Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტში 2010 წლის ბიუჯეტის განხილვა იწყება


ბიუჯეტის შემოსულობების თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან 2004-2009 წლებში
ბიუჯეტის შემოსულობების თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან 2004-2009 წლებში
საქართველოს პარლამენტმა უკვე მიიღო მთავრობის მიერ მომზადებული ბიუჯეტის პროექტი, რომლის ხარჯების საერთო მოცულობა 6 მილიარდ 300 მილიონი ლარის ფარგლებშია. ეს დაახლოებით 800 მილიონი ლარით ნაკლებია, ვიდრე მიმდინარე წლის საბიუჯეტო ხარჯები. შესაბამისად, ბიუჯეტის პროექტის ბევრ მუხლს წლევანდელზე გაცილებით მცირე დაფინანსება ერგო.

2010 წლის საქართველოს ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში კანონით გათვალისწინებულ დროს, 1 ოქტომბერს, შევიდა, თუმცა მასში ბევრი საპროგნოზო მაჩვენებელი დაზუსტებული არ არის. ამიტომ გადაწყდა, რომ ბიუჯეტის პროექტი საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში გამართული კონსულტაციების შემდეგ დაიხვეწოს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით, ბიუჯეტის პროექტზე მისი კომიტეტი უახლოეს მომავალში იმსჯელებს:

„ჩვენ გვქონდა კონსულტაციები სხვადასხვა კომიტეტებთან. მიღებული მაქვს მათი წინადადებები და უახლოეს მომავალში მათ მთავრობას მივაწვდით.“

ზურაბ მელიქიშვილი ბიუჯეტის პარამეტრების კონკრეტიკას ერიდება, მაგრამ საპარლამენტო ოპოზიცია, რომელიც მთავრობაში მომზადებულ პროექტს გაეცნო, მას აქტიურად აკრიტიკებს. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის საპარლამენტო ფრაქციის წევრის მაგდა ანიკაშვილის განცხადებით, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის პროგრამა 4 მილიონიდან ერთ მილიონამდე მცირდება, გულის ქირურგია - 8-დან 4-მდე, ურგენტული მომსახურება - 9 მილიონიდან 2 მილიონამდე და ასე შემდეგ:

„ამ სახით სახელმწიფო ბიუჯეტი არის სრულიად მიუღებელი. აქ ჩადებული ცვლილებები უარესობისკენ გადადგმული ნაბიჯია.“

მთავრობამ ქრისტიან-დემოკრატები და სხვა პარლამენტარებიც დაარწმუნა, რომ ბიუჯეტის პარამეტრები უახლოეს მომავალში შეიცვლება და საკანონმდებლო ორგანოს გადამუშავებული ბიუჯეტი წარედგინება. ამის მიზეზი კი ის არის, რომ პარლამენტში შეტანილი ბიუჯეტის პროექტი თითქმის მხოლოდ პირველი ორი კვარტალის მონაცემებს ეყრდნობა. არადა, ეს პერიოდი საქართველოში ყველაზე მძიმე იყო და ეკონომიკის ვარდნამ თითქმის 7 პროცენტი შეადგინა. განსხვავებული ვითარება იყო მესამე კვარტალში, როდესაც პოლიტიკური დაძაბულობა მინელდა და ეკონომიკაც გამოცოცხლდა. სწორედ ბოლო მონაცემების საფუძველზე მოხდება მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავება.

სწორედ ამას მოითხოვს კიდევ ერთი ოპოზიციური საპარლამენტო პოლიტიკური ორგანიზაცია, ეროვნულ–დემოკრატიული პარტია. პარტიის წარმომადგენლის, დეპუტატ გურამ ცახვაძის განცხადებით, ბიუჯეტის პროექტის მომზადების პროცესში საქართველოს მთავრობამ გამოიჩინა სრული უპასუხისმგებლობა, კერძოდ, დაარღვია საბიუჯეტო კანონმდებლობა და, შედეგად, ქვეყანაში ჩაშლილია საბიუჯეტო პროცესი.

საინტერესოა ისიც, რამდენად შეესაბამება მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, ბიუჯეტის დეფიციტი სამ პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. პარლამენტის ვიცე–სპიკერი ლევან ვეფხვაძე:

„შარშან იყო 10 პროცენტიანი საბიუჯეტო დეფიციტი. წელს შეამცირეს საბიუჯეტო ხარჯები, რომ დეფიციტი იყოს 7 პროცენტი.“

პრეზიდენტის ინიციატივასთან ბიუჯეტის პროექტის შესაბამისობაზე დასმულ შეკითხვას, მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი დიპლომატიურად უპასუხებს. მისი განცხადებით, პრეზიდენტის ინიციატივა პარლამენტში, კანონპროექტის სახით, უახლოეს მომავალში შევა.
XS
SM
MD
LG