Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია საქართველოს დახმარებას განაგრძობს


გერმანიის დელეგაცია თბილისში
გერმანიის დელეგაცია თბილისში
საქართველოში ვიზიტი დაასრულა გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს დელეგაციამ. მასა და საქართველოს მთავრობას შორის გამართული კონსულტაციების თემები იყო საქართველოს
ენერგომომარაგებისა და გარემოს დაცვის სფეროებში გრძელვადიანი თანამშრომლობა, ასევე ლტოლვილთა დახმარება და სხვა პროექტები. გერმანია მათ ნაწილს უკვე აფინანსებს, ხოლო მეორე ნაწილს მომავალი წლიდან დააფინანსებს.

საქართველოს და გერმანიას შორის სამთავრობო კონსულტაციების დასრულების შემდეგ მხარეებმა ხელი მოაწერეს ოქმს. მის საფუძველზე, 2010 წლის გაზაფხულზე ორი ქვეყნის სამთავრობო მოლაპარაკებები გაიმართება საქართველო-გერმანიის ფინანსური და ტექნიკური თანამრომლობის შესახებ. ორ ქვეყანას შორის კონსულტაციების შედეგად, გერმანიის ფინანსურ-ტექნიკური დახმარება შემდეგ სფეროებს შეეხება: მდგრადი ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა, თანამშრომლობა ენერგეტიკაში, გარემოს დაცვა და საქართველოში რეგიონალური და დემოკრატიული განვითარება.

საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი პატრიცია ფლორი თბილისური კონსულტაციების ერთ-ერთ ძირითად შედეგზე საუბრობს:

”ჩვენი კონსულტაციების კულმინაცია იყო გადაწყვეტილება შავი ზღვის ენერგოკავშირის დაფინანსების შესახებ.”

ამ პროექტის განსახორციელებლად, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას, გერმანიამ 100 მილიონი ევრო გამოყო, რასაც ემატება ევროპის საინვესტიციო ბანკის 80 მილიონი ევრო და ამდენივე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან. შედეგად, აშენდება თურქეთთან დამაკავშირებელი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი, რომლის მნიშვნელობის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე დიმიტრი გვინდაძე ამბობს:

”მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა უფრო მეტ ინვესტორს მოიზიდავს ჰიდროენერგიის წარმოებაში.”

ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის განხორციელება 2010 წლიდან დაიწყება.

რაც შეეხება სხვა პროექტებს, რომელთა ნაწილი უკვე მიმდინარეობს, მაგალითად, ბათუმის კომუნალური წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად, გერმანიამ 65 მილიონი ევრო გამოყო. პროექტის პირველი და მეორე ფაზა უკვე დასრულებულია. მომავალ წელს დაგეგმილია მესამე ფაზის დაფინანსებაც. ასევე მიმდინარეობს თანამშრომლობა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების, მეტროლოგიის განვითარების, გარემოს დაცვისა და დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების საკითხებში.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის დიმიტრი გვინდაძის განცხადებით, საქართველოსთვის გაწეული დახმარების მოცულობით, გერმანია დონორთა შორის მეორე პოზიციას იკავებს.

1992 წლიდან დღემდე, განვითარების სფეროში თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ საქართველოს 400 მილიონი ევროს დახმარება გამოუყო.
XS
SM
MD
LG