Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სროლა და მსხვერპლი ფორტ ჰუდში


ტეხასში, შეერთებული შტატების სამხედრო ბაზაზე, ჯარის ფსიქიატრის მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად, გარდაიცვალა 13 და დაიჭრა 28 პირი. მათი უმრავლესობა შეერთებული შტატების სამხედროები არიან.

შეერთებული შტატების სამხედრო სტრუქტურის წარმომადგენლები ცდილობენ დაადგინონ, რას შეიძლება ებიძგა ჯარის ფსიქიატრისთვის ცეცხლი გაეხსნა საკუთარი თანამებრძოლების მისამართით.

12 ამერიკელი ჯარისკაცი და 1 სამოქალაქო პირი შეეწირა ხუთშაბათს მის მიერ ცეცხლის ქაოსურად გახსნას ფორტ ჰუდის სამხედრო ბაზაზე, ტეხასის შტატში.

სროლა ჯარისკაცთა მოსამზადებელ ცენტრში მოხდა - იქ, სადაც სამედიცინო შემოწმება უტარდებათ სამხედროებს, რომლებიც ბრძოლის ველზე უნდა გაიგზავნონ - მაგალითად, ავღანეთსა და ერაყში - ან უკვე ბრუნდებიან ამგვარი მისიებიდან.

პირი, რომელიც ცეცხლის გახსნაშია ეჭვმიტანილი, მაიორი ნიდალ მალიკ ჰასანი, ფორტ ჰუდში ფსიქიატრად მუშაობდა. ცეცხლის გახსნის შემდეგ მას საპასუხოდ ესროლეს და ოთხი ტყვია მოახვედრეს. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰასანი სროლას ემსხვერპლა, მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ ის გადარჩა და, უგონო მდგომარეობაში, საავადმყოფოში მიიყვანეს.

ფორტ ჰუდის ბაზის ხელმძღვანელმა, გენერალ-ლეიტენანტმა ბობ კოუნმა, ჟურნალისტებს შემდეგი უთხრა:

„გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ, თავდაპირველი ინფორმაციის თანახმად, ცეცხლი ერთმა პირმა გახსნა, რომელსაც ადგილზე რამდენჯერმე ესროლეს. წინააღმდეგ გავრცელებული ცნობებისა, ის არ მომკვდარა. ამჟამად დაკავებულია და მისი მდგომარეობა სტაბილურია. კიდევ ერთხელ ვამბობ: პირი, რომელიც ისროდა, ცოცხალია, დაკავებულია და მისი მდგომარეობა სტაბილურია. “

მიუხედავად კოუნის განცხადებისა, რომ ეჭვმიტანილი მხოლოდ ერთი პირია, როგორც იუწყებიან, გამომძიებლებს არ გამოურიცხავთ ვერსია, რომ ჰასანი რომელიმე რადიკალური დაჯგუფების სახელით მოქმედებდა. ჯერჯერობით უცნობია, არსებობს თუ არა ამ თეორიის დამადასტურებელი მტკიცებულება.

ბაზის ახლოს მდებარე სასურსათო მაღაზიის კამერით სროლამდე ცოტა ხნით ადრე აღბეჭდილ კადრებში ჩანს ჰასანი, რომელსაც გრძელი, თეთრი, ტრადიციული არაბული სამოსი - დიშდაშაჰი - აცვია და თავზე ლოცვისათვის განკუთვნილი მუსულმანური ქუდი ხურავს. უშუალოდ სროლის დროს მას უკვე შეერთებული შტატების სამხედრო ფორმა ეცვა.

როგორც იუწყებიან, ჰასანმა სროლისას ორი ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა. როგორც შეერთებული შტატების ჯარის პოლკოვნიკმა ჯონ როსმა ჟურნალისტებს უთხრა, ისევე როგორც ამერიკის ნებისმიერ მოქალაქეს, ჯარისკაცებსაც აქვთ უფლება იქონიონ პირადი იარაღი - და ამაში უჩვეულო არაფერი იყო.

გამოძიება იმ შესაძლებლობასაც იძიებს, რომ მსხვერპლის ნაწილი ჰასანისთვის საპასუხოდ გახსნილ ცეცხლს მოჰყვა.

ვაშინგტონში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ფორდ ჰუდის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად თეთრი სახლი პენტაგონთან, გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან, და ეროვნული უშიშროების დეპარტამენტთან ერთად მუშაობს.

„ძალიან მძიმე გადასატანია, როცა ამ მამაც ამერიკელებს უცხოეთში მიმდინარე ბრძოლაში ვკარგავთ. ის, რომ მათ ცეცხლი ამერიკის მიწაზე მდებარე სამხედრო ბაზაზე გაუხსნეს, შემაძრწუნებელია“, - განაცხადა ობამამ.

სროლის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. რამდენიმე ოფიციალური პირის ინფორმაციით, ჰასანი მალე ავღანეთში უნდა გაეგზავნათ. როგორც იუწყებიან, მას იმედი ჰქონდა, რომ ობამა შეერთებული შტატების ძალებს ავღანეთიდან და ერაყიდან გამოიყვანდა და ამის გამო ხშირად კამათობდა ხოლმე იმ სამხედროებთან, რომლებიც მხარს უჭერდნენ ამ ომებს.

ჰასანი 39 წლის არის. ფორტ ჰუდში მუშაობა მან ივლისში დაიწყო. მანამდე, 6 წლის განმავლობაში, ის ვაშინგტონში მდებარე სამხედრო სამედიცინო ცენტრში მუშაობდა ფსიქიატრად.

თუმცა, როგორც იუწყებიან, მისი აკადემიური თუ პროფესიული მოსწრება იდეალური არ ყოფილა და ხშირად დამატებით ზედამხედველობას საჭიროებდა.

დაახლოებით 6 თვის წინ ჰასანმა თვითმკვლელი მოიერიშეებისა და სხვა საფრთხეების შესახებ ინტერნეტში გამოქვეყნებული მოსაზრებებით უსაფრთხოების სტრუქტურების ყურადღება მიიქცია. ამ ნაწერებში თვითმკვლელი მოიერიშეები შედარებული იყვნენ იმ ჯარისკაცებთან, რომლებიც თანამებრძოლების სიცოცხლის გადასარჩენად სიკვდილზე მიდიან და ყუმბარებზე იფეთქებენ თავს.

თუმცა გამომძიებლები ხაზგასმით ამბობენ, რომ მათ ვერ დაადგინეს, ამ ნაწერების ავტორი მართლა ჰასანი იყო თუ არა. ამ საქმის ოფიციალური გამოძიება ხუთშაბათის ინციდენტის შემდეგ დაიწყო.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG