Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იმღერო თუ არ იმღერო - საკითხავი აი, ეს არი


ამბობენ, ხელოვნებას საზღვრები არა აქვსო. როგორც ჩანს, მთლად ასე არ არის. საკმარისია გავიხსენოთ, თუნდაც, პარადოქსული ისტორია, რომელიც დიდ ბულგარელ ბანთან, ბორის ხრისტოვთან, არის დაკავშირებული. საბჭოთა კავშირში ხრისტოვი, პრაქტიკულად, პერსონა ნონ გრატად ითვლებოდა - რადგან გერმანიის მიერ მისი ქვეყნის ოკუპაციის დროს ის განაგრძობდა მოღვაწეობას სოფიაში, მშობლიურ საოპერო სცენაზე. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მომღერალს უკვე ამერიკელებმა უთხრეს უარი შეერთებულ შტატებში შესასვლელი ვიზის გაცემაზე (ხრისტოვს „მეტროპოლიტენ-ოპერაში“ უნდა ემღერა), ვინაიდან ის საბჭოთა ბლოკში შემავალი ერთ-ერთი ე.წ. „სახალხო დემოკრატიის ქვეყნის“, ბულგარეთის, მოქალაქე იყო.

ამბობენ, ისტორია იმას გვასწავლის, რომ არაფერს გვასწავლისო. როგორც ჩანს, სწორედ ასე უნდა შევაფასოთ ის, რაც მოხდა რუსეთ-საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა სფეროში აგვისტოს ომის შემდეგ. ხელოვნების ზოგიერთმა მოღვაწემ ორივე მხრიდან გაბრაზებულ გულზე საერთოდ უარი თქვა მოწინააღმდეგის სცენაზე გამოსვლაზე. ამის შესახებ ღიად განაცხადეს ვახტანგ კიკაბიძემ და ნანი ბრეგვაძემ, რომლებმაც გააუქმეს დაგეგმილი კონცერტები რუსეთში. რუსეთის მხრიდან იმავეზე მიანიშნეს ვალერი გერგიევმა, იური ბაშმეტმა და ოლეგ გაზმანოვმა, გააუქმა თბილისში გამოსვლა ალა პუგაჩოვამ. შემდგომ, ალბათ, უკვე ცივი გონებით, ერთობ შეარბილეს თავიანთი პოზიციები ბრეგვაძემ და გერგიევმა, რომელმაც რამდენიმე კონცერტი გამართა ამერიკაში მოღვაწე ქართველ პიანისტებთან ლექსო თორაძესა და ალექსანდრე კორსანტიასთან ერთად. იქნებ, გაახსენდა პუშკინის სტროფი: „და გრძნობებს კეთილს მე ქნარით ვაღვიძებდი“?

ასეა თუ ისე, ახლახან ამ ამბავმა მოულოდნელად ძალზე მძაფრი გაგრძელება ჰპოვა და ააღელვა საზოგადოებრივი აზრი საქართველოში. ამჯერად საკითხი საესტრადო ხელოვნების სფეროს შეეხო. თუ გამოვიყენებთ დასავლურ ტერმინს „შოუ-ბიზნესი“, შეიძლება ითქვას, რომ მორიგმა იდეოლოგიურმა შოუმ ამჯერად უკვე პოლიტიკური ბიზნესის სიბრტყეში გადაინაცვლა. ცხარე კამათის საგნად იქცა მმართველი ნაციონალების ერთ-ერთი იდეოლოგის ლევან რამიშვილის განცხადება. თავს უფლებას მივცემ, ამ განცხადებიდან რამდენიმე, შედარებით „რბილი“ ციტატა მოვიყვანო: „ვინ, თუ არა რუსეთის აგენტები არიან ის მომღერლები, რომლებიც ადიდებენ რუსეთს და უმღერიან რუსეთის არმიას? მათ სამუდამოდ უნდა აეკრძალოთ საქართველოში შემოსვლა. იცხოვრონ თავიანთ საყვარელ რუსეთში – საქართველოს ისინი არ სჭირდებიან. საქმე გვაქვს კოლაბორაციონისტებთან, რომლებიც მტერთან თანამშრომლობენ და ოკუპანტებს ემსახურებიან. ეს ეგრეთ წოდებული „მომღერლები“ წარმატებას აღწევენ მხოლოდ და მხოლოდ თავიანთ აგენტურულ საქმიანობაში. ნუთუ ისინი მაინცდამაინც სწორედ რუსეთში უნდა გამოსულიყვნენ და არა, ვთქვათ, ევროპაში, კანადაში, ავსტრალიაში? საქმე ისაა, რომ ისინი არა მარტო აბსოლუტურად უნიჭოები, არამედ ამორალურებიც არიან - ორ კაპიკად სულს ჰყიდიან. ეს უვიცები ქართველები კი არა, მანქურთები და გადაგვარებულები არიან.“

თავის ვრცელ განცხადებაში რამიშვილმა გამოთქვა აზრი რამდენიმე ცნობილი ქართველი შემსრულებლის შესახებაც. აი, ერთი მაგალითი: „პრიმაკოვმა, ალბათ, ჰონორარი გადაუხადა ნანი ბრეგვაძეს. ნანის ისედაც ბევრი ფული აქვს, მაგრამ ზედმეტი არ აწყენს! რაო, რადგან გიხდიან, ესე იგი მტერსაც უნდა უმღერო? ასეთი მიდგომა დამახასიათებელია ბრეგვაძისთვის, გვერდწითელისთვის და პავლიაშვილისათვისაც. რა უნდოდა ნანის პრიმაკოვის დაბადების დღეზე? მის საქციელს არანაირი გამართლება არა აქვს. რაც შეეხება თინა კანდელაკს, ის იმდენად უნიჭოა, რომ აგენტადაც კი ვერ ივარგებს, კარიერაში წარმატებას მან პროსტიტუციით მიაღწია.“ შემდეგ კანდელაკის დახასიათებაში გამოყენებულია სიტყვები, რომელთა გამეორება, სიმართლე გითხრათ, არ მსურს.

სიტუაციის დელიკატურობა იმაში მდგომარეობს, რომ ამ ოპუსის ავტორი ხელმძღვანელობს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფლების ინსტიტუტს“, რომელიც საქართველოში თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარების მხარდასაჭერად ჯორჯ სოროსის თაოსნობით შეიქმნა. თავის მრისხანე ფილიპიკაში რამიშვილმა ნახევრად რიტორიკული კითხვა დასვა: „რა აქვთ საერთო ნანი ბრეგვაძეს და ევგენი პრიმაკოვს?“

არადა, პასუხი ამ კითხვაზე, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ბანალურად მარტივია. თბილისის ცენტრში, ლენინგრადის ქუჩაზე დაბადებულმა და გაზრდილმა პრიმაკოვმა სამუდამოდ შეინარჩუნა კავშირი თავისი ბავშვობისა და სიჭაბუკის ქალაქთან. მოსკოვში ის დიდხანს ბედნიერად ცხოვრობდა თავის პირველ მეუღლესთან, აწ განსვენებულ ლაურა ხარაძესთან, მისი შვილები პირველი ქორწინებიდან - ქალიშვილიც და უდროოდ გარდაცვლილი ვაჟიშვილიც - ნახევრად ქართველები არიან. მოსკოვში მის უახლოესი სამეგობრო წრეს მუდამ ყოფილი თბილისელები შეადგენდნენ. მათ შორის იყვნენ ვლადიმირ ბურაკოვსკი, ტუკი იაკობაშვილი, ლევონ ონიკოვი და სხვები. შემთხვევითი როდია, რომ პრიმაკოვის იუბილეზე თამადობდა ქართველ ექიმთა ცნობილი დინასტიის წარმომადგენელი, პროფესორი დავით იოსელიანი, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს და მუშაობს. უხერხულია ქალის ასაკზე საუბარი - ვიტყვი მხოლოდ, რომ ნანი ბრეგვაძე ახლოსაა იუბილარის თაობასთან, ის უკვე 50 (!) წელზე მეტია, მეგობრობს პრიმაკოვების ოჯახთან.

რაც შეეხება სავაჭრო პალატის ამჟამინდელი თავმჯდომარისა და რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრისა და საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის პოლიტიკურ სტატუსს, აქ ღია კარის მტვრევა საჭირო არ არის – საკმარისია, გავიხსენოთ, რა უპასუხა ედუარდ შევარდნაძემ თავის ოპონენტებს, რომლებიც მას ხან შსს-ს, ხან კი სუკ-ის აგენტს უწოდებდნენ: მე აგენტი კი არა, გენერალი ვარო!

ჟურნალისტებს, ვფიქრობ, არ ეკადრებათ საზოგადო მოღვაწეთა პირადი ცხოვრების დეტალებში ქექვა, მაგრამ კიდევ უფრო უღირსი ქცევაა ბუნებრივ ადამიანურ ურთიერთობებზე საეჭვო პოლიტიკური კონტექსტის მიბმის მცდელობა. ერთხელ ეს უკვე მოხდა (თანაც არა გადატანითი, არამედ პირდაპირი მნიშვნელობით), როდესაც ხელისუფლების კონტროლქვეშ მყოფმა ქართულმა ტელეარხებმა ცნობილი ბანის, პაატა ბურჭულაძის გამოსვლის სატელევიზიო კადრებს ვლადიმირ პუტინის საქმიანობის ამსახველი ვიდეოკადრები „მიაწებეს“.

დაბოლოს, აგენტურის თემის დასრულებისთვის, ალბათ, სრული სიცხადე უნდა შევიტანოთ რამიშვილის მიერ დასმულ კითხვაში: როგორც ნანი ბრეგვაძეს, ასევე თამარ გვერდწითელსა და სოსო პავლიაშვილს, როდესაც ისინი ასრულებენ „თბილისოს“ და ქართული მუსიკის სხვა შედევრებს და როდესაც მღერიან რუსულ რომანსებსა და სიმღერებს, თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ საქართველოს „აგენტები“ რუსეთში, და არა პირიქით! ორ ხალხსა და ქვეყანას შორის, არსებული კონიუნქტურის მიუხედავად, სწორედ მათი მეშვეობით იჭიმება ისტერიული პოლიტიკანებისთვის უხილავი ხალხური დიპლომატიის ძაფები. თინა კანდელაკთან დაკავშირებით კი საკომენტარო ნამდვილად არაფერია: მართლაც, რა შეიძლება თქვა მამაკაცზე, - თუნდაც ის თავისუფლების ლეღვის ფოთოლს იყოს ამოფარებული - რომელიც ქალს უსამართლოდ ასხამს ლაფს? დღესაც ლევან რამიშვილის ზოგიერთი აპოლოგეტი ცდილობს მისი განცხადების დეზავუირებას – ამ მიზნით ისინი მიუთითებენ რაღაც საიტებზე გამოქვეყნებულ გამოხმაურებებზე, ლანძღავენ ქართულ პრესას და ა.შ. სწორედ ქართული პრესის ფურცლებზე მათ წინამძღოლს საკადრისი პასუხი გასცეს სოსო პავლიაშვილმაც და თიკა კანდელაკმაც.

თავის მხრივ, რუსეთი რუსეთი არ იქნებოდა, ცუდი მაგალითისთვის რომ არ მიებაძა. ტრადიციულად იჩინა თავი იმპერიულმა აზროვნებამ: თუ საქართველოში ყველაფერი მხოლოდ დეკლარაციებით შემოიფარგლა, ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ხელისუფლებამ, როგორც ყოველთვის, უხეში ძალა გამოიყენა. მომღერალ დიანა ღურწკაიას ძმასთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ვახტანგ კიკაბიძემ მოსკოვის გაზეთ „ვზგლიადისათვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ დიანას რუსეთში გამოსასვლელად ყველა გზა გადაუღობეს მხოლოდ იმისთვის, რომ ის ერთხელ გამოვიდა თბილისის სპორტის სასახლეში მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად.
XS
SM
MD
LG