Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გადაეცა


ოსლო: პრეზიდენტი ობამა ნობელის სამშვიდობო პრემიის მედლითა და დიპლომით
ოსლო: პრეზიდენტი ობამა ნობელის სამშვიდობო პრემიის მედლითა და დიპლომით
აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას დღეს გადაეცა ჯილდო, რის შესახებ გადაწყვეტილებამაც იმთავითვე ბევრი გააოცა, მათ შორის თვით ლაურეატიც. ობამამ დღეს ოსლოში აღიარა, რომ მისთვის სრულიად მოულოდნელი იყო ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილება მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მისთვის, ბარაკ ობამასთვის მინიჭების შესახებ. ამ გადაწყვეტილების შესახებ ნორვეგიის ნობელის კომიტეტმა, რომელსაც მარტო მშვიდობის დარგში პრემიის გაცემა ევალება, ოქტომბერში გამოაცხადა. 10 დეკემბერს კი ოსლო პრემიის გადაცემის ცერემონიას მასპინძლობდა.

მშვიდობის დარგში ნობელის პრემია შეერთებული შტატების პრეზიდენტს მიენიჭა მისი „გამორჩეული ძალისხმევისთვის საერთაშორისო დიპლომატიისა და ხალხებს შორის თანამშრომლობის განსამტკიცებლად“. ასე ასაბუთებს ნობელის სამშვიდობო პრემიის კომიტეტი გადაწყვეტილებას წლევანდელ ლაურეატად ბარაკ ობამას შერჩევის შესახებ. კომიტეტის თავმჯდომარე ტორბიორნ იაგლანდმა ოსლოში გამართულ ცერემონიაზე განაცხადა, რომ ობამას ეს ძალისხმევა აკმაყოფილებს ალფრედ ნობელის მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს პრემიისთვის, რომელიც მან 1901 წელს დააწესა.

არადა, რბილად რომ ითქვას, ყველა არ ფიქრობს ასე... ოპონენტების შეფასებით, საგარეო პოლიტიკაში ობამას განსაკუთრებული წარმატებისთვის არ მიუღწევია წელს იანვარში პრეზიდენტად ინაუგურაციის შემდეგ. თან, გადაწყვეტილების გამო, რომელიც ავღანეთში დამატებით ათი ათასობით ამერიკელი ჯარისკაცი გაგზავნას ითვალისწინებს, ის არ იმსახურებს სამშვიდობო პრემიას.

ბარაკ ობამა ამ კრიტიკას გამოეხმაურა, როცა ოსლოში ნობელის პრემიის ლაურეატის რანგში გამოსვლისას განაცხადა, ძალის გამოყენება, ზოგჯერ „არა მარტო საჭირო, არამედ მორალურად გამართლებულიც“ არისო.

„მსოფლიოს აღვიქვამ ისე, როგორიც არის და უმოქმედოდ ვერ დავრჩები, როცა ამერიკელ ხალხს საფრთხეები ემუქრება. ნუ დავუშვებთ შეცდომას: მსოფლიოში ბოროტება არსებობს. არაძალადობრივი მოძრაობა ვერ შეაჩერებდა ჰიტლერის არმიებს, მოლაპარაკებები ვერ დაარწმუნებს ალ-ყაიდის ლიდერებს, რომ იარაღი უნდა დაყარონ. იმის თქმა, რომ ძალის გამოყენება ზოგჯერ აუცილებელია, არ ნიშნავს ცინიზმისაკენ მოწოდებას. ეს არის ისტორიის ცოდნა, ადამიანის არასრულყოფილებისა და გონიერების საზღვრების არსებობის აღიარება“, განაცხადა ნობელის სამშვიდობო პრემიით დაჯილდოვების ცერემონიაზე წლევანდელმა ლაურეატმა.

დღესვე ოსლოში, დაჯილდოვების ცერემონიამდე, ობამამ აღიარა, რომ მისთვის მოულოდნელი იყო ნობელის სამშვიდობო პრემიის კომიტეტის გადაწყვეტილება, ლაურეატად მისი შერჩევის შესახებ. „ეჭვი არ მეპარება, რომ არიან სხვები, ვინც ალბათ უფრო იმსახურებს ამ პრემიას“, დასძინა ობამამ, რომელსაც თავის ამოცანად მიაჩნია, გააგრძელოს გზა, რომელიც, მისი რწმენით, „მნიშვნელოვანია არა მარტო ამერიკისთვის, არამედ მნიშვნელოვანია ხანგრძლივი მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის მსოფლიოში“.

ობამა ხუთშაბათს დილით ჩავიდა ოსლოში მეუღლესთან, მიშელ ობამასთან ერთად და ჯერ ნორვეგიის ნობელის ინსტიტუტს ეწვია. გარვცელებული ინფორმაციით, დარბაზში, რომლის კედლებზეც ნობელის პრემიის წინა წლების ლაურეატების ფოტოგრაფიები კიდია, მისი განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო მარტინ ლუთერ კინგის გამოსახულებამ. აფროამერიკელების სამოქალაქო უფლებებისთვის მებრძოლ ამ, ცნობილ მოღვაწეს, 1964 წელს მიენიჭა მშვიდობის დარგში ნობელის პრემია.

„იცით, მე და მიშელი ვლაპარაკობდით იმაზე, რომ იმ ფაქტმა, რომ ნობელის პრემია მარტინ ლუთერ კინგმა მოიპოვა, მთელს მსოფლიოში გააძლიერა ინტერესი. მაგრამ ამავე დროს გააძლიერა მისი პოზიცია თვით შეერთებულ შტატებში, რის შედეგადაც მას უფრო ეფექტიანად მუშაობის საშუალება მიეცა. ესეც ნობელის კომიტეტის მემკვიდრეობაა, რისთვისაც ძალიან მადლიერები ვართ“, განაცხადა ობამამ დაჯილდოვების ცერემონიამდე.

ბარაკ ობამა შეერთებული შტატების მესამე პრეზიდენტია, თეოდორ რუზველტისა და ვუდრო უილსონის შემდეგ, რომელსაც ჯერ კიდევ პრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას მიენიჭა მშვიდობის დარგში ნობელის პრემია.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის დაჯილდოვების ცერემონია ოსლოში უსაფრთხოების მკაცრი ზომების ფონზე გაიმართა. აეროპორტთან და ოსლოს გარშემო ანტისაჰაერო რაკეტებიც კი განათავსეს. 2500 პოლიციელი იცავდა საზეიმო ცერემონიის მონაწილეებს, მაშინ როცა ქუჩაში დემონსტრანტები პროტესტს გამოთქვამდნენ ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილების გამო, მშვიდობის დარგში ყველაზე პრესტიჟული პრემია მიანიჭოს პრეზიდენტს, რომელიც ორ ომს აწარმოებს: ომებს ერაყსა და ავღანეთში.
XS
SM
MD
LG