Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის უსაფრთხოების მოსკოვისეული წინადადება და დასავლეთი


რუსეთის ელჩი ნატოში დმიტრი როგოზინი (მარცხნივ) და ალიანსის გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი
რუსეთის ელჩი ნატოში დმიტრი როგოზინი (მარცხნივ) და ალიანსის გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი
რუსეთი ემზადება ნატოსთან შესახვედრად პარასკევს, თუმცა მანამდე დაიმუქრა, ჩავშლი მოლაპარაკებასო. მიზეზად კი მოსკოვი ასახელებდა დასავლეთის უარს მიეღო მისი წინადადება ევროპის უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის შექმნის შესახებ. მოსკოვი მოუწოდებს ყველას, დაიდოს ახალი ხელშეკრულება, რათა ნატოს მსგავს ინსტიტუციებს შემცვლელი მოეძებნოს. ექსპერტები კი ფიქრობენ, რომ, ცივი ომის დროინდელ შეთანხმებათა განახლების ნაცვლად, მოსკოვის გეგმაა ძირი გამოუთხაროს დასავლეთის ორგანიზაციებს.

საქართველოში ომის შემდეგ, რომელსაც ალიანსსა და რუსეთს შორის ურთიერთობის სერიოზული გაცივება მოჰყვა, 4 დეკემბრის მოლაპარაკება პირველი ასეთი სრული ფორმატის შეხვედრაა. 2 დეკემბერს ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა იმედი გამოთქვა, რომ პარასკევის შემდეგ ეს ტენდენცია შეიცვლება. გარდა საერთოდ უსაფრთხოების საკითხებისა, ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრები და მათი რუსი კოლეგა, სერგეი ლავროვი, ავღანეთის გარშემოც ისაუბრებენ. ნატო აპირებს რუსეთთან ავღანეთის მისიაში მისთვის დახმარების საკითხი განიხილოს. მაგრამ რუსეთი დაიმუქრა, რომ შეხვედრა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა, თუკი მის მთავარ წინადადებას ევროპის უსაფრხოების შესახებ არ განიხილავდნენ. კრემლმა გამოაქვეყნა ამ ინიციატივის პროექტი, რომლის თანახმადაც, ცივი ომის დროინდელი ორგანიზაციები - ისეთი, როგორიცაა ნატო და ეუთო - ახალმა ხელშეკრულებამ უნდა შეცვალოს. მიმომხილველები ფიქრობენ, რომ რუსეთის ინიციატივის მიზანია არა უფრო მჭიდრო თანამშრომლობა, არამედ მოსკოვის როლის გაძლიერება ნატოსა და ეუთოს განზე გაწევით. ნატოში რუსეთის ელჩმა, როგოზინმა, თქვა, ახლაა ნდობის მომენტი ნატოსთანო. მან ზოგიერთი ნატოელი პარტნიორი დაადანაშაულა, ცივი ომის ფსიქოლოგია აქვსო. რუსეთის ინიციატივის პროექტი კრემლმა საინტერნეტო გვერდზე გამოაქვეყნა. პირველად ასეთი ხელშეკრულების სურვილი ამ ერთი წლის წინ პრეზიდენტმა მედვედევმა გამოთქვა. მისი აზრით, პაქტის მთავარი ხელისმომწერი უნდა იყოს ევროპული ცივილიზაციის სამი მთავარი ინსტანცია: აშშ, ევროპის კავშირი და რუსეთი. კრემლის წინადადების პრინციპია: ვერც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია თუ სახელმწიფო ვერ გაამყარებს საკუთარ უსაფრთხოებას სხვა სახელმწიფოსა თუ ორგანიზაციის ხარჯზე. პროექტი საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაზე პასუხისმგებლად გაეროს უშიშროების საბჭოს მიიჩნევს. საბჭოში, შეგახსენებთ, რუსეთს ვეტოს უფლება აქვს.

რუსეთის პროექტს დასავლეთი თავაზიანად შეხვდა, მაგრამ, მთლიანობაში, უგულებელყო რუსეთის წინადადება. მიმომხილველები მიიჩნევენ, რომ რუსეთის ინიციატივა ვერ იქნება წარმატებული. პოლიტიკური ანალიტიკოსი ანდრეი პიონტკოვსკი ამბობს, რომ ეს მოსკოვის ცარიელი განცხადებებია: „ეს პროპაგანდაში ვარჯიშია იმ სტილისა, რომელსაც საბჭოთა კავშირი მიმართავდა თავისი სამშვიდობო ინიციატივების დროს. არა მგონია, მოსკოვი მართლა მოელოდეს, რომ მის პროექტს ხელს მოაწერენ.“

დამოუკიდებელი პოლიტიკური ანალიტიკოსის კირილ როგოვის აზრით, მოსკოვის მთავარი მიზანია შეიქმნას ოფიციალური მექანიზმი იმისათვის, რომ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს, საქართველოს და უკრაინას, გზა გადაეღობოთ ნატოსკენ. „ეს ბლოკების საბჭოთა პერიოდის მოდელია. მის უკან დგას იდეა: ნატოს შეჩერება რუსეთის უსაფრთხოების მთავარი გარანტიაა“, - ამბობს როგოვი და დასძენს, კრემლის მიერ პროექტის ინტერნეტით გავრცელება და არა დასავლეთის მთავრობებისთვის გაგზავნა იმას აჩვენებს, რომ მოსკოვი დადებით პასუხს არ მოელისო. ეს „პი-არის“ აქტია, ამბობს ის.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG