Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიო კეთილდღეობის ინდექსი


როგორ წარმოგიდგენიათ საცხოვრებლად იდეალური ადგილი? ამ შეკითხვის პასუხად ბევრი, ალბათ, ლამაზ სანაპიროებს, ლურჯ ზღვას და პალმის ხეებს დაასახელებს, სინამდვილეში კი, როგორც ირკვევა, ქვეყანა, რომელსაც, ეკონომიკის და ცხოვრების დონის მიხედვით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს, საკმაოდ ცივი კლიმატით გამოირჩევა. საუბარია ფინეთზე. სწორედ ეს ქვეყანა მოექცა 2009 წლის კეთლიდღეობის ინდექსის სათავეში - სიის, რომელსაც ბრიტანეთში განთავსებული ანალიტიკური ცენტრი, ლეგატუმის ინსტიტუტი, ადგენს.

ლეგატუმის კეთილდღეობის ინდექსი უკვე სამი წელია გამოდის. თავის დროზე ამ ინდექსის ავტორების შთაგონების წყარო შეერთებული შტატების ყოფილი გენერალური პროკურორის, რობერტ კენედის მიერ 1968 წელს წარმოთქმული სიტყვები გახდა. კენედის თქმით, ინდიკატორი, რომელსაც ეკონომიკაზე მსჯელობისას ყველაზე ხშირად იყენებენ ხოლმე, - კერძოდ, მთლიანი შიდა პროდუქტი, - ყველაფერს აღწერს, იმ ფაქტორების გარდა, რისთვისაც ცხოვრება ღირს.

ამ მოსაზრებით შთაგონებულმა ლეგატუმის ინსტიტუტის ანალიტიკოსებმა გადაწყვიტეს ადამიანური კეთილდღეობა განსხვავებული, ბევრად უფრო რთული კრიტერიუმით გაეზომათ. მათ 9 ინდიკატორი აირჩიეს, რომლებიც, მათი აზრით, ყველაზე უკეთ აჩვენებდა ბედნიერების ხარისხს.

ამ ინდიკატორებში, ცხადია, შედის ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები, მაგრამ, ამასთან ერთად, გათვალისწინებულია მოსახლეობის თავისუფლების ხარისხი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, განათლების დონე, ისევე როგორც უსაფრთხო და სოლიდარული საზოგადოება. ამას ემატება უფრო ფართო საკითხები - მაგალითად, მმართველობის და სხვადასხვა ბიუროკრატიული ინსტიტუტის ფუნქციონირების ხარისხი და ის, არის თუ არა ქვეყანაში პირობები ახალი წამოწყებებისა და ბიზნეს-საქმიანობისთვის.

ლეგატუმის ინსტიტუტის წარმომადგენლის, უილიამ ინბოდენის თქმით, სიის მიზანია გააფართოოს საჯარო და კერძო პირების წარმოდგენა იმის თაობაზე, თუ რა არის პროგრესი:

„ცხადია, ინდექსის სამიზნე აუდიტორია მთავრობის წარმომადგენლები არიან, იმიტომ რომ მასში გათვალისწინებული რამდენიმე ფაქტორი სწორედ მთავრობის მიერ გატარებულ პოლიტიკას უკავშირდება - ადამიანის უფლებების დაცვას, ეკონომიკური და სავაჭრო თავისუფლების პატივისცემას და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენ ასევე გვსურს მივწვდეთ ბიზნესის ლიდერებს, მედიას და დაინტერესებულ მოქალაქეებსო“, - ამბობს ექსპერტი.

კვლევამ რამდენიმე მოულოდნელი და საინტერესო გარემოებაც გამოავლინა. მაგალითად, გაირკვა, რომ ფული ცხოვრებით კმაყოფილების ხარისხზე გავლენას მხოლოდ ღარიბ ქვეყნებში ახდენს. უცნაურია, მაგრამ როგორც კი ქვეყანა უკიდურესი სიღარიბის გადალახვას ახერხებს, ხელფასის მატება ბედნიერების ხარისხში სულ უფრო ნაკლებად ფიგურირებს ხოლმე.

ამასთან, კვლევით გამოჩნდა, რომ კეთილდღეობის გამომწვევი ბევრი ფაქტორი ერთმანეთთან კავშირშია. მაგალითად, როცა ეკონომიკური პოლიტიკა მცირე ბიზნესისა და სიახლეების ხელშეწყობაზეა ორიენტირებული, ეკონომიკის სტაბილურობა უფრო ფართომასშტაბიანი ხდება.

