Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მღვდლის სიკვდილი და რუსეთის ეკლესიის მისიონერობა


არავინ იცის, ვინ გამოასალმა სიცოცხლეს მღვდელი დანილ სისოევი. ის მოსკოვთან, მისსავე ეკლესიაში, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. არ გამორიცხავენ, რომ სასულიერო პირი ისლამისტმა ექსტრემისტებმა მოიშორეს თავიდან. სისოევი არ იყო მაჰმადიანი მოყვასის მიმართ კეთილად განწყობილი და მას ემუქრებოდნენ კიდეც. არის კიდევ ერთი ვერსია, რომ მიწის გაყოფის გამო კონფლიქტს ემსხვერპლა მამა დანილი.

წმინდა თომას სახელობის ეკლესიაში, სადაც ესროლეს მღვდელს 19 ნოემბერს, ყვავილები ისევ აწყვია. ამ პატარა ხის ეკლესიაში მსახურობდა დანილ სისოევი, რომელმაც თავისი სამწყსო არაფრისგან შექმნა და მრევლისთვის ბევრად უფრო დიდი ღვთის სახლის აგება სურდა. ახლა ეკლესიაში, სადაც სისოევის ფოტოებიღა ჰკიდია, სამეთვალყურეო კამერები დააყენეს. სისოევი 35 წლისა იყო, მაგრამ მას მყარი რეპუტაცია ჰქონდა სასულიერო პირისა, რომელიც მაჰმადიანთა მოქცევას ეწეოდა აქტიურად. პროზელიტიზმი რუსეთის ეკლესიის შედარებით ახალი პროფილია, რომელსაც ის რუსეთის მაჰმადიანთა შორის მიმართავს. რელიგიურ საკითხებზე მუშაობს ჟურნალისტი ანდრეი ზოლოტოვი, რომელიც სისოევზე ამბობს, თავგამოდებული მისიონერი იყოო:

„ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მისიონერი იყო და სახელი გაითქვა როგორც წინააღმდეგობით აღსავსე პირმა, რომელსაც მიაჩნდა, რომ მაჰმადიანთა შორის მისიონერობა საჭიროა.“

სისოევის მიზანი იყო ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან, ასევე რუსეთის სამხრეთიდან, ჩრდილოეთ კავკასიიდან მოსკოვში ჩასულ ემიგრანტებს შორის მართლმადიდებლური სარწმუნოება გაევრცელებინა. ის მოსკოვში მშენებლობებზე დადიოდა, იქ ეძებდა თავისი მიზნის ობიექტებს და არცთუ წარუმატებლად. ამბობენ, რომ 80-მდე ადამიანს შეაცვლევინა რჯული ან ჩაუნერგა ქრისტიანობის მართლმადიდებლური რწმენა. თუმცა, დანილ სისოევი ამით არ კმაყოფილდებოდა. ის, ერთგვარად, ანტიმაჰმადიანური პროპაგანდისტიც იყო. წერდა წიგნებს, სადაც ქრისტიანებს მოუწოდებდა, არ დაქორწინებულიყვნენ მუსლიმებზე; აქვეყნებდა ინტერნეტში ვიდეოჩანაწერებს, სადაც თავს ესხმოდა ისლამს. მისი წიგნი, „მართლმადიდებლური პასუხი ისლამს“ მისსავე - წმინდა თომას - ეკლესიაში სისოევის სიკვდილამდე იყიდებოდა. სისოევი „იუ თიუბშიც“ აქტიური იყო. თავის ვიდეორგოლებში მძაფრად აკრიტიკებდა მაჰმადიანურ სარწმუნოებას. ერთ-ერთ ასეთ გამოსვლაში რწმენას გამოთქვამს, რომ ყველა მაჰმადიანი გაქრისტიანდება:

„ასე. ღმერთმა გვიშველოს. იმედი გვქონდეს და ვილოცოთ, რათა ყველა მაჰმადიანი გაქრისტიანდეს და აღარ დაიჯერონ თავიანთი ყალბი წინასწარმეტყველის შეთქმულებებისა.“

სისოევის ეს აზრები არ დარჩა შეუმჩნეველი და მისივე ნაწერებიდან შეიტყობთ, რომ მუსლიმანებისგან მუქარას იღებდა:

„გაგეცინებათ, მაგრამ მაჰმადიანები კიდევ ერთხელ დამემუქრნენ, რომ მომკლავენ, ტელეფონით დამირეკეს“, - წერდა მისიონერი მღვდელი თავის ბლოგზე. – „უკვე მე-14-ჯერ მემუქრებიან. ადრე მეშინოდა, მაგრამ ახლა შევეგუე.“

სისოევის მოკვლის შემდეგ მისი ცოლი, იულია, წერდა, სისოევს გული რაღაცას უგრძნობდაო: „გვითხრა, ეს ტანსაცმელი ჩამაცვით, როცა მოვკვდებიო. მე გავეხუმრე, ვინ იცის, ვინ ვის დაასაფლავებს-მეთქი. მიპასუხა: შენ მეო.“

რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ამ ბოლო ხანებში დაიწყო მისიონერობის მნიშვნელობაზე ფიქრი. ზოლოტოვი ამბობს, კირილის პატრიარქად არჩევის შემდეგ გამოჩნდა ეს განსაკუთრებითო:
„პრიორიტეტად - თუ ერთ-ერთ პრიორიტეტად - მისიონერობა რამდენიმე წლის წინ გამოცხადდა. პატრიარქად კირილის არჩევა არსებითად იმის დასტური იყო, რომ საჭიროა სამისიონერო მუშაობა. არ არის საკმარისი მხოლოდ ეკლესიის აღორძინება ან მხოლოდ იმის თქმა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის რუსეთის ისტორიისთვის.“

ამ ამოცანის ნაწილი საკუთრივ იმ რუს მართლმადიდებლებზე გავლენის მოპოვებაა, რომლებიც არ დადიან ეკლესიაში. სხვადასხვა მონაცემებით, რუსების მხოლოდ 3-დან 10 პროცენტამდე ესწრება ეკლესიაში ღვთისმსახურებას, თუმცა მათი 80 პროცენტი თავს მართლმადიდებლად მიიჩნევს. ეკლესიაში ბევრი ფიქრობს, რომ მისიონერობა მხოლოდ მართლმადიდებელ ქრისტიანებზე არ უნდა გავრცელდეს და ის მაჰმადიანებსაც უნდა შეეხოს. ზოლოტოვის განმარტებით, ეკლესია ოფიციალურად არ ლაპარაკობს იმაზე, რომ მაჰმადიანები უნდა მოაქციოს - ის, უბრალოდ, ხელს არ უშლის მღვდლებს მისიონერობაში. ის ფაქტი, რომ პატრიარქი კირილი სისოევის დაკრძალვას უძღვებოდა, ბევრმა იმის ნიშნად მიიღო, რომ მართლმადიდებელი ეკლესია სხვათა მოქცევას ჩუმად ემხრობა. სისოევის მსგავსი მღვდლები, რომლებიც პროზელიტიზმს აქტიურად მისდევენ, ბევრი არაა. მისი მრევლის ერთ-ერთი წევრი, ლარისა ვასილიევა, ყაზანში, სათათრეთში გაიზარდა, სადაც უმეტესობა მაჰმადიანია. ვასილიევას დედა მუსლიმანია, მამა კი - ქრისტიანი. ვასილიევა გვიხსნის, სისოევი არ უყვარდათ, რადგან ღიად ლაპარაკობდა იმაზე, რისთვისაც ეკლესია ფარულად იბრძვისო - იბრძვის 20 მილიონამდე მაჰამადიანზე გავლენის მოსაპოვებლად:

„ამაზე ყაზანში ხმამაღლა არავინ ლაპარაკობს, მაგრამ აქ, მოსკოვში, ის ღიად ამბობდა და წერდა თავის შეხედულებებზე და ამიტომ არ მოსწონდათ. ის იმაზე წერდა, რასაც სხვებიც ფიქრობენ, მაგრამ თქმისა ეშინიათ.“

ექსპერტების აზრით, ჩრდილოეთ კავკასიაში და, კერძოდ, ჩეჩნეთში ომებსაც კი არ გამოუწვევია მკვეთრი დაპირისპირება მართლმადიდებლებსა და მაჰმადიანებს შორის. მაგრამ ახლა შიშობენ, რომ, შესაძლოა, ვითარება შეიცვალოს: სისოევის მკვლელობას შეიძლება რელიგიურ ჯგუფებს შორის დაპირისპირება მოჰყვეს, თუკი ეკლესია, რომელსაც კრემლი უჭერს მხარს, რუსების ეროვნული იდენტურობის შენარჩუნების როლს იკისრებს. ისიც უნდა ითქვას, რომ რუსეთის მართლმადიდებელთა, მაჰმადიანთა და ებრაელთა თემებმა სისოევის მკვლელობას უწოდეს „მომაკვდინებელი და მიუტევებელი“ ცოდვა. თავში ითქვა და გაგიმეორებთ: ყველა არ თვლის, რომ სისოევი რელიგიურ ნიადაგზე მოკლეს. ამბობენ, რომ წმინდა თომას ეკლესიას პრობლემები ჰქონდა უფრო დიდი შენობის აგების უფლების მიღების მხრივ. მისი მიმდევრები ფიქრობენ, რომ მკვლელობა ამ დაპირისპირებასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული და არა სხვა რჯულის მოქალაქეთა მოქცევის მცდელობასთან.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG