Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკანასკნელი ჰეროიკული ტენორი ფრანკო კორელი


მარცხნიდან: მარია კალასი, ანტონიო ვოტო და ფრანკო კორელი "ლა სკალას" სცენაზე. მილანი, 1960.
მარცხნიდან: მარია კალასი, ანტონიო ვოტო და ფრანკო კორელი "ლა სკალას" სცენაზე. მილანი, 1960.
29 ოქტომბერს იტალიელ ტენორ ფრანკო კორელის 88 წელი შეუსრულდებოდა. ის ყველა დროის დიდი მომღერლების კოჰორტას მიეკუთვნება. მიუხედავად ამისა, ხელოვანის სამშობლოში, იტალიაში, მის შემოქმედებაზე არსებობს ორი რადიკალურად განსხვავებული აზრი. ოპერის თაყვანისმცემელთა მნიშვნელოვანი ნაწილი აღმერთებს მომღერალს, მაგრამ არიან მელომანები, რომლებიც მისი სახელის მიმართ სრულ გულგრილობას იჩენენ. თავის დროზე ამის შესახებ ჩემმა იტალიელმა მეგობარმა, რადიო თავისუფლების რუსული მაუწყებლობის ყოფილმა დირექტორმა, მარიო კორტიმ მიამბო. იმავდროულად, მან ვერაფრით ახსნა არსებული მდგომარეობა და საუბარი იტალიელების კერპებზე ბენიამინო ჯილისა და ენრიკო კარუზოზე გადაიტანა. 1964 წელს, მოსკოვში “ლა-სკალას” გასტროლების დროს, მე მქონდა შანსი, ასე ვთქვათ, “ცოცხლად” მომესმინა კორელი. იმხანად ღარიბმა ასპირანტმა, დიდი გაჭირვებით ვიშოვე იაფი ბილეთი პუჩინის “ტურანდოტზე”. მთავარი პარტიები ბირგიტ ნილსონს და ფრანკო კორელის უნდა შეესრულებინათ. სამწუხაროდ, გასტროლების დაწყების წინ კორელი ავად გახდა და მის ნაცვლად სპექტაკლში კალაფის პარტია ცნობილმა ტენორმა კარლო ბერგონციმ შეასრულა. ძნელი წარმოსადგენი არ არის, თუ რა დონის დასი ჰყავდა იმხანად “ლა სკალას”! იმ საღამოს განსაკუთრებით ბირგიტ ნილსონის გამჭვირვალე, კრისტალური ხმით მოვიხიბლე (გამოჩენილი სოპრანო, სამწუხაროდ, ოთხი წლის წინათ გარდაიცვალა). ასეა თუ ისე, საბჭოთა კავშირში ფრანკო კორელის არც ერთხელ არ უმღერია. არადა, აი, რას წერდა მასზე “მეტროპოლიტენ ოპერას” იმდროინდელი დირექტორი რუდოლფ ბინგი: “კორელი თვით ოპერის განსახიერებაა - ულამაზესი, ფანტასტიკური გარეგნობის ადამიანი, რომელიც საუცხოოდ მღერის. მისი ხმა განსაკუთრებული ტემბრით, რბილი ბგერით გამოირჩევა, ის თავისთავად, ძალის დატანების გარეშე მღერის.”

ჭორები, ინსინუაციები, ანეგდოტები - ეს ის კომპონენტებია, რომლითაც პრესამ ჩვენი დროის უკანასკნელი ჰეროიკული ტენორის, ფრანკო კორელის, სახე ააგო. აქ ძნელია სიმართლე ტყუილისგან გამოაცალკევო. კორელი ქარიზმატული, ძნელად გამოსაცნობი, რთული პიროვნება იყო. უცნობია მისი დაბადების ზუსტი თარიღიც კი. ვარაუდობენ, რომ მომღერალი ანკონაში 1921 წლის 8 აპრილს დაიბადა. ფრანკოს ნამდვილი სახელი დარიო იყო. მას ბავშვობაში სისტემატური მუსიკალური განათლება არ მიუღია. მოგვიანებით ფრანკო ხმის მაღალი რეგისტრის განვითარებისთვის ცნობილ პედაგოგ ჯაკომო ლაური-ვოლპისთან გადიოდა სტაჟირებას. კორელის დებიუტი 1951 წლის 26 აგვისტოს სპოლეტოში შედგა. მან ბიზეს “კარმენში” დონ ხოზეს პარტია შეასრულა. ასე დაიწყო მომღერლის შემოქმედებითი ცხოვრება საოპერო სცენაზე. კორელის საგასტროლო არეალი ევროპის - განსაკუთრებით იტალიის და საფრანგეთის - და ამერიკის ქალაქებს მოიცავდა. გარდა “ლა-სკალასი”, ის დიდი ხნის მანძილზე ნიუ-იორკის “მეტროპოლიტენ-ოპერაში” მღეროდა.

ფრანკო კორელის შესახებ მე სახალხო არტისტს, თბილისის კონსერვატორიის კათედრის გამგეს, პროფესორ ნოდარ ანდღულაძეს ვესაუბრე. აი, რა თქვა მაესტრომ: “კორელი განსაკუთრებული მოვლენაა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ საოპერო სცენაზე. მან მოახერხა ვოკალური ტექნიკის სინთეზირება თანამედროვე ვოკალურ მუსიკასთან”. ბატონ ნოდარ ანდღულაძის ნათქვამს ჰერბერტ ფონ კარაიანის სიტყვებს დავუმატებდი: “კორელის ხმა - ეს ჭექა-ქუხილის, ელვის, ცეცხლის და სისხლის ხმაა”.
XS
SM
MD
LG