Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა ჯერ არ დაუწყია


ქუთაისის მთავრობამ 2010 წლის საბიუჯეტო შემოსავლები 28 მილიონი ლარით განსაზღვრა. მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის გია შარაბიძის თქმით,პრიორიტეტი ინფრასტრუქტურის განვითარებას და სოციალურ სფეროს ენიჭება.

ადგილობრივმა მთავრობამ კანონის მოთხოვნა არ დაარღვია და 2010 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს განსახილველად 15 ნოემბრამდე წარუდგინა. თუმცა საკრებულოს ბიუჯეტის განხილვა ჯერ არ დაუწყია. საკრებულოს საფინანსო კომისიის თავმჯდომარის რაულ ქორჩილავას თქმით, პროექტის განხილვა არ გვიანდება.

საკრებულოს ბიუჯეტის დასამტკიცებლად დრო 31დეკემბრამდე აქვს. ამ პერიოდში დეპუტატები წინა წლების პრაქტიკის გამეორებას და მოსახლეობასთან შეხვედრებს აპირებენ. როგორც ისინი ამბობენ, პრიორიტეტულ სფეროებს ხალხთან დიალოგის შემდეგ განსაზღვრავენ.

ბიუჯეტის თაობაზე ხალხთან დიალოგს ქუთაისის ოპოზიციური ნაწილი სკეპტიკურად უყურებს. რესპუბლიკელი ვლადიმერ ნაკაშის შეფასებით, დიალოგი ხალხთან ხელისუფლების პიარაქციაა. „საკრებულოს უმრავლესობა საკუთარ სურვილებსა და ცენტრიდან დავალებებს ხალხის სახელით აფორმებს. წელს მერიასა და საკრებულოში შესულ განცხადებებში მოქალაქეთა 70% სოციალურ დახმარებას ითხოვდა, ხელსუფლებამ კი ხალხთან დიალოგის შემდეგ პრიორიტეტი გარე განათებას მიანიჭა“, – უთხრა

რადიო თავისუფლებას ვლადიმერ ნაკაშიძემ.

საკრებულოს წევრები მერიის მიერ მომზადებულ პროექტში ცვლილებებს არ გამორიცხავენ. ქალაქის მთავარი დოკუმენტი წლის ბოლომდე დამტკიცდება თუ არა, დეპუტატებს პასუხის გაცემა უჭირთ. თუ წინა წლებს გადავხედავთ, ამ ნაწილში კანონის მოთხოვნა ხშირად ირღვევა. შარშან ქუთაისის საკრებულომ ბიუჯეტი თებერვალში დაამტკიცა.
XS
SM
MD
LG