევაშიც. მათ არც ნავთობი ჩამორჩება, რომელიც წლის განმავლობაში 60 პროცენტით გაძვირდა და ამჟამად ბარელი ნავთობის ფასი 75 დოლარს აღწევს. მსოფლიოს ბაზარზე ორჯერ გაიზარდა კაკაოსა და შაქრის ფასი და 80-იანი წლების სარეკორდო მაჩვენებელს გაუტოლდა. ანალიტიკოსების თქმით, ფასიან საქონელზე მოთხოვნილების ზრდა განპირობებულია დოლარის კურსის დაცემით, რაც ზრდის ოქროსა და სხვა ფასიანი საქონლის მიმზიდველობას ინვესტორთა თვალში. დოლარმა ბოლო თვის განმავლობაში საკმაოდ დათმო პოზიციები ევროს მიმართ და, გაცვლითი კურსის თანახმად, დღეისათვის ერთ ევროდ დოლარისა და 48 ცენტის ყიდვა შეიძლება.

მაგრამ რა შუაშიაო შაქარი, - ალბათ იკითხავთ. ყველაფერთან ერთად შაქარზე ფასის ზრდას, როგორც შაქრის ბროკერი ნიკი პენი ამბობს, თავისი ახსნა აქვს.

“სინამდვილეში, ფასიანი საქონლის ზრდის საკითხი ჩვეულებრივი ამბავია. ოქროს ფასი რეკორდულად მაღალია. საფონდო მოვაჭრეებს დივერსიფიცირებული მიდგომა აქვთ და ყიდულობენ ფასიან საქონელს, შაქარი კი მათგან ერთ-ერთი და ძალზე მნიშვნელოვანია. მაგრამ, წინა წლებისაგან განსხვავებით, შაქრის ფასის ამჟამინდელი ზრდა სულ სხვა რამითაა განპირობებული.”

ეს “სულ სხვა რამე” კი უამინდობა და ცუდი მოსავალია, რის გამოც შაქრის რეწვა შემცირდა ინდოეთსა და ბრაზილიაში. ამის გამო, თუკი ერთი თვის წინ ერთი კილო შაქრის ფასი, დაახლოებით, ერთ დოლარს უდრიდა, ახლა მისი ფასი გაორმაგდა.

გვალვების გამო შემცირდა კაკაოს წარმოებაც და, შესაბამისად, მისი ფასიც დღეს 1989 წლის მაჩვენებლამდე გაიზარდა და ერთი ტონა 3300 დოლარად ფასობს.

წლის დასაწყისთან შედარებით, ორჯერ გაიზარდა სპილენძის ფასი და ერთი ტონა სპილენძის ფასმა 6360 დოლარს მიაღწია. მაგრამ უდავო რეკორდსმენი მაინც ოქროა. ერთი უნცია ოქროს ფასი საერთაშორისო ბაზარზე 1070 დოლარი ღირს.

მაგრამ რა იქნება მომავალში?

როგორც ფასიანი საქონლის სპეციალისტები ვარაუდობენ, დოლარის კურსის გამყარების შემთხვევაში, ფასების ზრდის ტენდენციამ უნდა იკლოს. თუმცა, რაკი დოლარის კურსის ვარდნა გრძელდება, სავარაუდოა, რომ ოქროზე, ნავთობსა და სხვა ფასიან საქონელზე ფასების ზრდა მომდევნო რამდენიმე კვირაშიც გაგრძელდება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG