Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომისა და კრიზისის გავლენა ბიზნესზე საქართველოში


მუშები კომპანია ”თემა”-ის ქარხანის ეზოში
მუშები კომპანია ”თემა”-ის ქარხანის ეზოში
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ, UNDP და ჰოლანდიის დამსაქმებელთა თანამშრომლობის პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოში ბიზნესის მდგომარეობა შეისწავლა. კვლევის მიზანი ბიზნეს აქტივობაზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა და ფინანსური კრიზისის გავლენის შეფასება იყო. კვლევის ავტორთა განცხადებით, საქართველოს ბიზნესზე ომმა უფრო იმოქმედა, ვიდრე გლობალურმა ფინანსურ-ეკონომიკურმა კრიზისმა.

რა თქმა უნდა, შეიქმნა ინვესტიციების პრობლემები, თუმცა, რაც მთავარია, ყველა დარჩა საქართველოში და აგრძელებს მუშაობას
ბიზნეს კვლევა საქართველოს ყველა რეგიონში, სხვადასხვა ტიპის საწარმოში, 450 რესპონდენტს შორის ჩატარდა. გამოკითხვამ ცხადყო, რომ საქართველოში საწარმოთა უმრავლესობა წინაკრიზისულ ან უკვე კრიზისულ მდგომარეობაში იმყოფება. რუსეთ-საქართველოს ომი და ფინანსური კრიზისი აშკარად ნეგატიურად აისახა რესპონდენტთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რასაც, შესაბამისად, სამუშაო ადგილებისა და თანამშრომელთა რაოდენობის შემცირება მოჰყვა.

”რა თქმა უნდა, შეიქმნა ინვესტიციების პრობლემები, თუმცა, რაც მთავარია, ყველა დარჩა საქართველოში და აგრძელებს მუშაობას. ახლა ცდილობენ ორიენტაცია აიღონ თანამედროვე სტანდარტების პროდუქციაზე და მომსახურებაზე, რათა იყვნენ კონკურენტუნარიანები”, - ამბობს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე.

ინვესტიციების ნაკლებობის გარდა, ბიზნეს კვლევის ავტორთა განცხადებით, საქართველოს საწარმოების განვითარებას ხელს უშლის რისკმენეჯმენტის უქონლობა, საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების დაბალი დონე და სხვ. სწორედ ამიტომ საქართველოში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები მაკროეკონომიკურ დონეზე უფრო სწრაფად აისახება, ვიდრე მიკროეკონომიკაზე, ანუ რეალურ მეწარმეობაზე.

თავად გამოკითხული კომპანიები კი ბიზნესის განვითარების ხუთ მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორებად ასახელებენ: საკრედიტო რესურსების სიმწირეს, საგადასახადო სისტემას, ინფრასტრუქტურულ პრობლემებს, პროდუქციის იმპორტს და არასამართლიან კონკურენციას. მიუხედავად ამისა, ბიზნესმენების დიდი ნაწილი ოპტიმისტურადაა განწყობილი.

კვლევის შედეგები ბევრ საინტერესო ტენდენციას წარმოაჩენს და ეკონომისტთა და პოლიტიკოსთა დიდ ნაწილში გამჯდარ ბევრ სტერეოტიპსაც ანგრევს. მიხეილ ჯიბუტი ერთ-ერთ მათგანზე აჩერებს ყურადღებას:

”საინტერესოა, თუ ვის ხედავენ კომპანიები კონკურენტებად. მიუხედავად იმპორტზე მითითებისა, როგორც ერთ-ერთ ხელისშემშლელ ფაქტორზე, ძირითად კონკურენტებად მაინც ადგილობრივი საწარმოები დაასახელეს.”

მათი ოპტიმიზმი დაფუძნებულია ამ შესაძლებლობებზე და ეს შესაძლებლობები არის საწარმოს გარეშე და ყველა თითს იშვერს სახელმწიფოსკენ
დამსაქმებელთა ასოციაციას ბიზნესის მდგომარეობის კვლევამ საშუალება მისცა ის რეკომენდაციები გამოევლინა,რომლებიც, გამოკითხულთა აზრით, მეწარმეობის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკის გამოცოცხლებას ხელს შეუწყობს. ესენია: ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა, საგადასახადო შეღავათების დაწესება, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, გრძელვადიანი საკრედიტო სისტემის მხარდაჭერა და იაფი კრედიტის ხელმისაწვდომობა. მიხეილ ჯიბუტის კომენტარი:

”პირველი ხუთი ფაქტორიდან ყველა გარეშე ფაქტორია და არც ერთი არ არის საწარმოს შიდა ფაქტორი. არც რისკმენეჯმენტზე, არც სტრატეგიაზე, არც ინოვაციებზე, მათი ოპტიმიზმი დაფუძნებულია ამ შესაძლებლობებზე და ეს შესაძლებლობები არის საწარმოს გარეშე და ყველა თითს იშვერს სახელმწიფოსკენ.”

მიუხედავად ასეთი შედეგებისა, საქართველოს მთავრობა საგადასახადო შეღავათების დაწესებას ან იმპორტის შეზღუდვას არ აპირებს. ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ ბიზნესაქტივობის გაზრდას ომის შემდეგ მიღებული საერთაშორისო დახმარება და ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა განაპირობებს.
XS
SM
MD
LG