ანგარიშის თანახმად, კეთილდღეობისთვის ერთ-ერთი მთავარი გარემოება გონიერი და ეფექტიანი მთავრობის ყოლაა. სიმდიდრეს და ბედნიერებას ინდივიდები ქმნიან და არა მთავრობები, მაგრამ მთავრობის მიერ ქვეყნის მართვა მაინც შეუცვლელი ფაქტორია. ქვეყნები, სადაც კარგი და ეფექტიანი მმართველობის შედეგად მოქალაქეების კმაყოფილების ხარისხი გაზრდილია, როგორც წესი, ის სახელმწიფოებია, რომლებსაც მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლები აქვთ.

„კეთილდღეობის შესახებ ჩვენი სამუშაო თეორია შემდეგია: გონივრული პოლიტიკის გატარება მთავრობის პასუხისმგებლობაში შედის, მაგრამ თავიანთი ცხოვრების სადავეები მოქალაქეებმა თავად უნდა აიღონ და, როცა შეუძლიათ, გამოიყენონ გაჩენილი საშუალებები“, -ამბობს ინბოდენი.

„ისტორია ბედისწერა არ არის“ - ამ გრიფის ქვეშ კვლევა ასკვნის, რომ ქვეყნებს, რომლებიც სიის სათავეში არიან, ეკონომიკური პროდუქტიულობის დიდი ისტორია შეიძლება არც კი ჰქონდეთ.

პირიქით, აქ ისეთ ქვეყნებსაც ნახავთ, რომლებსაც სულ რამდენიმე ათწლეულის წინ სიღარიბე, ჩაგვრა და უბედურება ახასიათებდა. ირლანდია, მაგალითად. ეს ქვეყანა სულ რაღაც ერთი თაობის წინ ეკონომიკურ კატასტროფად მიიჩნეოდა, ახლა კი 104 ქვეყნისგან შემდგარ სიაში მეთერთმეტე პოზიციაზე დგას.

ასეთივე მოკლე დროში დიდ წარმატებას მიაღწიეს სინგაპურმა, ტაივანმა და სამხრეთ კორეამ.

კვლავ ევროპას რომ დავუბრუნდეთ - ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ხორვატია, ესტონეთი, ჩეხეთი, უნგრეთი და სლოვაკეთი, კომუნისტური მმართველობიდან გამოსვლის შემდეგ კეთილდღეობის ინდექსში საკმაოდ მაღალ ადგილებზე მოექცნენ.
ხორვატია, მაგალითად, 104 ადგილიდან 35-ე პოზიციაზეა. მაკედონია 59-ზე - ამ ქვეყანას მხოლოდ ეკონომიკის ძირითადი მაჩვენებლისა და პიროვნული თავისუფლების მხრივ აქვს შედარებით სუსტი მაჩვენებელი.

ირანი სიის 95-ე პოზიციაზე - თითქმის ბოლოს - მოექცა. მას თითქმის ყველა კატეგორიაში ცუდი მაჩვენებელი აქვს - იქნება ეს ეკონომიკის ძირითადი მაჩვენებელი, დემოკრატიული ინსტიტუტები, უშიშროება-უსაფრთხოება, მმართველობა, პიროვნული თავისუფლებები თუ საზოგადოებრივი ნდობა. საშუალო მაჩვენებლები ირანს მხოლოდ ბიზნესის დაწყების, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში მიაკუთვნეს.

შუა აზიის ყველაზე დიდი ქვეყანა, ყაზახეთი, 76-ე ადგილზეა. ამ ქვეყნის უმეტესი მაჩვენებელიც ნეგატიურია, თუმცა მან საშუალო ქულები დააგროვა ბიზნეს-სიახლეებისა და ეკონომიკის ძირითადი მაჩვენებლის მხრივ.

რუსეთი 69-ე ადგილზე მოექცა, ერთი „ძლიერი“ კატეგორიით - განათლებით - და ხუთი სუსტი მაჩვენებლით: შიდა ინსტიტუტების, უშიშროება-უსაფრთხოების, მმართველობის, პიროვნული თავისუფლებებისა და საზოგადოებრივი ნდობის მხრივ.

აღმოსავლეთ ევროპაში: უკრაინას 61-ე ადგილი აქვს მიკუთვნებული - მისი სუსტი მაჩვენებლები მხოლოდ მმართველობისა და საზოგადოებრივი ნდობის სფეროებშია; ბელორუსიის პოზიცია უფრო ცუდია - ეს ქვეყანა 85-ე ადგილს იკავებს.

საქართველო ლეგატუმის კეთილდღეობის ინდექსში ამჯერად შესწავლილი არ ყოფილა.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG