Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 20 ოქტომბერი 2009


რუსეთის პრესა დღეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე წერდა. „კომერსანტის“ პუბლიკაციის მიხედვით, შესაძლოა, მალე, ამ თვალსაზრისით, ახალი მსურველები გამოჩნდნენ. კერძოდ, საუბარია ქვეყნებზე, რომლებიც ლათინოამერიკულ ალიანსში, ”ალბაში”, შედიან - ეს არის ვენესუელა, კუბა, ბოლივია, ნიკარაგუა, ეკვადორი, გონდურასი და სხვები.

პუბლიკაციის საბაბი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის ნიკოლაი პატრუშევის მონაწილეობა გახდა ”ალბას” სამიტზე, რომელიც ბოლივიაში გაიმართა. „კომერსანტი“ აღნიშნავს, რომ უკანასკნელ ხანს, განსაკუთრებით საქართველოსთან გასული წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთი გამორჩეულ ინტერესს იჩენს ამ ბლოკის მიმართ. ის კი არადა, ”ალბას” სამიტზე რუსეთისათვის დამკვირვებლის სტატუტის მინიჭების საკითხიც კი განიხილებაო, - ვკითხულობთ პუბლიკაციაში.

„კომერსანტი“ წერს, რომ პატრუშევის მთავარ ამოცანას ბოლივიაში სწორედ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხის დაყენება წარმოადგენდა ”ალბას” ბლოკის წევრების წინაშე. ალიანსის წევრთა შორის ეს უკვე გააკეთეს ნიკარაგუამ და ვენესუელამ.

ამის გამო ამ ქვეყნებმა უხვი ჯილდოებიც მიიღეს კრედიტებისა და ინვესტიციების სახით და თუ ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნები მათ მაგალითს მიბაძავენ, რა თქმა უნდა, არც ეს იქნება უანგაროდო, - წერს გაზეთი და აზუსტებს, რომ არ არის გამორიცხული, „ალბას“ დანარჩენი წევრებიც მზად იყვნენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ცნობისათვის, რუსეთის მხრიდან ფინანსური სტიმულაციის სანაცვლოდ. მაგალითად, არსებობს ბოლივიის განაცხადი რუსეთის მიმართ 100 მილიონი დოლარის ოდენობის კრედიტის თაობაზე, - წერს „კომერსანტი“.

პუბლიკაციის მიხედვით, კიდევ ერთი რეალური პრეტენდენტი რუსულ დახმარებაზე და, შესაბამისად, კავკასიის ახალი სახელმწიფოების ცნობაზე, არის ეკვადორი, რომლის პრეზიდენტიც - რაფაელ კორეა - 29 ოქტომბერს ჩადის რუსეთში. „კომერსანტის“ ინფორმაციით, მოსკოვში კორეა ვერტმფრენების, თვითმფრინავებისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი საშუალებების შესახებ მოითათბირებს.

” თუმცა ნავთობზე ფასის დავარდნის გამო ამ შესყიდვებისათვის ფული ეკვადორს არ აქვს, ასე რომ, კონტრაქტების ხელმოწერის შემთხვევაში, რუსეთს ნამდვილად მოუწევს კრედიტი გამოუყოს ეკვადორს. ამ სესხს კი ეკვადორი, ალბათ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით გადაიხდის”, - წერს „კომერსანტი“.

რუსეთის პრესა დღეს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის ალექსანდრ ვერშბოუს საქართველოში ვიზიტის შესახებ წერს. „ვრემია ნოვოსტეის“ პუბლიკაციას ამ თემაზე ”ქართული ბლოკბასტერი” ჰქვია. თბილისში ამერიკელი ჩინოვნიკები და მსახიობები ჩადიანო, - ვკითხულობთ ქვესათაურში.

პუბლიკაციის პირველ ნაწილში ალექსანდრ ვერშბოუს ვიზიტი და თბილისში განხილული საკითხებია აღწერილი, შემდეგ კი გაზეთი ენდი გარსიას ვიზიტზე გადადის - მან საქართველოს პრეზიდენტის, 41 წლის მიხეილ სააკაშვილის, როლი უნდა შეასრულოსო, - ამცნობს მკითხველს „ვრემია ნოვოსტეი“. ფილმს, რომელიც კავკასიაში შარშანდელ აგვისტოს ომს შეეხება, ჯერ სახელწოდება არა აქვსო, აღნიშნავს გაზეთი, თუმცა მის ჩვენებას უკვე გეგმავენ საფრანგეთში 2010 წლის მაისში, კანის კინოფესტივალზე, - წერს „ვრემია ნოვოსტეი“.
XS
SM
MD
LG