Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობა ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობის ინიციატივით გამოდის


საქართველოს მთავრობის სხდომა
საქართველოს მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობის ინიციატივით გამოდის, რაც მიზნად ისახავს ბიზნესმენებისთვის ბიუროკრატიული პრობლემების მოგვარებას. გილაურის წინადადებებს წინ უძღოდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ კახეთში, ”ლოპოტას” დასასვენებელ კომპლექსში, გამოთქმული ინიციატივა. მთავრობა ცდილობს ამ ახალი წინადადებებით ბიზნესსაქმიანობა გაამარტივოს და საქართველოს ბიზნესგარემო გააუმჯობესოს.

მიხეილ სააკაშვილის ინიციატივის შემდეგ, რომელიც ბიზნესდავების საბჭოში მეწარმეთა წარმომადგენლების ჩართვას ითვალისწინებს, წინადადებებით პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაურიც გამოვიდა. გილაურმა მთავრობის სხდომაზე ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებს კონკრეტული დავალებები მისცა:

“ფინანსთა სამინისტრომ შექმნას ცხელი ხაზი, რომელიც იმუშავებს კონკრეტულად კერძო სექტორის პრეტენზიების განხილვაზე. თუ რაიმე ისეთი ინციდენტი მოხდება, სადაც საგადასახადო დეპარტამენტი ან საბაჟო დეპარტამენტი არასწორად მოიქცევიან, ამის შესახებ რომ იცოდეს ფინანსთა სამინისტრომ.”

გილაურის დავალების მიხედვით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი ბიზნესისთვის ბიუროკრატიული ბარიერების მოხსნას არამარტო ქვეყნის შიგნით უნდა ეცადოს:

„მინდა ვთხოვო ეკონომიკის სამინისტროს მაქსიმალურად გააქტიურდეს საერთაშორისო ფრონტზე და მინდა მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ქართულ კომპანიებს უცხოეთში ბიუროკრატიული ბარიერების გადალახვაში.”

მთავრობაში რომ ასეთი წინადადებები გაჩნდა, ეს პრობლემის არსებობის აღიარებას ნიშნავსო, - აღნიშნავს ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე. მისი განცხადებით, მისასალმებელია, როცა მთავრობა ბიზნესისთვის კუთვნილი თანხის დაბრუნების სურვილს თავად გამოთქვამს.

ლაპარაკია მეწარმეებისთვის დამატებული ღირებულების გადასახადის უკან ნაღდი ფულით დაბრუნების შესახებ. აქამდე ასეთი ოპერაციები იშვიათად ხორციელდებოდა და, ისიც, დიდი ბიუროკრატიული ბარიერების გადალახვის შემდეგ. ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე მთავრობის იმ წინადადებების შეფასებასაც იძლევა, რომლებიც საგადასახადო დავებისა თუ სხვა ბიუროკრატიული პრობლემების მოგვარებაში ბიზნესის ჩართულობას შეეხება:

”მე არ ვფიქრობ, რომ კომისიებში ბიზნესის ჩართვა რაიმე არსებითი ნაბიჯია, იმიტომ რომ გაცილებით უკეთესი იქნება, რომ სამართლებრივი წესი განხილვებისა არა კომისიების დონეზე, არამედ სასამართლოს დონეზე მუშაობდეს.”
ეკონომიკის ექსპერტის ამგვარი შეფასების მიუხედავად, თავად ბიზნესის წარმომადგენელთა აქტიური ნაწილი - მათ შორის, ბიზნესმენთა ასოციაცია და სავაჭრო სამრეწველო პალატა - მიესალმება მთავრობის ინიციატივებს. მეწარმეებს იმედი აქვთ, რომ საგადასახადო დავების საბჭოში თუ სხვა ბიუროკრატიული პრობლემების გადაწყვეტის პროცესში მეტი ჩართულობა ხელს შეუწყობს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას.
XS
SM
MD
LG