Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთი ირანს პოზიციის ჩამოყალიბებას და გაეროს მიერ შეთავაზებული შეთანხმების მიღებას სთხოვს


საცდელი ბირთვული რეაქტორი თეირანში
საცდელი ბირთვული რეაქტორი თეირანში
გავრცელებული ცნობებით, ირანმა უარყო მისი ბირთვული პროგრამის შესახებ გაეროს მიერ შეთავაზებული შეთანხმების მთავარი პუნქტი. ეს შეთანხმება ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ დასავლეთში არსებული შეშფოთების შემსუბუქებას ისახავდა მიზნად. ახლა შეერთებულ შტატებს სურს, ირანმა თავისი პოზიცია მკაფიოდ ჩამოაყალიბოს, ევროკავშირის ლიდერები კი თეირანს კვლავ ხელშეკრულებაზე დათანხმებისკენ მოუწოდებენ.

შეერთებული შტატები ირანს სთხოვს, მკაფიო პასუხი გასცეს გაეროს წინადადებას, რომელიც თეირანის დაბალ დონეზე გამდიდრებული ურანის უცხოეთში გაგზავნას ითვალისწინებს, საწვავად გადამუშავების მიზნით. ევროკავშირის ლიდერები კი ირანს გაეროს წინადადებაზე დათანხმებისკენ მოუწოდებენ.

ეს შეთანხმება, რომლის მიზანია შემსუბუქდეს შიში, რომ ირანი მცირე დონეზე გამდიდრებულ ურანს ბირთვული იარაღის შესაქმნელად გამოიყენებს, გაეროს ბირთვულმა სააგენტომ გასულ კვირაში შესთავაზა მხარეებს. დოკუმენტის თანახმად, ირანმა თავისი მცირედ გამდიდრებული ურანის მაქსიმუმ 75 პროცენტი გადამუშავებისთვის რუსეთში უნდა გაგზავნოს. რუსეთი, თავის მხრივ, მასალას საფრანგეთს გაუგზავნის, სადაც მას ბირთვულ საწვავად გადაამუშავებენ. ბოლოს, საწვავი ისევ ირანში, ბირთვულ რეაქტორში, დაბრუნდება, რათა ქვეყანაში კიბოს მკურნალობისთვის საჭირო რადიო-იზოტოპები გამომუშავდეს.

პარალელურად, იუწყებიან, რომ შეერთებული შტატები ამ მის მიერ 1950-იან წლებში აშენებული რეაქტორის უსაფრთხოებას და აღჭურვილობას გააძლიერებს და განაახლებს.

შეერთებულმა შტატებმა, რუსეთმა და საფრანგეთმა ხელშეკრულებაზე თანხმობა უკვე განაცხადეს.

ხუთშაბათს გაეროს ბირთვულმა უწყებამ დაადასტურა, რომ ირანისგან „თავდაპირველი“ პასუხი მიიღო, მაგრამ ირანის ოფიციალური პოზიციის შესახებ არც გაეროს და არც თეირანის წარმომადგენლებს არაფერი უთქვამთ. გაეროს ბირთვული უწყების პრეს-სამსახურში რადიო თავისუფლებას პარასკევ დილით უთხრეს, რომ უწყება ამ ეტაპზე ინტერვიუებს არ იძლევა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა პარასკევ დილით განაცხადა, რომ ვაშინგტონი კვლავაც ირანის პასუხის განხილვის სტადიაშია.

ტელეკომპანია „სიენენისთვის“ მიცემულ ინტერვიუში კლინტონმა თქვა: „ჩვენ იმის გასარკვევად ვმუშაობთ, თუ კონკრეტულად რისი გაკეთება სურთ მათ: ეს თავდაპირველი პასუხი საბოლოოა თუ იწყება პროცესი, რომელიც ირანს ჩვენთვის მოსალოდნელ მდგომარეობამდე მიიყვანს.“

კლინტონმა დასძინა: შეერთებული შტატები, გაეროს ბირთვული უწყება, საფრანგეთი და რუსეთი „ერთიან, მყარ პოზიციაზე დგანან ირანის პასუხზე რეაგირების პროცესშიო.“

ხუთშაბათს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, იან კელიმ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ირანმა თავისი პოზიცია უფრო მკაფიოდ უნდა ჩამოაყალიბოს:

„ჩვენ მეტი ახსნა გვესაჭიროება. ვფიქრობ, სამართლიანი იქნება, ირანისგან ახლა უკვე ოფიციალური პასუხიც მოვითხოვოთ. გარკვეული დეტალები შეგვატყობინეს, მაგრამ ირანელებთან მოლაპარაკებას კვლავაც ვაგრძელებთ“, - თქვა მან.

პარასკევს გავრცელებულ განცხადებაში, ევროკავშირი ირანს მოუწოდებს ითანამშრომლოს საერთაშორისო თანამეგობრობასთან მისი ბირთვული პროგრამის მახასიათებლების გამოსავლენად.

ირანის სახელისუფლებო გაზეთ „ჯავანიში“ ხუთშაბათს დაიწერა, რომ თეირანი შეთანხმებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოდის - მაგალითად, ითხოვს მცირედ გამდიდრებული ურანი საზღვარგარეთ ნაწილ-ნაწილ გაიგზავნოს და არა ერთბაშად, როგორც ეს ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული.

ამასთან, გაზეთის თანახმად, ირანის სურვილია, თავისი მცირედ გამდიდრებული ურანის უცხოეთში გაგზავნის პარალელურად, დასავლეთისგან ბირთვული საწვავი მიიღოს თეირანში ბირთვული კვლევის რეაქტორის ასამუშავებლად. „ჯავანი“ ამას „პარალელურ გაცვლას“ უწოდებს.

გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსში“ მოყვანილია ანონიმურად დატოვებული ევროპელი ოფიციალური პირის სიტყვები: ყოველივე ეს ნიშნავს, რომ თეირანი არ თანხმდება თავისი მცირედ გამდიდრებული ურანის ექსპორტსო. ამ ევროპელი პოლიტიკოსის თქმით, ეს შეთანხმების უმნიშვნელოვანესი ასპექტია და ამაზე უარი მთელი წინადადების უარყოფას უდრის.

ჯერჯერობით გაურკვეველია, მოისურვებს თუ არა დასავლეთი თეირანთან მოლაპარაკების გაგრძელებას, ამ მთავარ ასპექტზე შეუთანხმებლობის მიუხედავად.

ხუთშაბათს შეერთებული შტატების სენატის კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც ობამას ადმინისტრაციას ირანზე დაწესებული სანქციების გამკაცრების საშუალებას აძლევს, საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობაზე უარის გამო.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG